ლეპონტის ალპები
ლეპონტის ალპები (იტალ. Alpi Lepontine) — ქედი დასავლეთ ალპებში, იტალია-შვეიცარიის საზღვარზე. შეჭრილია შვეიცარიის კანტონების — ვალეს, ტიჩინოსა და გრაუბიუნდენის ტერიტორიებზე და იტალიის პიემონტის რეგიონში. ვრცელდება სიმპლონის უღელტეხილსა (დასავლეთით) და მდინარე უკანა რაინს (აღმოსავლეთით) შორის. სიგრძე დაახლოებით 130 კმ. სიმაღლე 3553 მ-მდე (მთა მონტე-ლეონე).
ლეპონტის ალპები | |
---|---|
ლეპონტის ალპების უმაღლესი წერტილი — მონტე-ლეონე | |
კოორდინატები: 46°25′ ჩ. გ. 8°40′ ა. გ. / 46.417° ჩ. გ. 8.667° ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია შვეიცარია |
უმაღლესი წერტილი | მონტე-ლეონე |
სიმაღლე | 3553 მ |
სიგრძე | 130 კმ |
ჩრდილო-დასავლეთით გამოეყოფა ბერნის ალპებს მდინარე რონის ხეობით, სამხრეთ-დასავლეთით პენინის ალპებს ფურკისა და სენ-გოტარდის უღელტეხილებით, ჩრდილოეთით გლარნის ალპებს წინა რაინის ხეობით. მდინარეები რონა და რაინი სათავეს იღებენ ლეპონტის ალპებში. შესამჩნევად დაბლდება აღმოსავლეთისაკენ.
ლეპონტის ალპები აგებულია გრანიტებით, გნაისებითა და ფიქლებით. აქვს ალპური ტიპის წვეტიანი მწვერვალებიანი ვიწრო თხემი, პატარა მყინვარები, დაფარულია მუდმივი თოვლით. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებით, 1600-1800 მ-ის ზევით მთის ბუჩქნარი და მდელოებია. სენ-გოტარდისა და სიმპლონის უღელტეხილებზე გადის საავტომობილო გზა და გაყვანილია სარკინიგზო გვირაბები. განვითარებულია ალპინიზმი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლეპონტის ალპები“ ვიკისაწყობში.
- ლეპონტის ალპები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ლეპონტის ალპები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)