მურის ციხე, აგრეთვე სქიომარი, ციხნარი — ციხესიმაგრეთა კომპლექსი თანამედროვე ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. გვიანანტიკური პერიოდიდან 1867 წლამდე იგი იყო ჯერ სკვიმნიის, შემდეგ თაკვერის, ხოლო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ლეჩხუმის სათავადოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.

მურის ციხის აგების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი თაკვერის გზის არსებობა იყო, რომელიც ქედის გადაღმა მცხოვრებ ჩრდილო კავკასიურ ტომებს დასავლეთ საქართველოს ბართან აკავშირებდა და ზღვით კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა. ამას ემატებოდა სვანეთიდან მომავალი ერთ-ერთი უმოკლესი გზა ბარისაკენ, რომელიც სწორედ ლეჩხუმზე გადიოდა. ეს ტომები საფრთხეს უქმნიდნენ არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ბარს, არამედ ბიზანტიასაც. ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად და ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ლეჩხუმში მრავლად იგება ციხე-სიმაგრეები. განვითარებული შუა საუკუნეებიდან ლეჩხუმის სტრატეგიული მნიშვნელობა უფრო მეტად გაიზარდა. ეს ხვამლის "მეფეთა საგანძურთ სადებად“ ქცევამ განაპირობა. შედეგად ეს მხარე მთლიანად ციხე-სიმაგრეების ქსელით დაიფარა. ამ სისტემის ფუნქციას წარმოადგენდა, როგორც ჩრდილოელი ტომებისათვის გზის ჩაკეტვა და კონტროლი, ასევე ქვეყნის საგანძურის დაცვა.

გვიან შუა საუკუნეებში ისევე, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ლეჩხუმშიც დაეცა ახალი ციხე-სიმაგრეების მშენებლობის ტემპი. ძირითადად მიმდინარეობდა ციხე - სიმაგრეების აღდგენა - გამაგრების სამუშაოები. ასევე, მოხდა მათი სახეცვლა და მორგება იმ ახალი მოთხოვნებისადმი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შემოღებასთან იყო დაკავშირებული. ამდენად, შემორჩენილ ციხე-სიმაგრეთა უმრავლესობას სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი ეტყობა. ლეჩხუმის საფოტიფიკაციო ნაგებობებს შორის- მდებარეობით, სტრატეგიული მნიშვნელობით, ფუნქციური დატვირთვით ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია მურის ციხე, რომელიც სვანეთ-ლეჩხუმის საზღვარზე მდებარეობს და მეტად მიუდგომელ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. მურის ციხე, მის მოპირდაპირე, კლდოვან ნაპირზე მდგარ რაგვის (იგივე ლაწუნდარას) კოშკთან ერთად, კეტავდა ცხენისწყლის ხეობიდან ბარისაკენ მიმავალ გზებს. მურის მიდამოებში ადამიანის კვალი ადრეული პერიოდიდან დასტურდება. აქ აღმოჩენილია ანტიკური ხანის ქვევრ სამარხები, ბრინჯაოს, რკინის, კერამიკის და ოქროს ნივთები. გარდა ამისა, მურის ციხის დასავლეთი კოშკის ძირში მდებარეობს VII საუკუნის დიდი ფილოსოფოსის და საეკლესიო მოღვაწის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერი და საფლავი. პირველი ცნობები მურის ციხეში მაქსიმე აღმსარებლის განსასვენებლის შესახებ კ.კეკელიძისა და ა.ბრილიანტოვის მიერ მიკვლეულ იქნა XII საუკუნის N222 ხელნაწერის 440 გვერდის თავისუფალ არშიაზე. აქ ამოკითხულია შემდეგი მინაწერი „წმ.მაქსიმეს გვამი განისვენებს (მურის ციხეში) ცაგერის ახლოს“. დავით კოპალიანის მოსაზრებით წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ბიზანტიიდან ლაზიკაში გადმოსახლების ადგილად მიჩნეული ერთ-ერთი პროვინციის ციხე-სიმაგრე სხიომარი - სქიომარის ადგილსამყოფელს და მის მიმდებარე ტერიტორიას უხსოვარი დროიდან და დღესაც ეწოდება „ციცხნარი“ (ციხეების ადგილსამყოფელმა მიიღო სახელი „ციხნარი“ და დღეს მას დამახინჯებულად უწოდებენ „ციცხნარს“), ხოლო მისი მეორე სახელწოდება „მური“ მომდინარეობს შუა საუკუნეებიდან, რაც „ბოლს“ ნიშნავს.

მურში ის საგვარეულოები ისხდნენ ვინც ლეჩხუმში პერიოდულად სხვებზე იმარჯვებდა. სხვა და სხვა დროს იგი ეკუთვნოდათ: ჩიქოვანებს, გელოვანებს, ახვლედიანებს, კოპალიანებს, მუშკუდიანებს, ყიფიანებს, სილაგაძეებს და ინასარიძეებს.

არსებობს თქმულება იმის შესახებ თუ რატომ დაერქვა შუა საუკუნეებში ამ ციხეს მური: ცაგერის კლდოვან მწვერვალზე ამართული სამი კოშკი ცხენისწყლის ხეობას გადაჰყურებს. მურის ციხე დიდი ხნის წინათ არის აშენებული. იგი ერთი პერიოდი ეკუთვნოდა შვიდ ძმას ჩარკვიანს, რომლებიც ქვემო სვანეთს ფლობდნენ. კაცია ჩიქოვანს მათი გაძლიერების ეშინოდა. გორდის სასახლეში მიიპატიჟა ისინი და ღალატით დახოცა. კაცია ბოლოს გადადიანდა და, სამეგრელოს გარდა, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთსაც განაგებდა. საქართველოს დაუძინებელი მტერი ოსმალეთი ხშირად თავს ესხმოდა ამ ციხესაც, მაგრამ ვერ იმარჯვებდა. ერთხელ ოსმალეთის ჯარმა ქართლიდან რაჭა-ლეჩხუმზე გამოილაშქრა, მოადგა ლაილაიშს, აიღო იგი, სოფელ უსახელოზე გადმოიარა და დეხვირის ციხესთან ომი გამართა.  ბრძოლა გაგრძელდა. ოსმალებმა დეხვირის ციხე დაიკავეს და მურის ციხის აღებაც მოინდომეს. ჯარი ღამით მურის ახლოს. ჩხუტეში, ლეკუნდრუშას დაბინავდა, რომ დილით ადრე დასცემოდა ციხეს.  მეციხოვნეებმა თათრების მიერ დანთებული ცეცხლი შეამჩნიეს, მიხვდნენ, რომ ეს სასიკეთო რამეს არ ნიშნავდა. ზარბაზნები დატენეს, ცეცხლს დაუმიზნეს და დასცალეს.  მეომრებს კაკლის ხეების ქვეშ ეძინათ. ზარბაზნებისაგან დამტვრეულმა ტოტებმა დიდი ზარალი მიაყენა ოსმალებს. ჯარი ომარ ფაშას საკმაოდ შეუთხელდა. გადარჩენილნი გაიპარნენ. მალე ისევ დაბრუნდნენ ოსმალები, მაგრამ მურის ციხის დაპყრობა ვერ შესძლეს. მაშინ გადაწყვიტეს: გზა შევუკრათ.. მეციხოვნეებს ციხეში ნამარაგევი კირი ჰქონდათ და მაღლიდან ყოველდღე ძირს თითო-ორ-ორ კასრს ყრიდნენ. თათრებმა იფიქრეს: იმდენი ფქვილი შეუნახავთ, რომ უფუჭდებათ და ყრიანო. ამასობაში ზამთარიც მოახლოვდა. მალე მურის დაბლობი, სადაც ურიცხვი ჯარი იდგა, დაცარიელდა. მტერები უკან გაბრუნდნენ. დარჩათ მურის ციხე აუღებელი. 

სქიომარის ციხე-სიმაგრე

რედაქტირება

სქიომარის ციხე-სიმაგრის შესახებ ჯერ კიდევ VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი წერს: „იგი სკვიმნიიდან სვანეთისაკენ მიმავალ გზას ჰკეტავდა“. სიმონ ყაუხჩიშვილი სქიომარს მოიაზრებს მურის ციხედ, რომელიც სვანეთისაკენ მიმავალ გზას კეტავდა და აკონტროლებდა, ხოლო სკვიმნიას კი, ლეჩხუმის უცხოურ შესატყვისად. XVIII საუკუნის I ნახევრში მოღვაწე ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით „ცხენისწყალსზედ, არს კავკასიის ძირს მურის ციხე, არავისგან შემუსვრილ-აღებული“ და მის მიერ შექმნილ ატლასებში მურის ციხე მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის მახლობლად არის დატანილი. XVIII საუკუნის დასაწყისიდან მური დადიანების რეზიდენცია ხდება, რაც ციხის მდებარეობამაც განაპირობა. ის ლუხვანოს გზით სამეგრელოსთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდი ციხე-სიმაგრეა. მისი ხელში ჩაგდება ლეჩხუმის დიდი ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობას იძლეოდა. ჩიქვან-დადიანების დინასტიის დროს ლეჩხუმში და მურის ციხეში მათი ბატონობა უფრო განმტკიცდა, რასაც ადასტურებს XVIII საუკუნის დასაწყისის საბუთში „ლეჩხუმის მჭირავ - მქონებლად და სვანეთის კლიტედ“ მოხსენიება. 1770 წელს მურის საასახლეში გარდაიცვალა ერეკლე II-ის და ელისაბედი, სამეგრელოს მთავრის კაცია დადიანის მეუღლე, რომელიც ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში არის დაკრძალული. 1772 წელს გიულდენშტედი საქართველოში მოგზაურობის დროს ვერ ახერხებს ოდიშის და მის შემადგენლობაში შემავალი ლეჩხუმის ნახვას, მაგრამ ხონში ყოფნისას კრებს მონაცემებ სამ რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი პუნქტების შესახებ, სადაც იხსენიებს მურის ციხესაც. იმას, რომ ციხე ძლიერ მიუდგომელია, საგანგებოდ აღნიშნავს გენერალი ტუჩკოვი: „ის თავისი ბუნებრივი მდებარეობით მეტისმეტად მაგარია“. XIX საუკუნის მოღვაწე იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში „კალმასობა“, მურის ციხის შესახებ აღნიშნავს „ძველად ეწოდა თაკვერი“ და იქვე მდგარი ბაზილიკაზე საუბრობს, რომელშიც მაქსიმე აღმსარებელი იყო დასაფლავებული. 1860-1862 წლებში გეოგრაფი, ნატურალისტი და ეთნოგრაფი გუსტავ რადე მოგზაურობს სამხრეთ კავკასიაში საბუნებისმეტყველო კოლექციების შეგროვების მიზნით. მის ნაშრომში განხილულია ცხენისწყლის და ლაჯანურის ხეობები. ნაშრომს დართული აქვს მურის კოშკის „ჰკა მაგას“ ჩანახატი, რომელზეც ძეგლი სრული სახით იკითხება და ასევე მოცემულია მთავარ ციხეშიდაცული ერთ-ერთ ზარბაზანზე გაკეთებული ლათინური წარწერა და გერბი.

1867 წელს დ.ბაქრაძეს მურში უნახავს ორი ზარბაზანი. ერთი იყო „თათრული“ და მეორეს გააჩნდა ლათინური წარწერა „Opu Federical Mussara“. 1885 წელს ბოროზდინის ცნობით, ციხის შეიარაღება 60-იან წლებში შეადგენდა ხუთ ზარბაზანს და საკმაოდ ბევრი ციხის თოფი. ყველაზე დიდი ზარბაზანი შვედური ყოფილა. თუ იგი საიდან მოხვდა ლეჩხუმში, უცნობია. ყარსის აღებასთან დაკავშირებით კი წერს- სამეგრელოს მთავარმა ეკატერინემ გასცა ბრძანება ესროლათ მურის ზარბაზნები „შვედურმა ზარბაზანმა თავისი მძლავრი ხმა უთვალავის გამოძახილით მოსდო ლეჩხუმის მთა და ბარს“. 1902-1903 წლებში ამბროსი ხელაია, შემდგომში უკვე საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი, მოგზაურობს რაჭა - ლეჩხუმში. იგი აღწერს ამ მხარეებში არსებულ მონასტრებს, იქ დაცულ სიძველეებს და მათ შორის მურის ციხესაც არ უვლის გვერდს და მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

უფრო ვრცლად ციხე-სიმაგრის გეგმირების და მისი ვრცელი ისტორიის დეტალების შესახებ იკითხება თ. ლეთოდიანის ნაშრომში "მურის ციხის ისტორიისა და ახლანდელი მდგომარეობის შესახებ"

დღევანდელობა

რედაქტირება

მურის ციხის ნახვა ადამიანს გააკვირვებს. ის აშენებულია მაღალ მთაზე უზარმაზარი ქვებით. ერთგან ამოღრმავებული კლდე თექვსმეტი მეტრის სიმაღლეზეა. აქ ჭა იყო. ციხეს ახლავს ორი კოშკი. ერთი აღმოსავლეთით, მეორე დასავლეთით. როგორც თავციხეს, ისე კოშკებს თავიანთი სახელები აქვთ. თავციხეს ეძახოდნენ ,,მარჯვედ დახვდი”, აღმოსავლეთის კოშკი საყარაულოა და მას ,,ჰკა მაგას” ეწოდება, ხოლო დასავლეთის კოშკს- ,,არ გაუშვა” საყარაულო კოშკი ,,ჰკა მაგას”, როგორც მტერი მიადგებოდა, თავისციხეს აცნობებდა: მტერი მოვიდა მარჯვედ დახვდიო!” როცა დამარცხებული მტერი პირს იბრუნებდა, დასავლეთს კოშკთან უნდა გაეარა. მაშინ ციხე ,,მარჯვედ დახვდი” დაუძახებდა დასავლეთის კოშკს: არ გაუშვაო!”  მურის ციხეს ცუდი სამსახურიც გაუწევია ლეჩხუმელი მშრომელი ხალხისთვის. ძველად ბატონყმობის დროს, აქ ბევრ მეომარს ამოხდენია სული.  ბატონისაგან დასჯილი გლეხი ამ ციხეში უნდა ყოფილიყო რამდენიმე წელიწადი რკინის ჯაჭვით დაბმული. ციხეზე შემორჩენილია ოთხი კოშკი. შესასვლელი აქვს სამხრეთ-დასავლეთიდან. აღმოსავლეთ ნაწილში დაზიანებული ორსართულიანი სახლია, რომელიც დადიანების სასახლე უნდა ყოფილიყო. ფრაგმენტულადაა შემორჩენილი გალავანი. ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობებია. ციხე თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. აღდგენილია გვიან შუა საუკუნეებში 

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალავიძე მ., ლეჩხუმური ზეპირსიტყვიერება, თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1951
  • ბაგრატიონი ვ., საქართველოს ატლასი (XVIIIს), თბილისი, 1997, გვ.96.
  • ბატონიშვილი ი., კალმასობა, ტ.2, ტფილისი, 1948.
  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ.1, თბილისი, 1983.
  • ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი,  თბილისი, მეცნიერება, 1983.
  • გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962, ტ.1.
  • დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, თბილისი, საქ.სსრ. მეცნიერება, 1962.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1941.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბილისი, მეცნიერება, 1973.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988.
  • ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე, თბილისი, 2002.
  • ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები, ციხესიმაგრეები, ციხე- დარბაზები, ციხე- გალავნები, კოშკები, თბილისი, ციცინათელა, 2004.
  • ზაქარაია პ., ჭაქვინჯა, თბილისი, მეცნიერება, 1980.
  • თაყაიშვილი ექ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937.
  • თოფჩიშვილი რ., ლეჩხუმური გვარსახელები, თბილისი, საქართველო, 1993.
  • იოსელიანი ხ., საქართველოს ციხე-სიმაგრეები და საფორტიფიკაციო ქსელი, თბილის, 2009.
  • კაკაბაძე ს., დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ.1, ტფილისი, 1921.
  • კაკაბაძე ს., მასალები იმერეთის სახელმწიფოებრივი მდგომარეობის შესახებმე-17 ს., „საისტორიო მოამბე“, I, 1925.
  • კოპალიანი დავით, ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, ქუთაისი, „მანდარიას სტამბა“,  2002.
  • კოპალიანი დ., ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან, წ.3, 2015 წ.
  • კოპალიანი ნ., დიმიტრი ერმაკოვი, ლეჩხუმი ფოტო-ალბომი, ქუთაისი, ხომლი ენ, 2010 წ.
  • მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბილისი, ნაკადული, 1960.
  • მაკალათია ს., საბძოლო და თავდაცვითი ნაგებობანი საქართველოს მთიანეთში, თბილისი, 1945.
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბილისი, სარი, 2006.
  • მამარდაშვილი გ., ლეჩხუმის სამხედრო-პოლიტიკური ისტორიიდან, თბილისი, უნივერსალი, 2006.
  • მუმლაძე მ., ლეჩხუმის არქეოლოგიური შესწავლის ისტორიიდან, ძიებანი, 2004, N13-14,  გვ.160-164.
  • მუშკუდიანი ქ., ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთაისი, მოწამეთა, 2001.
  • მწიგნობრობა ქართული, ტ.12, წ.1, თბილისი, ციცინათელა, 2011.
  • საარქივო მასალა, საქართველოს ეროვნული არქივის ბოჭორიძე გ. პირადი ფონდი 1753, საქმე 124.
  • საქართველოს სტიქიით დაზიანებული ძეგლები, თბილისი, 1991.
  • სულავა ნ., მთიანი კოლხეთი ანტიკურ ხანაში, თბილისი, მეცნიერება, 1996.
  • ყაუხჩიშვილი ს, გეორგიკა, ტ.2, ტფილისი, 1934.
  • ჩიტაია გ., ლეჩხუმის ექსპედციის მოკლე ანგარიში, საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, ტ.12, 1944, გვ.259-268.
  • ხეცურიანი ნ., ლეჩხუმის საფორტიფიკაციო ნაგებობების მნიშვნელობისათვის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, 2003, N7, გვ.138-149.
  • ხეცურიანი ნ., ლეჩხუმი XVI-XIX საუკუნეებში, თბილისი, 2005.
  • Radde G., Berichte über die biologisch-geographischen Untersuchungen in den Kaukasusländern, Tiflis: Buch druckerei der Civil-Hauptverwaltung, 1866, 225.
  • Акты, Кавказской археографической комиссии. Том I, Тбилиси. 1866, ст.827.
  • Акты Кавказской археографической комиссии. Том V, Тбилиси. 1873, ст.1187.
  • Бороздин К.А. Закавказские воспоминания. Мингрелия и Cванетия с 1854 по 1861 г., СПБ. 1885 г, ст.424.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება