ლეილა ფეჰლევი
ლეილა ფეჰლევი, სპარს.لیلا پهلوی (27 მარტი 1970, თეირანი, ირანი - 10 ივნისი 2001, ლონდონი, ბრიტანეთი) - ირანის სამეფო ოჯახის წევრი, ფეჰლევიანთა დინასტიის უკანასკნელი შაჰის მუჰამედ რეზას და მისი მესამე მეუღლის ფარაჰის უმცროსი ქალიშვილი.
ლეილა ფეჰლევი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1970 თეირანი, ირანი |
გარდაცვალების თარიღი |
2001 ლონდონი, ბრიტანეთი |
მოქალაქეობა | ეგვიპტე, საფრანგეთი |
განათლება | ბრაუნის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მთარგმნელი, მოდელი. |
მშობლები |
მამა: მუჰამედ რეზა ფეჰლევი დედა: ფარაჰ დიბა |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეილა თეირანში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში დაიბადა, რომელსაც ამ მოვლენის აღსანიშნავად მისი სახელი მიანიჭეს. პირველი რვა წელიწადის განმავლობაში ბავშვი შაჰის კუთვნილ თეირანის ნიავარანის სასახლეში არსებულ მყუდრო გარემოში იზრდებოდა. სასახლეში ლეილას გააჩნდა თავისი პირადი კუთხე, მოახლეები და მეგობრები. მას უყვარდა შაჰის პირადი ზოოპარკი, სადაც სხვა ცხოველებთან ერთად ლომი, სპილო, შველი, მაიმუნი და ანტილოპა ბინადრობდნენ. ლეილა ცურვით და ველოსიპედით იყო გატაცებული.
1978 წელს ირანში ფართო ანტიმონარქიული მოძრაობა დაიწყო, რომელიც თანდათან სრულ ქაოსში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც შაჰმა ვერ შესძლო მკაცრის ხელის მეშვეობით ან დათმობების გზით მიეღწია ვითარების სტაბილიზაციისათვის, ის იძულებული გახდა 1979 წლის 16 იანვარს ემიგრაციაში გახიზნულიყო. სამი დღით ადრე მან ბავშვები ტეხასში გაგზავნა, სადაც ტახტის მემკვიდრე, ლეილას უფროსი ძმა რეზა სამხედრო ავიაბაზაზე პილოტის კურსებს გადიოდა.[1]
შაჰი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო, რომელსაც რეგულარული სამედიცინო მკურნალობა ესაჭიროებოდა. ამის გარდა, უსაფრთხოების მიზეზით ოჯახის წევრების ერთად ყოფნა შეუძლებელი აღმოჩნდა. უცხო გარემოში ყოფნამ და მშობლებისგან იძულებით დაშორებამ ბავშვზე სტრესული ეფექტი გამოიწვია, რამაც მთელს მის ცხოვრებას დაასვა დაღი. კაიროში საყვარელი მამის გარდაცვალება 10 წლის ლეილამ მეტად მძიმედ განიცადა.[2]
საცხოვრებელი ადგილის ხშირი გამოცვლის გამო ლეილამ განათლება რამდენიმე ადგილას მიიღო - იგი კაიროს ამერიკულ კოლეჯში სწავლობდა, შემდეგ კი, აშშ-ში ემიგრაციის შემდეგ, ნიუ-იორკში და მასაჩუსეტსში დაამთავრა სკოლა. 1992 წელს მან ბრაუნის უნივერსიტეტი დაამთავრა ანთროპოლოგიის განხრით. იგი ძირითადად აშშ-ში და ევროპაში ცხოვრობდა და გატაცებული იყო ჯალალედინ რუმის პოეზიის თარგმნით ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
შაჰის ასულს საკუთარი ოჯახი არ ჰყოლია. ის არც რეგულარულ სამუშაოს ეწეოდა, თუმცა ერთხანს სამოდელო სახლს "ვალენტინოს" წარმოადგენდა. ხანგამოშვებით ლეილა აქტიურობდა ირანული კულტურის და ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში, ზოგჯერ კი მას ელიტის წარმომადგენელთა წვეულებებზე ხედავდნენ. მისი აღიარებით, სამეფო პრივილეგიების არქონას იგი არ განიცდიდა.[3]
2001 წლის 10 ივნისს ლეილა ფაჰლავი გარდაცვლილი იპოვეს ლონდონის სასტუმროში. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად მის ორგანიზმში კოკაინის მცირე დოზა, ჭარბი რაოდენობით ტკივილგამაყუჩებლები და უძილობის სამკურნალო მედიკამენტები აღმოაჩინეს, რომელიც ოცჯერ აღემატებოდა რეკომენდებულ დოზას.[4] გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ლეილა სასტუმროს ოთახში იატაკზე უგონო მდგომარეობაში ნახეს - კისრის გარშემო მას ტელეფონის კაბელი ჰქონდა შემოხვეული.
ახალგაზრდა ქალის სიკვდილმა დაამწუხრა ემიგრაციაში მყოფ არაერთი ირანელი. საგანგებო განცხადებაში დედამ აღნიშნა, რომ ლეილა ხანგრძლივი დროის მანძილზე სამშობლოს განშორებით გამოწვეული დეპრესიით იყო დაავადებული.[5]
იგი პარიზში ბებიის საფლავის გვერდით დაკრძალეს.
ათი წლის შემდეგ შაჰის ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ლეილას ძმა ალი-რეზა ფეჰლევი მოულოდნელად გარდაიცვალა, რისი სავარაუდო მიზეზი თვითმკვლელობა იყო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Death of a princess theguardian.com
- ↑ Shah's daughter found dead bbc.co.uk
- ↑ Leila Pahlavi: the peacock princess[მკვდარი ბმული] independent.co.uk
- ↑ A look at the Shah and Empress Farah’s two daughters historyofroyalwomen.com
- ↑ Shah's daughter 'could not stand' exile news.bbc.co.uk