ტატუირება (ფრანგ. tatouer, ინგლ. tatoo; პირველწყარო — პოლინეზ.) — სხეულზე გამოსახულებების გამოყვანა კანქვეშ ნემსით, საღებავის შეყვანის საშუალებით. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ხალხშიქვის ხანიდან, რასაც მოწმობს აღმოჩენილი რქის, ძვლის და ქვის სპეციალური იარაღები. ტატუირების ჩვეულება განვითარდა სხეულის შეღებვის წესიდან და მასთან ერთად არსებობდა. პირველყოფილ ხალხებში ტატუირება შეიცავს რელიგიურ და მითოლოგიური წარმოდგენების ანარეკლს, განსაზღვრავს პიროვნების სოციალურ სტატუსს თავის სოციალურ ჯგუფში, ასევე დაკავშირებულია ტოტემისტურ წარმოდგენებთან, ფართოდ ისენებენ ინიციაციის ცერემონიის დროს. მისი მრავალფეროვანი სახეობა (ფერადი ტატუირება, სხვადასხვა ფიგურის გამოყვანა სახესა და სხეულის სხვა ნაწილებზე, სახსრების დასახიჩრება, კბილების ჩამტვრევა და ა. შ.) დიდი პატივით სარგებლობდა დედამიწის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩამორჩენილ ხალხებს შორის,

განსაკუთრებულ მაღალ ესთეტურ დონეს მიაღწია ამ ჩვეულებამ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის მაღალკულტურის ხალხებში. მაგ. იაპონიაში ტატუირების ხელოვნება თითქმის გაუსწორდა იაპონურ ფერწერას. შედარებით გვიან რომსა და შუა საუკუნეების ევროპაში ტატუირებას იყენებენ სამხედრო ტყვეებისა და სხვადასხვა სახის დამნაშავისათვის ნიშნის დასადებად. ტატუირების მოსაცილებლად იყენებენ ქირურგიულ მეთოდს და ლაზერის სხვივს. ზოგი კულტურის გადმონაშთი მიუთითებს, რომ ტატუირება შესაძლოა საქართველოშიც იყო გავრცელებული, მაგრამ აქ ამ წესს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიუღია.

ლიტერატურა

რედაქტირება