ლიანა კალმახელიძე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლიანა კალმახელიძე (დ. 25 სექტემბერი, 1944, თელავი) — ქართველი მომღერალი, ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო. საქართველოს სახალხო არტისტი (1989). ღირსების ორდენის კავალერი (1999)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლიანა კალმახელიძე დაიბადა 1944 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ თელავში. მან თავისი პირველი საოპერო პარტია – მარო, ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში „დაისი“ – 17 წლის ასაკში, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მეორე კურსზე სწავლისას შეასრულა. მას პარტნიორობას ცნობილი მომღერალი ბათუ კრავეიშვილი უწევდა. ამ სპექტაკლის შემდეგ, კომპოზიტორ სულხან ცინცაძის რეკომენდაციით, მან სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ იულია ფალიაშვილის კლასში განაგრძო.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს. 1975 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტია. მას წარმატებით აქვს შესრულებული ერთ-ერთი გამორჩეული და მთავარი პარტიები, მათ შორის: მარიხი (ზაქარია ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“), ქეთო (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“), მარგარიტა (ოთარ თაქთაქიშვილის „პირველი სიყვარული“), ვიოლეტა და ჯილდა (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“ და „რიგოლეტო“). 1976-1977 წლებში მან გაიარა სტაჟირება იტალიაში, მილანის თეატრში „ლა სკალაში“. წარმატებით გამოდიოდა იტალიაში (მილანი, რომი, პარმა, ბუსეტო), გერმანია (ვისბადენი, ზაარბრიუკენი, ბერლინი, დრეზდენი, ბაუცენი, ჰესა), პოლონეთი (ვარშავა, გდანსკი) დიდ ოპერის სცენაზე.

1984 წელს ლიანა კალმახელიძე მონაწილეობდა ჯანსუღ კახიძის, მიხეილ თუმანიშვილისა და რობერტ სტურუას მიერ ორგანიზებულ გასტროლებში მოსკოვის დიდ თეატრში, სადაც მომღერალი მაროს (ფალიაშვილის „დაისი“) და ცერლინას (მოცარტის „დონ ჯოვანი“) პარტიებში გამოვიდა.

ლიანა კალმახელიძემ სოლო კონცერტები გამართა 1983 წელს, მოსკოვის დიდ თეატრსა და სვეტებიან დარბაზში; 1985-1989 წლებში ყოველწლიურად გამოდიოდა სანქტ-პეტერბურგში, მარიას თეატრში და გლინკას სახელობის კამერულ დარბაზში. 1989 წელს მოსკოვში, რახმანინოვის სახელობის დარბაზში გამართა გრანდიოზული წარმოდგენა. პარალელურად, სოლო კონცერტებსაც მართავდა, მათ შორის იყო ქართული და იტალიური მუსიკის კონცერტი ვისბადენში (1978 წელი)

1995 წელს კაიროს საოპერო თეატრში, კაიროშივე მან სოლისტებისათვის მასტერკლასები ჩაატარა. სანქტ-პეტერბურგსა და თბილისში მომღერალს გამართული აქვს მოცარტის, როსინის, დიმიტრი არაყიშვილის მონოგრაფიული კონცერტები. ის აქტიურად მართავდა გასტროლებს სსრკ-სა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, ისრაელი). 2004 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას.

ლიანა კალმახელიძე საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას უთავსებს ერთმანეთს. იგი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში დამწყებ მომღერლებს ვოკალურ ხელოვნებას ასწავლის.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 582, ISBN 99928-20-32-2.
  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2007, გვ. 126.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება