მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელი

მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელი (იტალ. Maria Giovanna Battista di Savoia-Nemours; დ. 11 აპრილი, 1644, პარიზი, საფრანგეთი — გ. 15 მარტი, 1724, ტურინი, იტალია) — იტალიური წარმოშობის ფრანგი დიდგვაროვანი. პორტუგალიის დედოფალ მარია ფრანჩესკა სავოიელის უფროსი და. თავდაპირველად მარიონეტულად დაქორწინდა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ V-ზე, მაგრამ მასთან კავშირი მალევე გააუქმა და 1665 წელს ცოლად გაჰყვა სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-ს. მასთან მას თავისი ერთადერთი ვაჟი, სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო II შეეძინა, რომლის არასრულწლოვანების გამოც 1675-1684 წლებში თავად მართავდა ქვეყანას. მისი ხაზით იგი არის საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და ასევე ესპანეთის ორი მეფის: ლუის I-ისა და ფერდინანდ VI-ის ბებია.

მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელი
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 20 მაისი, 1665
მმართ. დასასრული: 12 ივნისი, 1675
წინამორბედი: ფრანსუაზ მადლენ ორლეანელი
მემკვიდრე: ანა მარი ორლეანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 აპრილი, 1644
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 15 მარტი, 1724, (79 წლის)
გარდ. ადგილი: ტურინი, იტალია
მეუღლე: კარლო ემანუელე II, სავოიის ჰერცოგი
შვილები: ვიტორიო ამადეო II, სარდინიის მეფე
სრული სახელი: მარია ჯოვანა ბატისტა
დინასტია: სავოიელები
მამა: კარლო ამადეო, ნემურის ჰერცოგი
დედა: ელიზაბეტ დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი

ოჯახი და ბავშვობა

რედაქტირება
 
მარია ჯოვანა ბატისტა ბავშვობაში

მარია ჯოვანა ბატისტა დაიბადა 1644 წლის 11 აპრილს პარიზში. იგი იყო ნემურის ჰერცოგ კარლო ამადეო სავოიელისა და მისი მეუღლის, ელიზაბეტ დე ბურბონის უფროსი ქალიშვილი. მამამისი წარმოშობით იტალიელი იყო და მისი დიდი პაპა იყო სავოიის ჰერცოგი ფილიპო II, თუმცა მის წინაპრებს გარკვეული მიზეზების გამო საფრანგეთში გადასახლება მოუხდათ, სადაც მეფე ფრანსუა I-მა მათ ნემურის ჰერცოგობა უბოძათ ერთგული სამსახურისთვის. დედამისი, ელიზაბეტ დე ბურბონი იყო თავად საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ის უფროსი ქალიშვილი, რომელიც მას თავის საყვარელ გაბრიელ დესტრესთან ჰყავდა. ამრიგად, დედის ხაზით იგი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის მამიდაშვილი იყო, რის გამოც იგი სამეფო კარზე ცხოვრობდა და მკაცრ კათოლიკურ განათლებას იღებდა. მარია ჯოვანას ერთადერთი და ჰყავდა, რომელიც 1646 წელს დაიბადა და მარია ფრანჩესკა დაარქვეს. საფრანგეთში მარია ჯოვანა მადამ როიალის, ხოლო მარია ფრანჩესკა მადმუაზე დ'ომალის სახელით იყო ცნობილი. ახალგაზრდა პრინცესებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ თავიანთი დროის გამოჩენილ მწერალ მადამ დე ლა ფაიეტთან, რომელმაც მარია ჯოვანა მადამ დე სავინის გააცნო.

მამამისი 1652 წელს დუელში მოკლა მისმა ცოლის ძმამ, ვენდომის ჰერცოგმა ფრანსუა დე ბურბონმა. მომდევნო რამდენიმე წელი ის და მისი ოჯახი ბიძის, ნემურის ჰერცოგ ანრი II-ის მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდა. 1659 წელს ანრიც გარდაიცვალა, რის შემდეგაც ნემურის საჰერცოგო კვლავ დაუბრუნდა საფრანგეთის დომენს, თუმცა მარია ჯოვანა და მისი და კვლავ განაგრძობდნენ თავიანთი მამულებიდან შემოსავლის მიღებას. მისი ბებია ფრანსუაზი დაბადებით ლოთარინგიის პრინცესა იყო, რის გამოც გაჭირვებაში ჩავარდნილმა ელიზაბეტ დე ბურბონმა დახმარებისათვის მას მიმართა. ფრანსუაზი წლების მანძილზე ინახავდა მათ საკუთარი ხარჯებით.

საქორწინო მოლაპარაკებები

რედაქტირება
 
ახალგაზრდა მარია ჯოვანა

ნემურების ოჯახს სურდა, რომ იგი სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-ზე დაქორწინებულიყო, რომელიც თავის მხრივ კრისტინა მარია ფრანგის ვაჟი იყო (ჯოვანას ნახევარ-დეიდა). 1659 წელს კრისტინა მარიამ მარია ჯოვანა ტურინში დაიბარა შესამოწმებლად. კარლო ემანუელემ მისდამი, როგორც მომავალი მეუღლისადმი დიდი ინტერესი გამოავლინა. საუბედუროდ, კრისტინა მარიას დიდი ამბიციები ჰქონდა, რის გამოც კარდინალ რიშელიეს უარი უთხრა თავისი ვაჟისა და მარია ჯოვანას ქორწინებაზე. ამის სანაცვლოდ, 1663 წელს მან კარლო ემანუელე დააქორწინა თავისი ძმის, ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონის ასულ ფრანსუაზ მადლენ ორლეანელზე.

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ იგი ლოთარინგიის ჰერცოგის ყურადღების ცენტრში მოექცა. მასზე მოთხოვნა იყო პორტუგალიის სამეფო კარზეც. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის მეფე აფონსუ VI-ზე მისი და, მარია ფრანჩესკა სავოიელი დააქორწინეს. იმ ფაქტმა, რომ მისი და უკვე დედოფალი იყო, კიდევ უფრო გაზარდა მარია ჯოვანას პრესტიჟულად გათხოვების შანსები. ამის შემდეგ, 1662 წლის 4 თებერვალს იგი დაინიშნა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ V-ზე. მათი ნიშნობა დედა-დედოფალმა ანა ავსტრიელმა მოაწყო, რის შემდეგაც ორ დღეში დაიდო მონმარტის ხელშეკრულება, რითაც ლოთარინგია ლუი XIV-ის სამფლობელოებს შეუერთდა. ამან ლოთარინგიის ჰერცოგი ფაქტობრივად უსახლ-კაროდ დატოვა, რის გამოც თავი ავსტრიის ერცჰერცოგს შეაფარა. ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ მათი ნიშნობა მალევე ანულირდა.

1663 წლის დეკემბერში კრისტინა მარია ფრანგი გარდაიცვალა, რასაც 1664 წლის იანვარში მოჰყვა ფრანსუაზ მადლენ ორლეანელის დაღუპვაც. ამრიგად, კარლო ემანუელე II უცოლოდ და უმემკვიდრეოდ დარჩა, რის გამოც სასწრაფოდ დაიწყო მეორე საცოლის ძებნა. ფრანგები მას ფრანსუაზ მადლენის დანარჩენ დებზე დაქორწინებას სთავაზობდნენ, მაგრამ სავოიელებისაგან უარი წამოვიდა. ამგვარ მდგომარეობაში ნათელი გახდა, რომ კარლო ემანუელე მარია ჯოვანა ბატისტაზე აპირებდა დაქორწინებას. ამ კავშირს მიემხრო თავად მეფე ლუი XIV-ც. მეფეს არ სურდა რომ კარლო ემანუელე ავსტრიელ პრინცესაზე დაქორწინებულიყო, რაც ჩრდილო იტალიაზე საფრანგეთის გავლენას შეამცირებდა. საქორწინო მოლაპარაკებები მალევე დასრულდა და უკვე 1665 წლის 20 მაისს, კასტელო დელ ვალენტინოში შედგა მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელისა და კარლო ემანუელე II სავოიელის ქორწინება, რითაც იგი მაშინვე გახდა სავოიის ჰერცოგინია. მისი საოცარი მზითვი გარდა ნივთებისა და ფულისა, მოიცავდა გენევუას, ფოსინისა და ბეფორტის პროვინციებს, რომლებიც ავტომატურად მიუერთდა სავოიას.

სავოიის ჰერცოგინია

რედაქტირება
 
კარლო ემანუელე და მარია ჯოვანა თავიანთ ერთადერთ ვაჟთან ერთად 1666 წელს

თავისი ფესვების გამო, მარია ჯოვანა დიდი პოპულარობით სარგებლობდა იტალიაში. იგი სავოიაში მიმზიდველ და ინტელექტუალ ქალად ითვლებოდა. ქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1666 წლის 14 მაისს 21 წლის ჰერცოგინიამ თავისი პირველი და უკანასკნელი ვაჟი გააჩინა, რომელსაც კარლო ემანუელეს განსვენებული მამის პატივსაცემად დაარქვეს ვიტორიო ამადეო. მიუხედავად იმისა, რომ მარია ჯოვანა იტალიაში ცხოვრობდა, მარია ფრანჩესკა კი პორტუგალიაში, ორ დას მთელი ცხოვრების მანძილზე ჰქონდა აქტიური მიმოწერა, რის გამოც მათ შეძლეს ახლო ურთიერთობის შენარჩუნება. მარია ჯოვანა ქმრის სიცოცხლეში პოლიტიკაში საერთოდ არ ერეოდა. თავისი მმართველობისას კარლო ემანუელე ძირითადად სასახლეთა მშენებლობაზე იყო ორიენტირებული, რის გამოც მან თავის ქვეყანას დიდი არქიტექტურული მემკვიდრეობა დაუტოვა. წყვილის ხელშეწყობით აშენდა არაერთი ეკლესია-მონასტერიც.

საუბედუროდ, მის ქმარს, ისევე როგორც იმ ეპოქის სხვა მონარქებს, ყველასათვის ცნობილი საყვარლები და მათთან უამრავი უკანონო შვილი ჰყავდა, მაგრამ მარია ჯოვანა, ისევე როგორც სხვა ევროპელი კონსორტები, ამ ყველაფერს აიგნორებდა. 1672 წელს კარლო ემანუელემ შეიფარა ქმრისგან გამოქცეული ჰორტენზია მანჩინი. მიუხედავად მარია ჯოვანას განაწყენებისა, ჰორტენზია მალევე გახდა ჰერცოგის საყვარელი და შატო დე შამბერიც გადაეცა. 1675 წლის 12 ივნისს, 40 წლის კარლო ემანუელე სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა ტურინში. როგორც ცნობილია, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ჰერცოგმა, თავისი ვაჟი თავადვე გამოაცხადა ახალ ჰერცოგად, ხოლო თავისი ცოლი მის რეგენტად დანიშნა, რათა შემდგომში პრეტენზია აღარავის ჰქონოდა.

სავოიის რეგენტი

რედაქტირება
 
დაქვრივებული მარია ჯოვანა 1680 წელს

ახალაზრდა და ქვრივი მარია ჯოვანა თავისი 11 წლის ვაჟის, ჰერცოგ ვიტორიო ამადეო II-ის რეგენტი გახდა. შესაძლოა ითქვას, რომ მან განაგრძო ქმრის პოლიტიკა. იგი აფინანსებდა ახალ სამშენებლო პროექტებს, სამხატვრო ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მან ასევე შეიფარა და პატრონაჟი გაუწია ვენეციიდან გაძევებულ მხატვარ გუარინო გუარინის. მისი ბრძანებით, სწორედ გუარინიმ მოხატა ტურინის სასახლე და იეზუიტთა კოლეჯი. იგი ასევე მუშაობდა ქალაქ ტურინის გაფართოვებაზე. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ტურინის მდინარე პომდე გავრცელება. მან ასევე სცადა შამბერის უნივერსიტეტის დაარსება, თუმცა წარუმატებლად.

მარია ჯოვანა ყველაფერს აკეთებდა თავის ძლიერ მეზობელთან — საფრანგეთთან კავშირის შესანარჩუნებლად, რომელიც მისი მოკავშირეც იყო და ოჯახიც. ამის გამო მას იტალიელები დიდად აკრიტიკებდნენ და ლუი XIV-ის მარიონეტს უწოდებდნენ. მიუხედავად ამისა, იგი სერიოზულად მუშაობდა ინგლისისა და ესპანეთის სამეფო კარებთან დაახლოვებასა და კავშირის შექმნაზე. ამას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა ქალაქ მონდოვის მოსახლეობისგან, რამაც საბოლოოდ შეიწირა მისი ვაჟის სიცოცხლე.

აღსანიშნავია, რომ მასსა და მის ვაჟს შორის ყოველთვის დაძაბულობა იყო. ვიტორიო ამადეო მას ადანაშაულებდა ამბიციურობასა და რეგენტობის ვადის გაზრდაში, რათა საკუთარი თავისათვის ძალაუფლება შეენარჩუნებინა. მარია ჯოვანამ თავისი მმართველობის უმეტესი ნაწილი სახელმწიფო ეკონომიკის აღორძინებას შეალია, რის გამოც შვილთან საურთიერთო დრო თითქმის არასოდეს ჰქონდა. ვიტორიო ამადეოსთან უერთიერთობის გაფუჭების კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ იგი სრულიად ღიად აცხოვრებდა თავის საყვარლებს სამეფო კარზე.

უკვე 1677 წლიდან, მარია ჯოვანამ თავისი ვაჟისათვის საცოლის ძებნა დაიწყო, რაც მთელი სამი წელი გაიწელა. თავის სარძლოდ იგი ბევრ ევროპელ პრინცესას მოიაზრებდა, თუმცა მათგან განსაკუთრებულად პოპულარული იყო საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ისა და დედოფალ მარგარიტა ტერეზა ესპანელის ერთადერთი ქალიშვილი, ერცჰერცოგინია მარია ანტონია ავსტრიელი, ასევე თავისი დისწული, პორტუგალიის მეფე პედრუ II-ისა და დედოფალ მარია ფრანჩესკა სავოიელის ასული იზაბელ ლუიზა პორტუგალიელი, პფალცის კურფიურსტის ასული მარია სოფია ნოიბურგელი და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და ჰენრიეტა ინგლისელის ქალიშვილი ანა მარი ორლეანელი. განსაკუთრებულ ყურადღებას იგი თავის დისწულ იზაბელ ლუიზას უთმობდა, რომელიც პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე იყო. სიტუაციას ის ართულებდა, რომ პორტუგალიის კონსტიტუციის მიხედვით ტახტის მემკვიდრე აუცილებლად ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს, შესაბამისად ქორწინების შემთხვევაში ვიტორიო ამადეოს მოუხდებოდა გადასახლება, რაც შეუძლებელი იყო. მარია ჯოვანამ მაინც დაიწყო თავისი ვაჟის პორტუგალიაში გამგზავრებისათვის მზადება, მაგრამ სავოიის მთავრობა და არისტოკრატია ამას ძალიან ცუდად შეხვდა. სწორედ ამიტომ, პორტუგალიასთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და ქორწილიც ორი წლით გადაიდო.

 
მარია ჯოვანა ბატისტა 1702 წელს

ამის შემდეგ მარია ჯოვანამ თავისი არჩევანი ტოსკანის დიდ საჰერცოგოზე შეაჩერა, სადაც ჰერცოგ კოზიმო III-ს თავისი გაუთხოვარი ასულის, ანა მარია ლუიზა მედიჩის მემკვიდრედ გამოცხადება სურდა. მათ საქორწინო მოლაპარაკებას მიემხრო საფრანგეთიც, რადგან ლუი XIV-ს ძალიან ეშინოდა ანა მარია ლუიზა ავსტრიელ ერცჰერცოგზე არ დაქორწინებულიყო, რითაც ავსტრია კიდევ უფრო გაიდგამდა ფესვებს იტალიაში. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები თავიდანვე ჩაიშალა.

 
ხანში შესული მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელი

მიუხედავად იმისა, რომ მარია ჯოვანა ბატისტას რეგენტობა ოფიციალურად 1680 წელს დასრულდა, იგი ქვეყანას 1684 წლამდე მაინც მართავდა. 1684 წელს იგი ვაჟის გავლენით იძულებული გახდა და თანამდებობიდან გადადგა. სავოიაში გავლენის შესანარჩუნებლად ლუი XIV-მ მალევე წამოჭრა ვიტორიო ამადეოსა და თავისი ძმისწულის, ანა მარი ორლეანელის ქორწინების იდეა. სავოიელები შეთავაზებას სიხარულით დათანხმდნენ, რის გამოც 1684 წლის 6 მაისს ვიტორიო ამადეო II და ანა მარი ორლეანელი დაქორწინდნენ.

გადადგომა და დარჩენილი წლები

რედაქტირება

1684 წლიდან სახელმწიფო მართვის სადავეები მთლიანად ვიტორიო ამადეომ აიღო ხელში, რომელმაც განიზრახა დედისათვის ძალაუფლების ჩამორთმევა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მარია ჯოვანამ დატოვა სამეფო კარი და სამეფო რეზიდენციის პირდაპირ, მადამას პალაცოში გადასახლდა. ეს შენობა მისმა დედამთილმა კრისტინა მარიამ ააშენა თავის საცხოვრებლად, რომელიც ბოლოს შესაძლოა ითქვას მის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა.

1686 წელს მან თავის მფლობელობაში მყოფი ომალის საჰერცოგო ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის უკანონო ვაჟს, ლუი ავგუსტ დე ბურბონს მიჰყიდა. იგი ასევე იყო ჟენევის უკანასკნელი გრაფინია, რომელიც მისი გარდაცვალებისთანავე მიუერთდა სავოიას.

მის ვაჟს ქორწინებაში რვა შვილი გაუჩნდა, რომელთაგან მხოლოდ ოთხი გადარჩა. მარია ჯოვანა თავისი უფროსი შვილიშვილის, მარია ადელაიდა სავოიელის ნათლია გახდა. მომავალში მარია ადელაიდა საფრანგეთის დოფინზე დაქორწინდა და მომავალი მეფე ლუი XV გააჩინა. აღსანიშნავია, რომ მარია ჯოვანას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის რძალ ანა მარისთან. მას ასევე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თავის შვილიშვილებთან — საფრანგეთის დოფინ მარია ადელაიდასა და ესპანეთის დედოფალ მარია ლუიზასთან. ისინი ყოველი თვის ორ კვირას ბებიასთან ატარებდნენ მადამას პალაცოში. 1696 წელს მარია ადელაიდა ლუი XIV-ის შვილიშვილზე, დოფინ ლუიზე დააქორწინეს, ხოლო 1701 წელს მარია ლუიზა ცოლად შერთეს მარია ადელადიას მაზლს, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ს. მათი ახლო ურთიერთობა ბებიასთან სწორედ ქორწინების შემდეგ გაგზავნილი წერილებით დასტურდება. მარია ჯოვანაზე კატასტროფულად იმოქმედა ახალგაზრდა მარია ადელაიდასა და მისი ქმრის გარდაცვალებამ 1712 წელს, რომლებიც ჩუტყვავილას ეპიდემიას ემსხვერპლნენ. მარია ადელაიდას დაღუპვის შემდეგ ვიტორიო ამადეომ უარი თქვა საფრანგეთის დახმარებაზე ესპანეთის მემკვიდრეობის ომში, რის გამოც ლუი XIV-მ ალყა შემოარტყა ტურინს. ხანგრძლივი ალყის დროს ფინანსური სახსრების გასაჩენად მარია ჯოვანამ საკუთარი სამკაულებიც კი გაყიდა. ამ დროს ის და მისი შვილიშვილები ტურინიდან გენუაში გაიქცნენ.

1713 წელს დადებული უტრეხტის ხელშეკრულებით მისი ვაჟი სიცილიის მეფე გახდა. ვიტორიო ამადეომ ეს წოდება იმ დამსახურებისათვის მიიღო, რომელიც მან ესპანური მემკვიდრეობის ომში საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ის სასარგებლოდ გასწია. მოგვიანებით ვიტორიო ამადეომ ავსტრიელებს სიცილია სარდინიაში გაუცვალა, რითაც შეიქმნა პიემონტ-სარდინიის სამეფო, სათავეში სავოიელთა დინასტიით.

1714 წელს გარდაიცვალა მისი საყვარელი შვილიშვილი მარია ლუიზაც. ამას მოჰყვა მისი მეორე შვილიშვილის, პიემონტის პრინცის დაღუპვაც, რომელიც დების მსგავსად ასევე ჩუტყვავილამ შეიწირა. დარჩენილი წლები მარია ჯოვანამ შავებში შემოსილმა გაატარა ტურინში. იგი გარდაიცვალა 1724 წლის 15 მარტს, 79 წლის ასაკში, თავის მეოთხმოცე დაბადების დღემდე სულ ერთი თვით ადრე.

ტიტულები და წოდება

რედაქტირება
  • 11 აპრილი 1644 - 20 მაისი 1665: მისი უდიდებულესობა მადმუაზელ დე ნემური;
  • 20 მაისი 1665 - 12 ივნისი 1675: მისი უმაღლესობა სავოიის ჰერცოგინია;
  • 12 ივნისი 1675 - 15 მარტი 1724: მისი უმაღლესობა სავოიის ქვრივი ჰერცოგინია;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Fraser, Antonia (2006). Love and Louis XIV; The Women in the Life of the Sun King. London: Anchor Books. ISBN 0-7538-2293-8.
  • Frézet, Jean (1827). Histoire de la Maison de Savoie. 2. Alliana et Paravia.
  • Hahn, Emily (1971). Love conquers nothing: a glandular history of civilization. Ayer Publishing. ISBN 978-0-8369-8062-2.
  • Kamen, Henry (2001). Philip V of Spain: The King who Reigned Twice. Yale University Press. ISBN 0-300-08718-7.
  • Oresko, Robert (2004). "Maria Giovanna Battista of Savoy-Nemours (1644-1724): daughter, consort, and Regent of Savoy". In Campbell Orr, Clarissa (ed.). Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 16–55. ISBN 0-521-81422-7.
  • Pitts, Vincent Joseph (2000). La Grande Mademoiselle at the Court of France. The Johns Hopkins University Press. ISBN 0-8018-6466-6.
  • Ragnhild, Marie Hatton (1997). Royal and republican sovereignty in early modern Europe. Cambridge University Press. ISBN 0-521-41910-7.
  • Storrs, Christopher (1999). War, diplomacy and the rise of Savoy, 1690-1720. Cambridge University Press. ISBN 0-521-55146-3.
  • Symcox, Geoffrey (1983). Victor Amadeus II: absolutism in the Savoyard State, 1675-1730. University of California Press. ISBN 978-0-520-04974-1.
  • Tome, Quatri (2009). Les Anciennes Maisons de Paris Sous Napoléon III. Paris: BiblioBazaar LLC. ISBN 978-1-115-27908-6.
  • Vitelleschi, Marchese (1905). The romance of Savoy, Victor Amadeus II and his Stuart bride. I. New York: Harvard College Library.
  • Williams, H. Noel (1909). A Rose of Savoy, Marie Adelaide of Savoy, duchesse de Bourgogne, Mother of Louis XV. New York: Charles Scribner's Sons.