ნახევრად უდაბნოს ზონები

(გადამისამართდა გვერდიდან ნახევრად უდაბნო)

ნახევრად უდაბნოს ზონებიხმელეთის ბუნებრივი ზონები, სადაც ჭარბობს ნახევრად უდაბნოს ლანდშაფტი. მასში კომპლექსურად არის შეხამებული, ერთი მხრით, უდაბნოებისა და, მეორე მხრით, სტეპების (ველების) და სავანების ნიადაგები და მცენარეულობა. გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჰავის ქვეყნებში. ნახევრად უდაბნოს ზონებისთვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა; აორთქლებადობა ბევრად სჭარბობს ატმოსფერული ნალექების წლიურ რაოდენობას (დაახლოებით 200-400 მმ[1]).

ნახევრად უდაბნოს ცხელი ზონები
ნახევრად უდაბნოს ცივი ზონები

სუსტადაა განვითარებული ჰიდროგრაფიული ქსელი, ნიადაგი ღია წაბლისფერი ან რუხია, ხშირად დამლაშებული, მცენარეული საფარი გამეჩხრებულია, ჭარბობს ქსეროფილური მრავალწლოვანი ბალახები, ნახევრად ბუჩქები, ბუჩქები, გაზაფხულისა და შემოდგომის ეფემერები და ეფემეროიდები.

ამიერკავკასიაში განლაგებულია ვაკეებსა და მთისწინებზე ზღვის დონიდან 400-600 მ-ზე (საქართველო, აზერბაიჯანი), იშვიათად 1200 მ-მდე (სომხეთი). ჩვენში მეტწილად აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში გვხვდება (ელდარის დაბლობი, გარდაბნის ვაკე, შირაქ-გარეჯის ზეგანი), ფრაგმენტების სახით თბილისის მიდამოებშიც. ძირითადი ედიფიკატორებია ავშანი, ყარღანი, ხურხუმო, ჩარანი და სხვა. ეფემერებიდან და ეფემეროიდებიდან — შვრიელა, ბოლქვიანი თივაქასრა და სხვა.

ნახევრად უდაბნოს ზონების ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ბუნებრივი საძოვრებია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება