კრისტიან VIII (დან. Christian 8., ნორვ. Christian VIII; დ. 18 სექტემბერი, 1786 — გ. 20 იანვარი, 1848) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ის შვილიშვილი. ნორვეგიის მეფე 1814 წლის მაისიდან ოქრომბრამდე, დანიის მეფე 1839-40 წლებში.

კრისტიან VIII
ნორვეგიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 17 მაისი, 1814
მმართ. დასასრული: 10 ოქტომბერი, 1814
წინამორბედი: ფრედერიკ VI
მემკვიდრე: კარლ II
დანიის მეფე
კორონაცია: 20 ივნისი, 1840, კოპენჰაგენი
მმართ. დასაწყისი: 3 დეკემბერი, 1839
მმართ. დასასრული: 20 იანვარი, 1848
წინამორბედი: ფრედერიკ VI
მემკვიდრე: ფრედერიკ VII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 სექტემბერი, 1786
დაბ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
გარდ. თარიღი: 20 იანვარი, 1848, (61 წლის)
გარდ. ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: შარლოტა ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი
(ქ. 1806 - განქ. 1810)
კაროლინა ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი
(ქ. 1815)
შვილები: ფრედერიკ VII, დანიის მეფე
სრული სახელი: კრისტიან ფრედერიკი
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: ფრედერიკ დანიელი
დედა: სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ადრეული წლები

რედაქტირება

კრისტიანი დაიბადა 1786 წლის 18 ოქტომბერს კრისტიანსბორგის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო პრინც ფრედერიკ დანიელისა და მისი ცოლის, სოფია ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელის პირველი შვილი. მამის მხრიდან იგი დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ იულიანა მარია ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის შვილიშვილი იყო. მას სახელი ბიძის, დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან VII-ის პატივსაცემად დაარქვეს.

1794 წელს, როდესაც იგი რვა წლის იყო, დედამისი გარდაიცვალა. ამას მოჰყვა 1805 წელს მამის გარდაცვალება, როცა კრისტიანი ცხრამეტის იყო. იგი დანიის სამეფო კარზე აღიზარდა, სადაც დაინტერესებული იყო ხელოვნებისა და მეცნიერების შესწავლით. კრისტიანმა დედისაგან მემკვიდრეობით უამრავი ნიჭი და კარგი გარეგნობა მიიღო, რის გამოც დანიურ არისტოკრატიაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ქორწინება

რედაქტირება

1806 წლის 21 ივნისს, ლუდვიგშტადტში შედგა კრისტიანისა და მისი ღვიძლი ბიძაშვილის, შარლოტა ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელის ქორწინება. მათი ქორწინება ბედნიერი არასოდეს ყოფილა, თუმცა 1807 წელს დაიბადა პირველი ვაჟი, სახელად კრისტიან ფრედერიკი, რომელიც დაბადებიდან მალევე დაიღუპა. ამას მოჰყვა 1808 წელს მეორე ვაჟი, სახელად ფრედერიკ კარლი. მათი ქორწინება იმდენად უიღბლო და უბედური აღმოჩნდა, რომ ორივე მხარის შეთანხმებით 1810 წელს განქორწინდნენ. ამის შემდეგ შარლოტა ფრედერიკამ თავისი მთელი ცხოვრების ოცნება აისრულა — კათოლიციზმზე მოინათლა და რომში გადასახლდა.

1815 წლის 22 მაისს, კრისტიანსბორგის სასახლეში კრისტიანი მეორედ დაქორწინდა ასევე ბიძაშვილზე. ამჯერად მისი რჩეული კაროლინა ამალია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი იყო. მიუხედავად პატარძლის უნაყოფობისა, ქორწინება იღბლიანი და ძალიან ბედნიერი იყო. ვინაიდან კრისტიანს მემკვიდრე უკვე ჰყავდა, კაროლინასთან ამ თემაზე პრეტენზია არ ჰქონდა, ამიტომაც ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ სამეფო კარზე.

მიუხედავად კაროლინასთან ბედნიერი ქორწინებისა, კრისტიანს უამრავი საყვარელი და უფრო მეტი არალეგიტიმური შვილი ჰყავდა, რომელთაგან ყველას ვინაობა უცნობია. ჭორების თანახმად, ერთ-ერთი მისი არალეგიტიმური შვილი იყო ცნობილი დანიელი მწერალი ჰანს კრისტიან ანდერსენი, და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მეფე მას მთელი ცხოვრება მფარველობდა.

ნორვეგიის მეფე

რედაქტირება
 
კრისტიანი 1813-14 წლებში

1813 წლის მაისიდან, დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკებები კრისტიანის ნორვეგიის მეფედ დასასმელად. ყოველივე ეს საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ის იდეა იყო, რომლის აზრითაც დანიის მეფე ფრედერიკ VI ყურადღებას საერთოდ არ უთმობდა ნორვეგიას. კრისტიანი ყველაფერს აკეთებდა ნორვეგიის ტახტის მისაღებად, თუმცა ამ დროს კონკურენტად შვედეთის სამეფო ოჯახი მოევლინა, რომელთაც ნათესაური კავშირი ჰქონდათ ნორვეგიის ძველ მონარქებთან. მიუხედავად დიდი დაბრკოლებებისა, 1814 წლის 16 თებერვალს კრისტიანი ნორვეგიის რეგენტი გახდა.

ნორვეგიის დამფუძნებელმა კრებამ და ეროვნულმა ანსაბლეამ, 10 აპრილს ეიდსვოლში გამართულ კონგრესზე ახალი კონსტიტუცია მიიღეს, ხოლო 17 მაისს ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად კრისტიან VIII ერთხმად აირჩიეს ნორვეგიის მეფედ. კრისტიანი ცდილობდა ნორვეგიის სუვერენიტეტი გაეძლიერებინა, მაგრამ ამაოდ. მან მეზობელ შვედეთთან კილის კავშირი შეკრა, რომელში ჩართვაც დანიის მეფესაც სთხოვეს. დანიის მეფემ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა და კინაღამ შვედეთს ომიც გამოუცხადა.

საბოლოოდ დანიის მეფემ შვედები მოისყიდა და ნორვეგიის წინააღმდეგ მიმართა. დანიის მეფე ფრედერიკ VI-ს, ნორვეგიაში კრისტიანის მეფობას ერჩივნა იგი შვედებს მიეერთებინათ. შვედეთის კრონპრინცმა კარლ იოჰანმა რამდენჯერმე დაამარცხა ნორვეგიის არმია და ამავე წლის 14 აგვისტოს მოსის კონვენცია გააფორმა. ამ ხელშეკრულების მიხედვით, კრისტიანს ჩამოერთვა მეფის ტიტული, თუმცა ნორვეგიის აღმასრულებელი ხელისუფლება შეუნარჩუნდებოდა, თუ დანიაში დაბრუნდებოდა. ამგვარ პირობებში, 10 ოქტომბერს ნორვეგიელებმა ახალი კონსტიტუცია მიიღეს, ხოლო 4 ნოემბერს თავიანთ მეფედ შვედეთის მეფე კარლ XIII აირჩიეს, რასაც მოჰყვა ნორვეგიის შვედეთის შემადგენლობაში გადასვლა.

დანიის მეფე

რედაქტირება
 
დანიის მეფე კრისტიან VIII და დედოფალი კაროლინა ამალია 1840 წელს

1839 წლის 3 დეკემბერს კრისტიანის ბიძაშვილი, დანიის მეფე ფრედერიკ VI უძეოდ გარდაიცვალა, რის გამოც კრისტიანი, როგორც მისი უახლოესი მამაკაცი ნათესავი დანიის მეფე გახდა კრისტიან VIII-ის სახელით. დანიის ლიბერალურ პარტიას იმედი ჰქონდა, რომ იგი ახალ ლიბერალურ კონსტიტუციას შემოიღებდა, თუმცა ამაოდ. ერთადერთი რეფორმა, რომელიც მან განახორციელა, იყო შლეზვიგ-ჰოლშტაინის დანიისათვის საბოლოოდ შემომტკიცება, რაც საბოლოოდ მხოლოდ 1846 წელს განხორციელდა.

თავისი წინამორბედების მსგავსად, კრისტიან VIII-მ განაგრძო ასტრონომიის პატრონაჟი. მისი პატრონაჟით აღმოაჩინეს რამდენიმე ახალი კომეტა, რისთვისაც ჰაინრიხ კრისტიან შუმახერმა იგი ოქროს მედალიონით დააჯილდოვა. 1845 წელს, კრისტიან VIII-მ ბრიტანეთს მიჰყიდა დანიის უკანასკნელი კოლონია, რომელიც ბენგალის სანაპიროზე მდებარეობდა. ამით საბოლოოდ დასრულდა დანიელების მცდელობა, რომ ინდოეთში გაბატონებულიყვნენ.

კრისტიანის ერთადერთი ლეგიტიმური შვილი, კრონპრინცი კრისტიანი სამჯერ დაქორწინდა, მაგრამ შვილი არცერთი ცოლისგან ჰყოლია. კრისტიან VIII მიხვდა, რომ მისი ვაჟი უნაყოფო იყო, ამიტომაც ტახტისათვის დავისა და შემდგომში შინა ომების თავიდან ასარიდებლად, 1853 წლის 31 ივლისს ფრედერიკის მემკვიდრედ მისი გარე ბიძაშვილი, დანიის მეფე ფრედერიკ II-ის შთამომავალი კრისტიან IX დაასახელეს.

1848 წლის 20 იანვარს, კრისტიან VIII 61 წლის ასაკში მოწამლეს. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, ქ. როსკილეში. ამის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, ფრედერიკ VII-მ დაიკავა, რომელიც 1863 წელს უშვილოდ მოკვდა, რითაც შეწყდა ოლდენბურგების ოთხასწლოვანი დინასტია და ტახტი გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Karl Lorentzen: Christian VIII. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 4, Duncker & Humblot, Leipzig 1876, S. 195–205.
  • Hans Harald Hennings: Christian VIII. (Christian Friedrich). In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 3, Duncker & Humblot, Berlin 1957, ISBN 3-428-00184-2, S. 235 f. (Digitalisat).
  • Société Cuvierienne: Liste des Premiers Fondateurs de La Société Cuvierienne, Association universelle pour l'avancement de la Zoologie, de L'Anatomie comparée et de la Palaeontologie. In: Revue Zoologique par La Société Cuvierienne. Band 1, 1838, S. 189–192 (biodiversitylibrary.org).
  • Kong Christian VIII.s dagbøger og optegnelser 1839-1848, udgivet af Det Kongelige Danske Selskab for Fædrelandets Historie ved Anders Monrad Møller, Kbh. 1995. ISBN 87-90194-00-4.
  • Kong Christian VIII.s Breve. Augustenborgerne, bd. 1-6, udgivet af Det Kongelige Danske Selskab for Fædrelandets Historie ved Anders Monrad Møller under medvirken af Otto Madsen, 2002-2008. ISBN 978-87-90194-12-3