ფრანჩესკო II (ორი სიცილია)

ფრანჩესკო II (იტალ. Francesco II; დ. 16 იანვარი, 1836, ნეაპოლი, ორი სიცილიის სამეფო — გ. 27 დეკემბერი, 1894, ტრენტო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი და მისი სიცილიური შტოს მეთაური 1861 წლიდან გარდაცვალებამდე. ორი სიცილიის უკანასკნელი მეფე 1859-1861 წლებში. მეფე ფერდინანდ II-ისა და დედოფალ მარია კრისტინა სავოიელის ვაჟი.

ფრანჩესკო II
ორი სიცილიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 22 მაისი, 1859
მმართ. დასასრული: 20 მარტი, 1861
წინამორბედი: ფერდინანდ II
მემკვიდრე: იტალიის გაერთიანება
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 იანვარი, 1836
დაბ. ადგილი: ნეაპოლი, ორი სიცილიის სამეფო
გარდ. თარიღი: 27 დეკემბერი, 1894, (58 წლის)
გარდ. ადგილი: ტრენტო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
დაკრძ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
მეუღლე: მარია სოფია ბავარიელი
სრული სახელი: ფრანჩესკო დ'აზისი მარია ლეოპოლდო
დინასტია: ბურბონები
მამა: ფერდინანდ II, ორი სიცილიის მეფე
დედა: მარია კრისტინა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ფრანჩესკო დაიბადა 1836 წლის 16 იანვარს ნეაპოლში. იგი იყო ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ მარია კრისტინა სავოიელის უფროსი ვაჟი, რომელსაც სახელი პაპის, მეფე ფრანჩესკო I-ის პატივსაცემად დაარქვეს. მშობლები მის განათლებას დიდ ყურადღებას არ უთმობდნენ, ამასთან, იგი სუსტი ხასიათის მქონე ადამიანი იყო, რომელზეც დიდი გავლენა ჰქონდა მის დედინაცვალს, დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელს. ფრანჩესკოზე დედინაცვლის გარდა გავლენა ჰქონდათ როგორც სასულიერო პირებს, ისე დიდებულებს, რის გამოც იგი ძლევამოსილი მონარქი არასოდეს ყოფილა.

 
ფრანჩესკო II მეუღლესთან ერთად 1865 წელს

1859 წლის 3 თებერვალს ბარში ფრანჩესკომ ცოლად შეირთო პრინცესა მარია სოფია ბავარიელი, ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ის შვილიშვილი და ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელის ღვიძლი და. მართალია, მარია სოფია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პრინცესად და სასურველ სარძლოდ ითვლებოდა, მათი ქორწინება მაინც უიღბლო იყო. მათი ერთადერთი ქალიშვილი, პრინცესა მარია კრისტინა ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ დაიბადა და მხოლოდ სამ თვეს იცოცხლა.

1859 წლის 22 მაისს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ფრანჩესკო II ორი სიცილიის მეფე გახდა. საფრანგეთ-სარდინიის ალიანსის მიერ ლომბარდიაში მოპოვებული გამარჯვებები აშფოთებდა ორი სიცილიის მეფეს, რის გამოც მან თავიდანვე დანიშნა პრემიერ-მინისტრად კარლო ფილანგიერი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მათ შემოტევებს მოიგერიებდა. იმავე წლის 7 ივნისს დაქირავებულმა შვეიცარიელმა ფრანჩესკოს მოკვლა სცადა, თუმცა მეფის მცველებმა იგი ადგილზევე დააკავეს და დახვრიტეს. ამის გამო ფრანჩესკოს განუდგა თავისი ჯარის მთელი დაქირავებული შვეიცარიული გვარდია, რაც ბურბონთა დინასტიისათვის უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენდა.

სულ მალე სარდინიელებმა კამილო კავურის ხელმძღვანელობით სცადეს სიცილიელებთან ალიანსის გაფორმება. ისინი მათ რომის პაპის ოლქის გადანაწილებას სთავაზობდნენ, რაზეც ფრანჩესკომ უარი თქვა, რადგან მისი აზრით პაპის სამფლობელოების ხელყოფა მწვალებლობა იყო. მის ამ გადაწყვეტილებას ემხრობოდა პრემიერ-მინისტრი ფილანგიერიც.

გარიბალდის შემოჭრა

რედაქტირება
 
გარიბალდის შესვლა ორი სიცილიის სამეფოში

იმავდროულად, რევოლუციური პარტიები შეთქმულებას ამზადებდნენ კალაბრიასა და სიცილიაში ბურბონთა მმართველობის დასამხობად, პარალელურად, ჯუზეპე გარიბალდი სამხრეთ იტალიაში შესვლისთვის ემზადებოდა. სიცილიელთა შეთქმულება მალევე გათქვეს, რის გამოც შეთქმულები მაშინვე დააპატიმრეს და სასტიკად დასაჯეს. 1860 წლის მაისში გარიბალდი მარსელიდან გავიდა.

მიმდინარე მოვლენებმა ფრანჩესკოს ხელი შეუშალა ახალი კონსტიტუციის მიღებაში, რომელიც მიზნად ისახავდა სამეფოში ბურბონთა მმართველობის განმტკიცებას. მის ამ იდეას ნეაპოლში დიდი არეულობა და რამდენიმე მინისტრის პოსტიდან გადაყენება მოჰყვა. ფაქტობრივად, მეფეს მთელი სამეფო განუდგა. განხეთქილება იყო სიცილიის საზღვაო და სახმელეთო სამხედრო ძალებს შორისაც. ამის გამო კავურიმ სიცილიაში რამდენიმე ესკადრა გაუშვა და მოვლენებისთვის თვალ-ყურის დევნება დაავალა. გარიბალდი, რომელმაც გადაკვეთა მესინას სრუტე და ჩრდილოეთიდან შეიჭრა ორი სიცილიის სამეფოში, გზად ხალხი სიხარულით ეგებებოდა და მას განმანთავისუფლებელს უწოდებდნენ. დიდხნიანი ყოყმანისა და პრემიერ-მინისტრის მოთხოვნის შემდეგ, შექმნილი საფრთხის გამო მეფემ და დედოფალმა დატოვეს ნეაპოლი. პირადმა დაცვამ და ჯარის დარჩენილმა ნაწილმა ისინი გაეტამდე მიიყვანა, სადაც მეფე-დედოფალი შეიკეტა.

 
ფრანჩესკო და მარია სოფია ტოვებენ გაეტას

მეორე დღეს გარიბალდი ნეაპოლში შევიდა, რომელსაც ქალაქის მოსახლეობა სიხარულით შეეგება.

პიემონტელების შემოჭრა

რედაქტირება

პიემონტ-სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე II-მ გადაწყვიტა პაპის ოლქში შეჭრილიყო, უმბრიის პროვინციის დაპყრობის შემდეგ კი ორი სიცილიის სამეფოში შეიჭრა. 1860 წლის 1 ოქტომბერს გამართულ ვოლტურნოს ბრძოლაში გარიბალდის ჯარებმა მარტივად დაამარცხეს ბურბონთა ჯარი. ამის შემდეგ პიემონტელებმა დაიპყრეს კაპუაც.

1860 წლის ბოლოს ფრანჩესკოს მთელი სამეფოსგან მხოლოდ გაეტა, მესინა და სივიტელა-დელ-ტრონტოღა შერჩა. 1860 წლის 6 ნოემბერს პიემონტელებმა გაეტასაც შემოარტყეს ალყა. ამ დროს ფრანჩესკომაც და მისმა მეუღლემაც დიდი გამბედაობა და სიმამაცე გამოიჩინეს და ბოლომდე იბრძოლეს. მიუხედავად იმისა, რომ პიემონტელებს ფრანგებიც მიეშველნენ, მეფე-დედოფალი უარს ამბობდა დანებებაზე. ციხის კაპიტულაცია მხოლოდ 1861 წლის 13 თებერვალს გამოცხადდა.

დარჩენილი ცხოვრება და გარდაცვალება

რედაქტირება

ამრიგად, 1861 წლის 20 მარტს ფრანჩესკო II გადადგა ტახტიდან, რითაც ორი სიცილიის სამეფომ შეწყვიტა არსებობა და იგი ერთიან იტალიას მიუერთდა. უტახტოდ დარჩენილი მეფე თავის ცოლთან ერთად ემიგრაციაში რომში წავიდა, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებელი იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ბავარია, ესპანეთი, ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთი, მათ კვლავ ორი სიცილიის მეფე-დედოფლად მიიჩნევდნენ და არ აღიარებდნენ სამეფოს გაუქმებას. 1866 წელს, მას შემდეგ რაც იტალიის სამეფო ავსტრია-უნგრეთს ვენეტოს რეგიონი ჩამოაჭრა და რომიც დაიკავეს, ფრანჩესკო და მარია სოფია იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ იტალია და ავსტრიაში გადასულიყვნენ. ამის შემდეგ მათ მოხეტიალე ცხოვრება დაიწყეს და პერიოდულად ცხოვრობდნენ ავსტრიაში, საფრანგეთსა და ბავარიაში. საბოლოოდ ფრანჩესკო 1894 წელს გარდაიცვალა ქალაქ არკოში, ტრენტოს პროვინციაში, თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე, რომელიც იმხანად ავსტრიას ეკუთვნოდა.

ტიტულები

რედაქტირება
  • 16 იანვარი, 1836 - 22 მაისი, 1859: მისი სამეფო უდიდებულესობა კალაბრიის ჰერცოგი;
  • 22 მაისი, 1859 - 27 დეკემბერი, 1894: მისი უმაღესობა ორი სიცილიის მეფე;

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Franz II. von Neapel in Baden bei Wien: Local-Nachrichten. Erzherzog Carl Ludwig. In: Badener Bezirks-Blatt, 4. Juli 1882, S. 2 (Online bei ANNO).
  • Locales. Hoher Besuch. In: Badener Bezirks-Blatt, 31. Oktober 1882, S. 2 (Online bei ANNO).
  • Rudolf Lill: Geschichte Italiens vom 16. Jahrhundert bis zu den Anfängen des Faschismus. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1980. ISBN 3-534-06746-0. S. 37.
  • Giuseppe Ressa: L’invasione e la fine delle Due Sicilie: L’esilio di Francesco II e sua morte. Hrsg. von Alfonso Grasso. Artikel auf der Website des Centro Culturale e di Studi Storici “Brigantino- il Portale del Sud”, Neapel und Palermo, 2008, abgerufen am 13. Februar 2016