დავით კეზელი
დავით ივანეს ძე კეზელი (დ. 25 ივლისი, 1854 ― გ. 1907) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი.
დავით კეზელი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 25 ივლისი, 1854 |
გარდაცვალების თარიღი | 1907 |
საქმიანობა | მწერალი და საზოგადო მოღვაწე |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
70-იანი წლების I ნახევარში ხელმძღვანელობდა თბილისის სემინარიის მოსწავლეთა ფარულ წრეს. აღმოაჩნდა ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის წერილი და პროკლამაცია "საქართველოს ახალ თაობას". რევოლუციურ საკითხში ხალხოსნურ პოზიციაზე იდგა: გადამწყვეტ როლს ანიჭებდა რჩეულ ადამიანებს, ტალანტებს, გმირებს. დააპატიმრეს 1873 წლის დეკემბერში. გამოძიებამ დამნაშავედ ცნო და მკაცრი სასჯელი ელოდა, მაგრამ არასრულწლოვანების გამო 8 თვის პატიმრობა მიესაჯა. 70-90-იან წლებში და XX საუკუნის დამდეგს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. თანამშრომლობდა "დროებაში", "ივერიაში", "შრომაში", "ცნობის ფურცელისა" და სხვა პერიოდულ გამოცემებში. 1905-07 რევოლუციის პერიოდში აქვეყნებდა წერილებს გორის მაზრის გლეხთა მოძრაობაზე. აღსანიშნავია კეზელის დრამატული საქმიანობა: მისი პიესები ("ორცოლიანი", "ბიძიასთან გამოხმაურება", "დედა და შვილი" და სხვა) წარმატებით იდგმებოდა თბილისის, თელავის, გორისა და სხვა ქალაქების სახალხო თეატრების სცენებზე. კეზელმა ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა რუსულად ვაჟა-ფშაველას ლექსები და 1886 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეში". აქტიურად იბრძოდა ქალთა ემანსიპაციისათვის. ამ თემაზე მრავალი წერილი დაბეჭდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. პრესაში თანამშრომლობდა "ზოილის", "დავით სოსლანის", "არაგველის" ფსევდონიმებით. კეზელმა სახალხო გმირის, არსენა ოძელაშვილის უკვდავსაყოფად მის საფლავზე ქვა დადო.
ლიტერატურარედაქტირება
- ანთელავა ი., საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში (XIX საუკუნის მეორე ნახევარი), თბ., 1967;
- შველიძე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960;
- შველიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 458.