როსტომ მუსხელიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუსხელიშვილი.

როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი (დ. 31 დეკემბერი, 1888 — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, საქართველოს ეროვნული გმირი.[1]

როსტომ მუსხელიშვილი
დაბადების თარიღი 31 დეკემბერი, 1888
გარდაცვალების თარიღი 20 მაისი, 1923
გარდაცვალების ადგილი ტფილისი
კუთვნილება {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
წოდება შტაბს-კაპიტანი
(რუსეთის იმპერია)
პოლკოვნიკი (საქართველო)
ჯილდოები საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი
მემორიალური დაფა, გიზო ნიშნიანიძის ქუჩა № 4

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) მონაწილის, პოდპოლკოვნიკ ილია მუსხელიშვილის (მუსხელოვი, დ. 1854) ოჯახში. ბიძამისი იყო გენერალი ივანე მუსხელიშვილი. მისი ძმა იოსებ მუსხელიშვილი იყო არტილერიის პოდპორუჩიკი, სხვა ძმა — გიორგი მუსხელიშვილი, ამიერკავკასიის რკინიგზის მოხელე, 1938 წლის რეპრესიების დროს დახვრიტეს.[2]

როსტომ მუსხელიშვილმა დაამთავრა საარტილერიო სასწავლებელი და გენერალური შტაბის აკადემია. მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიის 39-ე საარტილერიო ბრიგადაში, რომლის შემადგენლობაშიც შტაბს-კაპიტანი მუსხელიშვილი იბრძოდა I მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტზე. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV და III (1915), წმ. სტანისლავის II ხარისხის (1916) ორდენებით.[3]

1918-1921 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის გენერალური შტაბის სამხედრო დაზვერვის უფროსი, პოლკოვნიკი. 1921 წლის თებერვლისთვის იყო ბათუმის რაზმის შტაბის მეთაური. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა, მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში (დივიზიის შტაბის უფროსი) და, ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ შექმნილი „სამხედრო ცენტრის“ წევრი. მას ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ სრულ განადგურებას. ეს გეგმა უნდა შეესრულებინათ ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შალვა ფავლენიშვილის და მიხეილ ლაშქარაშვილის რაზმებს. 1923 წელს ჩეკამ დააპატიმრა და თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დახვრიტა.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N04/07/02 2023 წლის 4 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოების შესახებ [1]
  2. მუსხელიშვილი გიორგი ილიას ძე (1889). „ღია სია — სტალინური სიები საქართველოდან“.
  3. Мусхелов Ростом Ильич. «Памяти героев Великой войны 1914–1918».
  4. 1923 წელს დახვრეტილი ქართველი სამხედროები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 18 იანვარი 2016.