მერუე,[1] ჭაობის მენაპირე[2] (ლათ. Tringa stagnatilis) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 22–25 სმ, ფრთის შლილი 55–59 სმ; მასა 55–120 . აქვს მოხდენილი აგებულება, გრძელი კისერი და სადგისისებური შავი ნისკარტი, მაღალი რუხ-მწვანე (ზაფხულში მოყვითალო) ფეხები, რომლებიც ფრენის დროს ძლიერ გამოწეულია კუდის გარეთ. საქორწინო შეფერილობაში სხეულის ზედა ნაწილი მურა-რუხია მუქი მურა ლაქებით, ქვედა — თეთრი, მუქი ჭრელი ლაქებით კისერზე, მკერდისა და ტანის გვერდებზე. არ ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. ზრდასრულ ფრინველების ზამთრის და ახალგაზრდა ინდივიდების შეფერილობაში ზურგი ერთფეროვანი რუხია, მუცელი — თეთრი. მახვილის კუთხის თეთრი ფერის ზოლები ზურგზე გადასდევს. ბუდობს ევრაზიაში, ნესტიან მდელოებზე, ჭაობებში, ტბების ბალახოვან სანაპიროებზე, თევზით მდიდარ ტბორებში, ყველაზე ხშირად მდინარეთა ჭალებში სტეპებისა და ტყესტეპის ზონებში, ბელარუსისა და ბალტიისპირეთის ტყის ზონიდან პრიმორიემდე. იზამთრებს აფრიკაში (საჰარის სამხრეთით), ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ავსტრალიაში. ფრენისას დიდი გუნდები არ ახასიათებს. იკვებება წყალმარჩხ ადგილებში ან წყალსატევთა ნაპირებზე მწერებითა და მათი ლარვებით, მოლუსკებით, მცირე კიბოსნაირებით. მონოგამები არიან; ცხოვრობენ ცალკეულ წყვილებად. ბუდეს მიწაზე, ბალახებში აკეთებენ და იცავენ მას. დედალი დებს 4 (იშვიათად 3–8 კვერცხს), კრუხობს ორივე მშობელი მონაცვლეობით 21–23 დღის განმავლობაში. ღინღლით დაფარული ბარტყები გამოჩეკის მეორე დღიდან თვითონ მოიპოვებენ საკვებს.

მერუე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
ოჯახი:  ჩიბუხასებრნი
გვარი:  ჭოვილო
სახეობა:  მერუე
ლათინური სახელი
Tringa stagnatilis (Bechstein, 1803)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693216
გავრცელება

  მხოლოდ ბუდობა
  მიგრაციის მარშრუტები
  მიგრაციის რაიონები
  შემთხვევითი გადაფრენები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 67, 134, 229.
  2. გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8