სარგის კაკაბაძე

(გადამისამართდა გვერდიდან კაკაბაძე, სარგის)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაკაბაძე.

სარგის ნესტორის ძე კაკაბაძე (დ. 19 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 7 ოქტომბერი], 1886, სოფელი კუხი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 2 აპრილი, 1967, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი (1949).

სარგის კაკაბაძე
დაბადების სახელი სარგის ნესტორის ძე კაკაბაძე
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი/19 ოქტომბერი, 1886
სოფელი კუხი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 2 აპრილი, 1967 (80 წლის)
თბილისი
პროფესია ქართველი ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. 1911–1919 წლებში კითხულობდა ლექციებს თბილისის ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1918-1932 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის ისტორია-არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1921–1926 — საქართველოს ისტორიის არქივის გამგე, 1945–1961 — იმავე არქივის ძველი აქტების განყოფილების გამგე. 1924-1934 წლებში ხელმძღვანელობდა სიძველეთა დაცვის კომიტეტს.

გამოქვეყნებული აქვს შრომები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, დამხმარე ისტორიის დისციპლინების, ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიის საკითხებზე. შეისწავლა და გამოაქვეყნა მრავალი ისტორიული დოკუმენტი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა ვეფხისტყაოსანი ვრცელი გამოკვლევებით (1913, 1927), ჩახრუხაძის „თამარიანი“ (1937), შავთელის „აბდულმესიანი“ (1913, 1937) და „ამირანდარეჯანიანი“ (1939). მუშაობდა ეთნოგენეზის, ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის, ადმინისტრაციული დაყოფისა და მმართველობის საკითხებზე. იყო „საისტორიო მოამბის“ (1924–1925, 4 წიგნი), „საისტორიო კრებულის“ (1928–1929, 4 წიგნი) რედაქტორი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — მარიამ ნიკოლოზის ასული ზუმბულიძე (დ. 6 ნოემბერი, 1893, გურჯაანი — გ. 7 სექტემბერი, 1984, თბილისი). მისი ძმა იყო მხატვარი დავით კაკაბაძე. თბილისში არსებობს ძმების სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 198, თბ., 1994
  • კაკაბაძე საურ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 323.
  • ტუხაშვილი ლ., ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე. «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1977, № 4;
  • Шота Бадридзе, Саргис Несторович Какабадзе: Историк, филолог, 1886-1967 гг.; АН ГССР, Ин-т истории, археологии и этнографии им. Ив. Джавахишвили, Тбилиси Мецниереба, 1986.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება