ნაზარი, ერისკაცობაში იოსებ ანდრიას ძე ლეჟავა (დ. 1872 — გ. 1 სექტემბერი, 1924) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი. დახვრიტეს ბოლშევიკური რეპრესიების დროს. შერაცხულია წმინდანად.

ბიოგრაფიარედაქტირება

ნაზარი (იოსებ ლეჟავა) დაიბადა იმერეთის სოფელ ჯიხაიშში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია. იგი ჯერ დიაკვნად, 1893 წელს კი, მღვდლად ეკურთხა. 1901-05 წლებში სწავლობდა კიევის სასულიერო სემინარიაში. ოჯახის წევრების ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, 1904 წელს, ბერად აღიკვეცა. ერთი პერიოდი მოღვაწეობდა რუსეთის სხვადასხვა მონასტრებში, 1911 წელს კი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი გახდა. მონაწილეობდა 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. 1918 წელს, ეპისკოპოსის ხარისხით, დადგინდა ქუთათელ მიტროპოლიტად. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს მის დაქვემდებარებაში მყოფი ბერების მიერ გელათის მონასტრის განძის გაყიდვის ფაქტის შემდეგ, ეკლესიებიდან ეროვნული საგანძურის გატანის გამო კონფლიქტში იყო ჩართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ნოე ჟორდანიასა და ექვთიმე თაყაიშვილის მოწოდებების მიუხედავად, პატრიარქმა ლეონიდემ უარი განაცხადა თბილისის სიონისა და მცხეთის სცეტიცხოვლის საგანძურის ემიგრაციაში წაღებაზე. საგანძურის დასავლეთ საქართველოში დამარხვა მიტროპოლიტ ნაზარს დაევალა. ნაზარმა განძეულობა ქუთაისში გახიზნა და დამარხა ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე სამიტროპოლიტო რეზიდენციის ეზოში. ბოლშევიკებმა განძს ერთ-ერთი სასულიერო პირის მითითებით მიაგნეს, ნაზარი დააპატიმრეს და მიუსაჯეს დახვრეტა, რომელიც შემდეგ პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით შეეცვალა. 1924 წლის აპრილში ამინისტიის საფუძველზე გათავისუფლებული ნაზარი სამწყსოს დაუბრუნდა, მაგრამ იგი კვლავ დააპატიმრეს 1924 წლის 2 აგვისტოს. რამდენიმე კვირიანი დაკითხვისა და პატიმრობის შემდეგ, მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლები სასულიერო პირები (დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე) ქუთაისის მახლობლად, საფიჩხიას ტყეში დახვრიტეს იმავე წლის 1 სექტემბერს. 1995 წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ მოახდინა მიტრ. ნაზარისა და მასთან ერთად მოკლულ სასულიერო პირთა კანონიზირება, ხსენება დაწესდა ახალი სტილით 27 აგვისტოს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება