კონსტანტინე ჯავრიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონსტანტინე ჯავრიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

კონსტანტინე ვასილის ძე ჯავრიშვილი (დ. 1914 — გ. 1977) — ქართველი გეოლოგი, მთამსვლელი, სპელეოლოგი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, ლიტერატორი.

კონსტანტინე ჯავრიშვილი

კონსტანტინე ჯავრიშვილი
დაბადების თარიღი 1914
გარდაცვალების თარიღი 1977
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა გეოლოგი
მთამსვლელი
სპელეოლოგი
ჟურნალისტი
მთარგმნელი
ლიტერატორი

ჯავრიშვილის პაპის პაპის პაპა — ქაიხოსრო იყო მეფე ერეკლეს ზარბაზნის ოსტატი, მამა, ვასილ ჯავრიშვილისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის პოდპოლკოვნიკი. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა მთიულეთის საძიებო-გეოლოგიური ექსპედიციის უფროსად, შახტის მთავარ გეოლოგად; ჟურნალ „დროშის“ განყოფილების გამგედ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სწავლულ მდივნად, ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგედ (1966-1974).

კონსტანტინე ჯავრიშვილი 1930-1940-იან წლებში ხელმძღვანელობდა ალპურ ასვლებს ლაღზწითზე, შინოზე, ქომიტოზე, თებულოსმთაზე, მყინვარწვერზე, გისტოლაზე, კათინთაუზე, თეთნულდზე, ჯანღაზე და სხვა მწვერვალებზე. 1944 წელს ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილების ასვლებს ირანის უმაღლეს მწვერვალზე — დემავენდზე. სსრკ-გერმანიის ომის წლებში იყო ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამთო-სათხილამურო მომზადების განყოფილების უფროსი. 1947-1956 წლებში იყო რეპრესირებული.

კონსტანტინე ჯავრიშვილმა შეადგინა გეოლოგიის ტერმინოლოგია (1941; გიორგი ლომთათიძესა და მ. ფოფხაძესთან ერთად), თარგმნა რუსულიდან ალექსანდრე ფერსმანის „გასართობი მინერალოგია“ (გიორგი ლომთათიძესთან ერთად), კონსტანტინე სიმონოვის „20 დღე უომრად“ (ა. ცინცაძესთან ერთად) და სხვა, ფრანგულიდან ონორე დე ბალზაკის „მამა გორიო“, ალბერ კამიუს „შავი ჭირი“, ჟიულ ვერნის „კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი“. ავტორია ნარკვევებისა „მთები და ადამიანები“ (1970), „მე თბილისელი ვარ“ (1972).

იყო ქართულ ენაზე გამოსული ჟიულ ვერნის თხზულებათა მრავალტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქართველოს მეციერებათა აკადემიის სპელეოლოგიური საბჭოს თავმჯდომარე (1969-1977). რედაქტორი სპელეოლოგიური კრებულებისა — „საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები“. საქართველოს ალპური კლუბის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ტურიზმის თბილისის საქალაქო კლუბის გამგეობის თავმჯდომარე. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება