შარლოტა ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი

შარლოტა ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი (გერმ. Charlotte Friederike zu Mecklenburg-Schwerin; დ. 4 დეკემბერი, 1784 — გ. 13 ივლისი, 1840) — დანიის მეფე კრისტიან VIII-ის პირველი მეუღლე 1806-10 წლებში, როდესაც იგი ჯერ კიდევ კრონპრინცი იყო. დანიის მეფე ფრედერიკ VII-ის დედა.

შარლოტა ფრედერიკა მეკლენბურგ-შვერინელი
წოდებები
დანიის კრონპრინცესა
დაიბადა 4 დეკემბერი, 1784
ლუდვიგშლაცი, გერმანია
გარდაიცვალა 13 ივლისი, 1840, (55 წლის)
რომი, იტალია
მეუღლე(ები) კრისტიანი, დანიის კრონპრინცი
შვილ(ებ)ი ფრედერიკ VII, დანიის მეფე
მამა ფრიდრიხ ფრანც I, მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი
დედა ლუიზა საქსენ-გოთა-ალტენბურგელი
რელიგია ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

შარლოტა ფრედერიკა დაიბადა 1784 წლის 4 დეკემბერს. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ ფრიდრიხ ფრანც I-ისა და მისი მეუღლის, ლუიზა საქსენ-გოთა-ალტენბურგელის უმცროსი ქალიშვილი.

1806 წლის 21 ივნისს, შარლოტა ლუდვიგშლაცში დაქორწინდა დანიის კრონპრინც კრისტიანზე. აღსანიშნავია, რომ შარლოტა და კრისტიანი ღვიძლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, რადგან შარლოტას მამა და კრისტიანის დედა და-ძმანი იყვნენ. მიუხედავად უიღბლო ქორწინებისა, შარლოტა ფრედერიკამ 1807 წელს ვაჟი გააჩინა, რომელიც მალევე დაიღუპა. ამას მოჰყვა 1808 წელს მეორე ვაჟი, სახელად ფრედერიკ კარლი, რომელიც მოგვიანებით დანიის მეფე ფრედერიკ VII გახდა. მემკვიდრის გაჩენიდან მალევე, შარლოტა ფრედერიკამ რომანი გააბა სამეფო კარის მუსიკოს ჟან ბატისტ სიუ პისთან. ეს ამბავი მალე გასაჯაროვდა, რაც 1810 წლის 31 მარტს შარლოტასა და კრისტიანის განქორწინებით დაგვირგვინდა.

განქორწინების შემდეგ შარლოტა კოპენჰაგენის სამეფო კარიდან გააძევეს, რის შემდეგაც იგი ჯერ ალტონაში დასახლდა, შემდეგ კი სამუდამოდ დატოვა დანია და იტალიაში გადასახლდა. თავდაპირველად იგი ვიჩენცაში დასახლდა, სადაც თავისი მთელი ცხოვრების ოცნება აისრულა და 1830 წელს კათოლიკედ მოინათლა. რომის პაპი ამ ამბავმა ერთობ გაახარა, რის გამოც პაპმა შარლოტა ვატიკანში, თავის კარზე მიიწვია. 1833 წლიდან, შარლოტა ფრედერიკა რომში გადასახლდა.

რომში მისი ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1840 წლის 13 ივლისს შარლოტა ფრედერიკა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ოთხმაგ კუბოში ჩაასვენეს და ისე დაკრძალეს. 2019 წლის 11 ივლისს, რომში მისი და კიდევ ერთი დიდგვაროვნის, სოფია ფონ ჰოენცოლერნ-ბარტენშტაინის სარკოფაგები გახსნეს და ცარიელი აღმოჩნდა. სოფია 1836 წელს გარდაიცვალა და შარლოტას მსგავსად დაკრძალეს, თუმცა როდის, ან სად გაუჩინარდა მათი ნეშტები დღემდე უცნობია.

აღსანიშნავია, რომ კათოლიკობაზე მისი გავლენით მოინათლა მისი ძმაც, პრინცი ადოლფი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Rodari, Paolo (11 July 2019). "Caso Orlandi, il fratello Pietro: "Tombe aperte e trovate vuote: incredibile"". La Repubblica (in Italian). Rome. Retrieved 11 July 2019.
  • Reynolds, James (11 July 2019). "Emanuela Orlandi search: Empty tombs fail to solve Vatican mystery". BBC News. Vatican City. Retrieved 11 July 2019.
  • Bramsen, Bo, "Ferdinand og Caroline", Politikens Förlag, Köpenhamn 1969