მარია სოფია ბავარიელი
მარია სოფია ბავარიელი (იტალ. Maria Sofia di Baviera; დ. 4 ოქტომბერი, 1841, შტარნბერგი, გერმანია — გ. 19 იანვარი, 1925, მიუნხენი, გერმანია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის პრინცესა. ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელის და. ორი სიცილიის უკანასკნელი დედოფალი 1859-1861 წლებში როგორც ფრანჩესკო II-ის მეუღლე.
მარია სოფია ბავარიელი | |
---|---|
ორი სიცილიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 მაისი, 1859 |
მმართ. დასასრული: | 20 მარტი, 1861 |
წინამორბედი: | მარია ტერეზია ავსტრიელი |
მემკვიდრე: | წოდება გაუქმდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 ოქტომბერი, 1841 |
დაბ. ადგილი: | შტარნბერგი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 19 იანვარი, 1925, (83 წლის) |
გარდ. ადგილი: | მიუნხენი, გერმანია |
მეუღლე: | ფრანჩესკო II, ორი სიცილიის მეფე |
შვილები: | კრისტინა პია |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | მაქსიმილიან იოზეფ ბავარიელი |
დედა: | ლუდოვიკა ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია სოფია დაიბადა 1841 წლის 4 ოქტომბერს შტარნბერგში. იგი იყო ბავარიის ჰერცოგ მაქსიმილიან იოზეფისა და მისი მეუღლის, პრინცესა ლუდოვიკა ბავარიელის ქალიშვილი. დედამისი თავად ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და დედოფალ კაროლინა ბადენელის ასული იყო. მარია სოფიას მრავალი და-ძმიდან აღსანიშნავია ელისაბედი, რომელიც იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ზე ქორწინებით ავსტრია-უნგრეთის დედოფალი გახდა.
1859 წლის 8 იანვარს მიუნხენში შედგა მარია სოფიასა და ორი სიცილიის პრინც ფრანჩესკოს მარიონეტული ქორწინება. მისი მეუღლე იყო ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია კრისტინა სავოიელის ერთადერთი საერთო ვაჟი და ტახტის პირველი მემკვიდრე. ამის შემდეგ მარია სოფია იტალიისაკენ დაიძრა, სადაც 1859 წლის 3 თებერვალს შედგა მისი და ფრანჩესკოს ნამდვილი ქორწინება.
1859 წლის 22 მაისს, მისი ჩასვლიდან რამდენიმე თვეში მისი მამამთილი, მეფე ფერდინანდ II გარდაიცვალა და ტახტზე ფრანჩესკო II ავიდა, რითაც მარია სოფია ორი სიცილიის დედოფალი გახდა.
მათი მმართველობა მეტად პრობლემური და ხანმოკლე აღმოჩნდა. მარია სოფიას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა თავისი ქმრის დედინაცვლის, დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელისადმი, რომელსაც ფრანჩესკოზე დიდი გავლენა ჰქონდა. ამის გამო მარია სოფიამ ქმარს უთხრა, რომ მარია ტერეზია მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდა და ტახტზე თავისი ვაჟის დასმას აპირებდა. ამას დაემთხვა იტალიის გაერთიანება და ჯუზეპე გარიბალდის სიცილიის სამეფოში შესვლა, რასაც ანტიბურბონული აჯანყებები მოჰყვა. ეს ამბოხები მარია სოფიამ მარია ტერეზიას მიაწერა, რის გამოც ფრანჩესკომ თავისი დედინაცვალი სამეფოდან გააძევა, თუმცა ამაოდ.
1860 წლის სექტემბრისთვის მთელი სამეფო უკვე სარდინიელების ხელში იყო, რის გამოც სამეფო ოჯახი ნეაპოლიდან გაიქცა და გაეტაში შეიკეტა, თუმცა მალე გარიბალდიმ ამ ქალაქსაც შემოარტყვა ალყა. გაეტას ალყა დიდ ხანს გაიწელა, რის გამოც საქმეში თავად სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე II ჩაერია და დამატებითი ჯარები შეიყვანა სიცილიაში. საბოლოოდ, 1861 წლის 20 მარტს გაეტა დაეცა, რის გამოც ფრანჩესკო II იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო, რითაც მარია სოფიამაც დაკარგა დედოფლის სტატუსი. ამის შემდეგ, ორი სიცილიის სამეფო იტალიის შემადგენლობაში შევიდა.
მარია სოფია და მისი მეუღლე რომში ჩავიდნენ, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებელი იყო. აქ ისინი შეურიგდნენ დევნილობაში მყოფ მარია ტერეზიას, რომელიც 1867 წელს გარდაიცვალა. 1862 წელს მარია სოფიამ თავისი ერთადერთი შვილი, პრინცესა კრისტინა პია გააჩინა, რომელიც სამი თვის ასაკში დაიღუპა. ვინაიდან მის ქმარს სასქესო ორგანოზე ფიმოსისი განუვითარდა, მარია სოფიამ მეტი ბავშვის გაჩენა ვეღარ მოახერხა.
1870 წელს რომი იტალიის დაქვემდებარებაში გადავიდა, რის გამოც სიცილიის ფრანჩესკო და მარია სოფია იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა, რადგან მეფე ვიტორიო ემანუელე II-მ ისინი გააძევა. წყვილი თავდაპირველად პარიზში გადასახლდა, თუმცა აქ ჩასვლიდან მალევე ფრანგებმა ნაპოლეონ III-ის მმართველობა დაამხეს, რის გამოც საფრანგეთიდან ყველა მონარქი გააძევეს. ამის გამო წყვილი მარია სოფიას მშობლიურ ბავარიაში გადასახლდა და მიუნხენში დაიდო ბინა. ფრანჩესკო აქ, 1894 წელს გარდაიცვალა.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მარია სოფია აქტიურად უჭერდა მხარს გერმანიასა და ავსტრია-უნგრეთს, რომლებიც იტალიას ებრძოდნენ. მას იმედი ჰქონდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ავსტრიელები კვლავ დაშლიდნენ იტალიას და იგი ტახტს დაიბრუნებდა, თუმცა ავსტრია და გერმანია ომში დამარცხდა. კვლავ გადედოფლების იმედდაკარგული მარია სოფია ბავარიელი გარდაიცვალა 1925 წლის 19 იანვარს მიუნხენში, 83 წლის ასაკში. 1984 წელს მისი და მისი ქმრის ნეშტები გადაასვენეს და დაკრძალეს ნეაპოლში, სანტა კიარას კათედრალში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jacqueline Alio: Queens of Sicily 1061-1266 (Trinacria: 2018) (ISBN 978-1-943-63914-4), pp 575–593.
- Brigitte Hamann: The Reluctant Empress: A Biography of Empress Elisabeth of Austria (Knopf: 1986) (ISBN 0-394-53717-3) (410pp.).
- John Van der Kiste: The Heroine of Gaeta: Queen Maria Sophia of the Two Sicilies (KDP: 2017)
- Brigitte Sokop: Jene Gräfin Larisch ... Marie Louise Gräfin Larisch-Wallersee, Vertraute der Kaiserin – Verfemte nach Mayerling. Böhlau, Köln u. a. 1985, ISBN 3-205-07231-6 (4. Auflage 2006, ISBN 3-205-77484-1).
- Bernhard Graf: Sisis Geschwister. Allitera, München 2017, ISBN 978-3869069777.