ლანო-ესტაკადო (ინგლ. Llano Estacado) — პლატო აშშ-ში, ტეხასისა და ნიუ-მექსიკოს საზღვრის გასწვრივ. წარმოადგენს მაღალი ვაკეების სამხრეთ დაბოლოებას. ჩრდილოეთით ესაზღვრება მდინარე კანეიდიანის ხეობა, აღმოსავლეთით „ვაკეების რღვევა“, სამხრეთით ედუარდზის პლატო, დასავლეთით მესკალეროს ქედი. იდეალურად ბრტყელი პლატოს სიმაღლე იცვლება ზღვის დონიდან 900 მ-დან (სამხრეთ-აღმოსავლეთით) 1500 მ-მდე (ჩრდილო-დასავლეთით).[1]

ლანო-ესტაკადო
ლანო-ესტაკადოს ჩრდილო-დასავლური ესკარპი
ლანო-ესტაკადოს ჩრდილო-დასავლური ესკარპი
კოორდინატები: 33° ჩ. გ. 102° დ. გ. / 33° ჩ. გ. 102° დ. გ. / 33; -102
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ტეხასი
ნიუ-მექსიკო
სიმაღლე 900–1500 
ფართობი 97 000 კმ²
სიგრძე 400 კმ
სიგანე 240 კმ
ლანო-ესტაკადო — აშშ
ლანო-ესტაკადო
ლანო-ესტაკადო — ტეხასი
ლანო-ესტაკადო
სურათები ვიკისაწყობში

ლანო-ესტაკადო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 400 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 240 კმ-ზე. საერთო ფართობი 97 000 კმ² ანუ მეტი ვიდრე ინდიანა და კიდევ 12 შტატი. მთლიანად ან ნაწილობრივ უკავია ტეხასის შტატის 33 ოლქისა და ნიუ-მექსიკოს 4 ოლქის ტერიტორია.[2]

უკავია კანეიდიანის, სამხრეთის რედ-რივერის, ბრაზოსისა და კოლორადოს ზემო დინებათა აუზები. სუსტად დანაწევრებული სემიარიდული ვაკეა. მიო-პლიოცენური ასაკის ფლუვიალური ქვიშებით, თიხებით, ლამითა და ხრეშით აგებული ოგალალის ფორმაცია საფუძვლად უდევს პლატოს დიდ ნაწილს. განვითარებულია კარსტი.[3]

ლანო-ესტაკადო ოდესღაც ცნობილი დიდი ამერიკული უდაბნოს ნაწილია. მდინარე კანეიდიანის ქმნის პლატოს ჩრდილოეთ საზღვარს, რომელიც მას მაღალი ვაკეების დანარჩენი ნაწილისგან გამოჰყოფს. აღმოსავლეთით დაახლოებით 100 მ სიმაღლის ციცაბო კლიფი — კეპროკ-ესკარპია, რომელიც გაწოლილია ტეხასში ლანოსა და პერმული ასაკის ვაკეებს შორის; დასავლეთით ვრცელდება მდინარე პეკოსის აღმოსავლეთი ბოლო — მესკალეროს ესკარპი. სამხრეთით მკვეთრი ფიზიკური საზღვარი არ გააჩნია, ქალაქ ბიგ-სპრინგის სიახლოვეს გადადის ედუარდზის პლატოში.[4]

დაბალი რელიეფის გამო პლატოზე ხშირია მტვრიანი ქარიშხალი და ტურბულენტური ქარი; მცენარეულობასა და ნიადაგის ზედა ჰორიზონტის ფხვიერ ფენას მოკლებულია. დამახასიათებელია მრავალრიცხოვანი პატარა მშრალი ტბები ანუ პლაია აუზები, რომლებიც სეზონურად ივსება წყლით და უზრუნელყოფს წყლის ფრინველების ჰაბიტატს. უდიდესია მარილიანი პლაია სიდარ-ლეიკი, რომელიც პლატოს სამხრეთ ნაწილშია განლაგებული. ქალაქ ამარილოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე კანეიდიანზე შექმნილია მერედითის ტბა. ქალაქ ლაბოკთან სათავეს იღებს მდინარე კოლორადო.[5]

გაბატონებულია ცივი სემიარიდული კლიმატი, ხანგრძლივი ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წლიურად არ აღემატება 580 მმ-ს, ხოლო დასავლეთ ნაწილში 360 მმ-ს. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით მოდის ნალექების წლიური რაოდენობის 80%. ატმოსფერული ნალექები ერთადერთი განმეორებით-განახლებადი წყლის რესურსია. ურწყულ მიწათმოქმედებას სირთულეს უქმნის ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ხარჯზე აორთქლებული ნალექების დიდი რაოდენობა. იცის ტორნადო. ოგალალის წყლიანი ჰორიზონტი რეგიონის მტკნარი წყლის მთავარი რესურსია. ნიადაგი ნაყოფიერია; მოჰყავთ ხორბალი, მარცვლოვანი სორგო, სიმინდი, არაქისი, მზესუმზირა, ვაზი, ბოსტნეული კულტურები. არის საძოვრები, მოშენებულია მსხვილი რქოსანი საქონელი. გაბატონებულია კალიჩე, რომელიც პორტლანდცემენტის საწარმოებლად გამოიყენება. მოიპოვება ნავთობი და ბუნებრივი აირი.[4][6] ევროპელთაგან პირველმა ლანო-ესტაკადო აღწერა ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო ვასკეს დე კორონადომ 1541 წელს.[2]

1998 წელს ლანო-ესტაკადოს რეგიონში ცხოვრობდა 447,781 ადამიანი, ხოლო 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 586,156-მდე გაიზრდება.[4] პროგნოზის თანახმად, რეგიონის მოსახლეობის თითქმის 80% თავს მოიყრის მდინარე ბრაზოსის აუზში. არახელსაყრელი კლიმატური პირობებისა და იზოლაციის გამო მოსახლეობის ზრდის ტემპი შენელებულია.[6] მნიშვნელოვანი ქალაქებია ლაბოკი, ამარილო, ოდესა და მიდლენდი.[2]

  1. Wendorf, F., 1961. Paleoecology of the Llano Estacado, Vol. 1, Santa Fe: NM, The Museum of New Mexico Press
  2. 2.0 2.1 2.2 Llano Estacado. Handbook of Texas Online. Texas State Historical Association.
  3. W. Armstrong Price. American Antiquity, Volume 9, Issue 4, April 1944, pp. 401–407
  4. 4.0 4.1 4.2 Llano Estacado Regional Water Planning Area | Regional Water Plan
  5. Caprock Chronicles: Cedar Lake - the largest playa on the Llano Estacado
  6. 6.0 6.1 Llano Estacado region, United States | Encyclopedia Britannica