კარუ
კარუ (ინგლ. Karoo) — მშრალი რეგიონი აფრიკის სამხრეთში, რომელიც აერთიანებს ნახევარუდაბნოების პლატოებს და მთათაშორის ხეობებს დიდი საფეხურის და მდინარე ორანჟის ხეობის სამხრეთით.
როგორც წესი გამოჰყოფენ ორ ძირითად ნაწილს განსხვავებული რელიეფით და კლიმატური პირობებით: დიდი კარუს (აფრ. Groot Karoo, ჰრუტ-კარუ; ინგლ. Great Karoo) პლატოს ჩრდილოეთით, რომელიც წარმოადგენს ხეობას კაპის მთებსა და დიდ საფეხურს შორის, და მცირე კარუს (აფრ. Klein Karoo, კლეინ-კარუ; ინგლ. Little Karoo) პლატოს სამხრეთში — ხეობას კაპის მთებში, ედენის რაიონში. ასევე გამოყოფენ ზემო კარუს (აფრ. Hoë Karoo, ჰუე-კარუ; ინგლ. Upper Karoo) პლატოს — ცალკე მდგომ ფიზიკურ-გეოგრაფიულ რაიონს, რომელიც უფრო ვრცელი სამხრეთაფრიკული ზეგნების ნაწილია. რეგიონი ძირითადად მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე ნამიბიის მიმდებარე რაიონებში. მისი საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 395 ათას კმ²-ს, ანუ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის დაახლოებით მესამედს.[1]
ისტორია
რედაქტირებასახელწოდება «კარუს» აქვს კოისანური წარმოშობა და სიტყვა «karusa»-ს სახეცვლილებაა, რომელიც ნიშნავს მშრალს ან უნაყოფოს.[1] პირველმა ევროპელმა გადმოსახლებულებმა კაპის მიწის ათვისება დაიწყეს 1652 წლიდან, მაგრამ მხოლოდ 1689 წელს ნიდერლანდელი ლეიტენანტი და მკვლევარი ისაკ შრივერი (Isaq Schrijver), პირველი თეთრკანიანთა შორის, სამხრეთიდან გადავიდა მთებზე და მოხვდა ხეობაში, რომელსაც მოგვიანებით, იმავე წელს ეწოდა კლეინ-კარუ (მცირე კარუ).[2][3] რეგიონის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები გაჩნდა XVII საუკუნის მეორე ნახევარში, რომელთაგან ერთ-ერთი, სახელად ალბერტსბურგი, დღეისათვის ქალაქი პრინს-ალბერტი, დაარსდა 1762 წელს, ხოლო მეორე — ჰრააფ-რეინეტი — 1786 წელს. ბურების მეორე ომის დროს (1899—1902 წლები) დიდი კარუ გახდა კაპის კოლონიის მოხალისეებისგან მხარდაჭერილი დიდი ბრიტანეთის არმიის შეტევის და ბურ პარტიზანებთან მრავალრიცხოვანი შეტაკებების ადგილი.
გეოგრაფია და კლიმატი
რედაქტირებაკარუს ნახევარუდაბნოიანი რეგიონი მდებარეობს აფრიკის სამხრეთში, რომლის საზღვრებია ჩრდილოეთით დაახლოებით 34° ს. გ. და დასავლეთით 27° ა. გ. ჩრდილო-დასავლეთით 27° ს. გ. რაიონში ნახევარუდაბნო ეხება სანაპირო ზონას და პლატოს ნამიბიის სამხრეთში, რომელიც თავის მხრივ გადადის ნამიბის უდაბნოში.[4] აღმოსავლეთით კარუ ესაზღვრება კალაჰარის უდაბნოს. რეგიონის სიმშრალეზე, რომელიც მკვეთრად იკვეთება აღმოსავლეთში რბილი ხმელთაშუაზღვა კლიმატის ფონზე, გავლენას ახდენს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი. მაღალი წნევის ზოლი სამხრეთ ტროპიკის რაიონში აორთქლებს ნოტიო ჰაერს და იგი გადააქვს ჩრდილოეთისკენ ეკვატორის მხარეს, სადაც მოდის დიდი ნალექი. სამხრეთიდან წვიმის ღრუბლების გადაადგილებას ხელს უშლის კაპის მთები, ჩრდილოეთიდან დიდი საფეხურის ქედი. ცივი ბენგალის დინება სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ აგრილებს ტემპერატურას და ასევე ხელს უწყობს უფრო მშრალ კლიმატს. რეგიონში, უპირველეს ყოვლისა მცირე კარუს რაიონში, სინოტივის შემოსვლა დაკავშირებულია თბილი ინდოეთის ოკეანის მხრიდან ადვექციასთან (ჰაერის ჰორიზონტალური გადაადგილება).[4]
რეგიონის ყველაზე უფრო ნაკლებად მშრალი ნაწილია — მცირე კარუ, რომელიც წარმოადგენს ღრმა ხეობას კაპის მთებში სამხრეთში მდებარე ლანგებერგეს და ჩრდილოეთში მდებარე სვარტბერგეს მთებს შორის ზღვის დონიდან 300—600 მეტრ სიმაღლეზე. ხეობის სიგრძეა 245 კმ, საშუალო სიგანე დაახლოებით 48 კმ. ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს მთის კალთებზე 400 მმ-დან ხეობის ძირში 130 მმ-მდე საზღვრებში.[5] დასახლებული პუნქტები თავმოყრილია გაურიტსის, ჰრუტის, ტოუსის, ულიფანტსის და კამანასის მდინარეების ხეობებში.[5] დიდი კარუ, რომლის ფართობი 400 კმ²-ზე მეტია და მდებარეობს მცირე კარუს ჩრდილოეთით, ტიპური ნახევრადუდაბნოა შესაბამისი ფლორით და ფაუნით. გეოლოგიური თვალსაზრისით ეს ეროზიული ხეობა, ასაკით დაახლოებით 250 მილიონი წელი, არის ადგილი, სადაც მიედინებიან მდინარეები დიდი საფეხურის მწვერვალებიდან. მდინარეების მიმართულების მიხედვით განასხვავებენ ორ აუზს — დასავლეთის და აღმოსავლეთის, მათგან პირველი სიგრძით 225 კმ და სიგანით 80 კმ, მეორე სიგრძით 480 კმ და სიგანით 130—80 კმ. მოსული ნალექების საშუალო რაოდენობა თანდათან კლებულობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ — აღმოსავლეთის საზღვართან 400 მმ-დან დასავლეთის საზღვრის 100 მმ-მდე.[6] დიდი კარუს საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 450—750 მეტრია. ზემო კარუ ჩვეულებრივ განიხილება, როგორც სამხრეთაფრიკული ზეგნის შემადგენელი ნაწილი, წარმოადგენს 1000—1300 მეტრი სიმაღლის პლატოს ორანჟის მდინარესა და დიდ საფეხურს შორის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Karoo, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- http://www.karoospace.co.za
- Karoo, South Africa დაარქივებული 2018-03-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სტატია «კარუ» ბრიტანიკაში. Dictionary.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-16. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2009.
- ↑ Nell, 2003
- ↑ სიტყვა კარუს ეტიმოლოგია. Dictionary.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-16. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2009.
- ↑ 4.0 4.1 W. Richard J. Dean, Suzanne J. Milton. The karoo. Ecological patterns and processes. Cambridge University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-16. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი 2009.
- ↑ 5.0 5.1 სტატია «მცირე კარუ» ბრიტანიკაში. Encyclopedia Britannica Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-16. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2009.
- ↑ სტატია «დიდი კარუ» ბრიტანიკაში. Encyclopedia Britannica Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-16. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2009.