ნიკოლოზ მათიკაშვილი

ნიკოლოზ მათიკაშვილი (დ. 8 აპრილი, 1900, პატარძეული — გ. 1993, ვარშავის გარეუბანი ზალესიე) — ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი. პოლონეთის არმიის შტაბს-კაპიტანი (1939).

ნიკოლოზ მათიკაშვილი
მეტსახელი თიკუნი, მოლკტკე, ნ. მალი
ეროვნება ქართველი
დაბადების ადგილი პატარძეული
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი, 1944 წლის ვარშავის აჯანყება

ბიოგრაფია

რედაქტირება

საშუალო სკოლა ნიკოლოზ მათიკაშვილმა თბილისში დაამთავრა. თავის მოგონებებში იგი იხსენებს თანასკოლელებს – სიდამონ ერისთავს (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ეფრემ II), გრიგოლ ფერაძეს, ნიკო კეცხოველს; მადლიერებით იხსენებს მასწავლებლებსაც – ვასილ ბარნოვს, კორნელი კეკელიძეს, იპოლიტე ვართაგავას, შიო შიუკაშვილს, ანტონ ნატროშვილს, ნიკო სულხანიშვილს, ია კარგარეთელს. 1920 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილი შევიდა თბილისის უნივერსიტეტის სამეურნეო (აგრონომიულ) ფაკულტეტზე, მაგრამ რაკი სამშობლოს ყოველი მხრიდან უტევდა მტერი და დაცვა სჭირდებოდა, მან მიატოვა უნივერსიტეტი და ძმასთან ერთად მოხალისედ ჩაეწერა ქართულ ჯარში, მეტყვიამფრქვეველთა ასეულში, სწავლა კი იუნკერთა ორწლიან სასწავლებელში განაგრძო. სამწუხაროდ სასწავლებლის დამთავრება არ დასცალდა, საქართველო ოკუპაციის საფრთხის წინაშე დადგა. 1921 წლის თებერვლის ყინვასა და თოვლში თბილისის მისადგომებს, სხვა იუნკერებთან ერთად, ნიკოლოზ მათიკაშვილიც იცავდა. დამარცხების შემდეგ საქართველოს დევნილმა მთავრობამ იუნკრებს არჩევანი შესთავაზა: იუნკერთაგან ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია სამშობლო დატოვოს, საზღვარგარეთ მთავრობა ზომებს მიიღებს მათ ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო სასწავლებელში მოსაწყობადო.

ახალგაზრდა მებრძოლები საგონებელში ჩავარდნენ: “დავრჩეთ თუ წავიდეთ? დარჩენა – მტრის სამსახურში ჩადგომას და სამშობლოს ღალატს უდრიდა, წასვლით იქნებ ევროპაში რამენაირათ უმაღლესი ცოდნა მიგვეღო და მომავალში განთავისუფლებულ საქართველოში ცოდნით აღჭურვილნი დავბრუნებულიყავით. დაპირება, რომ იზრუნებენ ჩვენ სამხედრო სასწავლებლებში მოწყობაზე, უმნიშვნელო არ იყო. ზოგმა ჩვენთაგანმა სახლში დარჩენა ამჯობინა, გავინაწილებთო ქვეყნის ბედს და მშობლებსაც ხომ პატრონობა უნდაო. უმრავლესობამ სამშობლოდან გასვლა ირჩია”, – წერდა ნიკოლოზ მათიკაშვილი.

ბათუმიდან გემით გასული იუნკრები რამდენიმე დღეში კონსტანტინოპოლს მიადგნენ და გარკვეულ ხანს იქ გაჩერდნენ. 1921 წლის შემოდგომაზე კი მათგან 13 საბერძნეთს გაიგზავნა და ათენის სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა. მათ შორის იყო ნიკოლოზ მათიკაშვილიც. ერთი წლის შემდეგ, როცა საბერძნეთი არეულობამ მოიცვა, ცამეტივე სტამბულში დაბრუნდა და აქედან პოლონეთს გაემგზავრა. საბედნიეროდ, ყველანი მიიღო იქაურმა პოდხორუნჟების სკოლამ. სამხედრო სასწავლებელი ნიკოლოზ მათიკაშვილმა 1923 წელს დაამთავრა და პოდპორუჩიკის ჩინით კონტრაქტის საფუძველზე პოლონეთის არმიაში დაიწყო სამსახური. 1930–1932 წლებში იგი ვარშავის უმაღლეს სამხედრო სკოლაში სწავლობდა.

1930–იან წლებში საფრანგეთში, ნოე რამიშვილის ინიციატივით, მოეწყო სამხედრო კურსები, რომელსაც ნიკოლოზ მათიკაშვილი ხელმძღვანელობდა. მსმენელთა რიცხვი 10–12 კაცი იყო. სწავლა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. 1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. კაპიტანი მათიკაშვილი გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლებში ლვოვის მე-19 ქვეითთა პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა. მას ეკავა პოლკის ტაქტიკური ადიუტანტის თანამდებობა. ნიკოლოზ მათიკაშვილი მონაწილეობდა 1944 წლის ვარშავის აჯანყებაში. იგი პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ორდენის, „ვირტუტი მილიტარის“ კავალერი იყო. ერთ–ერთ ბრძოლაში ნიკოლოზ მათიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და გერმანელებს ჩაუვარდა ხელში. ომის შემდეგ ტყვეობიდან დაბრუნებული კაპიტანი განთავისუფლებული პოლონეთის ჯარში გაიწვიეს. როგორც თავად წერს, დატუსაღებას პოლონელი ოფიცრების დახმარებით გადაურჩა რომლებმაც რუსულ შტაბს შესთავაზეს მისი, როგორც რუსულის მცოდნის, გამოყენება. იგი სამხედრო სამინისტროში მიიწვიეს და ქვეითი ჯარის წვრთნის დარგში დაასაქმეს.

მალე პოლიტიკური კამპანიის ახალი ტალღა დაიწყო, რომლის დროსაც საეჭვო რეპუტაციის ოფიცრებს სამსახურიდან ითხოვდნენ. კაპიტანი მათიკაშვილიც პენსიაზე გაუშვეს. მას შემდეგ სახელმწიფო სამსახურში აღარ უმუშავია. ამ დროს უკვე დაქორწინებული იყო პოლონელი მრეწველის ქალიშვილზე და ცხოვრების სახსარი გააჩნდა. პოლონეთში დამკვიდრებული ქართველი მხედრები, მართალია, მეორე სამშობლოს – პოლონეთის სამსახურში იდგნენ, მაგრამ, ამავე დროს, ერთი წუთითაც, არ ივიწყებდნენ საქართველოს. მათ ჩამოაყალიბეს ქართველ იუნკერთა კავშირი, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ სხვა ქვეყნებში მიმოფანტულ თანამემამულეებთან, მონაწილეობდნენ ქართული ემიგრაციის ყველა წამოწყებაში, ეწეოდნენ მრავალმხრივ კულტურულ–საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას, დააარსეს ჟურნალი „მხედარი“, რომელსაც საკუთარი სახსრებით პარიზში გამოსცემდნენ. ჟურნალი 1939 წლამდე გამოდიოდა. სულ 15 ნომერი დაიბეჭდა.

ნიკოლოზ მათიკაშვილი იყო „იუნკერთა კავშირის"(1928–1932) გამგეობის წევრი და ჟურნალ „მხედრის" თანამშრომელი (1929–1937), ასევე, პოლონეთის ორიენტალისტთა კავშირის წევრი და ჟურნალ "ფშევლონდ ორინტალისტიჩის" თანამშრომელი. მან ამ ჟურნალისთვის პოლონურ ენაზე თარგმნა ვაჟა–ფშაველას ნაწარმოებები: „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „გოგოთურ და აფშინა“ და „ძაღლიკა ხიმიკაური“; აქვე იბეჭდებოდა საქართველოს ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი მიძღვნილი მისი სტატიები; პოლონელი პოეტებისთვის გაკეთებული აქვს ასამდე ქართული ლექსის ბწკარედი, რომელთა ნაწილი დაიბეჭდა წიგნში – „საბჭოთა პოეზია“. ნიკოლოზ მათიკაშვილის ფსევდონიმებია: ნ. მალი, თიკუნი, მოლტკე. 1988 წელს, პარიზში, ქართულ ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ მათიკაშვილისა და მიხეილ კვალიაშვილის წიგნი „იუნკრები“, რომელიც 1990 წელს, ცალკე წიგნად, თბილისშიც გამოიცა. 1992 წლიდან ნიკოლოზ მათიკაშვილი საქართველო–პოლონეთის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე იყო. 2016 წელს საქართველოს ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ერთტომეული – „იუნკრები და სხვები“. წიგნი მომზადდა ლიტერატურის მუზეუმში დაცული, პოლონეთიდან 1991 წელს ჩამოტანილი, ნიკოლოზ მათიკაშვილის არქივის მიხედვით, რომელიც ქართული სამხედრო ისტორიისა და კვლევის საქმეში მნიშვნელოვან ფურცელს წარმოადგენს.

ნიკოლოზ მათიკაშვილის პირადი წერილების გარდა აქ შესულია მისი ნოველები, სტატიები, თარგმანები, მოხსენებები, მოგონებები და უმთავრესი მათ შორის – მიხეილ კვალიაშვილთან ერთად დაწერილი „იუნკრები“. მოგონებებში აღწერილია იუნკერთა ცხოვრება და მათი სასახელო ბრძოლები 1921 წელს კოჯორსა და ტაბახმელაში, რუსეთთან დამარცხების მიზეზები; იუნკერთა შემდგომი ცხოვრება ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში, შემდეგ კი - საბერძნეთსა და პოლონეთში. ნიკოლოზ მათიკაშვილი საქართველოს სამჯერ ესტუმრა. პირველად გოგლა ლეონიძის დახმარებით ჩამოვიდა. შემდეგ კიდევ ორჯერ ეწვია ძმასა და ძმისწულს. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ნიკოლოზ მათიკაშვილი წერდა: „86 წელს გადაცილებული „უკანასკნელი უბიხივით“ მარტოკა ვარ პოლონეთში და მოვალეთ ვთვლი ჩემ თავს ჩემი თანამემამულეების არსებობის, შრომის, ოცნების, ჩატარებული ბრძოლების და დაღუპვის კვალი დავტოვო, რომ მომავალმა თაობებმა დავიწყებას არ მისცეს ჩვენი მწარე ბედი და საკუთარ გულში ჩახედვით გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. მოგონებაში არ მომიხსენებია დაღუპულ ქართველ ოფიცერთა ოჯახები, მათი დაობლებული ცოლ–შვილი. ისინი მრავლათ არიან მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში მიმობნეულნი, ქართველობა არ დაუკარგავთ და გული განთავისუფლებულ სამშობლოს მოსწრების გრძნობით უცემთ“.

ნიკოლოზ მათიკაშვილი გარდაიცვალა 1993 წელს საკუთარ სახლში, ვარშავის გარეუბან ზალესიეში. მიცვალებულის სასახლეზე ქართული დროშა იყო გადაფარებული. დაკრძალეს ვარშავის ბროდნოვსკის სასაფლაოზე. 2017 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში, დაბა პიასეჩნოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია სახლს, რომელშიც ნიკოლოზ მათიკაშვილი ცხოვრობდა. აღნიშნული სახლი და მიწის ნაკვეთი ნიკოლოზ მათიკაშვილის ქვრივმა ჰანა (ნინა) შოდე-მათიკაშვილმა 2007 წელს საჩუქრად გადასცა საქართველოს საელჩოს. 2011 წელს აქ საქართველო-პოლონეთის მეგობრობის სახლი, იგივე, "ქართული სახლი" და პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმი დაფუძნდა. საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმის ეზოში სიმბოლურად საქართველოდან ჩატანილი მუხის ხე დარგო და წლების წინ გიორგი ლეონიძის მიერ დარგული "გოგლას ვაზის" ნაყოფი დააგემოვნა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მათიკაშვიული ნიკოლოზ. იუნკრები და სხვები : პუბლიცისტიკა, თარგმანი, გამოსვლები, ნოველები, მემუარები, მიმოწერა / შემდგენელი-რედაქტორი ლალი ცომაია.

თბ., 2016

  • გრიშიკაშვილი ამბროსი. ნიკოლოზ მათიკაშვილი - ქართველთა ნესტორი პოლონეთში // ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. თბ., 2008 გვ. 84–89
  • დაუშვილი, რუსუდან. ნიკოლოზ მათიკაშვილი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / დაუშვილი რ., უტიაშვილი შ. თბ., 2012 გვ. 147–148.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება