თეთრციხე
თეთრციხე — არქიტექტურული ძეგლი თურქეთის რესპუბლიკის არტაანის პროვინციის ჩილდის რაიონში. აგებულია ამავე ტერიტორიაზე არსებულ ჩრდილის ტბის კუნძულზე. ტერმინი „თეთრციხე“ კუნძულის და მასზე მდებარე ციხესიმაგრის ძველი, ავთენტური, ქართული სახელწოდებაა. ეს სახელწოდება თურქებმა თავიანთ ენაზე თარგმნეს და დღეს მას ოფიციალურად აკჩაკალე ეწოდება. კუნძულზე მისასვლელი სოფელზე გადის, რომელსაც იგივე სახელწოდება აქვს, რაც ციხესიმაგრესა და საკუთრივ კუნძულს. ყველაფერი ეს ერთ სისტემაშია მოქცეული და ამგვარი სახით არსებობდა ძველი დროიდან მოყოლებული.
თეთრციხე ისტორიული ტაო-კლარჯეთის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო აკადემიურ წრეებში დამკვიდრებული ხელოვნური ტერმინია. ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით თეთრციხე პალაკაციო „ქვეყნის“, შემადგენლობაში ექცევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჯავახეთის მხარესთან იყო დაკავშირებული. პალაკაციო სასაზღვრო ტერიტორია გახლდათ და წარმოადგენდა ისტორიული სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროვინციას.
შესწავლის ისტორია
რედაქტირებათეთრციხის შესწავლის ისტორია გამოჩენილ ქართველ მეცნიერ, ექვთიმე თაყაიშვილს უკავშირდება. ექვთიმე თაყაიშვილამდე ამ მხარეში იმოგზაურა ვასილ კოპტონაშვილმა, რომელმაც მეცნიერული თვალსაზრისით ნაკლებად ღირებული მასალა შემოგვინახა. მის შემდეგ, ტაო-კლარჯეთის მხარეში ორი ექსპედიცია, 1902 და 1904 წლებში მოაწყო გამოჩენილმა ქართველმა მეცნიერმა ნიკო მარმა. მისი ექსპედიციის ძირითადი მიმართულება შავშეთი და კლარჯეთი იყო, ამდენად ნიკო მარი, ფაქტობივად არ შეხებია პალაკაციოს მხარეს. უფრო ადრეული ექსპედიციებიდან გამოსაყოფია დიმიტრი ბაქრაძისა და რუსი აკადემიკოსის, პავლინოვის, ექსპედიციები.
XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურმა კონფლიქტმა, პირველმა მსოფლიო ომმა, რუსეთში მომხდარმა რევოლუციებმა, თუ სხვა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეაფერხეს ამ მხარეში სამეცნიერო საქმიანობის წაროება.
ტოპონიმები
რედაქტირებაგურჯისტანის ვალაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, ქართული სოფელ თეთრციხეს თურქული სახელი, აჩაკალა, ჰქვია. ეს სახელი ქართული „თეთრციხის“ პირდაპირი თუქული თარგმანია, რომელიც სოფელს ოსმალეებმა ჩრდილის ტბის მხარის იგივე პალაკაციოს, დაპყრობის შემდეგ უწოდეს. „მესხური დავითნის ქრონიკაში“ XVI საუკუნის ამბებთან დაკავშირებით ეს უკანასკნელი თეთრციხედ იწოდება.
ისტორია
რედაქტირებათეთრციხის აგებასთან დაკავშირებით საისტორიო წყაროებში არანაირი ცნობა არ არის დაცული. ამდენად, დასკვები ციხესიმაგრის მშენებლობაზე ზოგადი ხასიათისაა და გამომდინარეობს საფორტიფიკაციო ნაგებობის არქიტექტურული თავისებურებებიდან, ან პარალელური არქეოლოგიური მასალის ანალიზიდან. იმისთვის რომ დადგინეს თეთრციხის შედარებით ზუსტი ასაკი ციხის ტერიტორიაზე კომპლექსური არქეოლოგიური კვლევა-ძიების ჩატარებაა აუცილებელი, რისი საშუალებაც, ამჟამად, არ გაგვაჩნია.
როგორც ციხესიმაგრის ზედაპირული დათვალიერება ცხადყოფს მასში მეგალითური კონსტრუქცია შეინიშნება. მეგალითური ნაგებობის ნიშნებს ვხედავთ, როგორც თეთრციხის სიმაგრეში, ასევე დღემდე შემორჩენლ თეთრციხის კოშკის ქვედა ფენაში. მიუხედავად იმისა, რომ ციხესიმაგრის კედლები დანგრეულია და სრულად არცერთი კედელი არ არის შემორჩენილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ციხის ქვედა ფენა სწორედ მეგალითურ კონსტრუქციას წარმოადგენს. თუ რა სახის კონსტრუქცია დააშენეს მას ზემოდან შუა საუკუნეებში, რეალურად, არ ჩანს ვინაიდან აღნიშნული პერიოდის ფენა უკვე აღარ იკითხება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შუა საუკუნეებში ეს ციხესიმაგრე მოქმედი იყო უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ხშირად ანახლებდნენ.
