ოკეანოლოგია

(გადამისამართდა გვერდიდან ოკეანოგრაფია)

ოკეანოლოგია (ოკეანოგრაფია; ოკეანე და logos – მოძღვრება) — სამეცნიერო დისციპლინათა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ოკეანესა და ზღვაში მიმდინარე ფიზიკურ, ქიმიურ, გეოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებს. დედამიწის წყლის გარსის (ჰიდროსფეროს) ერთიანობამ, მასში მიმდინარე პროცესების მრავალგვარობამ და მჭიდრო ურთიერთკავშირმა განაპირობა ფიზიკის, ქიმიის, გეოლოგიისა და ბიოლოგიის სათანადო დარგების გაერთიანება ოკეანოლოგიად.

ოკეანური დინებების რუკა (1943)

შესწავლის ისტორია

რედაქტირება
 
მსოფლიო ოკეანე

ოკეანეზე ზოგადი წარმოდგენა ყალიბდება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში ჩატარებული მოგზაურობების შედეგად. მისი მოხაზულობა მხოლოდ XVII საუკუნეში იქნა დადგენილი და რუკაზე გამოსახა ჰოლანდიელმა გეოგრაფმა ბერნჰარდ ვარენიუსმა (1650). ამავე საუკუნეში გერმანელმა ანათასიუს კირხერმა შეადგინა ზღვის დინებების პირველი რუკა (1664). XVIII საუკუნეში ოკეანის პრობლემებზე მუშაობდა მრავალი მკვლევარი, მ. შ. ისააკ ნიუტონი (შეისწავლა მოქცევები), პიერ სიმონ ლაპლასი (ტალღების თეორია) და სხვ. XIX საუკუნეში რუს მეცნიერთა როლი ოკეანის შესწავლის საქმეში მეტად გაიზარდა. ახალი მნიშვნელოვანი მასალები იქნა მიღებული ი. ლისიანსკისა და ი. კრუზენშტერნის (1803-1806 წწ.), აგრეთვე რუსი მეცნიერის ე. ლენცის (1823-1826 წწ.) დედამიწის ირგვლივ ზღვით მოგზაურობების შედეგად. ამ დროს გამოიგონეს სიღრმის საზომი ლოტი, ბათომეტრი (სიღრმიდან წყლის სინჯის ამოსაღებად) და სხვა ოკეანოგრაფიული ხელსაწყოები. გარდა ამისა აგროვებდნენ მასალებს ოკეანის დინებების, ფსკერის რელიეფის, სხვადასხვა სიღრმეზე წყლის შემადგენლობის, ზღვის ტალღების, ფსკერული ნალექების შესახებ. კვლევის შედეგების განზოგადება ჯერ კიდევ არ წარმოებდა.

პირველი მონოგრაფია ოკეანეზე დაწერა ამერიკელმა კაპიტანმა მ. ფ. მორიმ (ძირითადად ჩრდილოეთ ატლანტიკაზე). 1914 წელს იული შოკალსკიმ გამოაქვეყნა მონოგრაფია „ოკეანოგრაფია“, რომელიც ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში. ფართო განზოგადებებიდან აღსანიშნავია 14-ტომიანი

 
ფრიტიოფ ნანსენი, რომელმაც წვლილი შეიტანა ოკეანოლოგიის განვითარებაში

მონოგრაფია „წყნარი ოკეანე“. სხვადასხვა დროს ოკეანოგრაფიაში მოღვაწეობდნენ: ვლადიმერ ვიზე, კონსტანტინე დერიუგინი, ლევ ზენკევიჩი, ვსევოლოდ ზენკოვიჩი, პეტრე შირშოვი, ფრიტიოფ ნანსენი, ოტო სვერდრუპი, ოტო კრუმელი და სხვ.

ოკეანოლოგიის უმთავრესი პრაქტიკული ამოცანებია: ზღვაოსნობის უსაფრთხოება და ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდა, ოკეანისპირა ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ოკეანისა და ზღვის ბიოლოგიური, მინერალოგიური და ენერგეტიკული რესურსების გამოყენება. ოკენოლოგიური და მეტეოროლოგიური მონაცემები, რომლებსაც იღებენ ოკეანის სივრცეზე განლაგებულ სადგურებიდან, საშუალებას იძლევა დავაზუსტოდ ამინდის გრძელი და მცირევადიანი პროგნოზები, დავადგინოთ ჰავის ცვლილებები.

სამეცნიერო მონაცემებს ოკეანის შესახებ ძირითადად კრებენ ზუსტი სპეციფიკური ხელსაწყოებით აღჭურვილი საექსპედიციო გემებით (ოკეანოლოგიური რეისის დროს) და ოკეანის განსაზღვრულ პუნქტებში განლაგებულ ჰიდროლოგიურ სადგურებზე. აქ სხვადასხვა სიღრმეზე ჩაშვებული ბათომეტრებითა და სხვა ხელსაწყოებით ზომავენ დინების სიჩქარეს, წყლის ტემპერატურას, იღებენ ფსკერული ნალექებისა და წყლის სინჯებს. ოკეანოლოგიური რეისის დროს განუწყვეტლივ ზომავენ სიღრმეებს ექოლოტით, სპეციფიკური ციცხვების საშუალებით (ფსკერიხაპია, დრაგა) ამოაქვთ სინჯები ფსკერის ფაუნის რაოდენობისა და შედგენოლობის განსასაზღვრად, ატარებენ გეოფიზიკურ დაკვირვებებეს, სტანდარტულ ვადებში აღნუსხავენ მეტეოროლოგიურ მოვლენებს და აღწერენ ზღვის ღელვის ხარისხს. ბოლო წლებში განვითარდა ოკეანის კვლევის ახალი მეთოდები: დაკვირვება და ფოტოგადაღება კოსმოსიდან, ავტონომიური თვითმავალი აპარატების გამოყენება დიდ სიღრმეზე ჩასაშვებად, ავტომატურ მოტივტივე სადგურებზე დადგმული თვითმწერი აპარატებით დინებებისა და წყლის ფიზიკური და სხვა თვისებების რეგისტრაცია სხვადასხვა სიღრმეზე.

ოკეანოლოგიის დიფერენციაცია

რედაქტირება

ოკეანოლოგია იყოფა სხვადასხვა დისციპლინებად:

  1. ოკეანის ფიზიკა ანუ ფიზიკური ოკეანოგრაფია (ზღვის ფიზიკა);
  2. ოკეანის ქიმია ანუ ქიმიური ოკეანოგრაფია, რომელიც მოიცავს ზღვის წყლის ჰიდროქიმიას და ფსკერული ნალექების გეოქიმიას;
  3. ოკეანის გეოლოგია (ზღვის გეოლოგია);
  4. ოკეანის ბიოლოგია, რომელიც შეისწავლის ოკეანის ცოცხალ ორგანიზმებს — პლანქტონს, ნექტონს, ბენთოსსა და მიკროორგანიზმებს.

ოკეანოლოგია საქართველოში

რედაქტირება

ოკეანოლოგიურ კვლევას საქართველოში სისტემატიური ხასიათი მიეცა XX საუკუნის 30-იანი წწ. თევზის მრეწველობის მიზნებისათვის ზღვის სანაპიროს იკვლევს თევზის მეურნეობისა და ოკეანოგრაფიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის განყოფილება. 1950-იანი წლიდან ზღვის დინებებსა და ღელვის რეჟიმს შეისწავლის საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური. შელფის გეოლოგიური შესწავლა 1960-იანი წლებიდან დაიწყო საქართველოს პილიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიურმა და საინჟინრო-გეოლოგიურმა სექტორმა. 1972 წლიდან სანაპირო ზონის მორფოლოგიასა და დინამიკას სწავლობს გეოგრაფიის ინსტიტუტი. დადგენილია სანაპირო წყალქვეშა კალთისა და კანიონების განვითარების კანონზომიერებანი, ნატანი მასალის ნაპირისგასწვრივი დინების რეჟიმი (ვ. ზენკოვიჩი, ი. ბუაჩიძე, ა. კიკნაძე, შ. ჯაოშვილი და სხვ.). დამუშავებულია ზღვის ნაპირების გამაგრების პრინციპულად ახალი მეთოდები (ა. კიკნაძე, ვ. საყვარელიძე და სხვ.).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზენკოვიჩი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 513-514.
  • Степанов В. Н. Океаносфера. М.: «Мысль», 1983;
  • Развитие физико-географических наук (XVII—XX вв.) М.: Наука, 1975.