მთავარი მენიუს გახსნა
ცაიშის საკათედრო ტაძარი

ცაიშის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი (X–XI სს. მიჯნა, XII-XIV სს. მიჯნა) — ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარი და საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო კათედრაა.

VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. 602-610 წლებს შორის შედგენილ საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხაში მოიხსენიება ცაიშის ეპარქია ლაზიკაში. ქართულ წყაროებში ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნეთა მიჯნისაა. ეს არის საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც "ბაგრატაფხაზთა მეფე და კურაპალატის” გვერდით მოიხსენიება ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი.

ცაიშის ეპისკოპოსოს სამწყსო მოიცავდა ხობისწყალსა და ენგურს შორის მიწა-წყალს ზღვიდან უნაგირის ქედამდე. ცაიშვილის სამწყსო იყო ზემო სვანეთიც. მას შემდეგ, რაც აფხაზთა გააფსარების და გაწარმართების მიზეზით დრანდის, მოქვის და ზედა ბედიის საეპისკოპოსოები გაუქმდა, სამურზაყანოც ცაიშის სამწყსოდ იქცა.

ცაიშში დღეს მდგარი გუმბათოვანი ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული. მანამდე კი აქ X-XI საუკუნეთა მიჯნაზე აგებული დარბაზული ეკლესია მდგარა. თუ როგორი იყო ადრინდელი ტაძარი არ ვიცით. წყაროებში შემონახულია ცნობები XI საუკუნიდან 1823 წლამდე ოცამდე ცაიშელი ეპისკოპოსის შესახებ. მათ შორის ყველაზე ღვაწლმოსილნი ჩანან მალაქია გურიელი (1612-1639) და გრიგოლ ჩიქოვანი (1777-1823).

1614 წელს მომხდარი დიდი მიწისძვრის შედეგად საშინლად დანგრეული ცაიშის ტაძარი მალე აღადგინა და შეამკო მეუფე მალაქიამ. მეუფე გრიგოლმა კი კაცია II დადიანის მხარდაჭერით შეძლო ეკლესიისათვის დაებრუნებინა თავადაზნაურთა მიერ მიტაცებული ყმა-მამული, ააშენა სამრეკლო და ტაძარს შემოავლო გალავანი. 1823 წელს რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სხვა საეპისკოპოსოებთან ერთად გააუქმა ცაიშის საეპისკოპოსოც. ამის შემდეგ 1879 წლამდე აქ იყო მონასტერი, შემდეგ კი სადეკანოზო, რომელშიც შედიოდა ზუგდიდის მაზრის 20 ეკლესია. ცაიშის ტაძარი განათლების მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ ეკლესიასთან იყო სკოლა.

ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ერთ-ერთი ძველი ნაგებობა გალავანის გარეთ, მის დასავლეთ მხარეშია მოთავსებული და იქვე ფერდობზე მიშენებული. მას „პალატს” უწოდებენ და ინტერიერის მიხედვით XI საუკუნის გვიან არ ათარიღებენ.

1989 წლიდან გაუქმებულ ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღდგა და მრევლიც გაჩნდა. ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე ტაძრის წინამძღვარი იყო ეპარქიის მოღძვართ-მოძღვარი აწ განსვენებული დეკანოზი ამირან შენგელია, რომელიც ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთანაა დაკრძალული. ამჟამად ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ზაბულონ ქობალია.

ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური რიგირედაქტირება

 
ცაიშის საკათედრო ტაძარი

პირველი ცაიშელი, რომელიც ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული, არის ეფრემი. მისი სახელი დატანილია ცაიშის დიდ საწინამძღვრო ჯვარზე: `წმიდაო ძელო ცხორებისაო, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე და კურაპალატი. აქ მოხსენიებული ბაგრატი უნდა იყოს ან ბაგრატ III, რომელიც მეფობდა 978-1014 წლებში, ან ბაგრატ IV, რომელიც 1027-1072 წლებში მოღვაწეობდა.

ცაიში, როგორც საეპისკოპოსო მოიხსენიება VI-VIII საუკუნეებიდან, მაგრამ X საუკუნემდე ცაიშელკ ეპისკოპოსთა შესახებ არაფერია ცნობილი. პირველი ცაიშელი რომელიც ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული, არის ეფრემი, რომლის სახელი დატანებულია ცაიშის დიდ საწინამძღვრო ჯვარზე. ხოლო შემდეგ ცაიშელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური სია[1] ასეთი სახისაა:

  1. ეფრემი – XI საუკუნე.
  2. იოანე I ფელაგისძე – XI ან XII საუკუნე.
  3. ბასილიXIV საუკუნის დამდეგი.
  4. დანიელიXV საუკუნის 40–იანი წლები.
  5. იოაკიმე – XV საუკუნის 70–იანი წლები.
  6. ეპისკოპოსი, რომელსაც უნდა რქმეოდა ან (ნიკოლო)ზ, (ევდემო)ზ ან (მაკარო)ზ – XV საუკუნის 80–იანი წლები.
  7. ეფთვიმე – XV საუკუნის 80–იანი წლები.
  8. ბართლომე – XV-XVI საუკუნეთა მიჯნა.
  9. კირილე, ჟუანიმე (ჟვანია) – ...[[1549–1572]]...
  10. მაქსიმე I – XVI საუკუნის ბოლო მეოთხედი.
  11. დავით I – XVI საუკუნის მიწურული.
  12. მალაქია გურიელი – ...1611/1612–1639
  13. ანდრია – 1639–1640...
  14. დავით ჯოლია – ...1652..
  15. მაქსიმე II აგიაშვილი – ..1696–1701
  16. სვიმონ ღოღობერიძე – 1701–1709
  17. მაქსიმე II აგიაშვილი – 1709–1710..(მეორედ)
  18. სვიმონ ღოღობერიძე – 1710–1759...(მეორედ)
  19. სოფრომ ღოღობერიძე – ...1766–1777
  20. გრიგოლ ჩიქოვანი – 1777–1823

საეპისკოპოსოს გაუქმება 1813.

ცაიშის საეპისკოპოსოს ყმა-მოლაშქრეებირედაქტირება

ცაიშის საეპისკოპოსოს სამწყსოსა და ყმა-მოლაშქრეების შესახებ დაცული ისტორიული დოკუმენტები არც ისე უხვია, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც შეიძლება აღვადგინოთ ამ საეპისკოპოსოს ისტორიულ-სოციალური სურათი.

ძირითადი დოკუმენტები, რომელთაც აღნიშნული საკითხის კვლევა-ძიებისას ვეყრდნობით, არის "საცაიშლოს გამოსავლის დავთარი" და კათალიკოს მალაქიას მოლაშქრე კაცთა ნუსხა (1611-1621). საცაიშლო დავთარი დაცულია აფხაზეთის საკათალიკოსო მამულების დიდ დავთარში. ერთ-ერთი მინაწერიდან ჩანს, რომ იგი დაუწერიათ აფხაზეთის კათალიკოსის ცაიშელ-ხონელ-ჯუმათელ მალაქიას ბრძანებით, შედგენილი უნდა იყოს 1610-1621 წლებში. საცაიშლო გამოსაღების გუჯარი, როგორც მთლიანად საკათალიკოსო მამულების დავთარი, დაწერილია ნუსხა-ხუცურით, მაგრამ საფიქრებელია, რომ ჩვენი გუჯარი დედანი კი არ უნდა იყოს, არამედ მისი პირი.

XVII საუკუნეში ცაიშის ეპარქია ოდიშის სამთავროს ცენტრში მდებარეობდა და მის მფლობელობაში ვრცელი ტერიტორიები შედიოდა. ამიტომაც, ცხადია, რომ კათედრას სამწყსო და შემოსავალი უხვად გააჩნდა.

