ისიქ-ქოლის ქვაბული

ისიქ-ქოლის ქვაბული (ყირგ. Ысык-Көл ойдуңу) — ტიან-შანის ერთ-ერთი უდიდესი მთათაშორისი ქვაბული. მდებარეობს ყირგიზეთში. გადაჭიმულია სუბგანედურად 240 კმ-ზე, სიგანე 90 კმ. უდიდესი ნაწილი უკავია ისიქ-ქოლის ტბას. მოქცეულია ჩრდილოეთიდან ქუნგეი-ალათაუსა და სამხრეთიდან თერსქეი-ალათაუს ქედებს შორის. მთისძირა ვაკის რელიეფში მკვეთრადაა გამოხატული ძველი ტბიური ტერასები (სიმაღლე 40 მ-მდე); მთისწინეთში ტიპურია ადირები; 2000–2800 მ სიმაღლეზე გვხვდება განცალკევებული ქვაბულშიდა ამაღლებები (ყველაზე დიდებია ჩაარ-ჯონი, ჩონ-თოსმა, ბელბულაქი და სხვ.). ინტენსიურია სეისმურობა. აღმოსავლეთში ცნობილია ქვანახშირის საბადოები (ჯირგალანგი); სამხრეთ-აღმოსავლეთში — თერმული მინერალური წყაროები (100-ზე მეტი — ჯეთი-ოგუზი, აქ-სუუ და სხვ.), რომელთა საფუძველზე ტბის სანაპიროსა და მთებში (1600–2000 მ სიმაღლეზე) შექმნილია ბალნეოლოგიური კურორტები (ჩოლფონ-ათა, ჯეთი-ოგუზი, თამგა და სხვ.). დასავლეთ ნაწილში, სადაც გაბატონებულია მშრალი (წელიწადში 200 მმ-ზე ნაკლები ნალექები) კონტინენტური კლიმატი, დამახასიათებელია უდაბნოს და ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტები; აღმოსავლეთ ნაწილში, უფრო ტენიანში — ველისა; კალთებზე (2100–3000 მ სიმაღლეზე) — მდელო-ველისა, ადგილ-ადგილ დაჭაობებულ ლანდშაფტებს სიმაღლესთან ერთად ანაცვლებს მთა-ტყის ლანდშაფტები (ჭარბობს ტიან-შანის ნაძვი). ისიქ-ქოლის ქვაბულის ფარგლებში, სადაც შედის მთის ტბა, მრავალი ხეობა (30-ზე მეტი, მ.შ. ბოომის) და ჩანჩქერი, შექმნილია ისიქ-ქოლის ნაკრძალი. ცენტრალურ აზიაში დასვენებისა და ტურიზმის პოპულარული ადგილია. ყირგიზეთის მემარცვლეობისა და მესაქონლეობის ერთ-ერთი რაიონია.[1]

ისიქ-ქოლის ქვაბული
ყირგ. Ысык-Көл ойдуңу
კოორდინატები: 42°30′ ჩ. გ. 77°25′ ა. გ. / 42.500° ჩ. გ. 77.417° ა. გ. / 42.500; 77.417
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
სიგრძე 240 კმ
სიგანე 90 კმ
ჰიდროგრაფია ისიქ-ქოლი
ისიქ-ქოლის ქვაბული — ყირგიზეთი
ისიქ-ქოლის ქვაბული
  1. Иссык-Кульская котловин // Большая российская энциклопедия. т. 12. — М., 2008. — стр. 96.