ნიკო მუსხელიშვილი
ნიკოლოზ (ნიკო) მუსხელიშვილი (დ. 16 თებერვალი [ძვ. სტ. 4 თებერვალი], 1891, თბილისი, საქართველო — გ. 15 ივლისი, 1976, თბილისი, საქართველო) — ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი; საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939) და პრეზიდიუმის წევრი (1942–1953; 1957–1972). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი (1941–1972). საპატიო პრეზიდენტი (1972). მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი; სკკპ წევრი 1940 წლიდან. სოციალისტური შრომის გმირი (1945). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1922 წლიდან). 1933–1935 და 1941 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1956 წლიდან გამოყენებითი მექანიკის კონგრესთა საერთაშორისო კომიტეტის წევრი იყო, ხოლო 1960 წლიდან თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის ბიუროს წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლოზ ივანეს ძე მუსხელიშვილი დაიბადა 1891 წლის 16 თებერვალს, ქალაქ თბილისში, არტილერიის ოფიცრის, ივანე ლევანის ძე მუსხელიშვილის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის მეორე გიმნაზიაში, სადაც სწავლობდა 1901-1909 წლებში გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1909 წელს, იგი უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც შედის პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ნიკო მუსხელიშვილმა ყურადღება მიიქცია როგორც ნიჭიერმა, შემოქმედებითი უნარისა და შრომისმოყვარე სტუდენტმა. 1914 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და დატოვებულ იქნა თეორიული მექანიკის კათედრაზე. 1915 წლიდან 1920 წლამდე მუსხელიშვილი პეტროგრადის უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა უმაღლეს მათემატიკასა და მექანიკას. 1921 წელს ნიკო მუსხელიშვილი დაბრუნდა თბილისში და ივანე ჯავახიშვილის მოწვევით მუშაობა დაიწყო თბილისის უნივერსიტეტში ჯერ დოცენტის, ხოლო 1922 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე.[10]
ძირითადი შრომები აქვს სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებში, მათემატიკურ ფიზიკასა და დრეკადობის თეორიაში. მუსხელიშვილს ფუძემდებლური გამოკვლევები აქვს დრეკადობის თეორიასა და ინტეგრალურ განტოლებებში, ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებში და სხვა. მუსხელიშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის გამოყენება დრეკადობის თეორიის ამოცანებისათვის, შემოიღო მრავალი მეთოდი, რომლებსაც წარმატებით იყენებენ მათემატიკის სხვა დარგებშიც, თეორიულ ფიზიკასა და მექანიკაში. მუსხელიშვილის შრომებში ამოხსნილია ბრტყელი დრეკადობის თეორიის ყველა ძირითადი ამოცანა სტატიკური შემთხვევისათვის. მან აღმოაჩინა არეთა ფართო კლასი, რომელთათვისაც ბრტყელი ამოცანა რედუცირდება ალგებრულ განტოლებათა სასრულ წრფივ სისტემაზე. მეტად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ანალიზური ფუნქციების წრფივი სასაზღვრო ამოცანებისა და ერთგანზომილებიანი განსაკუთრებული ბირთვების მქონე ინტეგრალურ განტოლებების თეორიაში. მას ეკუთვნის ინდექსის მნიშვნელოვანი ფორმულა სინგურალურ ინტეგრალურ განტოლებათა სისტემისათვის.[11]
მუსხელიშვილი ავტორია ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა ანალიზურ გეომეტრიასა და თეორიულ მექანიკაში; მისი მონოგრაფია „დრეკადობის მათემატიკური თეორიის ზოგიერთი ძირითადი ამოცანა“ მეცნიერთა სამაგიდო წიგნად იქცა. იგი რამდენიმეჯერ იქნა გამოცემული და თარგმნილი მრავალ უცხო ენაზე. მას თავის დროზე მაღალი შეფასება მისცა გამოჩენილმა მათემატიკოსმა ა. კრილოვმა, ხოლო 1941 წელს პირველი ხარისხის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ნიკოლოზ მუსხელიშვილის ამ შრომამ, რომელიც მისი სამეცნიერო მოღვაწეობის გვირგვინს წარმოადგენს, უდიდესი გავლენა მოახდინა დრეკადობის თეორიის შემდგომ განვითარებაზე.[10]
სსრკ I-IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, სსრკ თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე (1957 წლიდან გარდაცვალებამდე). თეორიული და გამოყენებითი მექანიკის საერთაშორისო კავშირის ბიუროს წევრი (1960). სომხეთისა (1961) და აზერბაიჯანის (1972) მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი. ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის (1952), პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის (1960), ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის (1967) წევრი. სსრკ სახელმწიფო პრემია (1941, 1947). ლომონოსოვის სახელობის ოქროს მედალი (1972), ტურინის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პრემია და ოქროს მედალი „მოდესტო პანეტი“ (1969), სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის იან იესენიუსის სახელობის ოქროს მედალი (1970).
დაჯილდოებულია 6 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციისა და შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლებით, აგრეთვე 2 უცხოური ორდენით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის პრემია მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის დარგში (1977). 1977 წლიდან მუსხელიშვილის სახელი მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, თბილისის 55-ე საშუალო სკოლას. ნიკოლოზ მუსხელიშვილი 1976 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არის ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ქუჩა.[12] ჰყავდა მეუღლე, — თამარ ნიკოლოზის ასული ნიკოლაძე.
თხზულებები
რედაქტირება- ანალიზური გეომეტრიის კურსი, გამოცემა მე-4, თბ., 1962;
- თეორიული მექანიკის კურსი, გამოცემა მე-2, ნაწილი 1-2. ტფ., 1932-1933;
- Некоторые основные задачи математической теории упругости, 5 изд., М., 1966;
- Сингулярные интегральные уравнения, 3 изд., М., 1968; Курс аналитической геометрии, 4 изд., М., 1967.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნიკოლოზ მუსხელიშვილი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- რუსეთის მეცნიერებათა აკადემია (რუსული)
- ნიკოლოზ მუსხელიშვილი დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ნიკოლოზ მუსხელიშვილი (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 212.
- ვეკუა ი., აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი, თბ., 1961;
- მანჯავიძე გ., აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი, თბ., 1982;
- ნიკო მუსხელიშვილი. ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1980;
- Николай Иванович Мусхелишвили, М., 1967 (АН СССР. Материалы к биобиблиографии учёных СССР. Серия математики, в. 10);
- Проблемы механики сплошной среды. К семидесятилетию акад. Н. И. Мусхелишвили, М., 1961;
- Механика сплошной среды и родственные проблемы анализа. К восьмидесятилетию акад. Н. И. Мусхелишвили, М., 1972.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Мусхелишвили Николай Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #106768875 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 warheroes.ru — 2000.
- ↑ http://www.ras.ru/win/db/award_dsc.asp?P=id-1.ln-ru
- ↑ MacTutor History of Mathematics archive — 1994.
- ↑ https://www.accademiadellescienze.it/attivita/premi-e-borse/premio-panetti-ferrari
- ↑ 10.0 10.1 აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი — ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-17. ციტირების თარიღი: 2013-07-24.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 212.
- ↑ ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა