კჰაო-სოკის ეროვნული პარკი
კჰაო-სოკის ეროვნული პარკი (ტაი: เขาสก) — ეროვნული პარკი ტაილანდში, სურატ ტჰანის პროვინციაში. ეროვნული პარკი 739 კმ² ფართობზეა გადაჭიმული და მოიცავს 185 კმ² ფართობის ჩეოუ ლანის ტბას. ეროვნული პარკი სამხრეთ ტაილანდის ტყეებს შორის ყველაზე დიდი სივრცეა.
გეოგრაფია
რედაქტირებაეროვნული პარკის ქვიშაქვისა და შავი კლდეები ზღვის დონიდან 300-600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით კირქვოვანი მთებია გადაჭიმული, რომლის უმაღლესი მწვერვალიც 950 მეტრია. ქედებისკენ მუსონური წვიმები გადაადგილდება როგორც ტაილანდის ყურიდან, ისე ანდამანის ზღვიდან, რის გამოც ეროვნული პარკი ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი რეგიონია. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 3500 მმ.-ს უტოლდება. ძლიერი წვიმები და ჩამოცვენილი ფოთლები კირქვის კლდეების ძლიერ ეროზიას იწვევს, რის გამოც დღეისთვის ამ ადგილებში კარსტული მღვიმეებია წარმოქმნილი.
ფლორა
რედაქტირებაეროვნული პარკის ტერიტორიაზე არობს ბამბუკი, რომელიც ბორცვებსა და მდინარეთა ნაპირებზე ნიადაგის ეროზიას ხელს უშლის. პარკის ტერიტორიაზე სწრაფად იზრდება ლიანების რიცხვი. ხეებს დიდი და სქელი ფესვები აქვთ განვითარებული. თეორიის თანახმად, მსგავსი ფესვები ხეებს ქარიშხლისა და წვიმის დროს ნიადაგში სიმყარეს უნარჩუნებს და საკვები ნივთიერებების მოპოვებაში ეხმარება.
ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ველური ხილი ხარობს, მათ შორის: ჯეკფრუტი, მანგოსტანი, დურიანი, რამბუტანი, თურინჯი და ველური ბანანი. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხარობს ველური წიწაკა და ჯანჯაფილი. კჰაო-სოკის ეროვნული პარკი ცნობილია ყვავილით bua phut.
ველური ბუნება
რედაქტირებაკჰაო-სოკის ეროვნული პარკის მსოფლიოს ველური ბუნების სახეობათა 5%-ს შეიცავს. გარეულ ძუძუმწოვართა შორის აქ ბინადრობს: მალაიური ტაპირი, აზიური სპილო, ვეფხვი, ინდური ზამბარი, დათვი, გაური, ბანტენგი, სერაუ, გარეული ღორი, თეთრხელა გიბონი, ციყვი, ირმულა და სხვ.
მსოფლიოში ცნობილი ერთადერთი ტუჩფეხიანი ამფიბია, Scolopendra cataracta (ჩანჩქერის ტუჩფეხიანი) 2001 წელს ეროვნული პარკის მახლობლად აღმოაჩინეს.[1]
კლიმატი
რედაქტირებაეროვნული პარკის ტერიტორიაზე წვიმების სეზონი გვიანი აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით გრძელდება. ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე 22-36 °C-ს შორის ვარირებს. ტენიანობა და თბილი ტემპერატურა ტროპიკული წვიმიანი ტყეების მდიდარი ეკოსისტემის განვითარებისთვის შესაბამის პირობებს უზრუნველყოფს.
იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მაქს. დღის ტემპ., °C | 30 | 32 | 33 | 33 | 31 | 30 | 30 | 30 | 30 | 29 | 29 | 29 |
მინ. დღის ტემპ., °C | 20 | 20 | 21 | 22 | 23 | 22 | 22 | 22 | 22 | 22 | 21 | 21 |
წყლის ტემპ., °C | 27 | 28 | 28 | 29 | 29 | 29 | 28 | 28 | 28 | 28 | 28 | 27 |
დღის სინათლე, სთ | 12 | 12 | 12 | 12 | 13 | 13 | 13 | 12 | 12 | 12 | 12 | 12 |
ნალექი, მმ. | 41 | 33 | 62 | 148 | 320 | 373 | 372 | 369 | 447 | 332 | 210 | 89 |
ბუნების ისტორია
რედაქტირებაკჰაო-სოკის ეროვნული პაფკი 160 მლნ წელზე დიდი ხნისაა. პარკი ტექტონიკური მოძრაობების, კლიმატური ცვლილებების, ეროზიებისა და დანალექთა დაგროვებით ჩამოყალიბდა. დაახლოებით 300 მლნ. წლის წინ წყალმარჩხი სივრცეებისა და თბილი ტემპერატურის გამო რეგიონში უზარმაზარი მარჯნული რიფი ჩამოყალიბდა, მიახლოებით 5-ჯერ დიდი, ვიდრე დიდი ბარიერული რიფია. თავდაპირველდ რიფი ჩინეთიდან ბორნეომდე იყო გადაჭიმული. შემდეგ ინდოეთისა და ევრაზიის ფილების შეჯახებას ჰიმალაებისა და რეგიონში კირქვის კარსტების ჩამოყალიბება მოჰყვა. საბოლოოდ, ყინულის დნობის შემდეგ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდინარეებითა და ჩანჩქერებით უხვი ლანდშაფტი ჩამოყალიბდა.
აქტივობები
რედაქტირებაკჰაო-სოკის ეროვნულ პარკში გარე აქტივობების მოყვარული ტურისტებისთვის ისეთი სათავგადასავლო მარშრუტებია შედგენილი, როგორიცაა: ტრეკინგი, კანოეთი ცურვა, ბამბუკის რაფტინგი და ნავით სეირნობა ჩეოუ ლანის ტბაზე.[2] ეროვნული პარკი ტროპიკული წვიმიანი ტყეა და აქ უამრავი ველური ცხოველი ბინადრობს, როგორებიცაა: ველური სპილოები, სეროუები, ვეფხვები, მალაიური ტაპირები და 180-ზე მეტი სახოების ფრინველი, რომლებზე დაკვირვებაცაა შესაძლებელი. ტრეკინგ ტურებით დაინტერესებულ ტურისტებს გიდების დაქირავებაც შეუძლიათ. ტრეკინგ ტურების დროს შესაძლებელია ჩანჩქერებისა და Rafflesia Kerri Meijer-ის ნახვა.[3] სურვილის შემთხვევაში ტურისტებს ტყეში დარჩენაც შეუძლიათ. კანოეთი ცურვისა და ბამბუკის რაფტინგისთვის მდინარე სოკი გამოიყენება. მდინარეზე სეირნობისას სხვადასხვა სახეობის ცხოველისა და თევზის შემჩნევაა შესაძლებელი. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არაერთი მღვიმე მდებარეობს, მათ შორის: ბრილიანტის მღიმე, ხანგ კოუს მღვიმე და ნამ ტალუს მღვიმე, რომლებიც ჩეოუ ლანის ტბასთან არის დაკავშირებული. ნამ ტალუს მღვიმე კჰაო-სოკის ეროვნული პარკის შტაბ-ბინიდან 12 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Khao Sok National Park, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- The Climate of Thailand დაარქივებული 2016-08-01 საიტზე Wayback Machine.
- Birdwatching Khao Sok
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nijhuis, M. (3 July 2016). „It’s always a joy to discover a new species. But there is a downside...“. The Guardian. ციტირების თარიღი: 3 July 2016.
- ↑ KHAO SOK, Facts about Khao Sok
- ↑ Srepaotong R.,Khao Sok Attraction. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-02. ციტირების თარიღი: 2019-11-14.
- ↑ ถ้ำน้ำทะลุ อุทยานแห่งชาติเขาสก