ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეკატერინა ლაგნო(უკრ. Катерина Олександрівна Лагно, რუს. Екатерина Александровна Лагно; დ. 27 დეკემბერი, 1989, ლვოვი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი და რუსი მოჭადრაკე, დიდოსტატი. უკრაინის დამსახურებული სპორტსმენი, ევროპის ქალთა ორგზის ჩემპიონი, ქალთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ბლიცში და ერთგზის სწრაფში. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადის, მსოფლიოს და ევროპის გუნდური ჩემპიონატების გამარჯვებული. ევროპის ვიცე-ჩემპიონი ქალთა ბლიცში.

კატერინა ლაგნო.
ეკატერინა ალეკსანდროვნა ლაგნო

კატერინა ლაგნო 2013 წელი, ჟენევა. ქალთა ფიდეს გრან-პრი.
ქვეყანა (სპორტი)

უკრაინის დროშა უკრაინა,

რუსეთის დროშა რუსეთი(2014-დან)
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1989 (1989-12-27) (34 წლის)
დაბადების ადგილი ლვოვი, უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2007)
ფიდე რეიტინგი 2336 (თებერვალი 2021)[1]
მაქსიმალური რეიტინგი 2499 (დეკემბერი 2018)
ჯილდოები და პრემიები Order of Princess Olga, 2nd class, მთავრის ცოლ ოლღას III ხარისხის ორდენი, Medal of the Order "For Merit to the Fatherland", 1st class და მეგობრობის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კატერინა ლვოვში დაიბადა და ჭადრაკის თამაში 2 წლისამ ისწავლა. 2000 წელს კრამატორსკში გადავიდნენ, ხოლო მოგვიანებით დონეცკში. ტურნირებზე გამოსვლა პატარაობიდანვე დაიწყო და უკრაინის 10-წლამდელ გოგონებში სამჯერ იჩემპიონა. 1997, 1998 და 1999 წლებში. შემდედ 12 წლამდელ გოგონებში გადაინაცვლა და იქაც უკრაინის ჩემპიონობა სამჯერ გაიფორმა: 1999, 2000 და 2001 წლებში. 10 წლამდელ გოგონათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოროპესა დელ მარში ოქრო მოიგო, ხოლო 2001-ში კალითეაში 14 წლამდელ გოგონებში ევროპის ჩემპიონი გახდა. ამდენი წარმატებების ფონზე ფიდემ 12 წლისა და 4 თვისას ქალთა შორის დიდოსტატის წოდება მიანიჭა, რითაც ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი გახდა, ვინც ამ ასაკში ეს წოდება მიიღო და გინესის რეკორდების წიგნშიც დაიმკვიდრა ადგილი. 2003-ში მანდილოსნებში გახდა დიდოსტატი. 2004 წელს მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატზე გამოვიდა და მესამე რაუნდამდე მივიდა. 2005 წელს კიშინიოვში ქალთა ევროპის ჩემპიონატზე 15 წლისამ ოქრო მოიგო. მომდევნო წელს კრასნოტურინსკში ქალთა დიდი ტურნირი, ჩრდილოეთ ურალის თასი მოიგო და დიდოსტატის ნორმაც შეასრულა. იმავე წელს უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზეც იჩემპიონა და 2007-ში ფიდემ 17 წლისას დიდოსტატის წოდება მიანიჭა. 2008-ში პლოვდივში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი ქალთა შორის. 2009-ში, რუსული კლუბის „სპარტაკის“ შემადგენლობაში ჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი ევროპის საკლუბო თასი მოიგო. 2010-ის აგვისტოში მანდილოსნებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ბლიცში, ხოლო 2011-ში ვეიკ-ან-ზეში Tata Steel Chess Tournament-ის C ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და B ჯგუფის საგზურიც მოიპოვა. 2012-ში ამავე ტურნირზე B ჯგუფში, 14 მოჭადრაკეს შორის მე-11 იყო. 2012-ში პეკინში მსოფლიოს ინტელექტუალურ თამაშებზე (SportAccord World Mind Games) ლანგო ქალთა სწრაფ ჭადრაკში პირველზე გავიდა ხოუ იფანთან, ჰამპი კონერუსან და ანა მუზიჩუკთან ერთად. ტაი-ბრეიკში უკრაინელი საუკეთესო იყო და გამარჯვებულიც გახდა. 2014-ში აპრილში ხანტი-მანსიისკში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბლიცში იასპარეზა, 15-დან 10,5 ქულა დააგროვა და რუს ალეკსანდრა კოსტენიუკთან ერთად პირველზე გავიდა, თუმც ტაი-ბრეიკში აჯობა და ჩემპიონიც გახდა. მანამდე ერთი თვით ადრე გავრცელდა ინფორმაცია რომ ლაგნომ რუსეთის მოქალაქეობაზე შეიტანა განცხადება.[2] უკრაინის ჭადრაკის ფედერაციამ პროტესტი გამოთქვა, თუმც ფიდემ 11 ივლისს ლაგნოს რუსეთის სახელით გამოსვლის ნება დართო. მოჭადრაკემ აღნიშნა რომ პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია და იგი ნახევრად რუსია.[3]

უკრაინის ქალთა ნაკრები

რედაქტირება

უკრაინის ქალთა ნაკრებში ოლიმპიადაზე პირველად 2004 წელს მესამე დაფაზე იასპარეზა. პირველი მედალი კი ორი წლის შემდეგ ტურინში აიღო. ლაგნო მეორე დაფაზე იჯდა და ნაკრებს ოქროს მედალი მოაგებინა, თავის დაფაზე კი შედეგით მეორე იყო მცირე ვერცხლი აიღო. მას შემდეგ ეკატერინა უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე კიდევ ოთხჯერ გამოვიდა და სულ პირველ დაფაზე თამაშობდა. გუნდური ვერცხლი აიღეს დრეზდენში 2008-ში, ხოლო 2012-ში ბრინჯაო. პირველ დაფაზე აქაც იყოჩაღა და ინდივიდუალური ბრინჯაო დაისაკუთრა. უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ორი სანაკრებო და სამიც ინდივიდუალური მედალი აქვს. 2005 წელს გეტებორგში ნაკრები მეხუთეზე გავიდა, თვითონ კი მეორე დაფაზე მცირე ბრინჯაო აიღო, 2009-ში ნოვო სადში პირველ დაფაზე აინაცვლა და ნაკრებთან და ინდივიდუალურად ბრინჯაოები აიღო. 2013-ში ვარშვაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, თვითონ კი პირველ დაფაზე შედეგებით მესამე იყო. მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2007-ში ეკატერინბურგში პირველ დაფაზე მოთამაშემ გუნდური ბრინჯაო მოიგო. 2013-ში ასტანაში ჩემპიონი გახდა და პირველ დაფაზე მცირე ვერცხლიც აიღო.

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები

რედაქტირება

2004 წელს მეხუთე ნომერი იყო და ორი ეტაპი გადალახა. ჯერ პერუელი ლუჩიანა მორალეს მენდოზა 1,5:0,5, შემდეგ ეკატერინა პოლოვნიკოვა (ატალიკი) 4:3 ჩამოიცილა, მაგრამ მესამეში, რუს ეკატერინა კოვალენსკაიასთან დამარცხდა 1,5:2,5.

ეკატერინბურგში მეშვიდე ნომრად იყო განთესილი და პირველივე ეტაპიდან გამოვარდა პერუელ კარენ ზაპატასთან 0,5:1,5.

მეოთხედფინალამდე მივიდა ანთაქიაშიც. თურქეთში მე-11 ნომრად იყო განთესილი და პირველ ეტაპზე მასპინძელი კუბრა ოზთურკი ჩამოიცილა გზიდან 0,5:1,5. მეორეში უნგრეთის სახელით მოასპარეზე ჰოან თან თრანი დაამარცხა 3:1, შემდე ჩინელი ჰუან ქიანი და ბოლოს ასევე ჩინელ ხოუ იფანთან დამარცხდა 0,5:1,5.

ხანტი-მანსიისკში მე-5 ნომრად იყო და ერთი ეტაპი გადალახა. პირველ მატჩში ეგვიპტელი მონა ხალედი დაამარცხა 2:0 და მეორეში ქართველ ლელა ჯავახიშვილთან დამარცხდა 0,5:1,5.

ფინალში ითამაშა 2018-ში. ჩემპიონატი ხანტი-მანსიისკში ჩატარდა, ლაგნო რეიტინგით მესამე იყო და რუსეთის სახელით გამოვიდა. პირველ ეტაპზე სამხრეთ აფრიკელი ჯესი ნიკი ფებრუარი დამარცხა 2:0, შემდეგ ჰოან თან თრანი 3:1, მესამეში უკვე „თანამემამულე“ ნატალია პოგონინა 5:4, მეოთხეში ჩინელი ლიე ტინგჟიე 2:0, მეხუთეში უკრაინელი მარია მუზიჩუკი 3:1 და ფინალში მოქმედ ჩემპიონს ჩინელ ჟუ ვენჟუნს დაუპირისპირდა. რეგლამენტით ოთხი პარტია იყო სათამაშო. პირველი ეკატერინამ შავებით ყაიმით დაასრულა და მეორე თეთრებით მოიგო. მესამე შავებით ისევ ყაიმით დაასრულა და თეთრებით წააგო. დაინიშნა სფრაფი პარტიები. პირველი ორი ყაიმით დასრულდა, მომდევნო ორი კი ჩინელმა მოიგო და ლაგნო პრესტიჟული ტიტულის გარეშე დატოვა. ფინალისთვის კატერინამ 30 ათასი დოლარი მიიღო.

მოთამაშეები 1 2 3 4 R1 R2 R3 R4 შედეგი
1 კატერინა ლაგნო   რუსეთი 0,5 1 0,5 0 0,5 0,5 0 0 3
2 ჟუ ვენჟუნი   ჩინეთი 0,5 0 0,5 1 0,5 0,5 1 1 5
 
კატერინა და ჟუ ვენჟუნი ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში.2018

ფიდეს ქალთა გრან-პრი

რედაქტირება

2011-დან ფიდეს ქალთა გრან-პრის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას, რომელთა გამარჯვებულებიც 2019 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულისთვის შეერკინებოდა. 2011–2012 წლებში ოთხ ტურნირზე გამოვიდა და 24 ქალში მეხუთეზე გავიდა. 2013–2014 წლების ტურნირი უკრაინის სახელით დაიწყო და რუსეთის სახელით დამთავრა, საბოლოოდ კი 22 ქალში მეშვიდე იყო.

რუსეთის მოქალაქეობა

რედაქტირება

რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 2014 წელს ტრომსოს ოლიმპიადაზე დამოვიდა, პირველ დაფაზე იჯდა და გუნდური ოქრო მოიგო. იასპარეზა ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში და ოქრო მოიგო. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე სამჯერ იასპარეზა, მეორე დაფაზე იჯდა და სამივეჯერ ჩემპიონი გახდა. 2015, 2017 და 2019 წლებში. 2017-ში საკუთარ დაფაზეც საუკეთესო იყო და ინდივიდუალური ოქროც მიიღო. ორჯერ იასპარეზა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე. 2017-შ ხანტი-მანსიისკში მეორე დაფაზე მოთამაშემ გუნდური ოქრო მოიგო და პირადულში ვერცხლი. მეორე ადგილზე გავიდნენ რუსები 2019-ში ასტანაში, ეკატერინა კი პირველ დაფაზე იჯდა. 2016 წელს ჰუაიანში მსოფლიო ინტელექტუალურ თამაშებზე იასპარეზა და ბლიცში ოქროს მედალიც მოიგო, დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბლიცში ბრინჯაოს დასჯერდა, თუმც ორი წლის შემდეგ ზედიზედ ორი ოქრო მოიგო. 2018-ში სანქტ-პეტერბურგში და 2019-ში მოსკოვში. წლის მაისში ფიდეს რეიტინგში 2529 პუნტქი გაუხდა და მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკეთა რეიტინგის ათეულში შევიდა. 2018 წლის დეკემბერში კი 2560 გაუხდა, რაც უმაღლესი იყო მის კარიერაში. 2020-ის 17 მაისში მსოფლიოს პირველი ჩემპიონის ვილჰელმ სტეინიცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბლიცის ონლაინ ტურნირი მოიგო, ფინალში ჩინელი ლეი ტინცე დამარცა.

ორდენები

რედაქტირება
  • Орден княгині Ольги III ხარისხის ორდენი (16 ივნისი, 2006) — 27 საჭადრაკო ოლიმპიადაზე პირველი ადგილისთვის და უკრაინის პრესტიჟის ამაღლებისთვის.[4]
  • Орден княгині Ольги II ხარისხის ორდენი (8 სექტემბერი, 2012) — უკრაინაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებისა და პოპულაციისთვის.[5]
  • За заслуги перед Отечеством" I ხარისხის ორდენი(1 აპრილი, 2019) — 2018 წელს სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის.[6]

2009 წელს ცოლად გაჰყვა ფრანგ ჟურნალისტსა და მოჭადრაკეს რობერ ფონტენს, საფრანგეთში დადავიდა საცხოვრებლად[7] და თან უკრაინის ნაკრებში გამოსვლა გააგრძელა. მათ ბიჭი შეეძნათ და მალე დაშორდა ქმარს. ამჟამად რუსი დიდოსტატის ალეკსანდრ გრიშჩუკის ცოლია და ოთხს შვილს ზრდიან.[8],

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1]. February 2021.
  2. [ https://www.sports.ru/chess/1020176987.html]. Украинская шахматистка Лагно будет выступать за Россию.
  3. [ https://vesti.ua/sport/60705-titulovannaja-ukrainskaja-shahmatistka-poluchila-dobro-na-vystuplenie-za-rossiju]. Титулованная украинская шахматистка получила добро на выступление за Россию.
  4. [2]. Про відзначення державними нагородами України членів збірної жіночої команди України з шахів.
  5. [3]. УКАЗ ПРЕЗИДЕНТА УКРАЇНИ № 537/2012 Про відзначення державними нагородами України з нагоди Дня фізичної культури і спорту.
  6. [4].
  7. [5]. Kateryna and Robert – pour la vie à jamais unis….
  8. [6]. Корона для Екатерины. Многодетная мать стала чемпионкой мира по шахматам
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კატერინა_ლაგნო“-დან