კობახიძეები
კობახიძე — ეპონიმური წარმომავლობის გვარი, რომლის პირველსაცხოვრისი არის დასავლეთ საქართველოს მთიანეთი, კონრეტულად რაჭა. ასევე გვხვდება იმერეთსა და სამეგრელოში. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი „კობა“ — იაკობის შემოკლებული ფორმა.[1] -ხ სუფიქსი წარმომავლობა-განკუთვნილების ფუნქციას ასრულებს. სამეგრელოში გვარის ლოკალური ვარიანტია კობახია.[2]
დახასიათება
გვარის თავდაპირველი ფორმა კობახი უნდა ყოფილიყო, საიდანაც „კობა“ სავარაუდოდ პატრონიმია, ხოლო -ხ სუფიქსია. როგორც ჩანს ის მოგვიანებით, გვარის მეორადი წარმოებით შეიცვალა — კობახ(ე)თ, კობახის-ძე, კობახ-ია — რაც ეპოქისთვის დამახასიათებელმა გვარის მაწარმოებელმა განაპირობა. არსებობს მოსაზრება, რომ „ტბეთის სულთა მატიანეში“ მოხსენიებული „კობახთ“ სავარაუდოდ კობახიძის ერთ-ერთი ფორმა უნდა ყოფილიყო.[3]
სოციალური მდგომარეობით კობახიძეები იყვნენ როგორც გლეხები, ისე აზნაურები.[4] 1904 წ. აბასთუმანში მცხოვრები კობახიძეები თავადები იყვნენ, ხოლო ხეთაში მცხოვრები კობახიძეები — აზნაურები.[2]
ისტორია
XIX საუკუნის ქართველი მეცნიერი იოანე ბატონიშვილის ცნობით კობახიძეების თავდაპირველი საცხოვრისი ერევნის მიდამოები (კულაბად-ფური/კუღმაფური) იყო, საიდანაც ისინი სპარსთა რბევის გამო ჯერ ახალციხეში გადასახლდნენ, 902 წელს კი იმერეთში დასახლდნენ: „რომელთაცა ენისა გამო უწოდენ კობახად მათ იმერნი“. იმავე ავტორის ცნობით, იმერეთის მეფე ალექსანდრეს (1484-1510) დროს, კობახიძეები მცირე აზნაურები გამხდარან.[5]
1544 წლის ბაგრატ III ნიკორწმინდისადმი შეწირულობის წიგნის მიხედვით, კობახიძეების ხოტევის პარტახტი მამული შესწირა ნიკორწმინდის ტაძარს.[6] ამავე წიგნის მიხედვით რაჭის სოფელ ზემო თლუღისა (1 კომლი) და ხოტევის (4 კომლი) კობახიძენი ნიკორწმინდის ტაძრის მსახურნი გახდნენ.[7]
1633 წელს როსტომ მეფემ ქაიხოსრო მაჩაბელს განუახლა კობახიძის წყალობის წიგნი.[6] 1688-1703 წწ. სამაჩაბლოს კობახიძეების ყმა-მამულის ნუსხაში აღნიშნულია, რომ მას ამილღამბარ მაჩაბელმა წაართვა საქონელი: ორი ხარი და ერთი კამეჩი.[6]
XVII საუკუნეში ერთი კომლი შეტანილია ალავერდის საკომლოების ნუსხაში.[6]
1785 წლით დათარიღებულ არზაში, რომელიც დაწერილია ერეკლე II-ის სახელზე, აზნაური ვასილი კობახიძე ითხოვს სამართალს შიდა ქართლში (მეჯვრისხევი, ვარიანი) მდებარე მამულების თაობაზე.[8]
კობახიძეები (ჯოღორია, არზაყან და გიორგი) იხსენიებიან ასევე განჩინებაში, რომელიც შედგენილია ცაიშის ეკლესიის ყმა-მამულის საქმეზე 1777-1778 წლებში.[9]
კობახიძეები დასახელებულნი არიან XVIII ს.-ის შუა წლების თბილისის კათოლიკური ეკლესიის „კონდაკში“ საქართველოს პირველ და მეორე ხარისხის ვაჭრებს შორის.[10]
ზემო იმერეთში რაჭველი კობახიძეები ადრევე დამკვირდნენ. იოანე ბატონიშვილი შიდა ქართლში — ქსნის ერისთავის აზნაურ კობახიძეებსა და ქვემო ქართლში — თავად ჯამბაკურ-ორბელიანის აზნაურ კობახიშვილებს იმერეთიდან გადმოსულ აზნაურ კობახიძეებად მიიჩნევს, რაც მიანიშნებს, რომ იმერეთში მანამდე უკვე უცხოვრიათ კობახიძეებს.[4] სამეგრელოში განსახლების ადგილებია: ბელიწყუ, ხამისქური, ძვ. ხიბულა, ხეთა, ხობი, ზუგდიდი და სხვა.[2]
საქართველოში კობახიძეთა საერთო რაოდენობა 1997 წლის მონაცემებით 7271 ადამიანს აღწევს (31-ე ადგილი[2]). ამათგან 2350 კობახიძე ცხოვრობს თბილისში, 1086 — ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ხოლო 645 — ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.[11]
ლიტერატურა
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით : ტ. II, თბ., 1993
- სილაგაძე ა., თოთაძე ა., გვარ-სახელები საქართველოში, თბ., 1997
- ცხადაია პ., გვარები და გვართა დასახლებანი სამეგრელოში, თბ., 2000
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ karibche.ambebi.ge — ვისი გორისა ხარ?
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ცხადაია პ., გვარები და გვართა დასახლებანი სამეგრელოში, თბ., 2000, გვ. 98-99
- ↑ მ. სანაძე, ზოგიერთი გვარის წარმოებისათვის „ტბეთის სულთა მატიანეში“, გვ. 136-137, / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1985, № 3
- ↑ 4.0 4.1 აზნაურთა გვარების წარმომავლობა
- ↑ შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, თბ. 1997, გვ. 78, 111, 129
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით : ტ. II, თბ., 1993, გვ. 518-519
- ↑ ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VI, თბ., 1977, გვ. 652
- ↑ ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, თბ., 1974, გვ. 309-311
- ↑ ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, თბ., 1974, გვ. 444-445
- ↑ მაისურაძე, გ. ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა XIII-XVIII საუკუნეებში, თბ. 1982, გვ. 300
- ↑ სილაგაძე ა., თოთაძე ა., გვარ-სახელები საქართველოში, თბ., 1997, გვ. 113