ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისმეთ ვეჰით გიუნეი (თურქ. İsmet Vehit Güney; დ. 15 ივლისი, 1923 — გ. 23 ივნისი, 2009) —კვიპროსელი მხატვარი, კარიკატურისტი, პედაგოგი და ფერმწერი.  ცნობილია, როგორც კვიპროსის რესპუბლიკის თანამედროვე დროშის, ქვეყნის გერბის და1960 წლის კვიპროსული ფუნტის ორიგინალური დიზაინის შემქმნელი. გიუნეის დიზაინი უნიკალური იყო, რადგან კვიპროსის რესპუბლიკა გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც თავის დროშაზე რუკა გამოსახა. კოსოვოს რესპუბლიკა მეორე ქვეყანაა, რომელმაც 2008 წელს  მიიღო ეროვნული დროშა რუკის გამოსახულებით.[1][2]

ისმეთ გიუნეი
მშობლიური სახელი თურქ. İsmet Vehit Güney
დაბადების თარიღი 15 ივლისი 1923
ლიმასოლი, ბრიტანეთის კვიპროსი
გარდაცვალების თარიღი 23 ივნისი 2009 (85 წლის)
ნიქოზია კვიპროსი
მოქალაქეობა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა
განათლება ბელფასტის ქუინსის უნივერსიტეტის სტრენმილსის კოლეჯი
პროფესია მხატვარი, ფერმწერი

ისმეთ გიუნეი დაიბადა 1923 წელს ლიმასოლში, კვიპროსი. ხატვა სკოლის პერიოდში დაიწყო. პედაგოგიური სკოლის დამთავრების შემდეგ 1948 წლიდან მუშაობდა ხელოვნების მასწავლებლად.

1948 წლიდან 1977 წლამდე მუშაობდა Lefkosa Erkek Lisesi-ში, სადაც ასწავლიდა ხელოვნებასა და ისტორიას. 1956 წელს გაიცნო მხატვარი იბრაჰიმ ჩალი. მასთან მუშაობდა  1960 წლამდე.

1947 წელს გიუნეი გახდა პირველი კვიპროსელი მხატვარი, რომელმაც გახსნა პერსონალური გამოფენა. გიუნეი ხშირად აწყობდა პერსონალურ გამოფენებს, ასევე მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში როგორც კვიპროსზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 1967 წელს მიიღო სტიპენდია ბელფასტის ქუინსის უნივერსიტეტის სტრანმილსის კოლეჯში სასწავლებლად. 1986 წელს ნიქოზიაში მოეწყო მხატვრის ფართომასშტაბიანი რეტროსპექტიული გამოფენა. გიუნეი სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა გრაფიკაზე და ფერთა გამიჯვნაზე.

ისმეთ გიუნი გარდაიცვალა კიბოთი 2009 წლის 23 ივნისს, 85 წლის ასაკში.[3][4]

კვიპროსის დროშის შექმნა

რედაქტირება
 
კვიპროსის დროშა

სანამ კვიპროსის დროშა დამტკიცდებოდა, კუნძულზე  თურქეთისა და საბერძნეთის დროშებს იყენებდნენ. ამჟამინდელი დროშა დამტკიცდა 1960 წელს დიზაინერთა კონკურსის შედეგად. კონსტიტუციის მიხედვით, დროშის ფერებს შორის არ უნდა ყოფილიყო არც წითელი და არც ლურჯი (შესაბამისად, თურქეთისა და საბერძნეთის დროშების ფერები), ასევე ჯვრის ან ნახევარმთვარის გამოსახულებები. ყველა მონაწილე შეგნებულად მოერიდა ამ ოთხი ელემენტის გამოყენებას, ცდილობდა დროშა „ნეიტრალური“ გაეხადა. ამრიგად, გიუნეი და სხვა დიზაინერები ერიდებოდნენ  ბერძნულ ლურჯ და თურქულ წითელ ფერებს. ჟიურიმ არჩევანი იჰმეთ გიუნეის დიზაინზე გააკეთა. 1960 წელს გამარჯვებული გამოავლინა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაკარიოს III-მ, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის ფაზილ ქიუჩუკის თანხმობით.[2]

ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის შეირჩა თეთრი დროშა, როგორც მშვიდობის სიმბოლო იქ მცხოვრებ ორ თემს (კვიპროსელ ბერძნებსა და კვიპროსელ თურქებს) შორის. კუნძულის მოოქროსფრო-ყვითელი რუკა განასახიერებს სპილენძს — მეტალს, საიდანაც კუნძულის სახელწოდება მომდინარეობს.  ვინაიდან ჰერალდიკაში სპილენძისფერი არ გამოიყენება, რუკას ოქროსფერი ელფერი აქვს. მწვანე ზეთისხილის ორი ტოტი კუნძულის ორ თემს შორის მშვიდობის სიმბოლოა.

ამჟამად, 1974 წელს კუნძულის გაყოფის შემდეგ, გიუნეის დროშას მხოლოდ მთავრობის მიერ კონტროლირებადი კვიპროსის სამხრეთი ნაწილი იყენებს.

2006 წელს გიუნეიმ კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას მისი საავტორო უფლებების გამოყენების კომპენსაციის გარდა, გადასახადი მოსთხოვა.  გავრცელებული ინფორმაციით, მაკარიოსი გიუნეის დაჰპირდა წელიწადში 20 ფუნტს ეროვნული დროშის დიზაინისთვის, მაგრამ კვიპროსის თურქული მედიის ცნობით, მას არ მიუღია დაპირებული თანხა. გიუნეიმ საკუთარ წარმომადგენლად დაიქირავა კვიპროსის ბერძნული იურიდიული ფირმა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Farid Mirbagheri,Historical Dictionary of Cyprus , 2009, 288 p. (ISBN 978-0-8108-6298-2, lire en ligne [archive]), p. 64.
  2. 2.0 2.1 Karl-Heinz Hesmer,Flaggen und Wappen der Welt , 2008, 288 p. (ISBN 978-3-577-14537-4, lire en ligne [archive]), p. 286. (გერმ.)
  3. http://www.yeniduzen.com/nilgun-guney-resimdeki-evrimim-devam-ediyor-83552h.htm (თურქ.)
  4. Evripidou, Stefanos (25 June 2009). "Cyprus flag designer dies". Cyprus Mail. Archived from the original on 1 March 2010. Retrieved 1 March 2010.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისმეთ_გიუნეი“-დან