მიხეილი სუმბათაშვილი
მიხეილი სუმბათაშვილი (დ. 3 მაისი, 1885, თბილისი — გ. აგვისტო, 1954) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში.
ბიოგრაფია
რედაქტირებამიხეილ სუმბათაშვილი 1885 წლის 3 მაისს დაიბადა, თბილისში. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1902 წლიდან კი - მოსკოვის საიმპერატორი ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ქიმიას ეუფლებოდა.
1905 წელს, როდესაც რევოლუციის გამო სასწავლებელი დროებით დაიხურა, მიხეილ სუმბათაშვილი შევიდა პარიზის უნივერსიტეტში, სადაც სხვა საგნებთან ერთად გაიარა თეორიული და პრაქტიკული კურსები ცნობილ პროფესორ მოისანთან.
1906 წელს ჩააბარა გამოცდები ქალაქ ფრაიბურგში, საქსონიის სამთო-საინჟინრო სამეფო სკოლაში, რომელიც 1909 წელს დაამთავრა და სამთო-ინჟინრის დიპლომი აიღო. 1909-1910 წლებში მუშაობდა ალჟირში, მრეწველ საკამოდის თუთიის საბადოების დირექტორად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წიაღისეულისა და სასოფლო-სამეურნეო კვლევით სამუშაოებს თავის მამულებში ეწეოდა.
1912 წელს აირჩიეს თბილისის მუნიციპალური მთავრობის საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ, ხოლო 1913 წელს - თბილისის თავადაზნაურობის მარშლად. 1915 წელს კი - კავკასიის სოფლის მეურნეობის საიმპერატორო საზოგადოების თავმჯდომარედ.
პირველი მსოფლიო ომის დროს მიხეილ სუმბათაშვილი კავკასიისა და სპარსეთის ფრონტებზე მძლავრი რუსული კომპანიის - „ზემსტვოს“ სრულუფლებიან წარმომადგენლად მუშაობდა. 1918 წლის ოქტომბრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი იყო შვეიცარიის ქალაქ ბერნში. ამას გარდა, იგი იმდროინდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.
მიხეილი სუმბათაშვილი ზურაბ ავალიშვილთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჟენევაში 1920 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთა ლიგაში გაწევრიანების თაობაზე.
იმავე წლის ბოლოს მიხეილი მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში ელჩის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს. მოგვიანებით, პარიზში გადაიყვანეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს დესპანის თანამდებობაზე.
1921 წლის 25 თებერვალს, აკაკი ჩხენკელთან და სოსიპატრე ასათიანთან ერთად, მიხეილი სუმბათაშვილიც მონაწილეობდა ელისეს სასახლეში საფრანგეთის მთავრობის მეთაურ მილიერანისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალში.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მან მოღვაწეობა გააგრძელა დიდ ბრიტანეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად და, ამავე დროს, იყო საფრანგეთში საქართველოს ლეგაციის (ყოფილი საელჩოს) ხელმძღვანელის აკაკი ჩხენკელის მრჩევლი.
მიხეილ სუმბათაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა 1954 წლის აგვისტოში.