კრომნის ციხე
კრომნის ციხე — ციხე თურქეთში. მდებარეობს გუმუშხანეს ჩრდილო-აღმოსავლეთით იაღლი დერეს ხეობაში, თანამედროვე სოფელ კრომნში. იგი გუმუშხანეს ცენტრიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული.
ამ სოფელში დღემდე შემონახულია შუა საუკუნების ეპოქის 15-მდე საეკლესიო ნაგებობა. მრავლადააა წარმოდგენილი ქრისტიანული მოსახლეობის ქვით გამართული საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთებიც, რომლებიც ოსმალთა შემოსვლის შემდეგ დაცარიელებულა. უშუალოდ ციხე აგებულია იაღლი დერეს მდინარის სათავებში კოლატის მთების კლდოვან ფერდობზე ზღვის დონიდან 2080 მეტრის სიმაღლეზე. ეს ქედი წარმოადგენს წყალგამყოფს. სწორედ აქ გაივლიდა უმოკლესი საზაფხულო გზა ტრაპიზონიდან აღმოსავლეთისაკენ. ადგილობრივთა თხრობით აქედან ტრაპიზონამდე 140 კილომეტრია და ამ გზით დღემდე სარგებლობენ. იაღლი დერეს ხეობის გზა, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო მარშრუტი, 1930-იან წლებამდე გამოიყენებოდა. მნიშვნელოვან მაგისტრალს აკონტროლებდა კრომნის ციხე, რომელიც კოლატის მთების ყველაზე შემაღლებულ ადგილზეა აშენებული. მკლევარების მიერ კოლატი იდენტფიცირებულია, როგორც პონტოს კარი, ანტიკური ტაბულა პეუტინგერიანას . აქაა სწორედ აღმოჩენილი რომაული კასტელუმის ნაშთები, რომელიც ერთადერთია სატალასა და ტრაპიზონს შორის არსებულ გზაზე. ეს კარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და ცნობილია აგრეთვე, როგორც ბაღდადის, აბრეშუმის და საქარავნო გზის სახელწოდებით
იმ უბანს სადაც ციხე მდებარეობს ადგილობივი მოსახლეობა ,,კრომნ შამანლას“ უბანს უწოდებს. ციხე საშუალო ზომისაა. კლდოვანი ბორცვის კონფიგურაცია განსაზღვრავს და ოვალისებრი მოყვანლობა აქვს მის გეგმას. აგებულია მდინარის სანაპიროდან დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე აზიდულ კოლატის მთის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე. დამხრობილია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. ჩრდილო-დასავლეთიდან შემორტყმულია ფრიალო კლდითა და ეროზიული ქანებით. კლდოვან რელიეფზე მორგებული გალავნის კედლები სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ ოვალურად მიუყვება და 10 მეტრის მაძილზეა შემორჩენილი. სამხრეთიდან დასავლეთისაკენ მიმართული გალავნის კედელიც 8 მეტრის სიგრძეზეა შემონახული. დანარჩენი მხარეები საკუთრივ კლდეა. დღეისთვის არ ფიქსირდება ციხეში შესასვლელი. ციხის ჩრდილოეთი გალავნის კედელი ცენტრალურ ნაწილში საძირკვლის დონემდეა მორღვეული. აღმოსავლეთის მხარეს დაცული კედლის სიმაღლე 8 მეტრია, ხოლო დასავლეთით 3-4 მეტრს შორის მერყეობს. შედარებით კარგადაა დაცული გალავნის აღმოსავლეთი კედელი. მისი სიმაღლე კლდოვანი კონფიგურაციის გამო სხვადასხვაა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 9 მეტრამდე აღწევს, ხოლო სამხრეთის მხარეს 4 მეტრს. გალავნის კედლები ნაშენია უხეშად დამუშავებული ქვებით. ქვების წყობა არაწესიერია. ციხეს ეტყობა სხვადასხვა დროს გადაკეთების კვალი.
გალავნის კედლებში შემორჩენილი წყობის მიხედვით ჩანს, რომ იგი სულ ცოტა სამჯერააა განადგურებული და აღდგენილი. ციხის ადრეული წყობები, რომლის მცირე ნაწილი დღემდეა შემონახული, ქვისა და დუღაბის ფერით, ასევე სამშენებლო მასალით, სრულიად განსხვავდება დანარჩენისაგან. მათი ნაშთები აქა-იქ 1 მეტრის, ზოგან 2 მეტრის სიმაღლემდეა დაცული. შემდეგი სამშენებლო ფენა აშკარად განსხვავდება ზედა და ქვედა სამშენებლო შრეებისაგან. აქ წყობაში გამოყენებულია სტანდარტული საშუალო ზომის ქვები, რომლის გარე ზედაპირი ჩამოსწორებულია. წყობაში ჭარბადაა გამოყენებული ღია-თეთრი ფერის კირი. მასაც ემჩნევა ნგრევის კვალი. მოგვიანებით ამ წყობაზე დაუშენებიათ კლდის ფლეთილი ქვებისაგან გამართული კედლები, სადაც კირის მასა მხოლოდ შიგა სივრცეში ფიქსირდება. მშენებლობის სამივე პერიოდი ერთიმეორისაგან კარგად განირჩევა. ვფიქრობთ ადრეული წყობები უნდა წარმოადგენდეს ყველაზე ძველს და არაა გამორიცხული იგი ადგილობრივების მიერ იყოს გამართული. ციხის სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე იგი გამოყენებული ჩანს მოგვიანო, როგორც ბიზანტიურ, ისე ოსმალურ ეპოქებშიც. გამოყენების ეს კვალი კარგადაა ასახული გალავნის კედლებშიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 28,29 ISBN 978-9941-8-1990-2