კანადის დასავლეთ ტყის კრი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კანადის დასავლეთ ტყის კრი}} |
წარმოშობა
იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა
რედაქტირებაკრი არის სუბარქტიკული მოსახლეობის ჯგუფი, რომელთა სახელიც ეფუძნება რამდენიმე სპეციფიურ დაჯგუფებისას, რომლებიც სუპერიორის ტბასა და ჰუდსონის ყურეს შორის არიან მოთავსებულნი. ფრანგებმა მათი სახელი აბორიგენთა ენიდან გადმოთარგმნეს, როგორც “Kiristino” და ამ სახელის შემოკლების შედეგად მივიღეთ ტერმინი კრი. დაახლოებით ამ რეგიონალურ დასახელებებს უწოდებენ ეს ტომებიც საკუთარ თავს.
ისტორიულად დასავლეთ ტყეებში მოსახლე კრის ხალხს ეკავათ სუბარქტიკული ან ბორეალური ტყე ჰუდსონის და ჯეიმზის სანაპიროებიდან დასავლეთით მდინარე პისამდე, რომელიც დღეს კანადაში მდებარეობს. ამ ტერიტორიას უწოდებენ პრეკამბრიულ ან კანადურ ფარს თუ არ ჩავთვლით ვესტერნმოსტში მდებარე ჩრდილოეთ ალბერტას, რომელიც შერეულ ბორეულ ტყეებს მოიცავს. სუბარქტიკულ სარტყელს გრძელი ცივი ზამთრები ახასიათებს, რომლის დროსაც ტემპერატურა ცელსიუსის შკალით -15 გრადუსზე დაბლა ეცემა. ზაფხულები ამ სარტყელში სამაგიეროდ მოკლე და შედარებით თბილი უწევს. გვაქვს ასევე ორი შუალედური პერიოდი “Freeze-up” როდესაც მდინარეები და ტბები იყინება და შესაბამისად წყლით გადაადგილება იზღუდება, და “break-up” ან გაზაფხულის მოსვლის პირველი მანიშნებელი, როდესაც წყალი დნობას იწყებს. ამ ტერიტორიის მკაცრი კლიმატი საგრძნობ ზეგავლენას ახდენს აბორიგენთა კულტურაზე და სწორედ ის განაპირობებს, რომ მიწის დამუშავება და აგროკულტურა მხოლოდ რამდენიმე ტომს ახასიათებს, ისიც მცირედ.[1]
დემოგრაფია
რედაქტირებაპოპულაციის რაოდენობის სანდო მონაცემები სამწუხაროდ მხოლოდ შედარებით ახალ პერიოდებზე გაგვაჩნია. ამასთან ეს რიცხვებიც მხოლოდ ინდიელთა აქტში ლეგალურად შეყვანილ მოსახლეობას გულისხმობს. 1781 წელს ყვავილის ეპიდემიამ კრის მოსახლეობას დიდი დაღი დაასვა, ამის შემდგომაც მათ უჭირდათ ევროპელების მიერ შემოტანილ დაავადებებთან ბრძოლა, რომელთა წინააღმდეგაც იმუნიტეტი არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ახალი ეპიდემიები გახშირდა განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის შემდგომ. საბოლოოდ 1970 წელს დასავლეთ ტყეების კრის ლეგალური სტატუსის მქონე მოსახლეობა ითვლიდა დაახლოებით 40 000 ადამიანს, რაც შეეხება კრის და ევროპელი ადამიანების საერთო შთამომავლებს, რომელთაც კანონით ინდიელის სტატუსი არ ენიჭებოდათ, მათი რაოდენობა უცნობია.[1]
ლინგვისტური კუთვნილება
რედაქტირებაკრის ენა ან დიალექტური ჯგუფი ცენტრალური ალგოკანურის ჩრდილოურ ვარიანტს წარმოადგენს. ის გავრცელებულია ლაბრადორის ნახევარკუნძულიდან კლდოვან მთებამდე. გეოგრაფიული ნიშნით არსებობს ჭაობის, კლდეების, ბუჩქებისა და სხვა დიალექტები. ასევე კიდევ ერთი დიალექტი რომელიც გავრცელებულია ტბა ატაბასკას სამხრეთით გვიან მეთვრამეტე საუკუნემდე.[1]
ისტორია და კულტურული კავშირი
რედაქტირებაისტორიული ტრადიციები, ლინგვისტური სამხილები, ზრდადი არქეოლოგიური მასალა და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები ადასტურებს, რომ კრის მოსახლეობა ვრცელდებოდა ტყეებში ჰუდსონის ყურიდან თითქმის მდინარე პისამდე. კრის ჩრდილოელი მეზობლები იყვნენ ატაპასურად მოსაუბრე ხალხები, რომლებშიც ჩიპეივანულ ენებზე მოსაუბრენი შედიოდნენ, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით სლავეიურად და დასავლეთით ბივერულად მეტყველი ხალხები ემეზობლებოდნენ. კრისგან სამხრეთით კი ცხოვრობდნენ ალგონკაინურ ენებზე მოსაუბრენი. მოგვიანებით, ახლომდებარე პრეირიების ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს სიუანურ ენებზე მოლაპარაკე ასინიბოინელმა ეთნიკურმა ჯგუფებმა. ამ ტომებთან და ჰუდსონის ყურესთან მცხოვრებ ინუიტებთან კრის მოსახლეობას მტრული ურთიერთობა ჰქონდათ დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნემდე, საომარი აქტივობები ამ ხალხებს შორის მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე.
მათი პირველი კონტაქტი ევროპელებთან იყო 1640 წელს სუპერიორის ტბასთან ფრანგებთან და ჰუდსონ ბეის კომპანიის სიმაგრეებში ინგლისელებთან 1670 წელს. ფრანგმა მკვლევარებმა კლდოვან მთებს მხოლოდ 1751 წელს მიაღწიეს, მაგრამ ეს ექსპედიციები შეწყდა 1763 წელს ბრიტანელებთან დადებული ხელშეკრულების შემდგომ. ამის შემდგომ დაიწყო ბეწვით ვაჭრობის კონკურენცია კოლონიზატორებს შორის, რომლებშიც ფრანგთა და ინგლისელთა შოტლანდიელი პატრიოტებიც მონაწილეობდნენ, შემდგომში ისინი გახდნენ მონრეალის ჩრდილო-დასავლური კომპანია. ამ დროისთვის ჰუდსონის ყურის დასავლეთ ნაწილში ევროპული კვლევები გახშირდა და ამ ადგილებში კონკურენტმა ბეწვის კომპანიებმა სავაჭრო პოსტებიც განათავსეს. კომპანიებს შორის შეჯიბრი დასრულდა 1821 წელს, როცა სამეფო ბრძანებით შეერთდა ორი ძირითადი კომპანია ჰუდსონის ყურის სამეფო ჩარტერული კომპანიის სახელის ქვეშ. ბეწვით ვაჭრობის სტაბილიზაციამ დაასრულა ტომთა შორის ომთა უმეტესობა და დაამყარა მშვიდობა ამ ტერიტორიაზე გვიან მეოცე საუკუნემდე. ამ მოვლენების გამო ზომით დიდი და ბეწვიანი ცხოველების პოპულაციის მკვეთრმა კლებამ გამოიწვია კრის და მათი მეზობელი ტომების მიგრაცია დასავლეთისაკენ. კრი და კოლონიზატორ მოსახლეობას შორის ქორწინებებმა კი გამოიწვია პოპულაციის ახალი ელემენტის - ალგონკან-ფრანგული კულტურულად გამორჩეული კომბინაციის გაჩენა.
1870 წელს ჰუდსონის ყურის კომპანიამ რუპერტის მიწები კანადის ახალ დომინიონს დაუთმო და ამით მშვიდობის დამყარების ერა დაიწყო. კანადა ცდილობდა, რომ ფინანსების გაწევით გამოესყიდათ ამერიკული მიწები აბორიგენებისაგან, თუმცა ამ გარიგების დადებისას რამდენიმე მიუვალ ადგილას მცხოვრებ კრი და ბუშ ტომებს ყურადღება არ მიექცა. მათ არც საკუთარი მიწა დაუტოვებიათ ან გაუყიდიათ და არც რაიმე სახის ანაზღაურება მიუღიათ. შესაბამისად ამ მიწაზე მრეწველობითი, კერძოდ კი, ნავთობის მოსაპოვებელი სამუშაოების დაწყება სერიოზული განსჯის საგანი გახდა მოგვიანებით 1988 წელს. დღეს უკვე მრავალ კრის აქვს მიღებული განათლება და ბევრ მათგანს უკავია წამყვანი თანამდებობები საკუთარ ხალხსა თუ კანადის სახელმწიფო ეკონომიკურ, პოლიტიკურ ან სხვა დაწესებულებებში.[1]
დასახლებები
რედაქტირებაკრის დასახლებები ვიზუალურად და კონსტრუქციულად იცვლებოდა სეზონების მიხედვით. რადგან მათი საკვების მოპოვების ძირითადი გზა ნადირობა იყო დასახლებებთან ხშირად გვხვდებოდა შემოდგომასა, ზამთარზე და გაზაფხულზე გათვლილი სანადირო ბანაკები. ისინი უმეტესად წყალთან ახლოს და ძირითადად ტბის ქარისაგან მოფარებულ მხარეს იყვნენ განთავსებულნი, ეს მონადირეებს ტბიდან დანაბერი ცივი ქარებისაგან იცავდა. ზაფხულობით კი კრის წევრები იკრიბებოდნენ დიდ რეგიონულ ჯგუფებად და ფართოდ სახლდებოდნენ არჩეული ტბის სანაპირო ზოლზე. თუმცა ამ დროსაც მათ ჭირდებოდათ წყალთან მომრავლებული კოღოებისა და სხვა მწერებისაგან დაცვა. ყველაზე პრიმიტიული თავშესაფარი ამ შემთხვევაში იყო კონუსური ფორმის კარავი, რომელიც დაფარული იყო ხარ-ირმის ან რაიმე სხვა დიდი ცხოველის ტყავით. მასში, როგორც წესი დიდი ოჯახები თავსდებოდნენ, რომლებშიც რამდენიმე მონადირე მაინც შედიოდა. ცხოველთა ტყავები მოგვიანებით უფრო ტექნოლოგიურად განვითარებულმა მასალებმა ჩაანაცვლეს. დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ გაჩნდა კრის მოსახლეობის ქოხებისგან შემდგარი დასახლებებიც, რადგან ისინი შედარებით მკვიდრ ცხოვრებას დაეჩვივნენ. დღეს კი ფედერალურმა და პროვინციულმა მთავრობებმა კრის პოპულაციის უმეტესობას უკვე გამოუყვეს თანამედროვე სახლები, ოფისები, სკოლები, საავადმყოფოები და სხვა აუცილებელი დაწესებულებები.[1]
ლექსიკონი
რედაქტირებაკრის ენის პოლი-სინთეთიკურობის გამო, მასში ბევრი სიტყვა უფრო გრძლად აღიქმება, სხვა მორფოლოგიურად გამომხხატველ ენებთან შედარებით. მაგალითად კრის ენაზე სიტყვა tîwâpôhkêwin ქართულად ითარგმნება, როგორც „ჩაის დამზადება“. კრის ლექსიკონი საკმაოდ მრავალფეროვანია. ცხრილში მოყვანილი ფრაზები და ტერმინები საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ქმნის ტყის კრის სიტყვების მიღების დიალექტულ ფორმაზე:
დასავლეთ ტყის კრი | ქართული |
tānisi | გამარჯობა |
tānisi ikwa kītha | როგორ ხარ? (როგორ ბრძანდებით?) |
namwāc nānitaw | კარგად ვარ |
tawāw pihtokī | მობრძანდით (შემოდი) |
tīniki | გმადლობ |
tānisi kititahkamikisisn | რას აკეთებ |
kisāstīw | ცხელა |
thōtin | ქარიანი ამინდია |
kimowan | წვიმს |
wāsīskwan | ცხადია |
otāpānāsk | მანქანა/ ტრანსპორტი |
pimithākan | თვითმფრინავი |
ōsi | ნავი (მოტორიანი) |
piyak | ერთი |
nīso | ორი |
nisto | სამი |
mithwīthihtam | ბედნიერია (ის) |
pakwātam | მოწყენილია |
pimohtīw | სეირნობს |
nipāw | სძინავს |
kīwīw | სახლში მიდის |
ayamiw | საუბრობს |
nikamow | მღერის |
mīcisow | მიირთმევს |
ცხრილში გამუქებული ასოები, გამოხატავს ტყის კრის დიალექტისთვის დამახასიათებელ th- (/ð/) მსგავს ხმას. კრის სხვა დიალექტებში ეს ფონემა იცვლება სხვა ფონემებით, მაგალითად /y/-თი (დამახასიათებელია Plains Cree-სთვის). თავზე ხაზგასმული ასოები (ō, ā, ī) წარმოდგენელ გრძელ ხმოვნებს, მაშინ როცა ჩვეულებრივი ასოები (o, a, i), მოკლე ხმოვნებია.
ეს საიტი მოწყობილია ციფრული ფლეშ-ბარათების გამოყენებით, იმისთვის რომ გამარტივდეს სასარგებლო ტერმინებისა და ფრაზების შესწავლა 'th' დიალექტში.
დამწერლობითი სისტემა
რედაქტირებადასავლეთ ტყის კრის ენის დამწერლობითი სისტება და წერის ყველაზე ეფექტური გზა არის კრის სილაბური სისტემა, რომელიც შექმნა ჯეიმზ ევანზმა 1830 წელს. სილაბური დამწერლობის სისტემა დროდადრო შეცვალა რომანულმა ორთოგრაფიამ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ უკანასკნელს ასწავლიდნენ კანადურ სკოლებსა და უნივერსიტეტში.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში აღნიშნულია დასავლეთ ტყის კრის სილაბური დამწერლობა:
English
Sounds |
beat | bit | put | boat | but | fa | ||
კრის ხმოვნები | ī | i | o | ō | a | ā | სუფიქსები | |
სილაბები | ᐁ | ᐃ | ᐅ | ᐆ | ᐊ | ᐋ | ᐧ | |
w | ᐁᐧ | ᐃᐧ | ᐅᐧ | ᐆᐧ | ᐊᐧ | ᐋᐧ | ᐤ | |
p | ᐯ | ᐱ | ᐳ | ᐴ | ᐸ | ᐹ | ᑊ | |
t | ᑌ | ᑎ | ᑐ | ᑑ | ᑕ | ᑖ | ᐟ | |
k | ᑫ | ᑭ | ᑯ | ᑰ | ᑲ | ᑳ | ᐠ | |
c | ᒉ | ᒋ | ᒍ | ᒎ | ᒐ | ᒑ | ᐨ | |
m | ᒣ | ᒥ | ᒧ | ᒨ | ᒪ | ᒫ | ᒼ | |
n | ᓀ | ᓂ | ᓄ | ᓅ | ᓇ | ᓈ | ᐣ | |
s | ᓭ | ᓯ | ᓱ | ᓲ | ᓴ | ᓵ | ᐢ | |
y | ᔦ | ᔨ | ᔪ | ᔫ | ᔭ | ᔮ | ᕀ | |
th/ð | ᖧ | ᖨ | ᖪ | ᖫ | ᖬ | ᖭ |
ქვემოთ მოყვანილია სილაბური დამწერლობის მაგალითი ჯენეტ ფეიტზის ნაწარმოებიდან „დათვებთან შეტაკება“, რომელიც თარგმნილია დასავლეთ ტყის კრის ენაზე.
ᐁᑿ ᐆᒪ ᐯᔭᒁᐤ ᐁ ᑫᓯᑳᐠ ᐁ ᑫ ᓈᑕᖬᐯᔮᐣ, ᐁᒁᓂ ᐁᑿ ᓂᑲᐹᐣ, ᐁ ᐅᓭᐦᐊᒁᐤ ᑭᓄᓭᐘᐠ, ᐁᑿ ᑳ ᓂᑕᐏ ᐊᑯᑕᒁᐤ ᐁᑿ ᐊᒁᐚᓂᓯᕁ, ᐁ ᐍ ᐊᔭ ᐍᐢᑿᔁᒁᐤ, ᓇᒣᐢᑎᑿᐠ ᐁ ᐍ ᐅᓭᐦᐊᒁᐤ᙮ ᐁᒁᓂ ᐁᑿ ᓂᐱᒪᐦᑲᒥᑭᓯᐣ ᑭᓄᓭᐘᐠ ᐁ ᐅᓭᐦᐊᒁᐤ, ᐁᑿ ᓈᓯᐯᑎᒥᕁ ᒫᑲ ᐏᖬ ᐆᒪ ᑳ ᐃᑕᐦᑲᒥᑭᓯᔮᐣ᙮ ᑫᑕᐦᑕᐍ ᑳ ᐯ ᓈᓯᐯᐸᐦᑖᐟ ᐁᑿ ᐊᐘ ᓂᒉᒥᓯᐢ, ᐁ ᐋᐸᓵᐱᐟ ᒫᓇ ᐃᑌ ᑳ ᐅᐦᒋᐸᐦᑖᐟ, ᐁᑯᑌ ᐁ ᐃᑖᐱᐟ, ᐁ ᓭᑭᓯᐟ, ᐁᑯᑕ ᑭᓯᐚᐠ ᐯ ᐊᐱᐤ ᐃᑕ ᐆᒪ ᑲ ᐅᓭᐦᐃᑭᓄᓭᐍᔮᐣ, ᒣᒋᓱᐏᓈᐦᑎᐠ ᐁ ᐊᔮᐠ ᓀᓯᐯᑎᒥᕁ, ᐁᑯᑕ ᐆᒪ ᑳ ᐅᓭᐦᐊᒁᐤ ᑭᓄᓭᐘᐠ᙮ ᐁᑿ ᐆᒪ ᓂᑯᐢᐱᐣ ᐁᑿ ᓂᐍᒉᐚᐤ, ᒥᑐᓂ ᑯᐢᑖᒋᐤ, ᓇᒹᐨ ᑫᒁᕀ ᓂᐚᐸᐦᑌᐣ ᐊᓂᒪ ᑳ ᑯᐢᑕᕁ, ᐁᒁᓂ ᐁᑿ, ᓂᒐᒁᐚᓂᓯᕁ ᓂᑎᑐᐦᑖᐣ, ᓂᑕᑯᑖᐘᐠ ᐁᑿ ᐆᑯ ᓂᑭᓄᓭᒪᐠ ᑳ ᐍᐢᑿᔁᒁᐤ—ᐁ ᑫ ᐴᓇᒫᐣ ᐍᖬ ᒣᓇ ᐱᑕᒫ᙮ ᐁᒁᓂ ᐁᑿ ᓂᐯᐦᑐᒁᐣ ᐁᑿ, ᐚᐢᑲᐦᐃᑲᓂᓯᕁ ᐁᑯᑌ ᐁᑿ ᒣᓇ ᓂᐱᒪᐦᑲᒥᑭᓯᐣ᙮ ᐋᐢᑲᐤ ᓂᐘᖬᐚᐣ ᐁ ᓂᑕᐏ ᐴᓇᒫᐣ᙮ ᐁᑿ ᐆᒪ ᐁ ᐊᔨᑕᐦᑲᒥᑭᓯᔮᐣ, ᓂᑕᑎ ᐁᑿ ᐋᐱᐦᑖ ᑫᓯᑲᓂ ᒣᒋᓱᐣ, ᐁᒁᓂ ᐁᑿ ᓂᑎᑐᐦᑖᐣ ᐃᑕ ᑳ ᐍᐢᑿᔁᒁᐤ ᑭᓄᓭᐘᐠ, ᓂᐴᓇᓯᐣ, ᓇᒨᖬ ᒥᐢᑕᐦᐃ ᓂᐴᓀᐣ, ᐍᖬ ᐆᒪ ᐁ ᐃᑌᖨᐦᑕᒫᐣ ᐁᑿ ᐁ ᐍ ᑲᐏᓯᒧᐚᐣ ᐁᑿ ᐁ ᐍ ᐊᖨᐍᐱᔮᐣ᙮ ᐁᒁᓂ ᐁ ᑫ ᐴᓇᓯᔮᐣ, ᐁᒁᓂ ᓂᐯᐦᑕᑿᐣ ᐁᑿ, ᐁᒁᓂ ᐁᑿ ᓂᑲᐏᓯᒧᐣ ᐁ ᐸ ᐱᒥᓯᓂᔮᐣ ᐁ ᐊᔭᒥᐦᒋᑫᔮᐣ, ᑫᑕᐦᑕᐍ ᐁᑿ ᒫᑲ ᐊᐘ ᓂᒉᒥᓯᐢ, ᓲᐢᒁᐨ ᐁᑿ ᑿᔭᐢᐠ ᒥᑭᓯᒧᐤ, ᑿᔭᐢᐠ ᐁ ᑯᐢᑖᒋᐟ᙮ ᐁᒁᓂ ᓂᑌᑇᑖᐤ ᐁᑿ, "ᐴᓊᐏᑕ"᙮ |
ეკონომიკა
რედაქტირებასამომხმარებლო მეურნეობა
რედაქტირებანადირობა და ჩასაფრების ტექნიკა
რედაქტირებაკრის ტომი უმეტესად დიდ ნადირზე, განსაკუთრებით კი ხარ–ირემზე ნადირობდა. მათ თავიანთი ნადირობის ტექნიკა მოარგეს გარემოსა და იმ ცხოველთა ქცევებს, რომლებიც მათი ინტერესის ობიექტებს წარმოადგენდნენ. გაზაფხულზე, ჯერ კიდევ თოვლის საფარით დაფარულ მიწაზე ათასობით ნადირი კვეთდა მდინარე ჩარჩილს და მიგრირებდა კრის ტერიტორიებზე, სადაც მათ მოსახლეობა შესასვლელშივე მახეებს უგებდა ან კიდევ ყინულისგან გათავისუფლებულ, დამდნარ, მდინარესთან ჩასაფრებულები იყვნენ ყველა ასაკის ინდიელები, რომლებიც იცდიდნენ შუბებით ხელში, რათა მოეკლათ ცხოველები მდინარის გადალახვისას, როდესაც მათ არაფრით არ შეეძლიათ თავის დაცვა. მეორე ტექნიკა გულისხმობდა ძაღლებით ნადირობას, ამ დროს ძაღლები ერეკებოდნენ ტყიდან ტბებისაკენ ან მდინარეებისაკენ ხარ–ირემს, სადაც ნავებში მყოფი ჩასაფრებული მონადირეები იყვნენ განლაგებულნი. ლა პოზერიე და დრეიგი მოგვითხრობენ, თუ როგორ მოარგეს პირველყოფილმა ინდიელებმა ნადირობის მეთოდები სხვადასხვა სიტუაციებს.
კრის ტომი ნადირობდა თახვზე, რომლებსაც უმეტესად ტბის სიახლოვეში იჭერდნენ. ისინი თახვების სოროებთან ამაგრებდნენ ირმის ტყავისგან ფართოდ ნაქსოვ ბადეებს, რომლებშიც იხლართებოდნენ თახვები. როდესაც მდინარეები დიდებოდა, ცხოველები იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი მდინარისპირა სოროები, რომლების დატბორვის საფრთხის წინაშე იყვნენ, ამით ძალზე სარგებლობდნენ ინდიელები და ბადეებს ამაგრებდნენ გამოსასვლელთან, რომლებშიც ეგებოდნენ დამფრთხალი თახვები გამოსვლისას.
კრის ტომი იყენებდა მშვილდ–ისარს, ხისგან ნათალ მშვილდს ცეცხლზე აპირკეთებდნენ, ისრებსა და შუბებს კი თავის ნაწილში წვეროზე უკეთებდნენ კარგად დამუშავებულ, ბასრ ძვლებს, რომლებიც სხვადასხვა ცხოველის იყო.
გარეულ ფრინველზე ნადირობა იყო საკმაოდ შემოსავლიანი საქმე, განსაკუთრებით ჰუდსონის ყურის ნაპირზე, სადაც ბატები, გედები, იხვები და სხვა ტბის ფრინველთა სახეობები იყრიდნენ თავს ზაფხულობით, სანამ შედარებით თბილ მხარეში, სამხრეთში, მიგრირებდნენ. ახალი მთვარის პერიოდს 25 მარტის სიახლოვეს უწოდებდნენ „ბატების–მთვარეს“, რადგან ის მოასწავებდა ბატების ჩამოსვლას სხვა ტერიტორიებიდან. მონადირეებო სანაპიროს გასწვრივ მალულად იყვნენ განლაგებულნი და სხვადასხვა ხმებით იტყუებდნენ ობიექტებს ნაპირთან ახლოს, რათა უფრო მარტივად ენადირათ მათზე. კაკაბზე, ბუზე, არწივზე, ყვავებზე და ხოხობზე ნადირობას იწყებდნენ მაშინ, როცა ზაფხულში სხვა ფრინველები ტოვებდნენ იქაურობას. როგორც ხარ–ირმის დასაჭერად ჰქონდათ მახეები, ასევე ჰქონდათ ხაფანგი დაგებული წინდაუხედავი კაკაბებისთვის.[5]
თევზაობა
რედაქტირებანადირობის შემდგომ, საკვებით უზრუნველყოფის მიზნით მეორე ადგილზე თევზაობა იყო. ჰუდსონის ყურე, უთვალავი ტბა თუ მდინარე, თავზობდა ფართო არჩევანს იქაურ მოსახლეობას, იქ უხვად იყო გავრცელებული whitefish (ტერმინი თევზაობაში, რაც აღნიშნავს თევზთა ბევრ სახეობას) ქარიყლაპია, თართი, კობრი, კალმახი და ქორჭილა.
ზამთრობით, მეთევზეები პატარა ხვრელებს აკეთებდნენ ყინულში. ეს საქმიანობა მოითხოვდა დიდ მოთმინებასა და რესურსებს, რადგანაც სქელი ყინულის ზედაპირის გაჭრა იმდროინდელი იარაღებით რთულ სამუშაოს წარმოადგენდა. ისინი დაახლოებით ხუთი ფუტის ინტერვალში ჭრიდნენ ზედაპირს და ანკესებითა და ბასრი შუბების მეშვეობით იჭერდნენ თევზებს.
საგუბრების მეშვეობით თევზაობის შესახებ ინფორმაციას არ ვხვდებით ძველ წყაროებში, თუმცა ამ ხერხს თანამედროვე კრის ტომის მეთევზეები წარმატებით იყენებენ.[5]
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებაგამომდინარე იქიდან, რომ კრის ტომი სეზონურად მიგრირებდა ხოლმე, მათ არ ჰქონდათ მარცვლეულის მოყვანის ან წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველის მოშენების კულტურა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის, კრის მოსახლეობის პატარა ნაწილმა ხელი მიჰყო რძის პროდუქტების წარმოებას. მთავრობამ სუბსიდირება გაუკეთა გარკვეული რაოდენობა საქონელით, მაგრამ საუკუნის მიწურულს გამოკითხვამ აჩვენა, რომ ცხოველები იღუპებოდნენ შიმშილითა და პატრონების არასპეციალიზებული მოვლის გამო. მათ სჭირდებოდათ დამატებითი ტრენინგი მეცხოველეობის სწავლებისათვის. კრის ტომი იგივე მოუფრთხილებლობით ეკიდებოდა მარხილის ძაღლებს, რომლებსაც ზამთარში ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ. მათი ძაღლები მუდმივად ნახევრად შიმშილში და გაძვალტყავებულ მდგომარეობაში იყვნენ.
1850 წლისთვის კრის ტომის მეურნეობრივი საქმიანობა გაამხნევა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომლებმაც გადაწყვიტეს მკვიდრ ცხოვრებაზე გადასულიყვნენ. 1876 წელს კი მთავრობას მიმართეს თხოვნით, რომ გამოეყოთ და დაეთმოთ უინიპეგის ტბის ტერიტორია, რადგან მათი ტერიტორია, რომელზეც უკვე ცხოვრობდნენ სრულიად გამოუსადეგარი იყო მარცვლეულის კულტურის აყვავებისთვის. 1909 წელს დადებულ ხელშეკრულებაში მიწის ნაკვეთი ტომის ნახევარს გამოეყო უინიპეგის ტბასთან, ნახევარს კი – ოქსფორდის ტბის სიახლოვეს. ასევე მათ უბოძეს სხვადასხვა მარცვლეულის თესლები გასახარებლად. იმ დროისთვის იქაურ ოჯახებს დამოუკიდებლად მოჰყავდათ მარცვლეული ათი–თხუთმეტ იარდ კვადრატ მიწაზე, რომელიც შემოღობილი ჰქონდათ უხეში ნედლი ბუჩქებითა და სარებით გაკეთებული ღობეებით. კარტოფილს, ცოტა სტაფილოს, თალგამს, ლობიოსა და ბარდას ჭამდნენ ზაფხულის შუაში, როდესაც ნახევრად გაზრდილიყო მოსავალი. როდესაც ექსპერტებმა გამოიკვლიეს მათი მიწა, სასუქის ნიშნები იპოვეს, სასუქად კი მდინარის შლამასა და წებოვან თიხას იყენებდნენ. სასუქი მაშინ არის კარგი, როდესაც ის ფერტილიზებულია, განოყიერებულია ნაკელითა და აქვს სინოტივის შენახვის უნარი. სამწუხაროდ, გაპოხიერება შეუძლებელი იყო და სასუქი კლდოვან ფენაზე თხლად იყო განფენილი.
