გიორგი ლომთათიძე

ქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომთათიძე.

გიორგი ალექსანდრეს ძე ლომთათიძე (დ. 26 ნოემბერი, 1914, დაბა ცხინვალი — გ. 23 ოქტომბერი, 1971, თბილისი) — ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ქართული ლიტერატურისა და კულტურის მკვლევარი, 75 ნაშრომის ავტორი. 1965 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მის მიერვე დაარსებული შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ციხე-ქალაქ უჯარმის, ნადარბაზევის, ძველი თბილისის, „განჯის კარის“, ურბნისის, ვარციხის, კვეტერის, ხვამლის და სხვა ექსპედიციების მონაწილე. მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის საქართველოს უძველესი დედაქალაქის მცხეთის ისტორიული წარსულის შესწავლაში. მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჰქონდა არმაზისხევში, არმაზციხესა და სამთავროში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მცხეთის მიდამოებში წარმოებულ გათხრებს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მშობლები რედაქტირება

  • მამა — პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ლომთათიძე.
  • დედა — ზინაიდა ოქროპირიძე.

განათლება რედაქტირება

გიორგი ლომთათიძემ საშუალო განათლება მიიღო თბილისის I საცდელ-საჩვენებელ შრომის სკოლაში.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 17 წლის ახალგაზრდა 1931 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1936 წელს დაასრულა.

1938-1941 წწ. გიორგი ლომთათიძე სწავლას აგრძელებს ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ასპირანტურაში. აქ იგი პროფ. გიორგი ნიორაძის ხელმძღვანელობით დაეუფლა ზოგადსა და საქართველო-კავკასიის არქეოლოგიას, არქეოლოგიური დაზვერვებისა და თხრის მეთოდიკის საფუძვლებს.

მოღვაწეობა რედაქტირება

1938 წლიდან გიორგი ლომთათიძის ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ყოველდღიურ სამეცნიერო თუ საორგანიზაციო საქმიანობასთან.

1943-1947 წლებში იგი იყო ინსტიტუტის სწავლული მდივანი. 1965-1971 წწ. შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილების გამგე.

პარალელურად, 1945-1947 წლებში გიორგი ლომთათიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე (1946-52 წწ.), აქვე - აღმოსავლეთმცოდნეობისა და საქართველოს სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს.

1948- 1949 წლებიდან იგი დაკავშირებული იყო, ერთის მხრივ, ნიკო ბერძენიშვილის მიერ წამოწყებულ ისტორიულ-არქეოლოგიურ კვლევა–ძიებასთან ქვემო ქართლის მიწა-წყალზე, ხოლო მეორე მხრივ, ასეთივე ხასიათის სამუშაოებთან, რაც თბილისში ფართოდ გაშლილ ახალმშენებლობათა უბანზე გაჩაღდა.

გიორგი ლომთათიძე და რუსთავი რედაქტირება

1949 წლიდან გ. ლომთათიძის სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდა კუხეთის რეგიონს და მის ცენტრს – რუსთავს. ძველი ნაქალაქარის უბნებზე ახალი ქალაქის მშენებელთა მიერ დაზიანებული სამაროვნები და მრავალფენიანი კულტურული ფენები გადაუდებელ შესწავლას საჭიროებდა.

1949 წელს, ივ.ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტში შექმნილ რუსთავის არქეოლოგიურ ექსპედიციას გიორგი ლომთათიძე ჩაუდგა სათავეში, რომელსაც გარდაცვალებამდე, 1971 წლამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა.

რუსთავის ნაქალაქარსა და ციხეზე გეგმაზომიერი სამუშაოების ჩატარების შედეგად, გამოვლინდა და შესწავლილ იქნა სხვადასხვა ტიპის (საცხოვრებელი, სამეურნეო) ნამოსახლარი და სამაროვნები, რომელთა კვლევას გ. ლომთათიძემ არაერთი სტატია და გამოკვლევა მიუძღვნა.

რუსთავისადმი მიძღვნილ ნაშრომებში გიორგი ლომთათიძე ამომწურავად გადმოგვცემს ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების უმთავრეს შედეგებს. განხილულია ნაქალაქარზე გამოვლენილი კომპლექსები: სამაროვნები, ნამოსახლარები და იქ აღმოჩენილი მასალა, სასიმაგრო, საცხოვრებელი, სამეურნეო ნაგებობანი, უამრავი ნივთი და მონეტა; მოცემულია ქალაქის სტრატიგრაფიული შკალა, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი მეცნიერული ღირებულება. გაცოცხლებულია ქალაქის ხანგრძლივი, მძიმე და რთული თავგადასავალი. დასახულია კვლევის ძირითადი გეზი და შემდგომი მუშაობის უმთავრესი პრობლემები.

დიდი ღვაწლი მიუძღვის გიორგი ლომთათიძეს რუსთავის მუზეუმის დაარსების საქმეში, რომელიც მისი ინიციატივითა და დიდი ბრძოლის შედეგად დაფუძნდა 1950 წელს. მისივე თემატური გეგმის მიხედვით მოეწყო მუზეუმის პირველი და მეორე საგამოფენო ექსპოზიცია.

ექსპედიციებში მონაწილეობა რედაქტირება

თბილისისა და რუსთავის პარალელურად, გ. ლომთათიძის სამეცნიერო პრობლემატიკასა და პრაქტიკულ საქმიანობაში შუა საუკუნეების სრულიად ახალ-ახალი ძეგლები შემოდის; მისი უშუალო ხელმძღვანელობით ან უახლოესი მონაწილეობით ითხრება:

და სხვა, რომელთაც ავტორმა ასეულობით (200-მდე) გამოკვლევა, სტატია თუ სამეცნიერო ანგარიშის სახით შედგენილი და უხვად ილუსტრირებული ნაშრომი უძღვნა.

პუბლიცისტიკა რედაქტირება

გიორგი ლომთათიძე იყო არა მხოლოდ ფართო თვალსაწიერის მქონე მკლევარ-არქეოლოგი, არამედ ბრწყინვალე პუბლიცისტიც. მის მიერ გათხრილი ძეგლებისა თუ საქართველოს ისტორიის რუსთავის ისტორიული მუზეუმის ცალკეულ თემებზე, უპირატესად მათი პოპულარიზაციის მიზნით, ის საქართველოს გაზეთებისა და ჟურნალების გვერდებზე აქვეყნებდა სტატიებსა და ნოველებს.

იგი იყო მრავალი გაზეთის საგანგებო კომისიის წევრი და შეურიგებლად ებრძოდა ენობრივი ნორმების დამახინჯებას, ასევე უცხო სიტყვების უადგილოდ, მოუზომავად გამოყენებას.

გ. ლომთათიძეს დიდი შრომა აქვს გაწეული არქეოლოგიური ტერმინოლოგიის შესაქმნელადაც.

გოგი ლომთათიძეს ათეულობით მემორიალური წერილი, ბიოგრაფია თუ ნეკროლოგი აქვს გამოქვეყნებული ე. თაყაიშვილზე, ივ. ჯავახიშვილზე, ნ. მარზე, გ. ჩუბინიშვილზე, გ. ნიორაძეზე და სხვ.

ნაშრომები და თარგმანები რედაქტირება

  • „პალეონტოლოგია“
  • „გეოლოგიური ტერმინოლოგია“
  • „არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ძველ დედაქალაქში“
  • „ბრინჯაოს სატევრები და მახვილები სამთავროს უძველეს ორმოსამარხებში“
  • „არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები, 1937-1946 წწ. განათხარის მიხედვით“
  • „რუსთავში წარმოებული არქეოლოგიური თხრის უმნიშვნელოვანესი შედეგები“
  • „ქალაქი რუსთავი არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით“
  • „ქართული კულტურის მატიანე ექვთიმე თაყაიშვილი“
  • „,ყოფა და კულტურა არქეოლოგიური მასალების მიხედვით“

ეს ნაშრომები, მათი აქტუალობისა გამო, მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ, ახალი რედაქციით 1977 წელს ხელახლა გამოიცა მონოგრაფიად - „საქართველოს მოსახლეობის ყოფა და კულტურა I-XIII საუკუნეებში“.

გიორგი ლომთათიძე იყო ქართული, რუსული, ინგლისური ენების ბრწყინვალე მცოდნე და ამ ენებზე 25-მდე წიგნის, ბროშურის, სტატიის მთარგმნელი; მას ეკუთვნის ამერიკელი მწერლის დოს პასოსის რომანის „42 პარალელის“ თარგმანი.

გიორგი ლომთათიძე და ექვთიმე თაყაიშვილი რედაქტირება

გიორგი ლომთათიძე წლების განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილს ეხმარებოდა პირადი არქივის მოწესრიგებაში, ნაშრომების რედაქტირებაში, როგორც მის სიცოცხლეში, ასევე სიკვდილის შემდეგ. ექვთიმე თაყაიშვილთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის დეტალები ასახა დღიურებში, რომელიც საფუძვლად დაედო მის კიდევ ერთ მონოგრაფიას - „ქართული კულტურის მატიანე ექვთიმე თაყაიშვილი“ (1990 წ).

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

მას განსაკუთრებით დიდი სურვილი ჰქონდა გაეთხარა თმოგვი, წუნდა, სამშვილდე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 237, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება