თენგიზ ჯიქია
თენგიზ ჯიქია (დ. 14 თებერვალი, 1952, ახუთი) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.
1975-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტის №1 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. 1984-1989 წლებში ამავე ტრესტის №3 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად. 1989-1990] წლებში იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კურორტების მართვის სამმართველოს „საქკურორტის“ საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო გაერთიანების უფროსის მოადგილე. 1990-1992 წლებში კონცერნ „საქკურორტის“ ტექნიკურ დირექციაში დირექტორის მოადგილე. 1992-1998 წლებში იყო ფირმა „დავით აღმაშენებლის“ გენერალური დირექტორი. 1998-2004 წლებში სათავეში ედგა შპს „მშრალ თეჯს“, 2004-2006 წლებში ქვემო ქართლის რეგიონული მშენებლობის საკონტროლო ორგანიზაციას „არქმშენინსპექციას“. 2007-2008 წლებში მუშაობდა ასოციაცია „ატუს“ საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად. 2008 წლიდან იყო ასოციაცია „ატუს“ ტექნიკური დირექტორი, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე ხელმძღვანელობდა ფრანგული სკოლა-ლიცეუმის მშენებლობას, ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკის III კორპუსის, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის კორპუსების, თსუ I კორპუსის, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქციასა და აღჭურვას (მთ. არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი), ალექსანდრე გრიბოედოვისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის, მოზარდ მაყურებელთა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრების რეკონსტრუქცია-აღჭურვას თბილისში, ამწემშენებელი და ქიმიური ბოჭკოს (II-III-IV რიგების) ქარხნების გაფართოება-რეკონსტრუქციას, კაპროლაქტამის კომპლექსისა და №2 აგლოფაბრიკის მშენებლობას (რუსთავში), მოსწავლე ახალგაზრდობის პარკისა და ბოტანიკური ბაღის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას (ბათუმში), საავადმყოფო, სასტუმრო და სპორტული კომპლექსების მშენებლობას (საჩხერეში), ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქციას, პრომეთეს მღვიმის კომპლექსის აღჭურვას (წყალტუბოში). დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული რაგბის განვითარების პროგრამაში (სარაგბო სტადიონების კომპლექსების მშენებლობა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, მარტყოფსა და ასპინძაში). მონაწილეობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის (მთ. არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი) რეკონსტრუქცია-რესტავრაციასა და შეკვეთილის 10000-ადგილიანი საკონცერტო დარბაზის კომპლექსის მშენებლობაში. 1980-1982 წლებში არჩეული იყო რუსთავის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოებულია სსრკ მშენებლობის სამინისტროს საპატიო სიგელით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს I ხარისხის პრემია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 753-754