მისიონერული გავლენის ქვეშ მყოფი ნაწილი, უინიპეგის ტბასთან დასახლებული ჯგუფი მეტად მოერგო გარემოსა და უფრო წარმატებული გახდა მარცვლეულის მოყვანის კულტურის აყვავებით, მიუხედავად მოკლე ზაფხულისა. ამ ტერიტორიაზე სასუქისთვის კარგი მასალა იყო, მუქი კარგად ფერტილიზებული შავი შლამი, რომელსაც დრო და დრო აპოხიერებდნენ, რათა მოესპოთ მასში არსებული პარაზიტები და მუხლუხოები. თესვას ივნისში, ხოლო მოსავლის აღებას გვიან აგვისტოში იწყებდნენ, სანამ ყინვა დაიწყებოდა. უმეტესად მოჰყავდათ კარტოფილი, ლობიო, ბარდა, სტაფილო, ყაბაყი და ყვავილოვანი კომბოსტო.[5]
ტანსაცმლის ინდუსტრია
რედაქტირებაპირველი ორი საუკუნის განმავლობაში კრის ტომის კონტაქტი ყურეში მყოფ ვაჭრებთან შემოიფარგლებოდა ხარ–ირემის ტყავითა და თახვის ბეწვის გაყიდვით. ტყავის ან ბეწვის ჩამნაცვლებელი იყო ინგლისური მატყლი, რომლითაც იმოსებოდნენ კაცები და ქალები განურჩევლად. ირმის ტყავით ქალები კერავდნენ უსახელო ჟაკეტებს, მოკასინებს და ათასგვარ სხვა ჩასაცმელს და რთავდნენ ფრინველების შეღებილი ფრთებით. ალისფერი ან მწვანე შალის მატერიის ქურთუკები, რკინის ან ვერცხლის ღილებით, ინგლისურ სამხედრო სტილში გადაწყვეტილი, ხშირად გამოიყენებოდა ტყავის ჟაკეტზე შემოსაცმელად. ქალები კი ბამბის გრძელ კაბებში იყვნენ გამოწყობილნი.
საბოლოოდ 1900 წლისთვის ინდიელებმა მიაღწიეს რომ მოეპოვებინათ ევროპული ახალი საქონელი, რომლითაც შეძლეს თავიანთი სახასიათო ტანსაცმელი შეექმნათ. თანდათანობი ტყავი ჩაანაცვლა ბამბისა და მატყლის საქონელმა, იქაური მოსახლეობა ცდილობდა მიმსგავსებოდა თავის თეთრ მეზობლებს და ბაძავდა ჩაცმულობის სტილით. მხოლოდ ღარიბი მოსახლეობა იცვამდა ისევ ტყავის ტანსაცმელს.
ზამთრობით, მათ ეცვათ წინდები ტყავის მოკასინების ქვეშ, რათა უკეთესად შეენარჩუნებინათ სითბო. ქალები კი მატყლის დაპრესილ ნაჭერს იხვევდნენ თავსა და მხრებზე.
ქალებს უმეტესად ეცვათ breechcloth (ისეთი შესამოსი, რომელიც გენიტალიებს უფარავთ ადმიანებს), გამაშები და მოკასინები. წელზე ქამარი ჰქონდათ შემოჭდობილი და წელს ზევითა ნაწილზე უფრო გრძელი ნაჭერი ჰქონდათ ვიდრე მამაკაცებს, რადგან ქალებს უკეთესად ეტარებინათ პატარა ბავშვები ზურგით. ეს სამოსი უმეტესად უსახელო იყო, მაგრამ ჰქონდა მისაბმელი მკლავები, ისევე როგორც კაცებისას. ახალგაზრდა გოგონები კი შედარებით მოკლე კაბებს ატარებდნენ. აღმოსავლეთ და სამხრეთ კრის ტომი აღიარებულია, როგორც თბილი ტანსაცმლის მწარმოებელი, რომელსაც კურდღლის ბეწვისგან წვრილად ქსოვდნენ.
მარტივი მატერია, რომელსაც ამზადებდა ოქსფორდის ტბასთან დასახლებული ტომი, იყო თახვის ბეწვი და ხარ–ირემის ტყავი. მისი დამუშავების ტექნიკა კი შემდეგნაირია: გატყავება, გაფხეკა, გასუფთავება, გაშრობა, შერბილება, გაჭიმვა და გამოწვა. როდესაც გაატყავებდნენ ცხოველს, მის თბილ ტყავს ჭიმავდნენ მართკუთხედის ფორმაზე, ხოლო მაკრატლით ან დანით უმოკლებდნენ, ჭრიდნენ, ბეწვს. ასაფხეკ იარაღს ამზადებდნენ თახვის წვივის ძვლისგან, რომელსაც ბასრ ზედაპირს უკეთებდნენ. ქონის, ხორცისა და თმისგან გასუფთავებულ ტყავს გასამშრალებლად რამდენიმე კვირა ტოვებდნენ მზიან ადგილას. დასარბილებლად კი ტყავს წყლის, ცხიმის, საპნის და შვრიის ფქვილისგან დამზადებულ ხსნარში ათავსებდნენ. ამ პროცედურის შემდეგ ორი ქალი ჭიმავდა სველ ტყავს დაბალ ცეცხლზე, მანამ სანამ არ გაშრებოდა. სრულიად გასუფთავებული და გათეთრებული ტყავი გამოიყენებოდა სხვადასხვა ტანსაცმლისათვის, უფრო ხშირად კი მოკასინებისათვის. თახვის ტყავს კი აუცილებლად გამოწვის პროცედურასაც უკეთებდნენ, რათა არ დაობებულიყო. გამოწვის პროცედურა გრძელდებოდა მანამ, სანამ მუქ ყავისფერ ფერს არ მიიღებდა ტყავი. ასეთი დამუშავების შემდეგ კი უკვე შეეძლოთ გამოეყენებინათ ფეხსაცმლის შესაკერად.
უინიპეგის ტბასთან მოსახლე კრის მოსახლეობაში ალექსანდრე ჰენრიმ აღმოაჩინა სამაჯურები და საყურეები, რომლებიც დამზადებული იყო სპილენძისა და თითბერის ძველი ჩაიდნებისგან. ასეთი მზა სამაჯურებითა და ბრასლეტებით ვაჭრობდნენ კიდეც. ოქსფორდის დასახლებაში კი ქალები ატარებდნენ ყურზე რგოლებს, რომლები საჭიროებისამებრ ანუ სოციალური სტატუსის გამოსახატად ჰქონდათ გაკეთებული.[5][6]
სოციოპოლიტიკური ორგანიზაციები
რედაქტირებასოციალიზაცია
რედაქტირებაბავშვები იზრდებოდნენ ვაშინგტონისეულად, ხოლო კონტროლსა და დისციპლინას დროთა განმავლობაში ხვეწდნენ. დედები ასწავლიდნენ თავიანთ ქალიშვილებს, ხოლო ბიჭები სწავლობდნენ ჩასაფრებისა და ნადირობის ტექნიკას მამებისგან. ძირითადად, ბიჭები მოზრდილ ცხოველზე ნადირობას თოთხმეტი წლის ასაკში იწყებდნენ და ხდებოდნენ ჭეშმარიტი მონადირეები. პირველი მენსტრუაციის შემდგომ გოგონებს არ აძლევდნენ საზოგადოებაში თავისუფლად გამოჩენის საშუალებას. ეს ტრადიციები დიდი სისწრაფით ქრებოდა. ბოლო თაობებში ბავშვებს აბარებდნენ კერძო სკოლებში, მაგრამ ახლა დაწყებით და საშუალო სკოლებს ხშირად შევხვდებით რეზერვებში. ზოგი ბავშვი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ აგრძელებს სწავლას უნივერსიტეტში ან სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში.[1]
სოციალური ორგანიზაცია
რედაქტირებასოციოტერიტორიული ორგანიზაციის შესახებ ჩვენ ხელი მიგვიწვდება მხოლოდ ინფორმაციის ფრაგმენტებზე, დასავლეთის ტყის კრის მთელი ისტორიის მანძილზე. ეს, ალბათ, განპირობებულია ორგანიზაციის დრეკადი ბუნებით და ადრეული მოგზაურებისა და მწერლების ინტერესის ნაკლებობით. თუმცა, უძველესი ფრაგმენტები საკმაოდ დიდი სიზუსტით ემთხვევა იმ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდის შედარებით გვიანი კონტაქტურ-ტრადიციული პერიოდი.
უმცირესი ელემენტი იყო ბირთვული ოჯახი, რომელიც შედგებოდა ქმრის, ცოლისა და ბავშვებისაგან. ასევე ჰქონდათ გაფართოებული ოჯახის ტრადიციაც, რაც მრავალცოლიანობას გულისხმობდა. მეორე ცოლი, ძირითადად, პირველის და იყო. ბელადს ჰქონდა უფლება ყოლოდა მაქსიმუმ შვიდი ცოლი. საცხოვრებელ ადგილებზე ერთდროულად ცხოვრობდა ათი–თოთხმეტი ნათესავი, მაგრამ ხანდახან ემატებოდა ხალხი(ძირითადად დროებით) და შეიძლებოდა მათი რაოდენობა ორჯერ გაზრდილიყო.
ადგილობრივი ჯგუფები, რომლებიც წესისამებრ შედგებოდა რამდენიმე მონათესავე ოჯახისაგან, წარმოადგენდნენ შემოდგომის, ზამთრის და გაზაფხულის სანადირო ჯგუფებს. მას მართავდა ლიდერი (ოკიმა), რომლის ავტორიტეტიც დამოკიდებული იყო მის გამოცდილებაზე, ნადირობის შესაძლებლობებსა და მისი სულიერი ძალების არსებობა არ არსებობაზე. ლიდერის ძალების დაკარგვა იწვევდა მის ჩანაცვლებას სხვა ლიდერით ან მთლიანად ჯგუფის დაშლას. დაშლილი ჯგუფის შემადგენელი ოჯახები შემდგომში უერთდებოდნენ ახალ ჯგუფებს.
ლოკალური ან სანადირო ჯგუფები ზაფხულში რამდენიმე თვის განმავლობაში ერთად იკრიბებოდნენ ტბის სანაპიროებზე. ამით ისინი გაურბოდნენ კოღოებს. ისინი თავს ირჩენდნენ თევზაობითა და ნადირობით. ეს საზაფხულო დაჯგუფებები ერთდროულად ქმნიდა რეგიონალურ ტომს, უდიდეს კორპორაციულ ერთეულს, რომლის ლიდერიც იყო ბელადი (ოკიმა). მეცხრამეტე საუკუნეში, ტომები ცნობილნი იყვნენ მათი ლიდერების სახელებით და სავარაუდოდ ეს ჩვევა არის ადრეული პერიოდის გადმონაშთი.[7]
რეგიონული და ლოკალური ტომის წევრობა იყო საკმაოდ დრეკადი. იგი იცვლებოდა ლიდერების შესაძლებლობების, სანადირო გარემოს და სხვა გარემო პირობების მიხედვით. ასევე დამოკიდებული იყო ოჯახების გადაჯგუფებაზე. დასავლეთის ტყის კრის განლაგებული იყო სამ ძირითად ადგილას: მასკეგონის კრი ჰუდსონის ყურესთან, უინიპეგის ტბის რეგიონი და დასავლეთით თანამედროვე სასკაჩევანის ტერიტორიაზე.[8] არანაირი საბაბი არ გვაქვს იმის საფიქრელად, რომ რეგიონალური ან ლოკალურ ტომებს ჰქონდათ განსაზღვრული ტერიტორიული საზღვრები. ოჯახს თავისუფლად შეეძლო დაეტოვებინა ერთი ტომი და გამხდარიყო მეორეს წევრი დროებით ან სამუდამოდ, სადაც მათ ჰყავდათ ახლობლები. ტომის ზომისა და შემადგენლობის დრეკადობა პირდაპირ დამოკიდებული იყო გარემოს ექსპლუატაციასა და სეზონურ ადაპტაციაზე. ძველი წყაროები გვაძლევენ მწირ ინფორმაციას ლოკალური ტომის ზომების შესახებ, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი შედგებოდა მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხი ან ხუთი კაცისაგან და მათი ოჯახებისაგან. ან უბრალოდ ათიდან ოცდაათამდე ინდივიდისაგან (როგ შემთხვევებში შესაძლოა მეტიც), და რეგიონული ტომების წევრების რაოდენობა შეიძლება ყოფილიყო ასიდან რამდენიმე ასეულამდე.[6]
პოლიტიკური ორგანიზაცია
რედაქტირებაპოლიტიკურ ინსტიტუტს არ ჰქონდა ოფიციალური სახე. ბელადს არ ჰქონდა სრული კონტროლი ტომის წევრებზე, მაგრამ გარკვეულ გავლენას ახდენდა მათ ინდივიდუალურ ქცევაზე. მკვლელობის შემთხვევაში დაზარალებულის ნათესავები შურს იძიებდნენ.
კრის ტერიტორიის კიდეებზე ატარებდნენ საომარ მოქმედებებს და პერიოდულ რეიდებს. ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰუდსონის ყურესთან მათი მტრები იყვნენ ესკიმოსები. ჩრდილოეთით - ჩიპევიენები, სანამ ჰუდსონის ყურის კომპანიამ არ დაამყარა მშვიდობა მეთვრამეტე საუკუნეში. ვაკეების მახლობელ ტერიტორიებზე კრის მოკავშირეები იყვნენ ასინიბოინები სიუს წინააღმდეგ. დაპირისპირებამდე ცოტა დროის წინ ასინიბოინები გამოეყვნენ სიუს დიდ გაერთიანებას და გაიქცნენ კრის ტერიტორიებზე, სადაც ისინი თბილად მიიღეს და გააწევრიანეს ამ ალიანსში.[7]
სოციალური კონტროლი
რედაქტირებაბავშვების სოციალიზაცია და არაფორმალური დაძაბული ურთიერთობები, როგორც წესი, საკმარისი იყო სერიოზული პრობლემებისაგან თავის ასარიდებლად. ხელჩართულ კონფლიქტებს ყოველთვის თავს არიდებდნენ და ორ ადამიანს შორის დაპირისპირების განმუხტავდნენ ოჯახები. ისინი უბრალოდ ტოვებდნენ იმ ტომს და უერთდებოდნენ სხვას. მათ სწამდათ ჯადოქრობის და ეს რწმენა მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ძალიან ცოტა ინფორმაცია მოგვეპოვება კონკრეტული პრაქტიკების შესახებ. დღეს-დღეისობით წესრიგს აკონტროლებს კანადის სამეფო ცხენოსანთა პოლიცია.[1]
სოციოკულტურული სიტუაცია 1960-იან წლებში
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში კანადის მთავრობამ დაწყო სოციალური სერვისის გაფართოება ბრეალის ტყის ხალხთან, რასაც მოჰყვა ტექნოლოგიური გაუმჯობესება, რამაც თავის მხრივ კომუნიკაცია და კავშირი შედარებით მარტივი და სწრაფი გახადა. ხალხი ცდილობდა წაეხალისებინა ახალგაზრდები, ესწავლათ რეზიდენციულ სკოლებში სამხრეთით. მოგვიანებით დაწყებითი სკოლები დაარსდა ბევრ ადგილას. ზოგ სკოლას როგორც დაწყებითს, ასევე საშუალოს აკონტროლებდა პროვინციული მთავრობა და ეს სკოლები აძლევდნენ საშუალებას ბავშვებს, მიეღოთ განათლება მათი სოციალური სტატუსისგან განურჩევლად. სამედიცინო დაწესებულებები, ზოგჯერ საკმაოდ თანამედროვე, უზრუნველყოფდა პირველად სამედიცინო დახმარებას. რთული პაციენტების ცენტრალურ კლინიკაში გადასაყვანად გამოიყენებოდა რადიო კომუნიკაცია და ვერტმფრენი. საოჯახო ფასდაკლების სისტემა ამ პერიოდის დასაწყისში გახდა ცნობილი ხალხისთვის, რაოდენობა კი ნაკლებად საინტერესო იყო ადგილობრივებისთვის, გამომდინარე მისი განსაზღვრულობიდან. ხშირად ურიგებდნენ პირველადი მნიშვნელობის ნივთებს, როგორებიცაა ტყვია-წამალი და რძე, თუმცა ძირითად საარსებო საშუალებებს მაინც მიწიდან იწევდნენ. პირველადი სამედიცინო დახმარება ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. ასევე გაიზარდა შემოსავალი თევზის ჭერით და გაყიდვით. მთავრობამ დაიწყო უკეთესი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. იგი აწვდიდა მოსახლეობას ხის ნაჭრებისა და ფირფიტებისაგან აშენებულ სახლებს, რომლებსაც უნდა ჩაენაცვლებინათ ხის კაბინები, რომლებიც შემორჩა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან. ბევრ ადგილას აშენდა გზები, რომელთა გამოყენებაც წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში შეიძლებოდა. უმეტესობა ტერიტორიებს, რომლებში მისვლაც ხმელეთით ძალიან რთული ან ზოგჯერ შეუძლებელიც იყო, საჰაერო სერვისი რეგულარულად ემსახურებოდა.
მომთაბარე ხალხის დასახლება წარმატებით დასრულდა. მისია-სავაჭრო ფოსტის კომპლექსი გახდა მიკრო-ურბანული საზოგადოების ჩამოყალიბების მამოძრავებელი ძალა. როდესაც ახალგაზრდები ბრუნდებოდნენ რეზიდენციული სკოლებიდან, მათ აღარ აინტერესებდათ და ვეღარც ერგებოდნენ ასეთი დაბალი დონის და ჩაკეტილი ცხოვრების წესს. ასეთი მდგომარეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები იყო ძალზედ შეზღუდული. იმატა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების რაოდენობამ და ზოგმა დაიწყო საკმაოდ აგრესიულად ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე საუბარი. პროვინციულმა ინდიელმა საძმოებმა დაიწყეს განსხვავებული ჯგუფების ჩამოყალიბება, რათა ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ინდიელთა საქმეების კანადის დეპარტამენტთან ინდიელთა ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რამ შეიცვალა სოციალური და კულტურული განხრით, დასავლეთის ტყის კრის ეკონომიკური მდგომარეობა მაინც სავალალო რჩებოდა. გაზრდილ განათლებას ხელს არ უწყობდა გაზრდილი ეკონომიკური შესაძლებლობები, თუმცა ზოგი მათგანი დასაქმებული იყო ადგილობრივ ბიზნესში, ზოგი კი გიდად სათევზაო კურორტებში. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მათი ეკონომიკური შესაძლებლობები შეზღუდულია და ვერ დააკმაყოფილებს მზარდი მოსახლეობის მოთხოვნილებებს.[7]
პოპულაცია
რედაქტირებადასავლეთის ტყის კრის აბორიგენი მოსახლეობის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ მათი რაოდენობის შესახებ. მუნმა ივარაუდა, რომ ადგილობრივ კრის და მასკეგონთა რაოდენობა შეადგენდა 20 000-ს კონტაქტისას ხოლო 19 000-ს 1906 წელს. ჯანესის შეფასებით 20 000 კრი ცხოვრობდა 1924 წელს და აღნიშნა, რომ ისინი იტანჯებოდნენ ტუბერკულოზით და სხვა ეპიდემიური დაავადებებით. ეს შეფასებები გაკეთებულია იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილო-დასავლეთის მანიტობას და ჩრდილოეთის სასკაჩევანისა და ალბერტას კრი იყვნენ იმიგრანტები აღმოსავლეთიდან. დასავლეთის კრის პოპულაციის შესახებ არანაირი მინიშნებაც კი არ გვხვდება რომელიმე ძველი დამკვირვებლების ჩანაწერებში. ასევე შეუძლებელია იმ კრის რაოდენობის განსაზღვრა, რომლებიც ჩამოვიდნენ სანაპირო ფორტებში კანოეს საშუალებით, რადგანაც ისინი მოდიოდნენ ცოტ-ცოტა ყოველწლიურად. სვამპის, როკის და სტრონგვუდის კრის გაერთიანებული რაოდენობის 20 000-ად შეფასება არ ჩანს გადაჭარბებული. ახლანდელი კანადის მთავრობის აღრიცხვა არის ეთნოგრაფიულად უზუსტო. მოსახლეობა რომელიც დარეგისტრირებული არის 61 ოფიციალურ ტომში არ შეიცავს კრის, რომლებიც კლასიფიცირებული არიან, როგორც მეტის (Métis), თუმცა ბევრნი არიან ლინგვისტურად, კულტურულად და გენეოლოგიურად იდენტურნი თრითის კრისთან და სტატუსიან ინდიელებთან.[9]
