ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თბილისის დაცვა 1921 წელს ერთკვირიანი (17-25. II) ბრძოლები თბილისთან რუსეთ -საქართველოს 1921 ომის დროს. ომის პირველ ეტაპზე (11. II-16. II. 1921) მოულოდნელი თავდასხმით ბოლშევიკური რუსეთის ჯარებმა თავიდანვე დიდ უპირატესობას მიაღწიეს და მდინარე ხრამზე ქართული ჯარების დამარცხების შემდეგ გზა გაეხსნათ თბილისისაკენ. თბილისთან ბრძოლებში მცირერიცხოვანი ქართული ჯარი (10 ათასამდე ქვეითი, 400 ცხენოსანი, 46 ქვემეხი, 4 ჯავშანმატარებელი, რამდენიმე ჯავშანავტომობილი და თვითმფრინავი, სარდალი გენერალი გიორგი კვინიტაძე) წინ აღუდგა სხვადასხა ნაწილით გაძლიერებულ რუსების მე-11 არმიას( დაახლოებით 36 ათასი ხიშტი, 4,3 ათასი ხმალი, 196 ქვემეხი, 1065 ტყვიამფრქვევი, 7 ჯავშანმატარებელი, 3 ჯავშანავტომობილთა რაზმი, 4 ტანკი, 50 თვითმფრინავი, სომხური კავალერიის ბრიგადა და სომეხ აჯანყებულთა რაზმები. სარდალი ა. ი. გეკერი). 16 თებერვალს მდინარე ხრამზე კატასტროფული მარცხის შემდეგ მხოლოდ 700-მდე კაცმა მიაღწია თბილისამდე. თვითონ გიორგი კვინიტაძე ასე აფასებდა მდგომარეობას:

ვიკიციტატა
„თბილისის ბედი გადაწყდა წითელ ხიდთან და ხრამზე ბრძოლებში. 16 თებერვალს მოწინააღმდეგეს თუნდაც მხოლოდ კავალერიით რომ განევითარებინა დევნა, ღამით მას დაუბრკოლებლად შეეძლო თბილისში შემოსვლა“

. მიუხედავად ამისა, მთავარსარდალმა სწრაფი და ენერგიული მოქმედებით შეძლო თბილისის დაცვის ორგანიზება. მან ფრონტის ხაზი სექტორებად დაყო: ა) მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ორხევის მონაკვეთზე დააჯგუფა გვარდიის დარჩენილი ნაწილები გენერალი ჯიჯიხიას სარდლობით, ბ) მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ტაბახმელამდე სოღანლუღის ფრონტის უფროსად დანიშნა გამოცდილი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, გ) ტაბახმელიდან კოჯრამდე მონაკვეთი ჩააბარა გენერალ ა. ანდრონიკაშვილს და აქ განალაგა სამხედრო სკოლის იუნკერები. გიორგი კვინიტაძემ გამოიცნო მტრის შეტევის მთავარი მიმართულება და ძირითადი ძალები ფრონტის სოღანლუღის მონაკვეთზე დააჯგუფა. გიორგი მაზნიაშვილის ხელქვეით აღმოჩნდა 2,5 ათასამდე ხიშტი, 5 ბატარეა - ჰაუბიცები და საარმიო არტილერია: მსუბუქი ქვემეხები, 1 ჯავშანმატარებელი და 2 ჯავშანავტომობილი. 18 თებერვალს, საღამოს რუსების ნაწილები სოღანლუღთან გამოჩნდნენ. წინა წარმატებით გათამამებულმა მე-11 არმიის სარდლობამ შეცდომა დაუშვა: ღამით მოუმზადებლად შეუტიეს დაუზვერავ პოზიციებს. ქართული ნაწილები მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდნენ მტერს, გამთენიისას კი კონტრშეტევაზე გადავიდნენ ჯავშანავტომობილების მხარდაჭერით და სასტიკი მარცხი აგემეს რუსებს: ხელთ იგდეს 1600 ტყვე, გაქცეულებს დაუნიშნეს არტილერია და დაადევნეს თვითმფრინავები. მიუხედავად მარცხისა, მოწინააღმდეგემ დაუყივნებლივ შეცვალა შეტევის მიმართულება და 19 თებერვალს ტაბახმელაზე მიიტანა იერიში. მათ ვერ შეძლეს სამხედრო სკოლის (სულ-160 იუნკერი და 350 ნაცვალი) ფრონტის გარღვევა (იხ. კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლა 1921). 19-20 თებერვლის განმავლობაში ორხევის სექტორში საარტილერიო დუელი და უმნიშვნელო შეტაკებები მიმდინარეობდა. 21 თებერვალს მტერმა სცადა მარცხენა ფრთის შემოვლა. ქართველებმა კონტრიერიშით უპასუხეს. ქართულმა სარდლობამ შექმნა დამრტყმელი ჯგუფი გენ. ჯიჯიხიას მეთაურობით 5 გვარდიული ბატალიონისა და ცხენოსანი ბრიგადისაგან და სოფელ ლილოდან გადავიდა შეტევაზე, ორხევიდან მტერს ფრონტალურად შეუტია გვარდიის ორმა ბატალიონმა. რუსები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. ქართულმა ჯარმა 10 კილომეტრით წაიწია წინ, მაგრამ 23 თებერვალს, მარცხენა ფლანგზე რუსების ცხენოსანი დივიზიის გამოჩენის შემდეგ, ძველ პოზიციებზე დაბრუნდა. 22 თებერვალს წითლების კავალერიამ მარჯვენა ფლანგიდან შემოუარა ფრონტს, დაიკავა მანგლისი და ზურგიდან დაემუქრა თბილისს. ქართველები იძულებულნი გახდნენ წყნეთამდე გაეგრძელებინათ ფრონტის ხაზი. 24 თებერვალს ფრონტი კიდევ უფრო გაძლიერდა: შეიქმნა ლილოს საბრძოლო უბანი პოლკოვნიკ ნ. გედევანიშვილის მეთაურობით. მე-11 არმიას დაემატა დამხმარე ძალები და 24 თებერვალს ძლიერი საარტილერიო მომზადების შემდეგ, იგი ფრონტის ყველა უბანზე გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. ბაქოდან გადმოსროლილი წითელი კურსანტების აღმოსავლეთ ბრიგადა უკვე შეთხელებულ სამხედრო სკოლას დაუპირისპირდა, მაგრამ იუნკერებმა ხიშტებით მრავალგზის უკუაქციეს მტერი და მთელი დღის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც არ დაიხიეს უკან. სოღანლუღის ფრონტზე რუსებმა გიორგი მაზნიაშვილის პოზიციები გაარღვიეს და 6 სთ-ზე ე.წ. ტრიგონომეტრიულ პუნკტს (სიმაღლე 3150 მ) დაეუფლნენ, მაგრამ ქართველებმა უკანასკნელი რეზერვები ჩართეს ბრძოლაში, მტერი უკუაგდეს და სიმაღლე დაიბრუნეს. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შეტევისას რუსებმა ბრძოლაში ჩააბეს 5 ჯავშანმატარებელი (რომელთაგან 1 ქართველებმა მწყობრიდან გამოიყვანეს), 3 ტანკი და ჯავშანავტომობილები. ტანკების დახმარებით ბოლშევიკებმა ორხევის სანგრები დაიკავეს, მაგრამ სახალხო გვარდიის ნაწილებმა კონტრშეტევით აღადგინეს მდგომარეობა და მტერი პოზიციებიდან გარეკეს. რუსების ერთი ტანკი ხევში გადავარდა და მწყობრიდან გამოვიდა. ქართულმა ჯარმა ფრონტის მთელ ხაზზე მოიგერია მე-11 არმიის შეტევები, მაგრამ გაშიშვლებულ ფლანგებზე (ჯარის სიმცირის გამო) მეტად სახიფათო მდგომარეობა და გარემოცვის საშიშროება შეიქმნა. წითლების კავალერიამ ორივე ფლანგიდან შემოუარა ფრონტს. განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა ლილოს სექტორში. მტრის ცხენოსნებმა პოლკოვნიკ ნ. გედევანიშვილის მარცხენა ფლანგს შემოუარეს, მცირერიცხოვანმა ქართულმა კავალერიამ სოფელ ნორიოსთან შეტაკებით სცადა მათი შეჩერება, მაგრამ წითლებმა მაინც დაიკავეს სოფლები მამკოდა, გლდანი და ბოლოს - ავჭალა. ქართველებმა ავჭალის სადგური დაიბრუნეს ჯავშანმატარებლისა და მოხალისეთა რაზმის დახმარებით. 25 თებერვალს მდგომარეობა კრიტიკული იყო: ფრონტზე წარმატებული ბრძოლების მიუხედავად ამოიწურა უკანასკნელი რეზერვები, მე-11 არმია რამდენჯერმე აღემატებოდა ქალაქის დამცველთა რიგებს, ბრძოლის ველზე კი რუსების კავალერია ჭარბობდა, რომელსაც ადვილად შეეძლო მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევა. ასეთ ვითარებაში მთავარსარდალმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება: ბრძოლის გასაგრძელებლად და ჯარის გადასარჩენად მან თბილისიდან უკან დაიხია. ქალაქის დაცვის ერთკვირიანი გმირული ეპოპეა დასრულდა: 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი რუსეთის არმიამ დაიკავა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 505-506
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თბილისის_დაცვა“-დან