ლადო გერმესაშვილი
ვლადიმერ (ლადო) იაკობის ძე გერმესაშვილი (დ. 6 აპრილი, 1901, თბილისი, — გ. 1 იანვარი, 1953, იქვე) — ქართველი მომღერალი (ლირიკული ტენორი). საქართველოს დამსახურებული არტისტი (1946).
დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ე. ვრონსკის კლასი, 1929). 1929–1931 წლებში მივლინებული იყო მოსკოვის კ. სტანისლავსკის სტუდიაში. ამავე წლებში გამოდიოდა დიდი თეატრის სცენაზე. 1932 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. გერმესაშვილი წარმატებით გამოვიდა მოსკოვში ქართული ხელოვნების I დეკადაზე (1937). 40-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს რადიოს სოლისტად.
გერმესაშვილის რეპერტუარში იყო სხვადასხვა საოპერო პარტია: მალხაზი, აბესალომი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), პავლე (შ. თაქთაქიშვილის „დეპუტატი“), ჰერცოგი (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“), ალმავივა (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), ინდოელი სტუმარი, ლიკოვი (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“, „მეფის საცოლე“), ვლადიმერ იგორის ძე (ა. ბოროდინის „თავადი იგორი“), აშუღი (ა. სპენდიარიანის „ალმასტი“). განსაკუთრებით ცნობილია როგორც ქართველ კომპოზიტორთა კამერულ-ვოკალური ნაწარმოებების შემსრულებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 600.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „მრავალჟამიერი“, სიმღერა კინოფილმიდან „აკაკის აკვანი“, კომპოზიტორი: ზაქარია ფალიაშვილი; ასრულებს: ლადო გერმესაშვილი გუნდთან და ორკესტრთან ერთად (Audio Archive of Georgia) — Soundcloud.
- „ურმული“, ასრულებს ლადო გერმესაშვილი — YouTube.