მარია ტერეზია ავსტრიელი (1816-1867)

მარია ტერეზია ავსტრიელი (გერმ. Maria Theresia von Österreich; დ. 31 ივლისი, 1816, ვენა, ავსტრიის იმპერია — გ. 8 აგვისტო, 1867, რომი, იტალიის სამეფო) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგის ქალიშვილი. ორი სიცილიის დედოფალი 1837-1859 წლებში როგორც ფერდინანდ II-ის მეორე მეუღლე.

მარია ტერეზია ავსტრიელი
ორი სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 27 იანვარი, 1837
მმართ. დასასრული: 22 მაისი, 1859
წინამორბედი: მარია კრისტინა სავოიელი
მემკვიდრე: მარია სოფია ბავარიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 ივლისი, 1816
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრიის იმპერია
გარდ. თარიღი: 8 აგვისტო, 1867, (51 წლის)
გარდ. ადგილი: რომი, იტალიის სამეფო
მეუღლე: ფერდინანდ II, ორი სიცილიის მეფე
შვილები: 12 შვილი
სრული სახელი: მარია ტერეზია იზაბელა
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგია
მამა: კარლ ლუდვიგი, ტეშენის ჰერცოგი
დედა: ჰენრიეტა ნასაუ-ვაილბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
დედოფალი მარია ტერეზია 1836 წელს

მარია ტერეზა დაიბადა 1816 წლის 31 ივლისს ვენაში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგისა და მისი მეუღლის, ჰენრიეტა ნასაუ-ვაილბურგელის ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ისა და მისი მეუღლის, ესპანეთის მეფე კარლ III-ისა და მარია ამალია საქსონიელის ასულ მარია ლუისა ესპანელის შვილიშვილი იყო. მას სახელი დიდი ბებიის, ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას პატივსაცემად დაარქვეს.

1837 წლის 27 იანვარს, ვენაში შედგა მარია ტერეზია ავსტრიელისა და ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ის ქორწინება, რომელიც იყო მეფე ფრანჩესკო I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ისაბელ ესპანელის უფროსი ვაჟი. ამით იგი ორი სიცილიის დედოფალი გახდა. ამ დროს პატარძალი 21 წლის იყო, ხოლო სიძე 27-ის. აღსანიშნავია ისიც, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს მეორე თაობის ბიძაშვილებად ერგებოდნენ, როგორც ესპანეთის მეფე კარლ III-ის შთამომავლები.

აღსანიშნავია, რომ ფერდინანდის პირველი მეუღლე, დედოფალი მარია კრისტინა სავოიელი ამ ქორწინებამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე, 1836 წელს გარდაიცვალა გართულებული მშობიარობის შედეგად, რა დროსაც მან მომავალი მეფე, ფრანჩესკო II გააჩინა.

 
მარია ტერეზია 1860 წელს

დედოფლის ამპლუაში მარია ტერეზია აღწერილია, როგორც უგემოვნოდ ჩაცმისა და არასტანდარტული პრინციპების მქონე ქალი. ნაცვლად თავის შვილებზე ზრუნვისა და დედოფლის წოდებრივ-წარმომადგენლობითი მოვალეობების შესრულებისა, მას ერჩივნა თავის აპარტამენტებში მჯარიყო და ექსოვა. მიუხედავად ამისა, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ქმართან, ისე გერთან, პრინც ფრანჩესკოსთან, რომელიც ფაქტობრივად მის ხელში გაიზარდა და ღვიძლ დედად აღიქვამდა. იგი ასევე დაინტერესებული იყო პოლიტიკით და რამდენადაც ცნობილია, დედოფალი მარია ტერეზია თავისი ქმრის პირველი მრჩევლის მოვალეობასაც წარმატებით ითავსებდა ხოლმე. ამის მიუხედავად, მას სძულდა ოფიციალური შეხვედრები, განსაკუთრებით უცხოელ ელჩებთან, რის გამოც მარია ტერეზია ყოველთვის კარს უკან იდგა ხოლმე და იქიდან უსმენდა მოლაპარაკებებს.

1859 წლის 22 მაისს, ფერდინანდ II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მარია ტერეზიას გერმა, ფრანჩესკო II-მ დაიკავა, რომელმაც თავის საყვარელ დედინაცვალს პირველი მრჩევლობა შეუნარჩუნა. ფრანჩესკოს სურდა, რომ ავტორიტარული მონარქია უფრო გაემტკიცებინა, რასაც მოსახლეობის მხრიდან დიდი დაპირისპირება მოჰყვა. მის ამ გადაწყვეტილებას არც მარია ტერეზია ემხრობოდა, რითაც ისარგებლა ფრანჩესკოს ცოლმა, დედოფალმა მარია სოფია ბავარიელმა და მეფესა და მის დედინაცვალს შორის უთანხმოება გაამწვავა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მარია სოფიას ყოველთვის შურდა მარია ტერეზიას გავლენისა თავის ქმარზე. გერსა და დედინაცვალს შორის დაპირისპირება მაშინ გამძაფრდა, რაც დედოფალმა მარია სოფიამ ფრანჩესკოს უთხრა, რომ მარია ტერეზია დიდებულებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებასა და თავისი ვაჟის გამეფებას გეგმავდა. მარია ტერეზია ფრანჩესკოს უდანაშაულობას ეფიცებოდა, თუმცა სულ მალე, რისორჯიმენტოს გამო ორი სიცილიის სამეფოში აჯანყებები დაიწყო, რის გამოც მეფეს ცოლის დაჯერება უფრო გაუმარტივდა, ვიდრე დედინაცვლის. ამის გამო, მარია ტერეზიამ დატოვა ნეაპოლის სამეფო კარი და თავის შვილებთან ერთად რომში გადავიდა. მას შემდეგ, რაც 1861 წელს ფრანჩესკო II ჩამოაგდეს და ორი სიცილია იტალიას მიუერთეს, მათ შორის უთანხმოება მოგვარდა და რომში მარია ტერეზია, მარია სოფია და ფრანჩესკო ერთ სასახლეში ცხოვრობდნენ.

მარია ტერეზია ავსტრიელი გარდაიცვალა 1867 წლის 8 აგვისტოს გარდაიცვალა რომში, 51 წლის ასაკში, ქოლერასგან. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში მას მხოლოდ მისი გერი, ფრანჩესკო უვლიდა.

  1.  
    მარია ტერეზია ქმართან და შვილებთან ერთად
    ლუდოვიკო (1838-1886), ტრანის გრაფი. ცოლად შეირთო მარია ლუდოვიკა ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი;
  2. ალბერტო (1839-1844), კასტროჯივანის გრაფი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ალფონსო (1841-1934), ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ანტუანეტა დე ბურბონ-სიცილიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. მარია ანუნსიატა (1843-1871), ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, ვისი მკვლელობის გამოც დაიწყო I მსოფლიო ომი;
  5. მარია იმაკულატა (1844-1899), ცოლად გაჰყვა ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ სალვატორს, რომელთანაც თერთმეტი შვილი შეეძინა;
  6. გაეტანო (1846-1871), ხირხენტის გრაფი. ცოლად შეირთო ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის უფროსი ასული ისაბელ დე ბურბონი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  7. ჯუზეპე (1848-1851), ლუკერას გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. მარია პია (1849-1882), ცოლად გაჰყვა პარმის ჰერცოგ რობერტო I-ს, რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი, მათ შორის ბულგარეთის დედოფალი მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელი;
  9. ვინჩენცო (1851-1854), მალაძოს გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  10. პასკალი (1852-1904), ბარის გრაფი. ცოლად შეირთო ბიანკა მონკონარი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  11. მარია ლუიზა (1855-1874), ცოლად გაჰყვა ბარდის გრაფ ენრიკო დე ბურბონ-პარმელს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  12. ჯენარო (1857-1867), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Constantin von Wurzbach: Habsburg, Maria Theresia (Königin beider Sicilien). In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 7. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1861, S. 83
  • Arrigo Petacco, La regina del sud, Milano, Mondadori, 1992. ISBN 88-04-43391-4
  • Elvio Ciferri, Maria Teresa di Asburgo Lorena, regina delle Due Sicilie, in «Dizionario Biografico degli Italiani», 70, Roma, Istituto della Enciclopedia Italiana fondata da Giovanni Treccani, 2008.