კუნძულის ტერიტორიაზე გამოვლინდა მრავალი უძველესი არტეფაქტი, მათ შორის ნეოლითური ხანის ძეგლები. გამოვლენილ ნაგებობებს შორისაა კრომლეხი . ეჭვი არ არის, რომ აქედან უნდა ყოფილიყო ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. დაფისქსირეულია ყორღანებიც. მათგან მნნიშვნელოვანია ე.წ. დიდი ყორღანი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, კუნძულის შესასვლელთან საკმაოდ ახლოს. აღნიშნული თეთრციხის კუნძულზე ინტენსიურ დასახლებაზე მიუთითებს ჯერ კიდე შუა ბრინჯაოს ხანაში. შენიშნულია მისი მსგავსება თრიალეთის ყორღანების კულტურასთან. ბრინჯაოს ხანაში უკვე გამაგრებული საფორტიფიკაციო სისტემის საჭიროება ჩნდება.
სოფელ თეთრციხეში 1595 წლის აღწერის მიხედვით 6 კომლი მოსახლეობდა. 1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, სოფელ თეთრციხის მოსახლეობა ქართული იყო, რასაც ადგილობრივების საკუთარი სახელები ადასტურებს. სოფლის მოსახლეებს სხვადასხვა ბეგარის გადახდა ევალებოდა, მათ შორის გამოსაღები ხორბალზე, ქერზე, სელის თესლზე, იონჯაზე, თივაზე, ჭვავზე, ფუტკარზე, ღორზე, ბოსტანზე, იალაღზე და სხვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მმართველობის დროს დემოგრაფიული სიტუაცია შეიცვალა. 1878 წელს აქ უკვე 15 ოჯახია, ხოლო 1889 წელს 85 ოჯახი. რუსეთის მმართველობა დროებითი აღმოჩნდა. 1918 წლიდან ეს მხარე საქართველოს დემოკრატიულო რესპუბლიკის ტერიტორია გახდა. თუმცა ქართველების დამკვიდრებას წინააღმდეგობას უწევდნენ სეპარატისტები სერვერ-ბეგის მეთაურობით. მოგვიანებით, მუსტაფა ქემალ-ათათურქის ხელმძღვანელობით გაძლიერებულმა თურქულმა სახელმწიფომ ეს და სხვა ქართული ტერიტორიები დაიკავა. იქიდან მოყოლებული ისინი სტაბილურად თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია.
აღწერა
რედაქტირებაექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით კუნძული, სადაც ციხესიმაგრეა აგებული, ნაპირებთან შეერთებული იყო ქვის ხიდით, ხოლო სოფლიდან კუნძულზე მისასვლელი გამაგრებული ყოფილა გალავნებით და კოშკებით, რომელიბიც თეთრი ფერის თლილი ქვებით იყო მოპირკეთებული. ექვთიმე თაყაიშვილის აზრით სწორედ ამის გამო ეწოდა მას თეთრციხე.
სოფელ თეთრციხის კიდევ ერთი თვითმხილველის ვასილ კოპტონაშვილის ჩანაწერების მიხედვით, ამ კუნძულზე ორი დანგრეული საყდარი ყოფილა, ერთ-ერთი უკეთესად შენახული. მისივე ცნობით, გადმოცემის მიხედვით, კუნძულზე ადრე ქალაქი ყოფილა გაშენებული. ცნობა ორი საყდრის შესახებ ერთი შეხედვით ორიგინალურია, თუმცა ვასილ კოპტონაშვილს ეკლესიის ზემოთ მდებარე ციხესიმაგრის ნანგრევები, როგორც ჩანს, საყდარში ერევა და აქედან გამომდინარე შეცდომით ორი საყდრის შესახებ აკეთებს მითითებს. რეალურად ერთ ციხეზე მხოლოდ ერთი სადარია. ერტი ეკლესიის შესახებ არის მითითებული ექვთიმე თაყაიშვილთანაც და მხოლოდ ერთი ეკლესიის ნაშთები დააფიქსირა ბოლო ხანებში მოწყობილმა ყველა ექსპედიციამ, მათ შორის ჩვენმაც.
თეთრციხე წლების მანძილზე ჩრდილის ტბის მხარის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ცენტრი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქაჯის ციხისა და თმოგვისა ის მაინც ინარჩუნებდა თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილის ანუ პალკაციოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, შრომები XIII, თბ., 2018, გვ. 27-67