ივანე მუსხელიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუსხელიშვილი.

ივანე ლევანის ძე მუსხელიშვილი (მუსხელოვი; დ. 15 აგვისტო, 1859 — გ. 1940) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914). აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის მამა.

დაამთავრა ვორონეჟის მიხეილის სახელობის სამხედრო გიმნაზია, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და მიხეილის საარტილერიო აკადემია (I თანრიგით, 1887). სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1878 წლიდან. 1881 წლიდან პოდპორუჩიკად მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. 1895 წელს მიიღო კაპიტნის, 1899 წელს პოდპოლკოვნიკის, 1905 წელს პოლკოვნიკის წოდება. მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას, შემდეგ, 1904-1909 წლებში — კავკასიის მე-2 სასწავლო საარტილერიო პოლიგონს, 1909-1914 წლებში — 39-ე საარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონს. 1914-1916 წლებში გენერალ-მაიორის ჩინით იყო ციმბირის მე-9 მსროლელთა საარტილერიო ბრიგადის მეთაური. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). თავი გამოიჩინა 1915 წლის 3-16 მარტის ბრძოლებში სოფელ ვახთან (ახლანდ. უკრაინის ტერიტორია), რისთვისაც დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“ (1915). დაჯილდოებული იყო ასევე წმ. სტანისლავის II (1902) და I (1915), წმ. ვლადიმერის III (1911) და წმ. ანას II (1905) და I (1915) ხარისხის ორდენებით. 1916-1917 წლებში იყო მე-19 საარმიო კორპუსის არტილერიის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 1917 წლის აპრილიდან ირიცხებოდა დვინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ ერთხანს ქართული დივიზიის არტილერიის მეთაური იყო. შემდეგ თადარიგში გავიდა. ცოლად ჰყავდა დარია ალექსანდრეს ასული საგინაშვილი. მათი შვილი იყო მათემატიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი. ივანე მუსხელიშვილის ძმისშვილი იყო როსტომ მუსხელიშვილი, ანტისაბჭოთა „სამხედრო ცენტრის“ წევრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება