თუშური დიალექტი

(გადამისამართდა გვერდიდან თუშური კილო)

თუშური დიალექტიქართული ენის დიალექტი, რომელზედაც მეტყველებს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხის — თუშეთის მოსახლეობა. XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის I ნახევარში მოხდა თუშეთიდან მოსახლეობის თითქმის მთლიანი მიგრაცია კახეთის ბარში, სადაც გაშენდა თუშებით დასახლებული სამი სოფელი — ზემო ალვანი, ქვემო ალვანი და ლალისყური.

თუშური დიალექტი ამჟამად ამ სამ სოფელშია გავრცელებული. ისტორიული თუშეთი კი ძირითადად გადაქცეულია მეცხოველეთა საზაფხულო საძოვრების ტერიტორიად, სადაც მოსახლეობა ადის ზაფხულობით. მუდმივი მოსახლეობის მცირე ნაწილი დარჩენილია მის მხოლოდ რამდენიმე სოფელში. თუშეთი სადღეისოდ წარმოადგენს თუშური დიალექტის არა გავრცელების, არამედ მისი ფორმირების ტერიტორიას.

თუშური დიალექტი ენობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებს მიეკუთვნება და ფშაურ-ხევსურულ და მოხეურ დიალექტებთან ერთად ერთიანდება ე.წ. ფხოური კილოების ჯგუფში, ხასიათდება უაღრესი არქაიზმით და ბევრ საერთოს ავლენს ძველ და საშუალო ქართულთან, არქაული ენობრივი ნიშნის მიხედვით ეხმაურება ქართული ენის სამხრეთ-დასავლეთ დიალექტებს — აჭარულსა და იმერხეულს.

ფონეტიკური პროცესებიდან თუშურს ახასიათებს როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა რეგრესული ასიმილაცია. ხმოვანთა რეგრესული ასიმილაციის შედეგია ხმოვნების საბოლოო შერწყმა გრძელ ხმოვნად, რომელსაც უვითარდება ძლიერი დამართვა. თანხმოვნებში ასიმილატორებია ხშული ბგერები, ასიმილაციას კი სპირანტები განიცდიან: ზდველ — სთველი, ჟჯავრობ — სჯავრობ, ღგლეჯ — ჰგლეჯ...

თუშურის ზმნის დრო-კილოთა სისტემაში დადასტურებულია უწყვეტლისა და წყვეტილის ხოლმეობითის მწკრიევები, რომლებსაც I და II პირის ფორმებთან -იდ, ხოლო II პირის ფორმებთან - სუფიქსები აწარმოებს. თუშურს აქვს მნიშვნელოვანი სინტაქსური თავისებურებანიც: მსაზღვრელი საზღვრულს ბრუნვაში სრულად ითანხმებს: ჩემის მამის სალოცავმ დალახვროს; მაღალმ ღმერთმ მოხკითხოს; ჩემს ძმას დავიფიცავ; კარგაჸს გზას ვანახვევ. ამაევე დროს, ატრიბუტული მსაზღვრელი ზოგჯერ საზღვრულთან უბრუნველია.

თუშური მდიდარია დიალექტური ლექსიკით, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: განსაკუთრებული საცხოვრებელი გეოგრაფიული გარემო, ცხოვრების მთაბარული წესი, სხვა კუთხეებისაგან განსხვავებული სამეურნეო ყოფა-საქმიანობა, ორიგინალური ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები და ზნე-ჩვეულებები, სიახლოვე ნახურ და დაღესტნურ ენობრივ სამყაროსთან და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008
  • უთურგაიძე თ. თუშური კილო, თბ., 1960;
  • ურდღელაიძე გ. თუშეთი, თბ., 1983;
  • ჯორბენაძე ბ. ქართული დიალექტოლიგია, I, II, თბ., 1989; 1998;
  • ბოჭორიძე გ. თუშეთი, თბ., 1993.