კლემენტინა ორლეანელი
კლემენტინა ორლეანელი (ფრანგ. Clémentine d'Orléans, ბულგ. Клементина Орлеанска; დ. 6 მარტი, 1817, ნუილი, საფრანგეთის სამეფო — გ. 16 თებერვალი, 1907, ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალიას ქალიშვილი. ბულგარეთის ცარ ფერდინანდ I-ის დედა.
კლემენტინა ორლეანელი | |
---|---|
სრული სახელი
მარია კლემენტინა ლეოპოლდინა კაროლინა კლოტილდა | |
წოდებები
საქსენ-კობურგ-გოთას პრინცესა | |
დაიბადა |
6 მარტი, 1817 ნუილი, საფრანგეთი |
გარდაიცვალა |
16 თებერვალი, 1907, (89 წლის) ვენა, ავსტრია |
საგვარეულო | ორლეანები |
მეუღლე(ები) |
ავგუსტ საქსენ-კობურგ-გოთელი (ქ. 1843 - გარდ. 1881) |
შვილ(ებ)ი | ფერდინანდ I, ბულგარეთის ცარი |
მამა | ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე |
დედა | მარია ამალია ნეაპოლელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაპრინცესა კლემენტინა დაიბადა 1817 წლის 6 მარტს შატო დე ნუილიში, პარიზიდან მოშორებით მდებარე პატარა ქალაქ ნუილიში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპისა და მისი ცოლის, მარია ამალია ნეაპოლელის მეექვსე შვილი და მეოთხე ქალიშვილი. დაბადებისას მას მადმუაზელ დე ბეჟოლეს წოდება მიანიჭეს, თუმცა მალევე ეს ორლეანის პრინცესობით შეუცვალეს. უკვე 1830 წელს, ივლისის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთის მეფე მამამისი, ლუი ფილიპ I გახდა და კლემენტინასაც საფრანგეთის პრინცესის წოდება მიენიჭა.
როგორც მეფის ასული, კლემენტინა კარგ განათლებას იღებდა. ცნობილია, რომ მას ისტორიას რადიკალი ისტორიკოსი, ჟიულ მიშლე ასწავლიდა, რომელიც მას ძირითადად საფრანგეთის რევოლუციის „დიდებულებასა“ და მნიშვნელობაზე ესაუბრებოდა ხოლმე.
ქორწინება
რედაქტირებაროდესაც წამოიზარდა, მისმა მშობლებმა კლემენტინას საქმროს ძებნა მთელ ევროპაში დაიწყეს. 1836 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლემენტინა თავის ბიძაშვილს, ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ს გაჰყვებოდა ცოლად, მას შემდეგ რაც მისი გლოვის დრო (ფერდინანდის ცოლი, დედოფალი მარია კრისტინა 1836 წელს დაიღუპა) გავიდოდა.
ამასობაში, კლემენტინას დის ქმარმა, ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-მა წამოჭრა მისი და თავისი ძმისწულის, პრინც ავგუსტ საქსენ-კობურგ-გოთელის ქორწინების იდეა, რომელსაც მჭირდო ნათესაური კავშირი ჰქონდა ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრია-უნგრეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ბრაზილიისა და მექსიკის სამეფო ოჯახებთან. იმავდროულად, 1840 წლის აგვისტოში ავგუსტის ბიძაშვილმა, პრინცმა ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელმა ცოლად შეირთო დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია, რამაც მისი, როგორც მომავალი სასიძოს პრესტიჟი, ცხადია, გაზარდა.
1843 წლის 24 თებერვალს ვენაში საფრანგეთის ელჩმა შარლ ჟოზეფ დე ფლაომ ხელი მოაწერა კლემენტინასა და ავგუსტის საქორწინო კონტრაქტს. ამ შემთხვევაში იგი კლემენტინას ოფიციალური წარმომადგენელი იყო. იმავე წლის აგვისტოში ხელშეკრულებას ხელი ავგუსტის წარმომადგენელმაც, ბელგიის ელჩმა ბარონმა სალივანმაც მოაწერა.
უშუალოდ ქორწინებამდე, პრინცი მეტერნიხის შეთავაზებით, წყვილი ერთად გადავიდა საცხოვრებლად ვენაში. მეტერნიხის აზრით, ასე უკეთ გაიგებდნენ, თუ რამდენად მოახდენდა კლემენტინა ადაპტირებას ვენის საიმპერატორო კარზე. კიდევ ერთი საკითხი ის იყო, თუ რა წოდება ექნებოდა მას ქორწინების შემდეგ. ავსტრიელთა პასუხი იყო, რომ ვენის კარზე ისინი მას აღიარებდნენ ბურბონთა სამეფო დინასტიის პრინცესად, თუმცა „მისი სამეფო უდიდებულესობით“ არ მოიხსენიებდნენ, რამეთუ იგი არ იყო საიმპერატორო ოჯახის წევრის მეუღლე. ფრანგებს ეს პირობები არ მოეწონათ, ამიტომაც გადაწყდა, რომ პრინცი ავგუსტი უნდა გადასულიყო საცხოვრებლად საფრანგეთში. აქ იგი შეწყვეტდა ავსტრიის სამხედრო სამსახურში მსახურებას და საფრანგეთისაში გადავიდოდა, თუმცა წოდებები კვლავ ავსტრიული ექნებოდა.
ამრიგად, 1843 წლის 20 აპრილს შატო დე სენ-კლოდში პრინცესა კლემენტინა და პრინცი ავგუსტი დაქორწინდნენ. მათ ქორწინებას მრავალი ევროპელი მონარქი დაესწრო. წყვილს ქორწინებაში სულ ხუთი შვილი შეეძინა.
1848 წლის რევოლუცია და შემდეგ
რედაქტირება1848 წელს საფრანგეთში კიდევ ერთი რევოლუცია მოხდა, რომლის დროსაც კლემენტინას მამის მმართველობა დაემხო და ქვეყნის სათავეში ისევ ბონაპარტები მოვიდნენ. ორლეანელთა სამეფო ოჯახი ახალმა მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა, თუმცა მანამ, სანამ ახალ თავ შესაფარს იპოვნიდნენ, კლემენტინა და მისი ქმარი ვერსალში გაჩერდნენ. ამის შემდეგ ისინი მატარებლით გაემგზავრნენ და ყოფილ მეფე ლუი ფილიპს შეუერთდნენ ემიგრაციაში, დიდ ბრიტანეთში. მათ ლონდონში არც ისე დიდი ხანი დაჰყვეს და მალევე გაემგზავრნენ გერმანიაში, ავგუსტის მშობლიურ კობურგში. სულ მალე მათ კობურგიც დატოვეს და ვენის საიმპერატორო კარზე გადავიდნენ, სადაც ავგუსტმა აღიდგინა ძველი პოზიციები.
ავსტრიიდან კლემენტინა აქტიურ ანტიბონაპარტისტულ კამპანიას აწარმოებდა, რათა საფრანგეთში ორლეანელთა მმართველობა აღედგინა. მან უარი განუცხადა ნაპოლეონ III-ს შეთავაზებულ 200,000 ფრანკზე, რის სანაცვლოდაც იგი კლემენტინასაგან მემკვიდრეობის უარყოფას ითხოვდა.
1851 წელს კლემენტინა კვლავ ჩავიდა დიდ ბრიტანეთში, სადაც იგი დედოფალმა ვიქტორიამ მიიღო. თუმცაღა, ვიქტორიას ეშინოდა, რომ ფრანგი პრინცესის დიდ ხანს შეფარება საფრთხეს უქმნიდა მის ისედაც იმ პერიოდში არასტაბილურ მმართველობას, ამიტომაც კლემენტინა იძულებული გახდა ლონდონი დაეტოვებინა, რის შემდეგაც ცოტა ხნით ესპანეთში ჩავიდა, შემდეგ კი ისევ ვენას დაუბრუნდა.
მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ, 1881 წლის 26 ივლისს, 63 წლის ასაკში კლემენტინას ქმარი, პრინცი ავგუსტი გარდაიცვალა. ამის შემდეგ კლემენტინამ კიდევ თითქმის 30 წელს იცოცხლა, თუმცა მეორედ აღარ გათხოვილა.
ბულგარეთის მთავრის არჩევნები
რედაქტირებადაქვრივების შემდეგ კლემენტინამ გააანალიზა, რომ დედოფალი ვერასოდეს გახდებოდა, ამიტომაც მან მთელი თავისი ძალისხმევა იმაში ჩადო, რომ პრინცი ფერდინანდი, თავისი საყვარელი შვილი, მეფედ ექცია. მას მიაჩნდა, რომ როგორც ლუი ფილიპ I-ის შვილიშვილს, მის ვაჟს მეფობა ეკუთვნოდა, ხოლო რომელი ქვეყნის, ეს უკვე მეორე ხარისხოვანი იყო.
ამ მიზნის მისაღწევად კლემენტინამ ფერდინანდი მრავალმხრივი განათლებით უზრუნველყო. პრინცი ფერდინანდი თავისუფლად ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, კარგად ერკვეოდა ხელოვნებაში, პოლიტიკაში და ინტერესდებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითაც. კლემენტინას აზრით, ეს თვისებები მის ვაჟს „შესანიშნავ ხელმწიფედ“ აქცევდა.
მას შემდეგ, რაც რამდენიმესაუკუნიანი დუმილის შემდეგ ბულგარეთმა ოსმალეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ბულგარელებმა თავიანთი მთავრის არჩევნები გამოაცხადეს, კლემენტინა ერთობ გააქტიურდა. იგი ყველანაირად ეცადა, რომ ფერდინანდი ბულგარეთის მთავარი გამხდარიყო.
1887 წლის 7 ივლისს ფერდინანდ I ბულგარეთის მთავარი ხდება, თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა. იგი აქტიურად ცდილობდა, რომ სხვა ევროპელი მონარქების მხრიდან თავისი ვაჟის ბულგარეთის სუვერენულ მმართველად აღიარება მოეპოვებინა. ცხადია, მათმა ნათესავებმა, რომლებიც ავსტრია-უნგრეთს, ბელგიას, დიდ ბრიტანეთს, ესპანეთსა და პორტუგალიას მართავდნენ, მაშინვე სცნეს იგი სუვერენად, თუმცა სხვა ქვეყნების შემთხვევაში არც ისეთი მარტივი სიტუაცია იყო. საბოლოოდ, კლემენტინამ მოახერხა და მოიპოვა გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ისა და ოსმალეთის სულთან აბდულჰამიდ II-ის აღიარებებიც.
იმავდროულად, კლემენტინამ გამონახა დრო, რომ ფერდინანდის სამეფო გვირგვინზეც ეზრუნა. ვინაიდან ბულგარეთის წინა მეფეთა გვირგვინი უბრალოდ აღარ არსებობდა, ახლის ჩამოსხმა იყო საჭირო. მისი ბრძანებით ფერდინანდისათვის დაამზადეს ერთობ დიდი და ძვირფასი სამეფო გვირგვინი, თუმცაღა, შემდეგში თავად ფერდინანდმა მის დიზაინში არაერთი ძირეული ცვლილება შეიტანა.
კლემენტინა ბულგარეთში
რედაქტირებამთავრად არჩევის შემდეგ კლემენტინა თავის ვაჟს ბულგარეთში გაჰყვა. როგორც ახალი სუვერენის დედა, კლემენტინა თავის ახალი სამშობლოში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მდიდარმა კლემენტინამ აქ პოპულარობა მალევე მოიპოვა, რამეთუ იგი ქონებას არ იშურებდა ქვეყნისათვის. მან ოთხი მილიონი ფრანკი გაიღო ბულგარეთის სარკინიგზო ხაზის ასაგებად, რომელიც ბულგარეთს უკვე მთელს ევროპასთან აკავშირებდა. იგი მიიჩნევდა, რომ მისი საქველმოქმედო საქმიანობა დადებითად აისახებოდა ფერდინანდის იმიჯზე. ამისათვის მან არაერთი საქველმოქმედო ფონდი დააარსა და ააშენა სკოლები, საავადმყოფოები ასევე უსინათლოთა და სმენადაქვეითებულთა სკოლა. მალევე კლემენტინა გახდა ბულგარეთის წითელი ჯვრის ერთ-ერთი დამაარსებელიც.
ამ ყველაფერთან ერთად, ბულგარეთში მას ქედმაღალი ქალის სახელიც ჰქონდა, რამეთუ იგი ყველას ზიზღით უყურებდა, ვინც სამეფო წარმომავლობისა არ იყო. თუმცაღა, იგი მაინც ახერხებდა ბულგარელი დიდებულების გაოცებას თავისი „სხარტი და ენამახვილი“ იუმორით. ცნობილია ისიც, რომ თურქულ ყაიდაზე გადასული ბულგარელები კლემენტინამ აზიარა დასავლურ კულტურას და სწორედ მან ასწავლა მათ დანა-ჩანგლის ხმარება.
ცნობილია, რომ ამ პერიოდში კობურგში ვიზიტისას კლემენტინა თავის ძველ მეგობარს, დედოფალ ვიქტორიას შეხვდა, რომელიც თავის გერმანელ ნათესავებს სტუმრობდა და მასთან ერთად ისადილა კიდეც.
როგორც ამბობდნენ, იგი იყო „ერთ-ერთი უჭკვიანესი ქალი მთელს ევროპაში“. კლემენტინა ცნობილი იყო თავისი „გამჭრიახი გონებით, მას გასაოცრად ესმოდა ევროპული პოლიტიკა და კარგი დიპლომატიური ალღო ჰქონდა“. ცნობილია, რომ იგი ფერდინანდს ხშირად აგზავნიდა საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებში, რათა ყველას გაეგო, თუ ვინ იყო „ბულგარეთის ნამდვილი მმართველი“.
პრინცესა კლემენტინა ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა ფერდინანდის ქორწინების საკითხს. როგორც ცნობილია, იგი თავიდან მის დაქორწინებას თავისი ძმის შვილიშვილზე, პრინცესა ელენ ორლეანელზე ცდილობდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. საბოლოოდ, 1893 წლის 20 აპრილს კლემენტინამ მოახერხა და ფერდინანდი დააქორწინა პრინცესა მარია ლუიზა დე ბურბონ-პარმელზე, პარმის, პიაჩენცისა და გუასტალის ჰერცოგ რობერტო I-ისა და პრინცესა მარია პია დე ბურბონ-სიცილიელის უფროს ქალიშვილზე, რომელიც აგრეთვე ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ზიტა დე ბურბონ-პარმელის და იყო.
1896 წელს ცნობილი გახდა, რომ კლემენტინამ ფერდინანდთან „ურთიერთობა გაწყვიტა“. ამის მიზეზი ის იყო, რომ ფერდინანდმა თავისი ვაჟები მართლმადიდებლებად მონათლა, კლემენტინას კი სურდა, რომ თავისი შვილიშვილები კათოლიკური წესებით აღზრდილიყვნენ. მის აზრს იზიარებდა მისი რძალიც, თუმცა მათ ვერაფერი გააწყვეს. 1899 წელს მარია ლუიზა პნევმონიით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მათი შვილების აღზრდაზე პასუხისმგებლობა კლემენტინამ აიღო თავის თავზე. სწორედ ამის შემდეგ შერიგდა საბოლოოდ დედა-შვილი.
1903 წელს კლემენტინა თავის შვილიშვილთან, კრონპრინც ბორისთან ერთად მიემგზავრებოდა სერბეთში, რა დროსაც მათი მატარებელი მეორეს შეეჯახა. კლემენტინამ მსუბუქი ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა ისიც და ბორისიც გადარჩნენ.
ასაკის მატებასთან ერთად კლემენტინას სულ უფრო უქვეითდებოდა სმენა, რის გამოც იგი თანდათან დამოკიდებული ხდებოდა გარშემომყოფებზე, რომელთაც იგი ყოველთვის „უფრო ხმამაღლა“ საუბარს სთხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე გადაბიჯებული ჰქონდა ოთხმოცი წლისთვის, კლემენტინა ხშირად მიემგზავრებოდა პარიზში, რომელიც თავიდან მას ტკივილს აყენებდა, რამეთუ 48 წლის რევოლუციას ახსენებდა, თუმცა საბოლოოდ ეს დაავიწყდა და იქ მხოლოდ მოდის ახალი ტენდენციების შესასწავლად დადიოდა.
გარდაცვალება და დაკრძალვა
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ იგი მოესწრო საერთაშორისო დონეზე ფერდინანდის ბულგარეთის მთავრად ცნობას, კლემენტინა სულ ერთი წლით ადრე გარდაიცვალა, სანამ მისი ოცნება ახდებოდა: მისი ვაჟი ბულგარეთის მეფე (იგივე ცარი) გახდა.
1898 წლის თებერვალში კლემენტინას ფილტვების ანთება ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ გადაიტანა, მისი ჯანმრთელობა სერიოზულად შეირყა ამის შემდეგ. 1907 წელს იგი გრიპით დაავადდა და მისი ასაკის გათვალისწინებით, იგი თავადვე შიშობდა, რომ ამას ვეღარ გაუძლებდა. როგორც ამბობდნენ, კლემენტინას გრიპმა გაუარა, თუმცა საგრძნობლად დასუსტდა.
კლემენტინა ორლეანელი 1907 წლის 16 თებერვალს, ვენაში გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს კობურგში, მისი ქმრის გვერდით. მეორე წელს, 1908 წელს ფერდინანდი მეფე ხდება და მეორე ცოლსაც ირთავს.
შვილები
რედაქტირებასახელი | სურათი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ფილიპე | 28 მარტი, 1844 | 3 ივლისი, 1921
(77 წლის) |
საქსენ-კობურგისა და გოთა-კოჰარის დინასტიის მეთაური. ცოლად შეირთო პრინცესა
ლუიზა ბელგიელი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. | |
ლუდვიგ
ავგუსტი |
8 აგვისტო, 1845
ო, საფრანგეთი |
14 სექტემბერი, 1907
(62 წლის) |
საქსენ-კობურგისა და გოთას პრინცი, საქსონიის ჰერცოგი. ცოლად შეირთო პრინცესა
ლეოპოლდინა ბრაზილიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი ვაჟი. | |
კლოტილდა | 8 ივლისი, 1846 | 3 ივნისი, 1927
(80 წლის) |
ცოლად გაჰყვა ერცჰერცოგ იოზეფ კარლ ავსტრიელს, რომელთანაც შეეძინა შვიდი
შვილი, მათ შორის ორლეანის მომავალი ჰერცოგინია. | |
ამალია | 23 ოქტომბერი, 1848 | 6 მაისი, 1894
(45 წლის) |
ცოლად გაჰყვა ბავარიის ჰერცოგ მაქსიმილიან ემანუელს, რომელთანაც შეეძინა
სამი ვაჟი. | |
ფერდინანდი | 26 თებერვალი, 1861 | 10 სექტემბერი, 1948
(87 წლის) |
ბულგარეთის ცარი 1887-1918 წლებში. ცოლად შეირთო მარია ლუიზა დე ბურბონ-
პარმელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის ცარი ბორის III. დაქვრივების შემდეგ მეორედ დაქორწინდა ელეონორა როის ცუ კოისტრიცზე, თუმცა მასთან შვილები აღარ ჰყოლია. |
ტიტულები და წოდება
რედაქტირება- 6 მარტი, 1817 - 6 მარტი, 1817: მისი მოწყალე უმაღლესობა მადმუაზელ დე ბეჟოლე;
- 6 მარტი, 1817 - 20 აპრილი, 1843: მისი სამეფო უმაღლესობა პრინცესა კლემენტინა ორლეანელი;
- 20 აპრილი, 1843 - 16 თებერვალი, 1907: მისი სამეფო უმაღლესობა კლემენტინა, საქსენ-კობურგისა და გოთას პრინცესა, საქსონიის ჰერცოგინია;
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Aronson, T. (1986) Crowns in conflict: the triumph and the tragedy of European monarchy, 1910–1918, J. Murray, London. ISBN 0-7195-4279-0.
- Barman, R. (2002) Citizen Emperor: Pedro II and the Making of Brazil, 1825–1891, Stanford University Press. ISBN 0-8047-4400-9.
- Constant, S. (1979) Foxy Ferdinand, 1861–1948, Tsar of Bulgaria, Sidgwick and Jackson, London. ISBN 0-283-98515-1.
- de Saint-Amand, I. (1895) The Revolution of 1848, Charles Scribner's Sons, New York.
- Ilchev, I., Kolev, V. & Yanchev, V. (2005) Bulgarian parliament and Bulgarian statehood, St. Kliment Ohridski University Press, ISBN 954-07-2197-0.
- Jobson, D. (1848) Career of Louis-Philippe: with a full account of the late revolution, E. Churton.
- Longford, E. (1987) Victoria R.I., George Weidenfeld & Nicolson Ltd, London. ISBN 0-297-17001-5.
- Mansel, P. (2001) Paris Between Empires, Phoenix, London. ISBN 1-84212-656-3.
- Princess Catherine Radziwill (1916, reprinted 2010) Sovereigns and Statesmen of Europe, Get Books, ISBN 1-4455-6810-1.