კოლეტ ავიტალი
კოლეტ ავიტალი (ებრ. קולט אביטל, დ. 1 მაისი, 1939, ბუქარესტი, რუმინეთი) — ისრაელელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, ქნესეთის მე-15, მე-16 და მე-17 მოწვევის დეპუტატი „გაერთიანებული ისრაელისა“ და „ლეიბორისტული“ პარტიებიდან.[3]
კოლეტ ავიტალი | |
---|---|
ებრ. קולט אביטל | |
დაბადების თარიღი | 1 მაისი, 1939[1] (85 წლის) |
დაბადების ადგილი | ბუქარესტი[2] |
მოქალაქეობა | ისრაელი |
განათლება | იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი და Bene Merito |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკოლეტ ავიტალი დაიბადა რუმინეთში, ბუქარესტში, 1939 წლის 1 მაისს და 1950 წელს 10 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა ისრაელში.[4] ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროში მდივნად, რათა დაეფარა სწავლის ხარჯებს. მომდევნო წლებში გარკვეული საფეხურებით აიწია სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. კოლეტ ავიტალი მსახურობდა პარიზში ისრაელის დელეგაციაში 1982-1985 წლებში, ასევე ისრაელის ელჩად პორტუგალიაში 1988-1992 წლებში და ისრაელის გენერალურ კონსულად ნიუ-იორკში 1992-1996 წლებში. ისრაელში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილედ დასავლეთ ევროპის საკითხებში, რომელიც მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა იყო სამინისტროში. 1999 წელს ავიტალიმ გადაწყვიტა ქნესეთში კენჭი ეყარა დეპუტატად ლეიბორისტული პარტიიდან, რომელმაც პარტიებთან „გეშერი“ და „მეიმადი“ ერთად შექმნა გაერთიანებული ისრაელის საპარლამენტო ალიანსი. ავიტალიმ პარტიულ სიაში 24-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ლეიბორისტებმა მხოლოდ 23 ადგილი მიიღეს ქნესეთში 1999 წლის მაისის არჩევნებზე („გაერთიანებულმა ისრაელმა“ 26 ადგილი მიიღო, აქედან ორი ადგილი ერგო „გეშერს“ და ერთი ადგილი „მეიმადს“) და გამომდინარე აქედან, კოლეტ ავიტალი ვერ შევიდა ქნესეთის შემადგენლობაში. თუმცა 1999 წლის ნოემბერში ის მაინც შევიდა ქნესეთში, როდესაც ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი მატან ვილნაი გადადგა. იგი გარკვეული პერიოდი ხელმძღვანელობდა ეთიკის კომიტეტს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და აღდგენის საგამოძიებო კომისიას, რომელმაც თავისი დასკვნები 2005 წელს წარუდგინა მთავრობას. ასევე, მე-15 მოწვევის ქნესეთის შემადგენლობაში, ის იყო საფინანსო კომიტეტის, სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის, საკანონმდებლო კომიტეტის წევრი, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომისიის, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, ასევე კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე მომუშავე სპეციალური კომისიის წევრი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და, გარდა ამისა, იყო ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი.[3][5]
2001 წელს კოლეტ ავიტალმა მიიღო საპატიო ლეგიონის კავალიერის წოდება, ხოლო 2010 წლის 18 მარტს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში, საპატიო ცერემონიაზე, კრისტოფ ბიგომ, ქნესეთის ყოფილ წევრს კოლეტ ავიტალს, მიანიჭა ლეგიონის ოფიცრის წოდება, რომელიც გაიმართა იაფაში ელჩის რეზიდენციაში.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ חה"כ קולט אביטל — ქნესეთი.
- ↑ Carnegie Hall linked open data — 2017.
- ↑ 3.0 3.1 Депутат Кнессета Колет Авиталь. Кнессет. ციტირების თარიღი: 2019-03-14.
- ↑ ביוגרפיה של קולט אביטל. אתר קולט אביטל. ციტირების თარიღი: 2019-03-14.
- ↑ קולט אביטל באתר כנסת פתוחה. oknesset.org. ციტირების თარიღი: 2019-03-14.
- ↑ שגריר צרפת העניק לקולט אביטל את עיטור לגיון הכבוד הצרפתי. il.ambafrance.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-22. ციტირების თარიღი: 2019-03-14.