ახვლედიანები
ახვლედიანები — ლეჩხუმის ერთ-ერთი საგვარეულო. ახვლედიანები ლეჩხუმის მკვიდრნი იყვნენ. ამ გვარისანი სამი სოციალური კატეგორიის (თავადი, აზნაური, გლეხი) წარმომადგენლები იყვნენ. ახვლედიანების შესახებ ყველაზე ადრინდელი საისტორიო საბუთები XVII საუკუნიდან მოიპოვება. მაგალითად, 1639-1659 წლების დოკუმენტით გიორგი ახვლედიანისათვის და მისი სახლიკაცისათვის ხოსიასათვის ალექსანდრე მეფეს უწყალობებია ღვირიშის ციხე, სოფელი ცხუკუშერი და ტვიშში მცხოვრები გლეხები: ნემსიწვერიძე და სვანიძე (პალ 1991: 205).
XVII საუკუნეში ახვლედიანები გადასახლდნენ აღმოსავლეთ საქართველოში. 1683 წლის საბუთით თამაზ ახვლედიანი სვეტიცხოვლისათვის შეუწირავთ (პალ 1991: 205). 1759 წელს სოლომონ პირველისათვის სხვა თავადაზნაურებთან ერთად ახვლედიანებსაც მიუციათ პირობა ტყვის გაუსყიდველობის თაობაზე (ქსძ 1977: 713). 1755 წლის წყალობის წიგნში მოწმედ დასახელებულია დათუნა ახვლედიანი (ბურჯანაძე 1958: 99). 1904 წლის საარქივო მონაცემებით ლე ხუმში თავადი ახვლედიანები ყმა-მამულს ფლობდნენ შემდეგ სოფლებში: ალპანა, აჭარა, ზოგიში, ცაგერა, ღვარდია. საგვარეულოს მთავარი ცენტრი იყო სოფელი დეხვირი.
ახვლედიანები ზარაგულას კოპალიანებთან ერთად გადაემტერნენ და დაუპირისპირდნენ ლეჩხუმში დამკვიდრებულ დადიანებს მიემხრნენ იმერლებს და ეს მათ თქმულებებშიც აღიბეჭდა. ამ ურჩობის გამო დადიანებმა ზოგიერთი დიდგვარვანი ახვლედიანი შეიპყრეს და მურის ციხეშიც კი გამოკეტეს. დადიანები მხოლოდ სასულიერო ფენას ვერ შეეხნენ. გაბრაზებულმა დადიანებმა ერთ ხანს ახვლედიანების ნაწილს ჩამოართვეს წოდებები და ყიფიანების გვარის ყმებად აქციეს.
დეხვირის ციხისთავად და მფლობელად ხოსია ახვლედიანის დანშვნის შემდეგ გვარი უზომოდ გაძლიერდა და ერთ ხანს ისინი ლეჩხუმის მოურავებიც გახდნენ. დადიანს ეს წყალობა ხოსიასათვის იმიტომ გაუცია, რომ მას დადიანისთვის შეუტყობინებია ლეჩხუმში ოსმალოს არმიის მოულოდნელ შეჭრაზე და გადაურჩენია მხარე აოხრებას. ეს გვარი პოლიტიკურად ყველაზე კარგ ურთიერთობაში იყო სილაგაძეების, კოპალიანების და მუშკუდიანების საგვარეულოებთან
ახვლედიანების ზოგიერთმა წარმომადგენელმა მიაღწია ლეჩხუმის მმართველობამდეც.
მმართველი ახვლედიანები | |
1660-1671 | ხოსია ახვლედიანი |
1747 | ქაიხოსრო ახვლედიანი |
1805 | კაცია ახვლედიანი |
განსახლებული იყვნენ: კენაშში, სანორში, აღვში, ნაკურალეში, ნასპერში, ლასხანაში, ლესინდში, დეხვირში, ხუტელში. ახვლედიანები შემდგომში დიდი როლი ითამაშეს ლეჩხუმის მაზრის პერიოდში მიმდინარე პროცესებში, ამ გვარდიდან გამოვიდა ბევრი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.
დღეს საქართველოში ოთხი ათასამდე ახვლედიანი ცხოვრობს. ლეჩხუმში იგი რაოდენობით მესამე გვარია. ასევე ცხოვრობენ თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დავით კოპალიანი, „ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან“ ქუთაისი, 2002 წ.
- ემილ კოპალიანი, „კოპალიანები“ გვარის ისტორია. თბილისი. გამომცემლობა „არტე“, 2017 წ.