ისაბელ პორტუგალიელი (1397-1471)

ისაბელ პორტუგალიელი (პორტ. Isabel de Portugal, ფრანგ. Isabelle de Portugal; დ. 21 თებერვალი, 1397, ევორა, პორტუგალია — გ. 17 დეკემბერი, 1471, დიჟონი, ბურგუნდია) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფილიპა ლანკასტერის ქალიშვილი. ბურგუნდიის ჰერცოგინია 1430-67 წლებში, როგორც ფილიპ III-ის მესამე მეუღლე. ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ I-ის დედა. ისაბელი იყო თავისი ქმრის რეგენტი 1432 და 1441-43 წლებში, როდესაც მისი ქმარი საომრად იყო წასული. მან უბიძგა თავის ქმარს 1439 წელს ინგლისთან ალიანსის შექმნისა და 1444 წელს ჰოლანდიის შემოერთებისკენ.

ისაბელ პორტუგალიელი
ბურგუნდიის, ლუქსემბურგის, ნემურის, ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგინია, ნევერის, არტუას, შაროლუას, ფლანდრიის, ჰოლანდიის, ფრიზიის, ზელანდიისა და ენოს გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 7 იანვარი, 1430
მმართ. დასასრული: 15 ივლისი, 1467
წინამორბედი: ბონა არტუელი
მემკვიდრე: მარგარეტ იორკელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 21 თებერვალი, 1397
დაბ. ადგილი: ევორა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 17 დეკემბერი, 1471, (74 წლის)
გარდ. ადგილი: დიჟონი, ბურგუნდია
მეუღლე: ფილიპ III, ბურგუნდიის ჰერცოგი
შვილები: შარლ I, ბურგუნდიის ჰერცოგი
დინასტია: ავისები
მამა: ჟუან I, პორტუგალიის მეფე
დედა: ფილიპა ლანკასტერი
რელიგია: კათოლიციზმი

ადრეული წლები

რედაქტირება

ისაბელი დაიბადა 1397 წლის 21 თებერვალს, პორტუგალიის ქალაქ ევორაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფილიპა ლანკასტერის ქალიშვილი. იგი მათი მეოთხე შვილი და ერთადერთი ქალიშვილი იყო, რის გამოც მას ლისაბონის სამეფო კარზე განსაკუთრებულად ზრდიდნენ. დედოფალმა ფილიპამ ყველა თავის შვილს და მათ შორის ისაბელსაც ღრმად ჩაუნერგა მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა, კათოლიკური რწმენა და სიყვარული განათლებისადმი. ინფანტა ისაბელს ძალიან უყვარდა კითხვა და დიდად ინტერესდებოდა პოლიტიკით. მამამისმა განაცხადა, რომ ისაბელი საკმაოდ კარგად ერკვეოდა პოლიტიკაში. იგი განათლებას ძმებთან ერთად იღებდა და სწავლობდა ლათინურს, ესპანურს, ფრანგულს, ინგლისურსა და იტალიურს. მას აგრეთვე ძალიან უყვარდა ნადირობა.

 
ისაბელი და წმინდა ელიზაბეთი

1415 წელს ბიძამისისგან, ინგლისის მეფე ჰენრი V-გან წამოვიდა საქორწინო წინადადება, რომელიც მასსა და ისაბელს შორის უნდა შემდგარიყო, რასაც უნდა მოჰყოლოდა პორტუგალია-ინგლისის კვლავ გაერთიანება საფრანგეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ყველაფრისა, მოლაპარაკებები ჩაიშალა და წარმოიშვა რისკი, რომ ისაბელი გასათხოვარი დარჩებოდა. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ 1415 წელს დედოფალ ფილიპას დაკრძალვაზე სამეფო კარის მანდილოსნებმა ინფანტა ერთ-ერთ დიდგვაროვანთან საკმაოდ ახლო ურთიერთობისას შენიშნეს.

საქორწინო მოლაპარაკებები

რედაქტირება

ისაბელა 30 წლამდე გაუთხოვარი იყო, რაც იმ ეპოქაში უკვე შინაბერობას ნიშნავდა. თუმცაღა, მიუხედავად ყველაფრისა, 1428 წელს უკვე მეორედ დაქვრივებულმა ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიპ III ვალუამ ისაბელის ხელი ითხოვა. ფილიპს აქამდე ორი ცოლი ჰყავდა — მიშელ დე ვალუა და ბონა არტუელი — რომლებიც ისე გარდაიცვალნენ, რომ მას მემკვიდრე ვერ დაუტოვეს, ამიტომაც ჰერცოგმა მესამედ დაქორწინება განიზრახა, რათა როგორმე დაეტოვებინა მემკვიდრე. თავად ფილიპი, თავისი ბიძაშვილის, საფრანგეთის მეფის მოკავშირე და ინგლისელთა მტერი იყო, რის გამოც კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა ისაბელის ცოლად შესართავად, რათა ინგლისისათვის პორტუგალია, როგორც მოკავშირე წაერთმია. გარდა ამისა, სხვა იმ დროის ქალბატონებთან შედარებით, ისაბელი საკმაოდ მომხიბვლელი, ინტელექტუალი, მოხდენილი, გემოვნებიანი და ხალისიანი იყო.

ფილიპ III-მ 1428 წლის 19 ოქტომბერს, ლისაბონში თავისი უზარმაზარი დელეგაცია გააგზავნა, საქორწინო მოლაპარაკებების საწარმოებლად. ბურგუნდიელები პორტუგალიაში 2 დეკემბერს ჩავიდნენ, თუმცა 16 დეკემბრამდე სამეფო ოჯახის წევრებს ვერ შეხვდნენ. ბურგუნდიელებს, მეფე ჟუანსა და ისაბელის ძმებს შორის მოლაპარაკებები თითქმის მთელი თვე გაიწელა და 1429 წლის 19 იანვარს საბოლოოდ დაიდო საქორწინო ხელშეკრულება. ამავე დღეს ბურგუნდიის ელჩმა ფილიპის სახელით ითხოვა ინფანტა ისაბელის ხელი, რაზეც ცხადია თანხმობა მიიღო. ბურგუნდიელები უკან 2 თებერვალს გაემგზავრნენ, სამშობლოში 5 მაისს ჩააღწიეს ჰერცოგის ნახვა კი მხოლოდ 4 ივნისს შესძლეს. მას შემდეგ რაც უკვე ფილიპმაც მოაწერა ხელი საქორწინო ხელშეკრულებას ჯერ მარიონეტული, ხოლო შემდეგ ნამდვილი ქორწინების ჯერი დადგა. ისაბელისა და ფილიპის მარიონეტული ქორწინება 1429 წლის 24 ივლისს შედგა.

ბურგუნდიის ჰერცოგინია

რედაქტირება
 
ისაბელ პორტუგალიელი ქმრით

მარიონეტული ქორწინების შემდეგ ისაბელი კიდევ რვა კვირის განმავლობაში დარჩა პორტუგალიაში. მამამისმა მას დიდი ფლოტილია მოუმზადა, რომელიც 20 გემისაგან შედგებოდა. ისაბელმა ლისაბონის პორტი 1429 წლის 19 ოქტომბერს დატოვა 2000 პორტუგალიელის თანხლებით. ამის შემდეგ იგი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. თერთმეტკვირიანი მგზავრობის შემდეგ, რომლის დროსაც ქარიშხლის გამო ისაბელმა თითქმის ნახევარი ამალა დაკარგა, 1429 წლის 25 დეკემბერს პორტუგალიელები ნიდერლანდების საპორტო ქალაქ სლაისში შევიდნენ. ამ დღეს ისაბელმა პირველად ნახა ფილიპე. რამდენიმე კვირაში, 1430 წლის 7 იანვარს ისაბელმა და ფილიპემ საბოლოოდ დაიწერეს ჯვარი.

ქორწილის შემდეგ ქმართან და სეფექალ ჟანა დ'არკურთან ერთად ისაბელმა დატოვა ნიდერლანდები და ბურგუნდიისაკენ დაიძრა. გზად მათ გაიარეს გენტი, კორტრიკი, ლილი, ბრიუსელი, არასი, პონ-ან-მელანტუა, მეხელენი და ჩავიდნენ ნოიონში. აქ ჩასვლისას ისაბელი უკვე ორსულად იყო, რის გამოც მან გაჩერება და დასვენება არჩია. სწორედ ამ დროს ჟანა დ'არკმა შეტევები დაიწყო მახლობლად მდებარე კომპიენზე, რის გამოც ბურგუნდიელები სასწრაფოდ გენტში გადავიდნენ.

 
ისაბელ პორტუგალიელი მუხლს იყრის საფრანგეთის მეფე შარლ VII-ის წინაშე.

ბურგუნდიაში ჩასულმა ისაბელმა აღმოაჩინა, რომ არ იყო მზად ევროპის ყველაზე ექსტრავაგანტულ სამეფო კარზე ცხოვრებისათვის. ბურგუნდიელები მისი მოკრძალებული ხასიათის გამო ისაბელს მონაზონს უწოდებდნენ. რამდენადაც ცნობილია, მას რცხვენოდა ორსულობის გამო, რის დასამალადაც გამუდმებით ფართო კაბებს ატარებდა. ისაბელისათვის ყველაზე უფრო შემაშფოთებელი მისი ქმრის ქმედებები აღმოჩნდა. პირველივე ნახვისას ფილიპემ მას მრავალი საჩუქარი მიართვა, ორსულობის ამბის გაგებისას კი კიდევ უფრო მეტი, რაც დისკომფორტს უქმნიდა მას. ამასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ფილიპე სულაც არ აპირებდა ქორწინებისას დადებული ერთგულების ფიცის დაცვას, რამეთუ მან დაიტოვა ძველი საყვარლები და ახლებიც გაიჩინა. ცნობილია, რომ სხვადასხვა ქალისაგან მას 50-მდე უკანონო შვილი ჰყავდა.

1430 წლის 30 დეკემბერს ბრიუსელში ისაბელმა პირველი ბავშვი გააჩინა. ბავშვს ანტუანი დაარქვეს, მაგრამ იგი სუსტი იყო და 1431 წლის 16 იანვარს გარდაიცვალა. იმავე წლის შემოდგომაზე ისაბელი კიდევ დაორსულდა. მან მალევე გააჩინა მეორე ვაჟი, სახელად ჟოზეფი. ამის შემდეგ ისაბელმა ფილიპესთან დაახლოება დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ინტელექტუალურ დონეზე კარგად ეწყობოდა, რის გამოც ისინი დიდ დროს ატარებდნენ ერთად. ამის შემდეგ იგი ნელ-ნელა მიეჩვია ბურგუნდიას და არისტოკრატიაშიც თანდათან პოპულარობა მოიპოვა, განსაკუთრებით იმით, რომ იგი აშკარა ემხრობოდა ბურგუნდიის დამოუკიდებლობის იდეას და ეწინააღმდეგებოდა მის საფრანგეთთან მიერთებას. მათ საპასუხოდ 1432 წელს საფრანგეთის მეფე შარლ VII-მ ბურგუნდიაზე აქტიური შეტევები წამოიწყო, რა დროსაც ფილიპე სასწრაფოდ დიჟონში გაიქცა, რათა დედაქალაქი გაემაგრებინა. ცნობილია, რომ ამ დროს ისაბელი თავად ეახლა შარლს და მორჩილების ნიშნად დაუჩოქა, რის შემდეგაც სთხოვა მიეტოვებინა ბურგუნდიული ლაშქრობა, რაც ასეც მოხდა. იმავე წელს გარდაიცვალა მისი ვაჟი, პრინცი ჟოზეფიც, თუმცა 1433 წელს მან მესამე ვაჟი გააჩინა და საფრანგეთის მეფის პატივსაცემად შარლი დაარქვა.

ისაბელი აღწერილია, როგორც დახვეწილი და ინტელექტუალი ქალი, რომელსაც გარს მხატვრები და პოეტები ეხვია. იგი ხელოვნების დიდი მფარველი იყო. რაც შეეხება პოლიტიკას, მას დიდი გავლენა ჰქონდა როგორც ვაჟზე, ისე ქმარზე, რის გამოც ყოველთვის ახერხებდა სახელმწიფოს მართვის საქმეებში ჩარევას. მეტიც, ხშირად ისაბელი ქმრის ნაცვლად ესწრებოდა და უძღვებოდა სამეფო საბჭოს სხდომას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ინტერესი საგარეო ურთიერთობების მხრივ. სწორედ მისი მოლაპარაკებების შედეგად დაქორწინდა მისი ვაჟი, შარლი საფრანგეთის მეფის ასულ კატრინ დე ვალუაზე. მას ასევე ახლო დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა შოტლანდიის დედოფალ მარია გელდერნელთან. აღსანიშნავია, რომ სწორედ ისაბელის დამსახურებით გაჰყვა იგი ცოლად შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-ს და გახდა დედოფალი.

დარჩენილი ცხოვრება

რედაქტირება

1457 წელს ისაბელმა უარი თქვა სამეფო კარზე ცხოვრებაზე, განშორდა მეუღლეს და ვაჟთან ერთად გაემგზავრა, რათა დარჩენილი ცხოვრება მშვიდად გაეტარებინა. მის ამ გადაწყვეტილებას ფილიპე უარყოფითად შეხვდა. ისაბელი ლა მოტ-ო-ბუას ციხესიმაგრეში გადასახლდა, რომელიც მალევე იქცა ბურგუნდიის მეორე სამეფო კარად, სადაც იგი თავისი ქმრის რეჟიმის მსხვერპლ მოაზროვნე ადამიანებს იფარებდა. ამ დროს იგი განსაკუთრებულ დახმარებას უწევდა ფილიპეს სამხედრო მოქმედებებით დაზარალებულ ფლამანდიელებს. გარდა ამისა, იგი მფარველობდა და კარგი განათლებით უზრუნველყოფდა თავის ძმისწულ ფერნანდუსაც.

1467 წელს ფილიპე III გარდაიცვალა და ტახტი მისმა ვაჟმა, შარლ მამაცმა დაიკავა, რის შემდეგაც ისაბელი დაუბრუნდა დიჟონის სამეფო კარს. იგი სწორედ აქ, 1471 წლის 17 დეკემბერს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Marshall, Rosalind K. (2003), Scottish Queens: 1044-1714, Tuckwell Press
  • Taylor, Aline S. (2001), Isabel of Burgundy : the Duchess who Played Politics in the Age of Joan of Arc, 1397-1471, Madison Books, ISBN 1-56833-227-0
  • Leite, José Guilherme Reis, "Os Flamengos na Colonização dos Açores", Boletim do Instituto Histórico da Ilha Terceira (in Portuguese) (LXX), Angra do Heroísmo (Azores), Portugal, pp. 57–74
  • Bowles, Edmund A. (July 1953), "Instruments at the Court of Burgundy (1363-1467)", The Galpin Society Journal, 6, pp. 41–51
  • Campbell, Lorne; Szafran, Yvonne (March 2004), "The Portrait of Isabella of Portugal, Duchess of Burgundy, in the J. Paul Getty Museum", The Burlington Magazine, 146 (1212), pp. 148–157
  • Friedman, Jane (Summer 1982), "A New Look at the Imagery of Isabelle of Portugal", Notes in the History of Art, 1 (4), pp. 9–12
  • Luber, Katherine (Spring 1988), "Patronage and Pilgrimage: Jan van Eyck, the Adornes Family, and Two Paintings of 'Saint Francis in Portraiture'", Philadelphia Museum of Art Bulletin, 91 (386/387), pp. 24–37