ეჟენ იონესკო

(გადამისამართდა გვერდიდან იონესკო, ეჟენ)

ეჟენ იონესკო (Eugène Ionesco, დ. 26 ნოემბერი, 1909, სტალინა, რუმინეთი — გ. 28 მარტი, 1994, პარიზი) — წარმოშობით რუმინელი, ფრანგი დრამატურგი და მწერალი. 1970 წლიდან საფრანგეთის აკადემიის წევრი. აბსურდის დრამის წარმომადგენელი.

ეჟენ იონესკო
ფრანგ. Eugène Ionesco
რუმ. Eugen Ionescu
დაბადების თარიღი 26 ნოემბერი, 1909(1909-11-26)[1] [2]
დაბადების ადგილი სლატინა[3] [2]
გარდაცვალების თარიღი 28 მარტი, 1994(1994-03-28)[1] [4] [2] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი 14th arrondissement of Paris[2]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო
საქმიანობა დრამატურგი[5] , პოეტი[5] , ლიტერატურული კრიტიკოსი, დღიურის ავტორი, ილუსტრატორი, გრაფიკოსი[5] , კინომსახიობი[6] , ტელემსახიობი[6] და კინორეჟისორი[6]
ენა ფრანგული ენა, რუმინული ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა  რუმინეთი
ალმა-მატერი ბუქარესტის უნივერსიტეტი, Carol I National College, Fraţii Buzeşti National College და Saint Sava College
Magnum opus სკამები, მარტორქა, The Killer, ახალი მდგმური და მელოტი მომღერალი ქალი
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი[7] , პრინც პიერის პრემია, ღირსების ორდენის კომანდორი[7] , იერუსალიმის პრემია, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, Prix du Brigadier, ავსტრიის სახელმწიფო პრემია ევროპული ლიტერატურისთვის[8] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[7] და star on Playwrights' Sidewalk[9]
მეუღლე Rodica Ionesco

ბიოგრაფია

რედაქტირება

ეჟენ იონესკოს მამა, რუმინელი იურისტი, სამეფო ადმინისტრაციაში მუშაობდა. დედა კი წარმოშობით ფრანგი, რუმინეთში მცხოვრები ოჯახიდან იყო. 1911 წელს ახლადშექმნილი ოჯახი პარიზში გადადის საცხოვრებლად, სადაც მამას დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი. 1916 წელს, როდესაც რუმინეთი გერმანიასა და ავსტრიას ომს უცხადებს, მამა სამშობლოში ბრუნდება და მალე ყოველგვარ კავშირს სწყვეტს საფრანგეთში დარჩენილ ოჯახთან.

უსახსროდ დარჩენილი დედა იძულებული ხდება ორი მცირეწლოვანი შვილი ბავშვთა სახლში მიიყვანოს. 1917 წელს ეჟენსა და მის დაზე მზრუნველობას ლავალის მახლობელ სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი იღებს. აქ გატარებული დრო მომავალი მწერლის მეხსიერებაში ყველაზე ბედნიერ წლებად დარჩება.

1922 წელს და-ძმა ბუქარესტში მამასთან ბრუნდება. აქ ისინი რუმინულ ენას ეუფლებიან. მამა შვილებზე მეურვეობას იღებს, მაგრამ დედინაცვალს, რომელიც თავად უშვილო აღმოჩნდა, სძულს გერები. 1926 წელს ეჟენს კონფლიქტი მოსდის მამასთან, რომელიც ვერ ეგუება შვილის ლიტერატურით გატაცებას. თავის მხრივ ეჟენისთვის ძნელი ასატანია მამის მკაცრი და ტირანული ხასიათი. ასეთი ხასიათის გამო უფროსი იონესკო ჯერ ნაცისტური, შემდეგ კი კომუნისტური პარტიის წევრი იყო.

ეჟენისთვის მამასთან ყოფნა აუტანელი ხდება და დედასთან ბრუნდება. ეს უკანასკნელი ამ დროისთვის უკვე რუმინეთშია ჩამოსული და შესაფერისი სამუშაოც აქვს ნაშოვნი რუმინეთის სახელმწიფო ბანკში. 1928 წელს ეჟენი ფრანგული ენის სწავლას იწყებს ბუქარესტში და ამავე დროს იცნობს თავის მომავალ მეუღლეს, ფილოსოფიისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტს. პარალელურად იონესკო რუმინულ ენაზე წერს ლექსებს, რომანებს და ლიტერატურულ კრიტიკას. 1934 წლიდან, სწავლის დამთავრების შემდეგ იგი ფრანგულ ენას ასწავლის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. 1936 წელს იონესკო ცოლს ირთავს.

1938 წელს მომავალი დრამატურგი სტიპენდიას იღებს და პრაქტიკის ასამაღლებლად მიემგზავრება საფრანგეთში. ორი წლის შემდეგ კი, ბლიცკრიგთან საფრანგეთის მარცხის გამო იძულებულია ისევ სამშობლოში დაბრუნდეს. მას შემდეგ, რაც რუმინეთი გერმანიასთან ხელშეკრულებას დებს და რუსეთის წინააღმდეგ ომს იწყებს, დრამატურგი ისევ საფრანგეთში მიდის, ამჯერად სამუდამოდ. მეუღლესთან ერთად იგი ჯერ მარსელში, შემდეგ კი პარიზში სახლდება. 1944 წელს იბადება მათი ერთადერთი ქალიშვილი, მარი-ფრანსი. ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს, იონესკო იძულებულია კორექტორად იმუშაოს ერთ-ერთ იურიდიულ გამომცემლობაში. იგი ამ სამუშაოზე რჩება 1955 წლამდე.

1948 წლიდან პიესით მელოტი მომღერალი ქალი, იწყება იონესკოს, როგორც დრამატურგის კარიერის აღმასვლა. 1950 წელს პიესას სცენაზე დგამენ და კრიტიკოსთა ყურადღებასაც იპყრობს. ამავე წელს იონესკო საფრანგეთის მოქალაქეობას იღებს. მომდევნო წლებში იგი წერს პიესებს გაკვეთილი და ჟაკი ანუ მორჩილება, რითაც მას საბოლოოდ აღიარებენ როგორც აბსურდის დრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს.

1953 წელს გამოდის იონესკოს პიესების პირველი კრებული. ორი წლის შემდეგ მისი პიესები პირველად იდგმება საზღვარგარეთ. 1957 წელს იწერება მარტორქა, ნოველა, რომელშიც ავტორი შოვინისტური პატრიოტიზმისა და რასიზმის გავრცელების წინააღმდეგ გამოდის და რაც სიმბოლურად ალჟირის ბრძოლებს უკავშირდება. ერთი წლის შემდეგ ნოველა პიესად გადაკეთდება. რამდენადაც პიესა საფრანგეთისთვის ძალზე დელიკატურ საკითხს ეხება მისი პირველი წარმოდგენა დიუსელდოლფში ხდება, 1959 წელს. გერმანელი მაყურებელი მასში ნაციზმის კრიტიკას ხედავს, ამასვე დაინახავენ ფრანგებიც, როდესაც მარტორქა 1960 წელს პარიზში იქნება დადგმული. ამგვარი ინტერპრეტაცია ავტორს საფრთხეს თავიდან აშორებს. 1964 წელს მარტორქა ავტორის სამშობლოშიც იდგმება. ეს იონესკოს რუმინეთში დადგმული პირველი ნაწარმოებია.

1970 წელს უკვე აღიარებული დრამატურგს საფრანგეთის აკადემიის წევრად ირჩევენ. სიცოცხლის ბოლოს იგი რომანულ ჟანრშიც სცდის ბედს და 1973 წელს წერს რომანს მარტოსული. 80-იან და 90-იან წლებში იონესკოს ჯანმრთელობა საგრძნობლად ირყევა და დეპრესიას იწვევს. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ საბრძოლველად დრამატურგი ხატვას იწყებს.

ეჟენ იონესკო გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. იგი მონპარნასის სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ დროისთვის იგი უკვე აღიარებული იყო როგორც ერთ-ერთი უდიდესი დრამატურგი და აბსურდის დრამის უგვირგვინო მეფე.

შემოქმედება

რედაქტირება

იონესკო აბსურდის თეატრის მწერლად მიიჩნევა. პირველად ის აბსურდისტ მწერლად მარტინ ესლინმა მოიხსენია, თავისივე წიგნში, რომელსაც იგივე სახელწოდება ჰქონდა. ესლინმა იონესკო ისეთი თანამედროვე მწერლების გვერდით დააყენა, როგორებიც არიან სემიუელ ბეკეტი, ჟენე ჟანი, არტურ ადამოვი. ესლინი მათ აბსურდისტებს უწოდებდა კამიუს აბსურდული კონცეფციის კონტექსტიდან გამომდინარე. ის მიიჩნევდა, რომ იონესკომ და ბეკეტმა უკეთ გამოხატეს არსებობის უაზრობა თავიანთ პიესებში, ვიდრე კამიუმ და სარტრმა. იონესკო ხშირად არასწორად სახელდება ეგზისტენციალისტ მწერლად. თავის ნაშრომში ის აცხადებს, რომ არ არის ეგზისტენციალისტი და აკრიტიკებს ჟან-პოლ სარტრს, ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას. მიუხედავად იმისა, რომ იონესკო იცნობდა ბეკეტის ნაშრომებს და პატივს სცემდა მას, ფრანგული პიესების ჯგუფი შორს იყო ორგანიზებული მოძრაობისგან.

ეჟენ იონესკო თავის ნაწარმოებებს თავადვე უწოდებს ანტი-პიესებს და აძლევს მათ ტონალობის განმსაზღვრელ ისეთ სათაურებს, როგორიცაა: კომიკური დრამა (გაკვეთილი), ტრაგიკული ფარსი (სკამები), ფსევდო დრამა (მოვალეობის მსხვერპლი). მისი პიესების ძირითადი თემაა მეტყველების საკომუნიკაციო ფუნქციის უქონლობა. სცენაზე სიტყვების ადგილს ხშირად საგნები იკავებს: მაგ. სკამებში გაცოცხლებული და ამოძრავებულია სკამები. ესაა ერთგვარი მოძრავი არქიტექტურა, სკამები თავბრუდამხვევი სისწრაფით შემოდის სცენაზე, მაგრამ მოძრაობა აქ ნიშანია არა სიცოცხლისა, არამედ სიკვდილის. სცენა იფარება ცარიელი სკამებით და ისინი თელავენ ადამიანებს, რომლებიც არსებობის აბსურდულობით წელში მოხრილნი არიან. ამ არარაობას აძლიერებს მეტყველების კრიზისი. იონესკო ანგრევს მეტყველებას და მასთან ერთად იმ სიყალბეს, რასაც იგი გადმოსცემს. სიტყვები წმინდად ფონეტიკური ასოციაციებით უერთდება ერთმანეთს. სიტყვა, რომელიც უვარგისი გახდა, გაქრა და ადგილი დაუთმო სიჩუმეს. ამდენად ადამიანის ყოფაც განწირულია ამ სიჩუმის, სიმარტოვისა და სიცარიელისათვის. მეტყველების კრიზისის, ადამიანის მარტოობის, ცხოვრების აბსურდულობის თემაა იონესკოს თითქმის ყველა პიესაში.

გარდატეხა ხდება მარტორქაში. აქ უკვე დრამატულ მეტყველებას გარკვეული აზრი აქვს მიცემული. ეს უკვე აღარაა უაზრობის თეატრი და პირველი შემთხვევაა, როდესაც იონესკო აღარ აძლევს ქვესათაურს, ე.ი. ანტიპიესიდან პიესაზე გადადის. ამ პიესის დაწერამდე 2 წლით ადრე იონესკო აცხადებს, რომ სურს არა ანტითეატრის, არამედ თეატრის შექმნა, რომ ახლა უკვე მიაგნო თეატრისთვის საჭირო სქემას და რომ საბოლოოდ კლასიკური თეატრის მომხრეა. მისი აზრით ავანგარდის მოწოდებაც სწორედ ამაშია: აღმოაჩინო არქეტიპები, განაახლო გამომსახველობითი ფორმები. "ყოველი ჭეშმარიტი ნაწარმოები კლასიკურია" — აცხადებს იგი.[11]

ფანჯრები სამყაროში აბსურდის თეატრს ემსგავსება. ყველა ფანჯარა ღიაა, მაგრამ ფანჯრის მიღმა სიცარიელეა. მხოლოდ მაშინ უფიქრდება ადამიანი ყოფიერების არსს. საიდან წარმოიშვა ეს სიცარიელე. ის ალბათ ძალიან ჰგავს არყოფნას, იმას, რასაც ადამიანი სიკვდილის მერე გრძნობს. ისეთივე შორი და ამოუცნობია, როგორიც სიკვდილის ფენომენი. თუმცა, აბსურდის სამყაროში ყველა და ყველაფერი კანონზომიერია, მხოლოდ ადამიანია ზედმეტი, რადგან ის სვამს კითხვებს მისი არსებობის შესახებ. როცა პასუხები ჰაერში იკარგება და სიცარიელეში ინთქმება, ის მიყოლებით კეტავს ყველა ფანჯარას, რომ თავადაც არ იქცეს სიცარიელედ, თუმცა ქვეცნობიერად მან იცის, რომ სწორედ სიცარიელეს ეკუთვნის. როდესაც ის ხედავს სხვა ადამიანს, რომელიც ამ ფანჯრის გაღებას ცდილობს, მხედრდება საკუთარი შიშის წინაშე, უკრძალავს ყველას ფანჯარასთან მიახლოებას, რათა არ გააცნობიეროს, რომ ის უკვე მოკვდა. თუმცა, ეს არაფერს ცვლის. თეატრი გრძელდება სამყაროში, სადაც ზედმეტი მხოლოდ ადამიანია, სადაც ჰარმონიას მხოლოდ გონება არღვევს, სამყაროში, სადაც ყველაზე უაზრო და ცარიელი ის არსებაა, რომელსაც თავისი არსებობა ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო მოვლენად მიაჩნია.

სიკვდილისა და მარტოობის თემები ერთ-ერთი წამყვანია იონესკოს შემოქმედებაში. ადამიანისთვის პასუხგაუცემელი რჩება სიცოცხლის ღირებულება, როცა ის საბოლოოდ სიკვდილით სრულდება. სიკვდილიც ისეთი შორი და უცხოა, ისეთი ამოუცნობი, რომ ბუნდოვნების გრძნობა აბსურდს ბადებს პიროვნებაში. იონესკო მთელი ცხოვრება ცდილობდა აბსურდული ყოფის მიზეზებისა და მისი არსის შეცნობას. მის პიესებსა და პროზაში აბსურდი მარტოობის კოსმოგენური ელემეტებითაა გაჟღენთილი. ადამიანს სურს სოციუმში ინტეგრირება, მაგრამ ამასთან ეს მისთვის იმდენად არაკომფორტულ მდგომარეობას ქმნის, რომ ის ცდილობს განერიდოს სხვებს.

ნაწარმოებები

რედაქტირება
 
ეჟენ იონესკოს საფლავი მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზი. წარწერა: ილოცე არ-ვიცი-ვისზე: იესო ქრისტე, ვიმედოვნებ.
  • მელოტი მომღერალი ქალი, 1950
  • მისალმებები, 1950
  • გაკვეთილი, 1951
  • სკამები, 1952
  • მასწავლებელი, 1953
  • მოვალეობის მსხვერპლნი, 1953
  • გასათხოვარი ქალიშვილი, 1953
  • ამედეა ანუ როგორ დავაღწიოთ თავი, 1954
  • ჟაკი ანუ მორჩილება, 1955
  • ახალი მდგმური, 1955
  • მომავალი კვერცხებშია, 1957
  • ოთხის სცენა, 1959
  • სიარულის სწავლა, 1960
  • მარტორქა, 1960
  • ორთა ბოდვა, 1962
  • მეფე კვდება, 1962
  • წყურვილი და შიმშილი, 1965
  • მაკბეტი, 1972
  • ჩემოდნებიანი კაცი, 1975
ესეები
  • მეტყველების ტრაგედია, 1958
  • თეატრის ცდა, 1958
  • ავანგარდის შესახებ, 1959
  • შენიშვნები და კონტრშენიშვნები, 1962
  • აღმოჩენები, 1969
  • ანტიდოტები, 1977
რომანები, ნოველები
  • ვალსი, 1956
  • მარტორქა, 1957
  • ჰაერში მოსიარულე, 1961
  • მარტოსული, 1973

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Fichier des personnes décédées mirror
  3. Academy of Arts, Berlin — 1696.
  4. SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 5.2 The Fine Art Archive — 2003.
  6. 6.0 6.1 6.2 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  7. 7.0 7.1 7.2 Académie française
  8. https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
  9. http://www.iobdb.com/Lortel/Sidewalk
  10. 10.0 10.1 http://www.mutualinspirations.org/archive/2014/franz-kafka/
  11. Notes et contre-notes, Ionesco E, Folio Essais, Paris, 1991.
  ლიტერატურის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ლიტერატურის შესახებ.