მურად ძნელაძე (დ. 1980, ექინჯი) — ქართველი მწერალი, ფოლკლორისტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

წინაპრები მამის მხრიდან ექინჯიში მაჭახლის ხეობის სოფელ ჩხუტუნეთიდან ყოფილან გადასახლებული, ხოლო დედის მუჰაჯირი წინაპრები აჭარიდან, კერძოდ, სოფელ ჩაქვიდან წასულან. იმის გამო, რომ სოფელი, სადაც მურად ძნელაძე დაიბადა და აღიზარდა, ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული, მან ქარული ენა ბავშვობიდანვე საკმაოდ კარგად შეისწავლა. უფრო მეტიც, ქართულ ენობრივ გარემოში აღზრდილს სკოლაში შესვლამდე თურქული ენა სათანადოდ არც სცოდნია. სკოლის დამთავრების შემდეგ საქარიის უნივერსიტეტი დაამთავრა და სტამბოლში სასამართლოს მდივნად დაიწყო მუშაობა. დაქორწინებულია თურქეთში მცხოვრებ არაბ ქალზე.

მურად ძნელაძის ეროვნულ–ქართული ცნობიერების განმტკიცებისათვის სტიმულის მიმცემ ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ახმედ მელაშვილის წიგნი „გურჯისტანი“ და ჟურნალი „ჩვენებური“ ქცეულა. ეს ჟურნალი მას პირველად 12 წლის ასაკში უნახავს და მის ისტორიულ სამშობლოსთან დაკავშირებით მასში გამოქვეყნებულ მასალებს მასზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია.

მიუხედავად იმისა, რომ მურად ძნელაძე არც ისტორიკოსია და არც ფილოლოგი მან თავისი მოღვაწეობის უმთავრეს მიზნად ჩვენებურების ისტორიულ და თანადროულ ყოფასთან დაკავშირებული მასალებისა და მათი სულიერი კულტურის წარმომჩენი ფოლკლორული ტექსტების ჩაწერა დაისახა და დიდი წარმატებიტაც განახორციელა.

მურად ძნელაძემ წლების მანძილზე დიდი მუშაობა ჩაატარა უნიელ ქართველებში, მოაგროვა უამრავი მასალა — ლოცვები, სიმღერები, ანდაზები. ამ მასალებზე დაყრდნობით დაწერა ორი ნაშრომი „უნიელი ქართველები (ჩვენებურები)“ (340 გვ.) და „ქართული ენა უნიეში ჩვენებური სასიტყვარი“ (291 გვ.). ეს ნაშრომები შეიცავს უაღრესად მნიშვნელოვან მეცნიერული ღირებულების მქონე ინფორმაციას თურქეთის შავი ზღვისპირეთში, კერძოდ კი ქალაქ უნიესა და მის შემოგარენში, მცხოვრები ქართველების შესახებ. მნიშვნელოვანია ისიც რომ მსგავსი ხასიათისა და ოდენობის მასალა ხსენებულ რეგიონში მცხოვრებ ჩვენებურთა ქართულ მეტყველებასთან, ქართულენოვან ფოლკლორთან და ისტორიულ–ეთნოგრაფიულ ყოფასთან დაკავშირებით დღემდე არავის შეუგროვებია. მურად ძნალაძის მიერ შესრულებული სამუშაოს უმთავრესი მიმართულებებია:უნიეს ქართულ დასახლებათა ისტორიულ–გეოგრაფიული თავისებურებანის აღწერა და დახასიათება.

თურქულ არქივებში მოძიებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, საქართველოდან ოსმალეთში მუჰაჯირობის დროს ქართველთა გადახვეწისა და უნიეში დამკვიდრების ისტორია.

კონკრეტულად ქართველთა ძირითადი საცხოვრებელი სოფლების დაფიქსირება.

შეძლებისდაგვარად უნიეში მცხოვრებ ჩვენებურთა ყოფა–ცხოვრების სპეციფიკიური მხრეების გაცნობა დაინტერესებული პირებისთვის.

დღემდე უცნობი მრავავლი ნიმუშის (ზღაპრები, ლეგენდები, თქმულებები, ანდაზები, ბრძნული გამონათქვამები, სიმღერათა ტექსტები, გამოცანები, შელოცვები, წყევლები) ჩაწერა.

მურად ძნელაძემ შეადგინა საკმაოდ დიდი მოცულობის თურქულ–ქართული განმარტებითი ლექსიკონი, სადაც აღნუსხულია და განმარტებული რამდენიმე ათასი სიტყვა უნიეს რეგიონში მცხოვრებ ქართველთა მეტყველებიდან. ხსენებული ლექსიკონის მნიშვნელობას არსებითად ზრდის ის ფაქტი, რომ ამ რეგიონის (და არა მარტო ამ რეგიონის) მკვიდრთა შორის ქართული ენის მცოდნეთა რაოდენობის მზარდი შემცირების გამო მურად ძნელაძის მიერ აღნუსხული ჩვენებურთა ქართული ლექსიკიდან ამჯერადაც უკვე ბევრი რამაა დაკარგული და ბევრიც ყოველდღიურად იკარგება. ხსენებული ლექსიკონი კი ამ დანაკარგის რელურად გადარჩენის და წერილობითი სახით შენარჩუნების საიმედო გარანტიას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მურად ძნელაძის წიგნში ერთ კონკრეტულ რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ქართულენოვანი ლექსიკაა წარმოდგენილი, იგი იმავდროულად მთელი თურქეთეში მიმოფანტულ ქართველთა ქართული მეტყველების შესასწავლადაც წარმოადგენს უნიკალურ მასალას.

ბოლო პერიოდში მურად ძნელაძე აქტიურად მუშაობს თურქეთელ ქართველთა ყოფისადმი მიძღვნილ ბელეტერისტულ ტექსტზე, რომელსაც ქართულ ენაზე წერს. ამ ნაწარმოების შექმნის უმთავრესი მიზანია, მკითხველს ნათელი წარმოდგენა შეუქმნას თურქეთის შავიზღვისპირეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ისტორიულ და თანამედროვე მდგომარეობაზე და მხატვრული ფორმით მოგვითხროს მათ ყოფასთან დაკავშირებული ცხოვრებისეული ეპიზოდები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. მურად შაჰინი, ქართულენოვაი ზეპირსიტყვიერება და მწერლობა თურქეთში, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ქუთაისი, 2015, გვ. 337-349

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება