მიხეილ კვალიაშვილი
მიხეილ კვალიაშვილი (დ. 1902, გორი — გ. 1981) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა თბილისში, იუნკერთა სამხედრო სკოლაში, რომელიც 1919 წელს დაარსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა. 1921 წლის თებერვალში, როდესაც ბოლშევიკური რუსეთი თავს დაესხა დამოუკიდებელ საქართველოს, კოჯორ-ტაბახმელასთან მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი იუნკრებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო 19 წლის მიხეილ კვალიაშვილიც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის მარტში, საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში გახიზვნასთან ერთად, ქვეყანა იუნკრებმაც დატოვეს. პირველ ხანებში ისინი კონსტანტინოპოლში გაჩერდნენ, 1922 წელს, კი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. მიხეილ კვალიაშვილი პოლონეთში გაემგზავრა, სადაც სამხედრო სკოლა დაამთავრა და სამსახური დაიწყო პოლონეთის არმიაში, მე-15 ულანთა პოლკის როტმისტრად. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. კაპიტანი მიხეილ კვალიაშვილი ომის პირველივე დღეებიდან ჩაება ბრძოლებში. ერთ-ერთი ბრძოლის დროს იგი ტყვედ ჩავარდა, მაგრამ მალე მოახერხა გერმანელების ტყვეობიდან გაქცევა და პოლონელ პარტიზანებს შეუერთდა. თავისი ცხოვრების შემდგომ პერიოდს იგი ასე იგონებდა: „ვიყავი „არმია კრაიოვას“ რიგებში 1945 წლამდე, როდესაც პოზნანში პოლონეთის ჯარი შემოვიდა, გამოვცხადდი და ისევ მის რიგებში ჩავდექი. 1945 წლის 5 აპრილს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (HKBД) ბევრი ოფიცერი დაატუსაღა და მათ შორის გრიშა იაშვილი და მეც. მოგვისაჯეს რუსეთის ჩრდილოეთში (როგორც მერე შევიტყვე ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკი) 10 წლით გადასახლება. იქ მეორედ გამასამართლეს და კიდევ ერთი წელი დამიმატეს. ნიჩბებითა და წერაქვით გვამუშავებდნენ ქვანახშირის საბადოებში. სასჯელის მოხდის შემდეგ კიდევ 13 თვე ველოდი პოლონეთში დაბრუნებას“. დაბრუნების შემდეგ მიხეილ კვალიაშვილს მიანიჭეს პოლონეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკის წოდება და დანიშნეს პოზნანის სამხედრო-ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილედ. მუზეუმში მუშაობის დროს მან ბევრი საინტერესო მასალა მოიძია ქართველ-პოლონელთა საბრძოლო მეგობრობაზე, მათ შორის უცნობი და საინტერესო დოკუმენტები. ამ საქმის პარალელურად მიხეილ კვალიაშვილმა კავშირები დაამყარა ქართველ მეცნიერებთან, კულტურის მოღვაწეებთან და მათთან ერთად ეწეოდა მეტად ნაყოფიერ მუშაობას პოლონეთში ქართული კულტურის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის. 1972 წელს მიხეილ კვალიაშვილი მცირე ხნით სტუმრობდა საქართველოს, სადაც მოინახულა მშობლიური კუთხე და ახლობლები. „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მომავალში იუნკერთა კავშირი აღსდგება და თავის პატრიოტულ მუშაობას განაგრძობს. შენ როგორმე თავს მოუარე, ვინ იცის ხვალ რა იქნება, მხედარი მოვალეობის შესრულებისათვის მუდამ მზად უნდა იყოს. გადასახლებული ქართველებისაგან ვიცი, რომ საქართველოში იუნკერთა არსებობა იციან, ახსოვთ ტაბახმელა და ამ პატარა ჯგუფზე დიდ იმედებს ამყარებენ,“ — წერდა ბატონი მიხეილი თავის მეგობარს, ნიკოლოზ მათიკაშვილს. მათი ერთობლივი ნაშრომი „იუნკრები“ 1988 წელს, პარიზში, ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა, ხოლო, 1990 წელს, ცალკე წიგნადაც გამოიცა თბილისში. დაკრძალულია პოლონეთში, ქალაქ პოზნანში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია 1943 წელს ბერლინში გამოცემული მინიატურული „ვეფხისტყაოსანი“. მეორე მსოფლიო ომის დროს საერო ბიბლიად წოდებული „ვეფხისტყაოსნის“ ეს გამოცემა ქართველ მეომრებს ჯიბით დაჰქონდათ. საქართველოში ყოფნისას მიხეილ კვალიაშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც ეწვია, უკან გაბრუნებულმა კი საგანგებოდ მოიძია ხსენებული მინიატურული წიგნი, შეამკო შავი ხავერდის ყდით და ეროვნულ ბიბლიოთეკას შემოსწირა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- იუნკრები, თბ., მეცნიერება, 1990, გვ. 50
ლიტერატურა
რედაქტირება- სამხედრო კადრების სამჭედლო: თბილისის სამხედრო სასწავლებლის ისტორია 1862 წლიდან დღემდე, მამუკა გოგიტიძე, ზაზა ჯაფარიძე, თბ., 2018, გვ. 124