საზოგადოებრივი გაერთიანებები და ნათესაობა
რედაქტირებასაზოგადოებრივი ჯგუფები
რედაქტირებაკრის ტომი იყო ტიპური სუბარქტიკული ჯგუფური საზოგადოება. საზოგადოების ძირითად ერთეულს წარმოადგენდა პატარა მონადირე ჯგუფი ან რამდენიმე მეზობელი ოჯახის გაერთიანება. ამ ჯგუფის წევრების რაოდენობა დაახლოებით 25 იყო. ჯგუფის ერთიანობა ეფუძნებოდა მამისა და ვაჟიშვილის ან ძმების ურთიერთობასა და კავშირს. ასეთი ჯგუფის არსებობის ხანგრძლივობა შეზღუდული იყო, რადგან მას მერე რაც ვაჟიშვილები ზრდასრულობის ასაკს მიაღწევდნენ, ისინი ძლიერ პერსონალურ ავტონომიას აყალიბებდნენ. როგორც წესი, ჯგუფის ლიდერი იყო უხუცესი მამაკაცი აქტიური მონადირე. ეს ჯგუფები ნადირობისას იფანტებოდნენ, რათა შეეპყროთ ნაკლებად მოძრავი ბეწვიანი ცხოველები. ძირითადად ჯგუფის სახელწოდება იყო ცნობილი ტბის დასახელება. რეგიონული ჯგუფები ყველაზე დიდ და მტკიცე კავშირებს წარმოადგენდნენ. მათ სახელწოდებას წარმოადგენდა რეგიონის რაიმე ნაწილის ან ცხოველის სახელი, ძირითადად კი მას არჩევდნენ იმ ტბის მიხედვით, რომელთანაც ზაფხულობით იკრიბებოდნენ. რეგიონალური ჯგუფი იყო კავშირი, რომელიც შედგებოდა ინდივიდუალური ადამიანების, ოჯახებისა და სისხლით მონათესავე მონადირე ჯგუფებისაგან. ასეთი ჯგუფების წევრების რაოდენობა დაახლოებით 100-დან 200-მდე იყო. ჯგუფში დედისა და მამის ნათესავები თანასწორად აღიქმებოდნენ.[1]
ნათესაობრივი ტერმინოლოგია
რედაქტირებაკრის ხალხში სანათესაოს წარმომადგენლების გამომხატველი ტერმინოლოგია საკმაოდ ფართოა. ძირითადი ოჯახის წევრებთან ერთად მათ სქესის მიხედვით განსხვავებული ტერმინები აქვთ.[1] გამომდინარე იქიდან, რომ კრის ხალხს კლანები არ აქვთ, ერთადერთი შეზღუდვა შეწყვილებაზე სისხლით ნათესაობაა. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა. მამაკაცს უფლება აქვს იქორწინოს მამამისის დის ან დედამისის ძმის ქალიშვილზე. აქედან გამომდინარე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედის ძმა და მეუღლის მამა ერთი და იგივე ტერმინით მოიხსენიება. ასევე ერთი ტერმინით მოიხსენიაება მამის და და მეუღლის დედა. ანალოგიურად მამის ძმა და მამინაცვალი ერთი და იგივე ტერმინით აღინიშნება, ისევე როგორც დედის და და დედინაცვალი. ეს უკანასკნელი გამოწვეულია ადრე გავრცელებული ტრადიიციის მიერ, რომელიც გულისხმობდა დაღუპული ცოლის დაზე და ძმის ქვრივზე დაქორწინებას.[10]
ქორწინება
რედაქტირებამშობლები ხშირად ათანხმებდნენ მათი შვილების ქორწინებას, ხანდახან მათ დაბადებამდეც კი. ქალებს ამ საკითხში არჩევანის საშუალება თითქმის არ ჰქონდათ ხოლმე. ძირითადად ქორწინებები ლოკალური პოპულაციის წარმომადგენელთან ხდებოდა. გოგოებს რვა წლის ასაკიდან აქორწინებდნენ და ქმართან აწყებინებდნენ ცხოვრებას, მაგრამ ქორწინება სრულად არ ითვლებოდა სანამ იგი მომწიფების ასაკს არ მიაღწევდა. ქორწინება რაიმე განსაკუთრებულ ცერემონიას არ მოიცავდა და წარმოადგენდა დანიშვნისას საჩუქრების ფორმალურ გაცვლას. ქორწინებაზე შეთანხმება შეიძლება ნებისმიერ ოჯახს ეწარმოებინა. წინასწარ შეთანხმებული ქორწინება ქალიშვილის ოჯახს საშუალება აძლევდა სიძედ კარგი მონადირე და შემომტანი აერჩიათ.[6]
შესაძლებელია, რომ გოგოს მამა კონკრეტული ახალგაზრდის ოჯახს სტუმრებოდა და ქორწინება შეეთანხმებინა. თუ გოგოს ოჯახის წევრები უსიტყვოდ დასთანხმდებოდნენ, ქალიშვილი მათ ქოხში მზითევის გარეშე იგზავნებოდა და ხოლო მის მშობლებს აძლევდნენ ყველანაირ ღირებულ ნივთებს, რისი მოხერხებაც შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადახდა გაყიდვად ითვლებოდა, გადასახდელ ფასზე არ დაობდნენ, რადგან რაც შეიძლება დიდი თანხის გადახდა გადამხდელის სიამაყის საქმე იყო. ხდებოდა ისეც, რომ ქალიშვილის მამა ცხენებს ღებულობდა და ვალდებული იყო წყვილისათვის ახალი ქოხი აეშენებინა. ქორწინების გარიგება შესაძლოა ვაჟიშვილის ოჯახსაც ეწარმოებინა. ომიდან დაბრუნებულ კაცს, რომელსაც ცხენები ჰყავდა, შეეძლო მამამისი კონკრეტული გოგოს მამასთან მოსალაპარაკებლად გაეშვა, ან დედამისი გოგოს დედასთან.[10]
ქორწინება ასევე თანხმდებოდა დისა და ძმის შვილებს, გადამკვეთ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, შორისაც. აკრძალული იყო ორი დის ან ორი ძმის შვილების, პარალელური ბიძაშვილ-დეიდაშვილების, ქორწინება, რადგან ისინი ერთმანეთის და-ძმებად მიიჩნეოდნენ.[11] ასევე მიღებული იყო ორი მამაკაცის მიერ ერთმანეთის დებზე ქორწინება. ეს ოჯახების კავშირის სიმტკიცისა და ხანგრძლივობისათვის ხელსაყრელი იყო და ძირითადად ახლოს მყოფი მონადირე ოჯახების ერთმანეთთან დასაკავშირებლად ხდებოდა ხოლმე.[1]
გარიგებები უფრო შორეულ ჯგუფებს შორისაც ხდებოდა. ბეწვით ვაჭრობის დაწყებასთან ერთად, შვილის ბეწვის მოვაჭრეზე გათხოვება ძალიან ხელსაყრელი იყო ოჯახისთვის. ქორწინების შემდეგ, ბავშვის დაბადებამდე, წყვილი ცოლის მშობლების სახლთან ახლოს ცხოვრობდა და სასიძო სიმამრისა და სიდედრისათვის ნადირობდა და მათ სხვა საქმეებსაც უკეთებდა. ბავშვის დაბადების შემდეგ წყვილი ქმრის მშობლების სახლთან ახლოს გადადიოდა. განქორწინება იყო ძალიან არაფორმალური.[1]
ტექნოლოგია და მატერიალური კულტურა
რედაქტირებასახლები
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ კრის ხალხი ნახევრად მომთაბარე იყო და დროის უმეტეს ნაწილს გარეთ ატარებდა, თავშესაფარი მაინც გადამწყვეტ როლს თამაშობდა მათ ცხოვრებაში. გრძელვადიან ბანაკებში არსებულ დიდ კონუსური ფორმის სახლებს აშენებდნენ ცენტრში შეკრული მორების ჩარჩოთი. ეს ჩარჩო დაფარული იყო ხავსის ფენაზე გადაკრული ცხენ-ირემის ან კარიბუს ტყავით. კრის ტომის წარმომადგენლები საცხოვრებლის განსხვავებულ ტიპებს იყენებდნენ წელიწადის დროების მიხედვით.[6]
ზამთარში ისინი ცხოვრობდნენ სამ-ოთხ ოჯახიან ჯგუფებად, დაახლოებით 15 ადამიანი. ცხოვრობდნენ გუმბათის ან კონუსის ფორმის ქოხებში, რომელთა აწყობასაც ორი საათი სჭირდებოდა. ქარისაგან თავის დასაცავად ზამთრის ქოხებს ტყეებში აშენებდნენ. ამ საცხოვრისების დიამეტრი დაახლოებით 3,5 მეტრი იყო, ხოლო ფართობი დაახლოებით 10 კვადრატული მეტრი, რაც თითო ადამიანისთვის 0,6 კვადრატულ მეტრს ნიშნავდა. მათ ასაშენებლად საჭირო იყო რვიდან თორმეტამდე დიდი ზომის დაბალი ხარისხის ტყავი, რომელთაც ზამთრის მკაცრი პირობების გამო რეგულარულად გამოცვლა სჭირდებოდა.[6][12]
ზაფხულში კრის ხალხი ცხოვრობდა გრძელ სახლებში, რომლებშიც გაცილებით დიდი ჯგუფი ეტეოდა. ეს მორებისაგან აწყობილი სტრუქტურა გვხვდებოდა სხვადასხვა ზომის, რაც დამოკიდებული იყო მასში მცხოვრები ოჯახების რაოდენობაზე. ზაფხულის სახლებს გაშლილ ტერიტორიებზე აშენებდნენ, რათა ქარს მწერები გაეფანტა. ეს სახლები ზომით იყო 30x6 კვადრატული მეტრი და მასში ცხოვრობდა 12 ოჯახი ანუ დაახლოებით 60 კაცი. თითო კაცზე ზამთრის სახლთან შედარებით მეტი ფართობი, 3 კვადრატული მეტრი, მოდიოდა.[6][12]
ეგრეთ წოდებული ოფლის სახლები, რომლებშიც მამაკაცები ცეცხლს ანთებდნენ, ოფლიანდებოდნენ და განიწმინდებოდნენ, წარმოადგენდნენ პატარა ზომისა და გუმბათოვანი ფორმის კონსტრუქციებს, რომლებთაც ჰქონდათ ტირიფის ჩარჩო და ტყავით იყვნენ დაფარულნი. მენსტრუაციის ქოხები წარმოადგენდნენ პატარა კარვებს, რომლებიც ბანაკის კიდეში იყვნენ განლაგებულნი. მოგზაურობისას გამოიყენებოდა პატარა ტყავის კარავი.[6]
ტრანსპორტირება
რედაქტირებაკრის ტომის წევრები ზაფხულში ფეხით ან კანოეთი გადაადგილდებოდა. კანოეს აკეთებდნენ არყის ხის ჩარჩოთი, ფარავდნენ არყის ხის ქერქით და უსმევდნენ სკიპიდარს. ეს კანოე იწონიდა დაახლოებით 35 კილოგრამს და შეეძლო მთელი ოჯახის ტარება მთელი მათი აღჭურვილობით. ვინაიდან ზამთარში წყლით მგზავრობა შეუძლებელი იყო, ხალხი იძულებული იყო თოვლში გადაადგილებულიყო. მათ შექმნეს თოვლის ფეხსაცმელი, რაც მათ საშუალებას აძლევდა დაუტკეპნავ თოვლში გაეკვალათ გზა. აღჭურვილობა და მასალა გადაჰქონდათ 3,5 მეტრი სიგრძის მქონე მარხილით. ძირითადად ეს მარხილები ქალებს დაჰქონდათ, თუმცა ხანდახან ძაღლებსაც იყენებდნენ.[6]
ტანსაცმელი
რედაქტირებაორივე სქესისთვის ძირითად ტანსაცმელს წარმოადგენდა კარიბუს ან ცხენ-ირმის ტყავისაგან დამზადებული ტუნიკა, რომელსაც ჰქონდა დასამაგრებელი, სახელოები, შარვალი და სპეციალური ფეხსაცმელი. გარდა ამისა, ქალები ატარებდნენ კარიბუს ტყავის კაბას. როდესაც ციოდა შიგნიდან იცმევდნენ კარიბუსაგან ან თახვისგან დამზადებულ ჩასაცმელს, რომელსაც შიგნიდან ბეწვი ჰქონდა დატოვებული. ხალხი ზამთარში ასევე ატარებდა ცხენ-ირმის, თახვის ან წავის მოსასხამს ან საბანს დამაგრებული ქუდით და თახვის ბეწვის ხელთათმანებს. დათვისა და კურდღლის ტყავის სამოსელი ასევე საჭირო რამ იყო. ბავშვების ტანსაცმელიც მოზრდილების ტანსაცმლის მსგავსი იყო. ტანსაცმელს ამზადებდნენ ქალები, რომლებიც მას ამკობდნენ მაჩვზღარბას ეკლებით, ცხენ-ირმის ბეწვითა და საღებავებით.[6]
იარაღები და ხელსაწყოები
რედაქტირებაკრის ხალხი იარაღების უმეტესობას ამზადებდა ძვლითა და ხით და ასევე ქვის ნაწილებით. კონტეინერები ძირითადად მზადდებოდა არყის ხის ქერქისაგან, რომელთაც ერთმანეთზე ნაძვის ფესვებით აკერებდნენ და ნაძვის წებოთი ფარავდნენ. იმის გამო, რომ ისინი არ იყენებდნენ თიხის ჭურჭელს, საკვებს ასეთ კონტეინერებში ხარშავდნენ, ცხელი ქვების გამოყენებით. ნაჯახებს და დანებს ამზადებდნენ ქვისაგან, ხოლო შუბის და ისრის პირებს, სათევზაო კაუჭებსა და ნემსებს კი ძვლისგან. ნადირის უმეტესობას ხაფანგებით იჭერდნენ. სათევზაოდ გამოიყენებოდა შუბები და ბადე. მშვილდებს ამზადებდნენ არყის ხისგან ან ტირიფისგან, ხოლო საისრეს კი ძირითადად თახვის, მელიისა და წავის ტყავისაგან.[6]
სამკაულები და სხვა
რედაქტირებაქალები თავს ირთავდნენ თითბერის სამაჯურებით, ხოლო სახეს წითლად იღებავდნენ. თმაზე ისმვამდნენ ცხოველის ცხიმს, იყოფდნენ შუაზე და ყურების უკან იკრავდნენ. ასევე თმას იმშვენებდნენ მძივებითა და სხვა ორნამენტებით. კაცებს ძირითადად გრძელი ორ კუდად გაყოფილი თმა ჰქონდათ. ბევრ ადამიანს ჰქონდა ტატუ. კაცები ტატუს ძირითადად მკლავებსა და სახეზე იკეთებდნენ, ხოლო ქალები ნიკაპზე.[6]
რელიგია და რიტუალები
რედაქტირებარელიგიური რწმენა-წარმოდგენები
რედაქტირებახანგრძლივი ისტორიის მანძილზე, კრის წარმომადგენლები ყოველთვის გამოირჩეოდნენ თავშეკავებულობით თავიანთი რელიგიის გავრცელებასთან დაკავშირებით. ტომებში სჯეროდათ კეთილი (misi-minito) და ბოროტი (maciminito.w) სულების, ამასთან მათ საშინლად ეშინოდათ კაციჭამია დევების (wi-ktiko.w). კრის რელიგია იყო ანიმისტიკური, შესაბამისად ყველა საგანსა და არსებას გააჩნდა თავისი სული, კერძოდ მანიტოვაკი (manitowak). დასავლეთ ტყის კრის ინდიელებს სჯეროდათ, რომ სიზმრებისა და ხილვების საშუალებით მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარებოდნენ ცხოველთა სულები. კრის ტომებს მიაჩნდათ, რომ ყველა ცოცხალი არსება, ადამიანის ჩათვლით, წარმოადგენს მხოლოდ სულს და სულის გარდა სხვას არაფერს მიიჩნევდნენ ზებუნებრივად. ყოველ ინდივიდს გააჩნდა განსხვავებული ძალა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ძალა სხვადასხვა ცხოველს ეკუთვნოდა.
კრის ტომების რელიგიური რწმენა-წარმოდგენები მანიტუს კონცეფციის გარშემო იკრიბება. მანიტუ არ არის არსება, ის ძალაა, რომელიც მრავალ ზებუნებრივ არსებაზე ნაწილდება. მანიტუს ყველაზე დიდი წილი ჭექა-ქუხილზე მოდის. ჭექა-ქუხილში კრის ინდიელები ყველაზე ძლიერ ღმერთს აღიქვამდნენ. ძველი ტრადიციის თანახმად, მას შეეძლო პატარა სურვილების ახდენა (მაგალითად, ინდიელები საჭიროების შემთხვევაში ჭექა-ქუხილის ღმერთს შესთხოვდნენ თამბაქოს). ისინი ამზადებდნენ დაახლოებით ადამიანის ზომის თოჯინას (Kepoochikawn), გამოაწყობდნენ მამაკაცის სამოსში, შემდეგ დგამდნენ ბანაკიდან მოშორებით და თაყვანს სცემდნენ. ასეთ კერპებს ბუჩქების შეკვრითაც ამზადებენ და ისინი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ კანადაში მცხოვრებ კრის ტომებში.
ტერმინი „Kisti-manitu” (კეთილი ზებუნებრივი არსება, წმინდა სული), იგივე რაც Gitchie Manitu ან Lakota Sioux, კრის ინდიელებში აღნიშნავს ღმერთს - მთავარ მფარველს. გავრცელებული ტრადიციის თანახმად, დასავლეთ ტყის კრის ტომებში, სანამ ოჯახის უფროსი სტუმრებს გაუმასპინძლდება, ის ჰაერში წევს საკვებს და ამბობს: „მანიტუ, მსურს ეს საკვები მივართვა მამაჩემს (ზოგადად ასახელებს თავის გარდაცვლილ ნათესავს)“. შემდეგ ტრიალდება იმ მხარეს, სადაც ადრე გარდაცვლილის სხეული ესვენა და ამბობს: „მამა, გამომართვი საკვები და მომანიჭე იღბალი“. ამ რიტუალს იმეორებს ყოველი გარდაცვლილი ნათესავისთვის და საბოლოოდ უმასპინძლდება სტუმრებს. რიტუალის შემდეგ აუცილებელია, რომ საკვები მთლიანად შეიჭამოს.
მანიტუ ის ძალაა, რომელსაც შამანები ადამიანების განსაკურნებლად იყენებენ. მას შამანები ტრანსში ყოფნისას მოიპოვებენ. საამისოდ საჭიროა რამდენიმე დღის მარტოობაში გატარება, ფიქრი და ოცნება. ოცნებისას შამანის სული ტრანსპორტირდება სულების დახმარებით, ხოლო როდესაც უკან ბრუნდება, ის შეიცავს მანიტუსაც. ამ პროცედურის შემდეგ შამანის მიზანია ხალხს დაუმტკიცოს, რომ ის არის „Manitu-kasiu” ანუ „ზებუნებრივის მსგავსი“.[10]
რელიგიური ცერემონია
რედაქტირებადასავლეთ ტყის კრის ტომთა ძირითად რელიგიურ ცერემონიას მზის ცეკვა წარმოადგენს. Nipá-qe-simó (“kill drink dance”) სახელი მიანიშნებს წყლის ტაბუზე. ტომის წევრი ცერემონიალს ასრულებს იმ იმედით, რომ გადაარჩენს ავადმყოფ ოჯახის წევრს. ცეკვის ცერემონია იმართება შემოდგომასა და ზამთარში. უშუალოდ ცეკვის შესრულებამდე ტიპიში (სამ ბოძრე აგებული კარავი, კრის ენაზე wiwatáhukan) მოუხმობენ ოთხ მამაკაცს. ცერემონისტი სამ ჩიბუხს გამოტენის თუთუნით და გადასცემს წრეზე მდგომ მამაკაცებს. პირველი კაცი ზემოთ წევს ჩიბუხს და ოთხჯერ ატრიალებს წრიულად. ამ პროცედურით ის მანიტუს (აბსტრაქტული ცნება: ღვთაებრივი ძალა) სთავაზობს მოწევას. შემდეგ ისევ ოთხჯერ ატრიალებს ჩიბუხს, თუმცა ამჯერად აღმოსავლეთის მიმართულებით და ამით მზეს სთავაზობს მოწევას. მესამედ უკვე სამხრეთის მიმართულებით ატრიალებს ჩიბუხს და ამით ელვასა და ჭექა-ქუხილს სთავაზობს მოწევას, ხოლო ბოლოს ქარისთვის ატრიალებს დასავლეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებებით. დარჩენილი სამი კაციც იმავეს იმეორებენ და სამივე მანიტუს ძალებს შესთხოვენ დახმარებას, რათა ამ უკანასკნელმა გადაარჩინოს მათი დასნეულებული ოჯახის წევრი.
კარვის შიგნიდან კარებზე ჩამოკიდებულია სხვადასხვა ფერის ზონრები და ნაჭრები, რომელთაც სპონსორი kanipá-qe-simóni-ket (ასე უწოდებენ ცერემონიის ხელმძღვანელს და ითარგმნება როგორც: “he kill drink dance make” ის კლავს, სვამს და ცეკვავს) შესთავაზებს მზეს შემდგომ ცერემონიალში. დანიშნულებიდან გამომდინარე მათ ეძახიან wipenásuwina-ს (ერთჯერადი, გადასაყრელი ნივთები). სპონსორი და სამი კაცი (ისინი არა, რომლებიც ჩიბუხს ეწევიან და ლოცულობენ) უკრავენ დოლზე და მღერიან ორ ან სამ სიმღერას. შემდეგ სპონსორი დოლს ოთხიდან ერთ-ერთს გადასცემს, რომელიც ანალოგიურად იქცევა. დოლს წრიულად გადასცემენ ერთმანეთს. ყოველივეს იმეორებენ შუა ზამთარში. ამჯერად ერთი კაცი მაინც იფიცება, რომ ის იცეკვებს საჭმლის ჭამისა და დალევის გარეშე. თანხმობის ნიშნად, სპონსორი მას გადასცემს საკუთარი სამოსის ნაგლეჯს, რომელსაც მიმღები შეინახავს მომდევნო ცერემონიამდე. ამ ფიცის დროს სპონსორი თამბაქოს ირმის ტყავში ფუთავს და გადასცემს კაცს, რომელმაც ის უნდა წაიღოს კრით დასახლებულ ადგილებში. შიკრიკი თამბაქოს ტომთა ბელადებს აჩვენებს. სანამ ბელადები ნაწილ-ნაწილ ტეხენ და ეწევიან ამ თამბაქოს, ის მათ მზის ცეკვის რიტუალის შესახებ უყვება და ასახელებს იმ ადამიანს, რომელიც ცეკვას შეასრულებს. როდესაც შიკრიკი საკმაოდ დაშორდება თავის საცხოვრებელ კარავს, ის დარჩენილ თამბაქოს ისევ ფუთავს ირმის ტყავში და სხვა შიკრიკს გადასცემს, რომელიც უფრო შორს მდებარე დასახლებებს მიმოივლის. საბოლოოდ დარჩენილი თამბაქო და ირმის ტყავი უბრუნდება ისევ სპონსორს, რითიც ეს უკანასკნელი ხვდება, რომ მზის ცეკვის რიტუალის შესახებ ყველამ შეიტყო. შემდეგ ის უკვე თავის კარავში მოუხმობს ყველა ადგილობრივ მამაკაცს.[10]
მიცვალებულის დაკრძალვა
რედაქტირებადასავლეთ ტყის კრის ტომები თავიანთ გარდაცვლილს ხის გრძელი მორებით შეკრულ კუბოში ათავსებენ. ასეთ კუბოებს ხის გრძელი და მსხვილი ტოტებისგან ამზადებდნენ, თოკებით მჭიდროდ კრავდნენ. მიცვალებულს საუკეთესო სამოსში გამოაწყობდნენ. ამ ყველაფერს უკვე იმ დროისთვის აკეთებდნენ, როცა მიცვალებულს სახე უშავდებოდა. მას აჭრიდნენ თმის კულულს, მთლიანად ფუთავდნენ ტყავში და მჭიდროდ კრავდნენ თოკით, შემდეგ კი ათავსებდნენ ხის კუბოში. თავად კუბოსაც ტყავს აფარებდნენ ზემოდან. მიცვალებულის თავი ჩრდილოეთით იყო მიმართული, ამასთან მას თან ატანდნენ შეფუთულ საკვებსა და თამბაქოს. ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა და ბევრ სამარხშია აღმოჩენილი მსგავსი პროდუქტები. თამბაქო ან ჩაი, რომელიც საკმაოდ იშვიათ პროდუქტებად მიიჩნევა კრის ტომებში, შეიძლება სხვას გამოართვან, თუმცა როცა შესაძლებლობა ექნებათ, აუცილებლად უნდა დააბრუნონ გამოსასყიდი. გარდაცვლილი ადამიანის ქონება ნაწილდებოდა ხალხში. მის ძაღლებსა და ცხენებს არ კლავდნენ და არც მის ტიპის წვავდნენ, მასში ნათესავები ცხოვრებას აგრძელებდნენ. დღესაც კი იცავენ ამ ტრადიციებს დასავლეთ ტყის კრის ტომები. თუმცა დაკრძალვის შემდგომ ღამეს არ შეიძლება მიცვალებულის ტიპიში გადასახლება. ამ ტიპიში მოგვიანებით იარაღს ისროდნენ, იმისთვის რომ გარდაცვლილის სული სახლიდან წასულიყო.
მოჭრილ თმის კულულს კიდებენ ტიპის დასავლეთ კედელზე. ის დიდი ხნის განმავლობაში ინახება, თანაც ამ პერიოდში მას სხვა გარდაცვლილი ოჯახის წევრების თმებსაც უმატებენ. ამ ერთგვარ ოჯახურ „სუვენირს“ კრის ტომები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ზრდასრული მგლოვიარეები იჭრიან თმას, იცვამენ ძველ ტანსაცმელს და თავს იკავებენ სახის დაბანისგან. ძველად მგლოვიარეები ბასრი დანით იხვრეტდნენ და ისერავდნენ თეძოებსა და ხელებს, იშავებდნენ სახეს და არ იცვამდნენ ტრადიციულ შარვალს. გლოვის პერიოდი დაახლოებით ერთ წელს გრძელდება. გარდაცვლილის ნათესავები ზოგჯერ დაკრძალვის ადგილას მიდიან, ასუფთავებენ, სხდებიან თამბაქოს მოსაწევად და ელაპარაკებიან მიცვალებულს, ისე თითქოს ეს უკანასკნელი მათთან ერთად ყოფილიყოს.
დასავლეთ კრის წარმომადგენლები ბუს სიკვდილის ჩიტს ეძახიან (Cheepal-peethees), როდესაც მათ ბუს ხმა ესმით, ისინი სტვენით პასუხობენ და თუ საპასუხო ხმას არ ღებულობენ, მიაჩნიათ, რომ უახლოეს მომავალში ვინმე გარდაიცვლება.[10]
მედიცინა და მკურნალობა
რედაქტირებატრამვები და დაავადებები დასავლეთ ტყის კრის ტომებში მიიჩნეოდა შინაგანი ბოროტი ძალების გამოვლინებად, რომელთა განკურნებას აუცილებლად შამანი სჭირდებოდა. მკურნალობისას ძირითადად ბალახებს იყენებდნენ, თუმცა თანაბრად მნიშვნელოვანი იყო ზებუნებრივი ძალების დახმარება. მათ, როგორც წესი, კარავის შენჯღრევის რიტუალით იძახებდა შამანი. პაციენტი არასდროს მკურნალობდა შამანის კარვის გარეთ. კრის ტომებს მიაჩნდათ, რომ განკურნების ცერემონიისას ყველა არსების სული ერთ - შამანის კარავში იყრიდა თავს და პაციენტისაკენ მიემართებოდნენ. შამანი ხედავდა ყოველივეს, თუმცა მას სიტყვის თქმის უფლებაც არ ჰქონდა. ის უბრალოდ სხვადასხვა ცხოველის ხმებს გამოსცემდა. ამ პროცესში შამანს თუ შეეკითხებოდნენ ვინაობას, ის დაასახელებდა იმ ცხოველს, რომლის ხმასაც მანამდე გამოსცემდა. პროცედურის დასრულებისას მკურნალს კარგ გასამრჯელოს აძლევდნენ. ძირითადად ეს იყო ძლიერი ცხენი.[1][10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Smith, G. E., & Beierle, J. (2009). Culture Summary: Western Woods Cree. New Haven, Conn.: HRAF. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ng08-000
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-24. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
- ↑ http://www.creedictionary.com/syllabics/woodland.php
- ↑ http://www.languagegeek.com/algon/cree/thcr_example.html
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Mason, L. (1967). Swampy Cree: A Study In Acculturation. Anthropology Papers. Ottawa: Queen’s Printer. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ng08-001
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 Sutton, M. Q. (2012). An introduction to Native North America (4th ed.). Retrieved from https://books.google.ge/books?id=eshwCgAAQBAJ&lpg=PA94&dq=western wood cree domestic unit&pg=PP1#v=onepage&q&f=true
- ↑ 7.0 7.1 7.2 Smith, J. G. E. (1981). Western Woods Cree. Handbook Of North American Indians. Subarctic. Washington, D.C.: Smithsonian Institution : For sale by the Supt. of Docs., U.S. G. P. O. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ng08-002
- ↑ Smith, J. G. E. (1976). On The Territorial Distribution Of The Western Woods Cree. Papers Of The ... Algonquian Conference, 7, 414–435. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ng08-004
- ↑ Smith, J. G. E. (1987). Western Woods Cree: Anthropological Myth And Historical Reality. American Ethnologist, 14(3), 434–448. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ng08-008
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 Curtis, E. S. (n.d.). The North American Indian (Vol. 18). Retrieved from http://www.worldwisdom.com/public/viewpdf/default.aspx?article-title=The_Western_Woods_Cree.pdf
- ↑ Hallowell, A. I. (Alfred I. (1935). Cross-Cousin Marriage In The Lake Winnipeg Area. Twenty-Fifth Anniversary Studies. Philadelphia: Univ. of Pennsylvania Press. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ng08-007
- ↑ 12.0 12.1 Carlos, A., & Lewis, F. (n.d.). Property Rights, Standards of Living, and Economic Growth: Western Canadian Cree. Queen’s Economics Department Working Paper. Retrieved from http://qed.econ.queensu.ca/working_papers/papers/qed_wp_1232.pdf