სოსიპატრე ასათიანი

სოსიპეტრე (ჭიჭიკო) ასათიანი (დ. 1872, ქუთაისი — გ. 1971, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

სოსიპატრე ასათიანი
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1883(1883-09-08)[1] [2]
დაბადების ადგილი ქუთაისის გუბერნია[2]
გარდაცვალების თარიღი 22 ივლისი, 1971(1971-07-22)[2] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი მე-15 ოლქი[2]
მოქალაქეობა  საქართველო

რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს იყო ლეჩხუმის მაზრაში რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; პლატონ იოსელიანთან და გიორგი შანიძესთან ერთად მეთაურობდა აჯანყებულთა „წითელ არმიას“. რევოლუციის ჩაქრობის შემდეგ დააპატიმრეს ქუთაისში. 1907 წელს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზებით, სხვა სოციალ-დემოკრატ პატიმრებთან (მათ შორის, ლეო ქიაჩელთან) ერთად გაიპარა ციხიდან და ემიგრაციაში წავიდა შვეიცარიაში.

უმაღლესი იურიდიული განათლება შვეიცარიაში ყოფნის დროს, ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო. რუსეთის თებერვლის რევოლუციამდე ცხოვრობდა ჟენევაში. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. მცირე ხნით დაინიშნა ლეჩხუმისა და სვანეთის კომისრად. 1918 წლიდან მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარგარეთის მისიებში. თავდაპირველად იყო წარგზავნილი უკრაინაში, ხოლო 1919 წელს რუმინეთში გაიგზავნა საქართველოს წარმომადგენლად. 1919 წლის ბოლოდან შეუერთდა პარიზში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას, იყო დელეგაციის მდივანი. 1921 წლის 25 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც აკაკი ჩხენკელმა ოფიციალური რწმუნებათა სიგელი გადასცა ალექსანდრ მილიერანს, იკავებდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობას. 1933 წელს, მანამ, სანამ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალური სტატუსი გააჩნდა, იკავებდა საელჩოს პირველი მდივნის პოსტს. საელჩოს გაუქმების შემდეგ, 1933–1947 წლებში იყო საელჩოს ნაცვლად შექმნილი „ქართული ოფისის“ დირექტორი.

აქტიურ მონაწილეობას იღებდა ემიგრაციაში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაში. იყო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის შემნახველი კომისიის წევრი. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 38.