საცაიშლო გამოსავლის დავთრის შედგენით კათედრის უმაღლესმა იერარქმა მალაქია გურიელმა სისტემაში მოიყვანა ეპარქიის სოციალური ცხოვრება. ამ დოკუმენტში მოხსენიებულია 365 პირი. მათგან ყოველწლიურად საშუალო შემოსავალი შემდეგნაირად განისაზღვრა: 300-ზე მეტი საკლავი, ქათამი, პური, გოჭკომური, 1400-ზე მეტი ღოჯი და ფოხალი ღომი, ღვინო, გარდა ამისა თევზი, ყველი, კვერცხი, მარილი .

 
ტაძრის სამრეკლო

თუ გავითვალისწინებთ XVII საუკუნეში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ-სოციალურ სურათს, ცხადი გახდება, რომ ცაიში საკმაოდ ძლიერი და მდიდარი ეპარქია ყოფილა. საეპისკოპოსო კათედრებს საკუთარი შეიარაღებული მსახურებიც ჰყავდათ. ეპისკოპოსები `მთავრის მოთხოვნისთანავე ... კარგ საომარ ცხენებზე ამხედრებულნი მიდიან ომში, რადგან ითვლებიან წინამძღოლებად და სარდლებად თავიანთი ქვეშევრდომებისა, რომლებიც ვალდებულნი არიან იარაღასხმულნი იყვნენ. ისინი თავს ესხმიან და ებრძვიან მტერს ...~. კათალიკოს მალაქიას მოლაშქრე კაცთა ნუსხიდან, რომელიც შედგენილია 1616-1623 წლებში, ვგებულობთ, რომ კათალიკოსს დაახლოებით 500-ზე მეტი მოლაშქრე ჰყოლია. ისინი ეპარქიის შემდეგ დასახლებულ პუნქტებში იყვნენ: ხიბულა (აზნაურისშვილი და 30 მსახური), წყარიგზა და სენაკი (4 მსახური), ჯგალი (აზნაურისშვილი და 38 მსახური), დარჩელი (აზნაურისშვილი და 85 მსახური), ჭიალა (2 მსახური), ჩოხათი (5 მსახური), მუხური (აზნაურისშვილი და 3 მსახური), ხეთა (3 მსახური) და თავად ცაიში (აზნაურისშვილები და 63 მსახური) .

ამდენად, აფხაზეთის კათალიკოსს ცაიშის ეპარქიაში დაახლოებით 300-მდე მოლაშქრე კაცი ჰყოლია, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მეტყველებს აღნიშნული საეპისკოპოსოს იმდროინდელ ძლიერებაზე.

ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებირედაქტირება

ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრები ზედაპირულად მოხაზული აქვს ვახუშტი ბაგრატიონს (1916–1770): „ხოფს ზეით არს ეკლესია ჩაისს, დიდი, გუმბათიანი, კეთილშენი და შემკული. ზის ეპისკოპიზი მწყემსი ამ წყლის სამხრეთის კერძოსი უნაგრიმამდე და რიონა ზღუდმდე“[2]

ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში, როგორც წყაროებიდან ჩანს, შედიოდა სვანეთიც. მესტიის ოთხთავზე XIV საუკუნეში გაკეთებულ ერთ მინაწერში ნათქვამია: "თუ ქუემო ხეუს გამოჩნდეს ცაიშელიმან დაიურვოს რჯული, ზემომან ცაგარელმან — ზემოთ დაიჭიროს."[3] ამ ცნობის სისწორეს ამტკიცებს ერთი უთარიღო დოკუმენტი, რომელიც, როგორც 1442–1446 წლებს შორისაა შედგენილი. ამ დოკუმენტში ცაიშელ მთავარეპისკოპოსი დანიელი გვაუწყებს, რომ "ლაბსყედსა მივედი... ვაკურთხე მთავარანგელოზი ლაბსტყენდაშისაო"[4] რადგან ცაიშელი ეპისკოპოსი სვანეთში, კერძოდ ლაბსყელდაშში ეკლესიას აკურთხებს, ცხადია ეს კუთხეც მისი სამწყსოს ნაწილი უნდა ყოფილიყო.

ზემო სვანეთი ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში შედიოდა XVII საუკუნეშიც. პატრიარქი მაკარიოსი (1648–1672), რომელიც 1664 წელს ბრძანდებოდა საქართველოში, წერს რომ "სვანებს ჰყავდათ ორი ეპისკოპოსი – ცაგარელი და ცაიშელი, რომლებიც მხოლოდღა ფორმალურად ითვლებიან მათ მწყემსებად"[5]

იმ დროს, როდესაც ვახუშტი ბაგრატიონი წერდა თავის უზარმაზარ ნაშრომს „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ეს წიგნი მან 1742–1745 წლებში დაწერა). ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრებში შედიოდა ხობის გაუქმებული საეპისკოპოსო.

XVII საუკუნის დამდეგიდან, ანუ უმ დროიდან როცა სამთავრო სახლმა სამარხ ეკლესიად წალენჯიხა გაიხადა, ეს უკანასკნელი ცალკე საეპისკოპოსოდ იქცა და ცაიშის ეპარქიას მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშორდა, მაგრამ XVIII საუკუნის შუა ხანებიდან, როცა როგორც ჩანს წალენჯიხის ეპარქია გაუქმდა ეს სამწყსო, რომელიც ვახუშტის ცნობით მოიცავდა „ჭანის მდინარისა და დადის მდინარის შორის ადგილთა კავკასიიდამ ზღვამდე“ კვლავ ცაიშის სამწყსოში შევიდა.

XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის პირველი მეოთხედის ცაიშის საეპისკოპოსოს საზღვრების შესახებ საყურადღებო ცნობაა დაცული 1823 წელს შედგენილ ანდერძში ცაიშელ მიტროპოლიტ გრიგოლ ჩიქოვანისა. ეს უკანასკნელი წერს, რომ სამეგრელოს მთავარმა „მე დამადგინაო ეკლესიისა და მოხარისხედ... ვითარცა იყო უწინარესვე სამურზაყანო აფხაზეთსაც ვმწყსიდი და ვიღვწვოდი რათა სარწმუნოება განმრავლებით ერთა შორის გებულ იყო“.[6] ამრიგად, ირკვევა რომ მას შემდეგ რაც გააფსარებულ წარმართობაზე მიმძლავრებულ აფხაზთა მიზეზით დრანდის, მოქვისა და ბედიიდ საეპისკოპოსოები გაუქმდა, სამურზაყანოც ცაიშელის სამწყსოდ ქცეულა.

ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის არქიტექტურული დახასიათებარედაქტირება

 
ცაიშის საკათედრო ტაძრის კედლის ფრაგმენტი

ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი განლაგებულია ქალაქ ზუგდიდის სამხრეთ-დასავლეთით ათიოდე კილომეტრზე. იგი მდებარეობს კოლხეთის დაბლობთან მომიჯნავე მთების დასაწყისში. "1614 წლის მიწისძვრამ ცაიშის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს წაუშალა თავდაპირველი სახე.

დღევანდელი ძეგლის მასათა კომპოზიციის დამაგვირგვინებელი ცილინდრული ფორმის გუმბათი მთლიანად ახალია, მას საფუძვლის კვადრატის კონსტრუქციული შვერილებიც კი არ გააჩნია.

ცაიშის კომპლექსის უძველესი ნაგებობა დგას გალავნის გარეთ ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში. მას პალატი ეწოდება.პალატის ინტერიერი დიდად შთამბეჭდავია, თაღოვანი ბოძები, რომელსაც შენობის ჭერი ეყრდნობა, გოთური სტილის ელემენტებს ატარებს. ნაგებობის დღევანდელი სურათი ორ სამშენებლო ფენას შეიცავს _ თავდაპირველსა და აღდგენილ ნაწილს. მხატვრული თვალსაზრისით, ამ ტაძრის პალატი დაახლოებით X საუკუნეშია აგებული. ამ სადგომის ზემოთ მდგარა ხის სახლი, რომელიც ხეზე ჭრის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდა.

უცნობია, თუ ვინ არის ტაძრის ხუროთმოძღვარი. არაა გამორიცხული, რომ გუმბათის ყელში ერთ-ერთ დეტალზე დატანებული წარწერა ანანია ხუროთმოძღვრის ვინაობაზე მიგვანიშნებდეს.

ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნაწილს ორსართულიანი სამრეკლო წარმოადგენს. იგი ჩაშენებულია სამხრეთით შიგ გალავანში. მისი აგების თარიღი უცნობია, რამეთუ მის შესახებ წყაროები არაფერს ამბობენ. სპეციალისტების დაკვირვებიდან კი ცხადია, რომ სამრეკლო შეიცავს რამდენიმე სამშენებლო ფენას, ასევე ტაძრის ფრაგმენტებს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იგი მიწისძვრის შემდეგ იქნა აგებული. ამასვე ადასტურებს მალაქიას შემდეგი წარწერა: "სრულიად დაიქცა გალავანითა და შინაგან გარ-შენობითა და სამრეკლოთა ...".

ამდენად, ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის დასაწყისის ხუროთმოძღვრების პირმშოა, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი ნიშანი უკვე XIII ს-ის დამდეგს ჩნდება. ძირითადად მასში III სამშენებლო პერიოდი განირჩევა. აქვე გვხვდება უფრო ადრეული, კერძოდ, X საუკუნის და უფრო მოგვიანო, XVII საუკუნის ხუროთმოძღვრების ნიმუშებიც.

ცაიშის ტაძრის ფრესკული მხატვრობა და ნეკროპოლირედაქტირება

ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელი ფრესკული მხატვრობიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის კონქზე შესრულებული ღმრთისმშობლისა და მიქელ-გაბრიელის გამოსახულებები. ღმრთისმშობელი ფეხზე მდგომარეა, მას ყრმა იესო უჭირავს ხელში. მარიამის თვალები, სახის ნაკვთები და მდიდრული მოსასხამი ხაზს უსვამს მომხატველი ოსტატის ზომიერებისა და ჰარმონიის გრძნობას. ყრმა იესოს სახეში იკვეთება შეწითლებული ლოყები და მოყავისფრო ინტენსიური ჩრდილები.

ღმრთისმშობლის გამოსახულებებიდან ყურადღებას იპყრობს დასავლეთის მკლავის ცილინდრული კამარის მოხატულობა. აქ ცენტრალური ადგილი უკავია სფეროში ჩახატულ ღვთისმშობელს. მარიამის სახე სიმკაცრითა და ძალმოსილებით გამოირჩევა. მისი მუქი, მოყავისფრო-მოწითალო სამოსის მკვეთრი ნაკეცები ხაზს უსვამს მხატვრის რეალისტურ სტილს. ღმრთისმშობელს ორივე ხელი ზეაპყრობილი აქვს. საგულისხმოა ყრმა იესოს გამოსახულებაც; მიუხედავად იმისა, რომ იესო ღვთისმშობლის ფონზეა დახატული, მაინც კარგად იკვეთება მისი ფიგურა, რის ხელშემწყობ პირობადაც მძაფრი კონტურები, თეთრი სამოსი და ოქროს შარავანდი გვევლინება.

შესრულების საუკეთესო რეალისტური სტილით გამოირჩევა აღმოსავლეთ კარიბჭის თაღზე მოთავსებული ჩვენთვის უცნობი სცენა (სამი მამაკაცი მთაში). აქ ყურადღებას იქცევს ადამიანთა ფიგურებისა და სახეთა გამოსახვის მანერა. სცენის კოლორიტი რბილ, ზუსტად მიგნებულ ტონთა რიტმულ შეხამებაზეა აგებული. ახალგაზრდა სახეები შუქჩრდილებით არის გაცხოველებული, მთლიანად სცენა მშვიდია და სათუთხაზოვან რიტმშია შესრულებული.

ცაიშის ფრესკული მოხატულობიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ტაძრის სამხრეთ ნავში, ბოძის ქვედა რეგისტრზე გამოსახული ქტიტორები. პორტრეტები მეტად თუ ნაკლებად ფრაგმენტულია, წარწერა კი, სამწუხაროდ, სავსებით წაშლილია. ფრესკა ორ გამოსახულებას შეიცავს. მათგან აღმოსავლეთით მდებარე გვირგვინოსანი დედოფლის გამოსახულება უფრო მეტადაა შემორჩენილი. დედოფალს მდიდრული სამოსიდან გამოყოფილი მარჯვენა ხელი ოდნავ ზეაღმართული აქვს, თავზე ორნამენტებით შემკული გვირგვინი ახურავს. ორი დიდი ნაწნავი თითქმის მთელ სხეულზეა ჩამოშლილი. მაღალი ყელი, ფაქიზი ნაკვთები და დიდრონი თვალები დიდებული ქალის დახვეწილ ტიპს წარმოსახავს. დედოფლის მუქ შინდისფერ საკინძიან სამოსს ფრაგმენტულად შემორჩენილი ოქროსფერი მდიდრული მოსასხამი ამშვენებს, რომლის საყელოზეც საოცრად ნატიფი ორნამენტებია გამოსახული. დედოფლის ფიგურის პროპორციული სისწორე ოდნავ დარღვეულია თვალების, ყურების, თავის რამდენადმე გადიდებით, რაც გამოსახულების აღქმას აძლიერებს. დედოფლის დასავლეთით მოთავსებული მამაკაცის ფიგურა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. მას აღმოსავლური ტიპის საკმაოდ მაღალი მოყავისფრო ქუდი ახურავს, რომელიც გეომეტრიული უჯრედებითაა გაფორმებული. ქართული ხელოვნებისათვის ნიშანდობლივი ნუშისმაგვარი თვალები, შავი წარბ-ულვაში და სწორი ცხვირი პორტრეტს ლირიულ იერს სძენს.

 
ცაიშის ტაძრის წინამძღვრის,ეპარქიის მოღძვართ-მოძღვრის, დეკანოზის ამირან შენგელიას საფლავი ცაიშის საკათედრო ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან

უცნობია გამოსახულ ქტიტორთა ვინაობა. წარწერები სავსებით წაშლილია, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში ნაწილობრივ შეიძლება დაგვეხმაროს ტაძრის მოხატვის პერიოდი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცაიშის კათედრის მოხატვა 1616 წელს უნდა დაწყებულიყო, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ აქ იმდროინდელი სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657) და დედოფალი ნესტან-დარეჯანი დაეხატათ.

ლევანი და ნესტან-დარეჯანი მსგავსი ჩაცმულობით წარმოგვიდგება კორცხელის რელიეფურ ხატზე. აქ ყურადღებას იქცევს ნესტანის ისეთივე ჩამოშლილი ნაწნავები, როგორც ფრესკაზე და ლევანის აღმოსავლური ტიპის ქუდი. პატრონიკეში შემორჩენილი მხატვრობიდან გამოვყოფთ წმინდა გიორგის წამების ორ სცენას: პირველზე ასახულია გიორგის მახვილით წამების სცენა. მხატვარს ფერთა საშუალებით გადმოცემული აქვს მოქმედ პირთა ხასიათი. მწვანე პერანგითა და წითელი მოსასხამით შემოსილი ხელაპყრობილი გიორგი დგას ჭაბუკებს შორის, რომლებიც მას მახვილს სცემენ. წმინდანის ნათელ სახეს შარავანდი აცისკროვნებს, მოძალადეთა სახეები კი მუქი ფერებითაა შესრულებული, მათი სამოსელი მოყავისფროა. ფერთა ასეთი განაწილება კარგად ასახავს როგორც მოქმედ პირთა ხასიათს, ასევე მთელი სცენის იდეურ შინაარსს.

წმინდა გიორგის ფრესკული გამოსახულების საპირისპიროდ პატრონიკეს აღმოსავლეთ კედელზე მოთავსებულია მაცხოვრის წელზედა დიდი ზომის ფრესკა. მოხატულობას დინამიკურ იერს ანიჭებს ლურჯ და მუქ ოქროსფერთა მონაცვლეობა. იესოს სახის რბილი მოდელირება შემსრულებლის ოსტატობაზე მეტყველებს. მაცხოვრის სახის გამომეტყველება მშვიდი და შთაგონებულია.

ამრიგად, შესრულების მანერით, იკონოგრაფიული და სტილისტური ნიშნებით ცაიშის მოხატულობას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა მიენიჭოს XVII საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს შორის.

ცაიშის ტაძარი XIV საუკუნეში დადიანთა საგვარეულოს საძვალე იყო. დადიანთა გარდა, როგორც ჩანს, აქ იკრძალებოდნენ ცნობილი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეები. ცაიშის ნეკროპოლი შეუსწავლელია. ბევრმა საფლავმა ჩვენამდე ვეღარ მოაღწია. დღეს ტაძრის შიგნით 6 საფლავია შემორჩენილი. რომლებიც ეკუთვნის დავით დადიანის შვილებს მართას, ნინასა და ალექსანდრეს, "უგანათლებულეს თავად" კონსტანტინე დადიანს.

ცაიშის მონასტერში დაკრძალული ყოფილა უკანასკნელი მიტროპოლიტი გრიგოლ ჩიქოვანი. მისი საფლავი უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს. მეცნიერი არ მიუთითებს, სად განისვენებდა ეს იერარქი ტაძარში თუ ეზოში. დღეს მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.

ცაიშის სამრეკლოს სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში შემორჩა სამარის ქვა ასომთავრული წარწერით:

  1. ესე (არ)ს განსას[უე]
  2. (ნ)ებელი ჩემი [და]
  3. (მ)ას დავემკვიდ[რო]
  4. რამეთუ მთნავს.

ამ წარწერის შინაარსიდან ბევრი ვერაფერი ირკვევა. სავარაუდოა, რომ იგი ეკვდერში იყო მოთავსებული და პალეოგრაფიული ნიშნებით XIII-XIV სს. განეკუთვნება, მაგრამ ვის ეკუთვნოდა წარწერა, ჯერჯერობით უცნობია. ეს ტექსტი არის 131-ე ფსალმუნის მე-14 მუხლი. მსგავსი შინაარსის წარწერა გვხვდება გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზე, სადაც ნათქვამია:"ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს მასს დავემკვიდრო მე". ცაიშში ასევე დაკრძალული ყოფილა ლევან V დადიანის სიძე, მანუჩარ შარვაშიძე. ნიკო დადიანის თქმით, იგი აფხაზეთში მოკლეს. დატირების "შემდგომად მოვასვენეთ ეკლესიასა ცაიშს და დავმარხეთ მუნ შესაფერისა პატივითა".

ამდენად, როგორც ზემოთქმულიდან ცხადია, ცაიშის ნეკროპოლი საინტერესო ისტორიული ძეგლია, მაგრამ ბევრი საფლავი დაიკარგა, ზოგიერთზე კი წარწერები აღარ იკითხება.

ლიტერატურარედაქტირება

  • გ.კალანდია "ოდიშის საეპისკოპოსოთა ისტორია" (ცაიში, ბედია, მოქვი, ხობი). თბ. 2004

სქოლიორედაქტირება

  1. ცაიშის საეპისკოპოსო, აბესალომ ტუღუში, გამომცემლობა "ორნატი", ზუგდიდი, 2001 წელი, გვ. 36.
  2. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოისა, წიგნში ქართლის ცხოვრება, ტ IV, თბ, 1973, გვ. 773
  3. პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, ნაკვ. II, ტექსტები. თბ. 1941, გვ 7, სვანეთის წერილობითი ძეგლები, I. ისტორიულიო საბუთები და სულთა მატიანეები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო–საცნობარო აპარატი დაურთო ვ. სილოგვამ, თბ. 1986, გვ. 111
  4. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, ტ. III, თბ. 1973, გვ. 173
  5. Жузе, Грузия в 17 столетий по изабражению патриарха Макариа, Казан, 1905, стр 42
  6. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოისა, წიგნში ქართლის ცხოვრება, ტ IV, თბ, 1973, გვ. 778