სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეატრი (მრავალმნიშვნელოვანი).

„თეატრი“ — ქართული ყოველკვირეული სამხატვრო-ლიტერატურული გაზეთი. პირველი თეატრალური ბეჭდვითი ორგანო (1885–1891). დამაარსებელი, გამომცემელი და პირველი რედაქტორი (1885, 14 ივლისი — 1886, 8 ივნისი და 1886, 28 სექტემბერი — 1887, 15 თებერვალი) იყო მსახიობი ვასო აბაშიძე. შემდეგ წლებში გაზეთს რედაქტორობდნენ ვ. გუნია (1886, 15 იანვარი — 1886 21 სექტემბერი), ალექსანდრე ნებიერიძე (1887, 22 მარტი — 1891, 20 მარტი). პირველი ნომერი გამოვიდა 1855 წლის 14 ივლისს. სულ გამოვიდა 185 ნომერი. „თეატრში“ იბეჭდებოდა ვ. აბაშიძის, ვ. გუნიას, დავით კეზელის (დ. სოსლანის), ი. ჯაჯანაშვილისა და სხვების სტატიები მსახიობის, რეჟისორის ოსტატობაზე, ქართული თეატრის ისტორიაზე, მეზობელ ერთა თეატრებზე. რეცენზიები სპექტაკლებზე, პიესები, მოთხრობები, ლექსები და სხვა, ქვეყნდებოდა აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, შიო ქუჩუკაშვილის (მღვიმელის), ანტონ ფურცელაძის, ალექსანდრე ყაზბეგის და სხვათა ნაწარმოებები. იბეჭდებოდა აგრეთვე პუბლიცისტური წერილები საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ საკითხებზე. „თეატრი“ იყო პირველი დასურათებული გაზეთი, რომელშიც თანამშრომლობდნენ მხატვრები ალექსანდრე ბერიძე, გრიგოლ ტატიშვილი და სხვა.

სულ გამოვიდა შემდეგი ნომრები:[1]

  • 1885 წ. № 1 (14/VII) — № 19 (19/XII)
  • 1886 წ.№ 1 (იანვ.) — № 50 (27/XII)
  • 1887 წ. № 1 (იანვ.) – № 13 — 14 (აპრ.); თითო 32 გვ.
  • 1888 წ. № 15 (?) — № 50 (25/XII); თითო 16 გვ.
  • 1889 წ. № 1 (1/I) — № 50 (20/XII); თითო 16 გვ.
  • 1890 წ. № 1 (?) — № 15 (?)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქვარიანი თ., გაზეთი „თეატრი“, თბ., 1974;
  1. ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია : 1819–1845 / შემდგ. გ. ი. ბაქრაძე, რედ. ვ. ი. ეგნატაშვილი, თბ., 1947. — გვ. 10.