კოტე ანდრონიკაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.

კონსტანტინე (კოტე) მანუელის ძე ანდრონიკაშვილი (დ. 1876, კაჭრეთი, სიღნაღის მაზრა — გ. უცნობია) — საქართველოს დემოკატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი.

კოტე ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი 20 ივლისი, 1876(1876-07-20)
დაბადების ადგილი კაჭრეთი
გარდაცვალების თარიღი არაუადრეს 1925
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ტფილისის მე-3 გიმნაზია 1897 წელს. სწავლა გააგრძელა რუსეთში, ჯერ მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო მესამე კურსიდან კიევის უნივერსიტეტში (1899-1900 წლებში).

კიევის უნივერსიტეტის სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო იმავე წელს გარიცხეს სასწავლებლიდან და დააპატიმრეს კიდეც. კიევის ციხეში მან დაახლოებით ხუთ თვეს დაყო. 1903 წლიდან იმყოფებოდა პოლიციის ღია ზედამხედველობის ქვეშ. 1906 წელს დაბრუნდა თბილისში. მუშაობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებში „ელვასა“ და „სხივში“, რომლებიც გამოდიოდა ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძის რედაქტორობით; თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურობაში“. წერდა სტატიებს ეკონომიკურ საკითხებზე. იყენებდა პარტიულ ფსევდონიმებს „კახელი“ და „არჩილი“. რეაქციის პერიოდში კვლავ დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს. 1911 წელს გადასახლებიდან გაიპარა და მოსკოვის გზით ევროპაში წავიდა. ცხოვრობდა ჯერ ჟენევაში, შემდეგ — პარიზში, სადაც ელექტო-ტექნიკური კურსები დაამთავრა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტზე. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სამხედრო კომისიის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიების წევრი. პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო კონტროლიორის ამხანაგად. ასევე იყო მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე. 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმისას დაინიშნა მთავრობის საგანგებო რწმუნებულად თელავის მაზრაში. 1923 წლის მარტში გახდა დამკომის თავმჯდომარე. იყენებდა პარტიულ ფსევდონიმს „ვახტანგი“. 1924 წლის 4 სექტემბერს დააპატიმრეს შიომღვიმესთან. 1925 წლის 15 ივლისიდან 3 აგვისტომდე, სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად, გაასამართლა საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით. მიესაჯა დახვრეტა, რომელიც 10-წლიანი პატიმრობით და „სასტიკი იზოლაციით“ შეეცვალა. საბოლოოდ, სავარაუდოდ, 1937-1938 წლების საბჭოთა დიდ ტერორს ემსხვერპლა. მასზე არაფერი არ იძებნება რუსულენოვან „ხსოვნის წიგნებში“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016. გვ. 151
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 28-29.
  • გიორგი მამულია, ნიკოლოზ სეფიაშვილი - " "თეთრი გიორგი“-ს იდეოლოგიურ-ორგანიზაციულ საწყისებთან. დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან", საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 2024 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება