ნაუმ ეიტინგონი (რუს. Нау́м Исаа́кович Эйтинго́н; დ. 6 დეკემბერი, 1899 — გ. 3 მაისი, 1981), ასევე ცნობილია, როგორც ლეონიდ ეიტინგონი (რუს. Леонид Александрович Эйтингон) — საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი; ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ოპერაციებში მონაწილეობით, როგორიცაა ლევ ტროცკის მკვლელობა, პარტიზანული მოძრაობის ორგანიზება მეორე მსოფლიო ომის დროს, ატომური შპიონაჟი. ევგენი კისელიოვი მას აღწერს, როგორც იოსებ სტალინის მმართველობის ქვეშ სახელმწიფო ტერორის სისტემის შემქმნელს და მოგვიანებით, მისსავე მსხვერპლს.[1]

ნაუმ ეიტინგონი

ეიტინგონი, 1957 წელს
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1899
შკლოვი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 3 მაისი, 1981
მოსკოვი
დაკრძალულია ახალი დონის სასაფლაო, მოსკოვი
სხვა სახელები ლეონიდ ალექსანდროვიჩ კოტოვი, ლეონოვი, ნაუმოვი

ადრეული წლები

რედაქტირება

ნაუმ ეიტინგონი დაიბადა ლიტველი ებრაელების ოჯახში, ქალაქ შკლოვში, თანამედროვე ბელარუსის ტერიტორიაზე, რომელიც მაშინ რუსეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. მისი მამა, ისააკი ქაღალდის ფაბრიკის კლერკი იყო, ხოლო პაპა — ადვოკატი. ჯერ კიდევ რევოლუციამდე ოჯახი მოგილიოვში გადავიდა, სადაც ნაუმი ადგილობრივ კომერციულ სკოლაში სწავლობდა. ეიტონგონი გერმანელების მიერ მოგილიოვის ოკუპაციის დროის მუშათა მოძრაობაში ჩაერთო და მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერებს შეუერთდა. 1919 წელს ეიტინგონი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა.

მზვერავის კარიერა

რედაქტირება

1920 წლის 10 მაისს, ნაუმ ეიტინგონი ჩეკას შეუერთდა და რუსეთის სამოქალაქო ომის დროს არაერთ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ის ასევე ცნობილი გახდა ბელარუსში ბანდიტების წინააღმდეგ ბრძოლით. .[2] 1924 წელს ეიტინგონმა დაასრულა ფრუნზეს სამხედრო აკადემია, რომლის შემდეგ დიპლომატიურ პოზიციებზე მსახურობდა ჩინეთსა და თურქეთში, გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელობით. 1927-29 წლებში ის ხარბინში, ვიცე-კონსულის პოზიციას იკავებდა, 1930-1932 წლებში გაერთანებული პოლიტიკური სამმართველოს სპეციალურ ოპერაციათა გაყოფილებაში მუშაობდა;მოგვიანებით ეიტინგონი, ესპანეთის სამოქალაქო ომში იყო ჩართული, ალექსანდრე ორლოვის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში ის რამდენიმე მნიშვნელოვან ოპერაციაში მონაწილეობდა, კერძოდ ჯან ძოლინის მკვლელობაში და ესპანეთის ოქროს რეზერვების საბჭოთა კავშირში ტრანსპორტირებაში. [3] ეიტინგონი პოლიგლოტი იყო და კარგად ფლობდა ენებს. 1930-იანი წლების დამდეგს ეიტინგონი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ევალებოდა იაპონელი და ჩინელი ემიგრანტების გადაბირება, იაპონიის წინააღმდეგ საბოტაჟის ოპერაციებში გამოყენების მიზნით. გადაბირებულებს შორის იყო იოტოკუ მიიაგი, რომელიც 1933 წელს დაბრუნდა იაპონიაში და რიხარდ ზორგეს აგენტურული ჯგუფის წევრი გახდა. ეიტინგონს ასევე ევალებოდა იმ ამერიკელების სადაზვერვო პოტენციალის შეფასება, რომლებიც კომუნისტურ მოძრაობაში იყვნენ ჩაბმული.[4]

გვიან 1930 -იან წლებში ეიტინგონი ესპანეთის სამოქალაქო ომში იყო ჩართული. ის იყო პასუხისმგებელი, მთელ რიგ გატაცებებსა და მკვლელობებზე, რომლებიც შინსახკომის ორგანიზებით მოეწყო. 1930 წლების დამდეგს ეიტინგონის მიერ აშშ-ში შეიქმნა უკანონო აგენტურული ქსელი, რომლის გამოყენებით, საბჭოთა დაზვერვამ, 1940-იან წლებში, აშშ-ში სამეცნიერო შპიონაჟი აწარმოა. [5]

ტროცკის მკვლელობა

რედაქტირება

ლევ ტროცკი, საბჭოთა რევოლუციონერი, იოსებ სტალინის მიერ გაძევებული იყო საბჭოთა კავშირიდან და დევნილობაში ცხოვრობდა მეხიკოში. სტალინმა ტროცკის მკვლელობის ორგანიზება ეიტინგონს დაავალა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ეიტინგონმა მოახერხა ახალგაზრდა კომუნისტის რამონ მერკადერის გადაბირება. მერკადერმა ტროცკის გარემოცვაში შეღწევა შეძლო. ოპერაციის დროს, ეიტინგონი ჩავიდა მეხიკოში.

1940 წლის 20 აგვისტოს მერკადერმა ტროცკი წერაყინით სასიკვდილოდ დაჭრა, კოიოკანში, თავისსავე სახლში. ეიტინგონი და კარიდად მერკადერი (რამონის დედა) ეზოს გარეთ ელოდებოდნენ მას. რამონ მერკადერის დაპატიმრების შემდეგ, ორივემ სწრაფად დატოვა ქვეყანა.

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაუმ ეიტინგონი აგრძელებდა შინსახკომის რიგებში სამსახურს. მისი და სუდოპლატოვის მოლაპარაკების შედეგად, ლავრენტი ბერიამ გაათავისუფლა დაპატიმრებული ოფიცრები, რომლებიც საომარ ოპარაციებში იყვნენ საჭირო. 1941-1942 წლებში ეიტინგიონი მონაწილეობდა თურქეთის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფაში, ხოლო 1942 წლის მიწურულს შსსკ-ს მე-4 განყოფილების სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, რომელსაც მტრის ზურგში საბოტაჟის ორგანიზება ევალებოდა. მან ორგანიზება გაუწია რამდენიმე მნიშვნელოვან ოპერაცის; ასევე ჩართული იყო პარტიზანული მოძრაობის ორგანიზებაში, აღმოსავლეთ ევროპაში. ეიტინგონმა ამ პერიოდში გაიცნო რუდოლფ აბელი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც საბჭოთა აგენტი აშშ-ში.

ომის შემდეგ

რედაქტირება

საბჭოთა კავშირის გამარჯვების შემდეგ ეიტინგონი შინსახკომის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა (მოგვიანებით სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი). ის განაგრძობდა ატომურ შპიონაჟს. მას დაევალა ასევე ბალტიისპირეთის ანტიკომუნისტური მოძრაობის ტყის ძმების და აღმოსავლეთ ევროპაში ანტისაბჭოთა მოძრაობის წინააღმდეგ ოპერაციების ორგანიზება. ამავე პერიოდში. ეიტინგონი ჩართული იყო ნაციონალისტურ ძალებთან თანამშრომლობაში შემჩნეული პირების დაპატიმრებასა და ლიკვიდაციაში (ეპისკოპოსი თეოდორ რომჟა, ალექსანდრე შუმსკი)

გვიანი წლები

რედაქტირება
 
ნაუმ ეიტინგონის საფლავი ახალი დონის სასაფლაოზე; მოსკოვი.

1951 წლის ოქტომბერში, ნაუმ ეიტინგონი სამი მაღალი რანგის ოფიცერთან ერთად (ყველა ებრაული წარმოშობის) დაპატიმრებული იქნა სიონისტურ შეთქმულებასთან კავშირის ბრალდებით („ექიმთა საქმე“). დააპატიმრეს მისი და სოფიაც. სოფიას, როგორც ექიმს, ბრალს დებდნენ იმ პირებთან კავშირში, რომლებიც მაღალი რანგის საბჭოთა ლიდერების მოწამვლას გეგმავდნენ. ოფიცრები ცივ საკანში გამოკეტეს და ჩვენების მიღების მიზნით სასტიკად აწამებდნენ. ნაუმ ეიტინგონი ბრალდებებს უარყოფდა. სოფიას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ლავრენტი ბერიამ დახურა „ექიმთა საქმე" და ყველა დაპატიმრებული პირი გაათავისუფლა, მათ შორის სოფიაც.

1953 წელს ბერია დააპატიმრეს და დახვრიტეს. ეიტინგონი, რომელიც ბერიას მხარდაჭერით სარგებლობდა, კვლავ დააპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს, ოთხი წლით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. 1957 წლის ნოემბერში ის გაასამართლეს, რეჟმის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით (ამჯერად, სიონისტურ შეთქმულებასთან კავშირის გარეშე), ჩამოართვეს ყოველგვარი ჯილდო, მედლები და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ნიკიტა ხრუშჩოვის გადადგომის შემდეგ, 1964 წელს, ის გაათავისუფლეს პატიმრობიდან. დარჩენილი წლების განმავლობაში, ეიტინგონი თარჯიმნად და რედაქტორად მუშაობდა მოსკოვში, ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ეიტინგონი, 1981 წელს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ის მოსკოვში, ახალი დონის სასფლაოზეა დაკრძალული. რეაბილიტირებულია 1992 წელს — რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ყველა ბრალდება. [6][7]

  1. Наум Исаакович Эйтингон, генерал-майор НКВД, Ekho Moskvy (Moscow Echo) 06.09.2009: Interview of Nikita Petrov by Yevgeny Kiselyov (in Russian) – "As his immediate superior for many years, General Pavel Sudoplatov, recalled that, in the Lubyanka, Eitingon was known among his friends as Leonid Aleksandrovich; already in the 1920s, almost all Jewish Chekists took Russian names so as not to emphasize their national origin."
  2. Крапивин, Сергей. ЮНОСТЬ ТЕРМИНАТОРА (Продолжение) – Экспресс Новости ru-RU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-17. ციტირების თარიღი: 2021-05-17
  3. KM.RU – новости, экономика, автомобили, наука и техника, кино, музыка, спорт, игры, анекдоты, курсы валют. ციტირების თარიღი: 2021-05-17
  4. Sudoplatov 1994, p. 83.
  5. Sudoplatov 1994, pp. 185, 194.
  6. Richard Lourie, New York Times Book Review, July 25, 2010, p. 22.
  7. Никита, Петров. Наум Исаакович Эйтингон, генерал-майор НКВД – Никита Петров – Наше все – Эхо Москвы, 06.09.2009 ru. ციტირების თარიღი: 2021-05-17